პა-სპორტი - ლევან ყენია
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ძნელი სათქმელია... მსახიობის პროფესია ძალიან მომწონს, მაგრამ სათანადო ნიჭი არა მაქვს. :)
- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება? -
- მართლმადიდებლობის, ოჯახისა და ფეხბურთის გარეშე!
- ნივთი ან აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- მიყვარს და სულ მიკეთია მაჯის საათი. მზის სათვალეც მიყვარს, მაგრამ ძალიან ბევრი გავტეხე და ამ ბოლო დროს აღარ ვიკეთებ. :)
- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- სიხშირის რა გითხრათ, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს გამოთქმები: "არასოდეს თქვა არასოდეს" და "მიზანი ამართლებს საშუალებას"...
- საყვარელი კერძი და სასმელი...
- მიყვარს მჭადი და ლობიო, სასმელებიდან ყველაზე ხშირად წყალს ვსვამ. :)
- ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რაც გაგისინჯავს...
- შემწვარი მაჩვის კისერი. :))) და სხვათა შორის, არ მომეწონა. :)
- საქართველოს გარდა სად იცხოვრებდი?
- ძალიან მომწონს მალიორკა. ესპანეთში ყოველ ზაფხულს ჩავდივარ და მალიორკას საცხოვრებლადაც სიამოვნებით ავირჩევდი...
- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...
- საყვარელი წიგნი წმინდა იოანე სინელის "კიბე". ფილმი "ვანილის ცა", მსახიობი კიანუ რივზი, მართალია, ცოტა არ იყოს, დაბერდა, მაგრამ არა უშავს. :) განწყობას გააჩნია, თორემ ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, ოღონდ უფრო მგზავრობისას, რადგან თამაშის წინ კონცენტრაციას მაკარგვინებს...
- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...
- ბაკურ ბურდულის "ფეთქავს"...
- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- ჩოგბურთი, ავტომანქანები, ფილმების ყურება...
- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- როცა ტრავმა მაქვს, თავი ჯოჯოხეთში მგონია... სპორტსმენისთვის უმოქმედობა ძალიან ძნელი გადასატანია...
- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- რომელიმე თამაშს არ გამოვყოფ. ყველაზე მეტად კი იმით ვამაყობ, რომ ამდენი ტრავმის მიუხედავად, მაინც არ დავნებდი და ისევ ვთამაშობ ფეხბურთს!
- სტადიონის გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება ლევან ყენიას ნახვა?
- თუ სახლში ვარ, ტელევიზორის წინ, დივანზე. :))) საუკეთესო ადგილია ჩემთვის! :)
- შინაური ცხოველი თუ გყავს?
- დიახ, ამჟამად სახლში ორი კუ მყავს. :))))
- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- წინათ უფრო ხშირად ვსარგებლობდი. რაც ცოლ-შვილის პატრონი გავხდი, ამის დრო იშვიათად მრჩება. :)
- მეტსახელი თუ გაქვს?
- მეცინება, როცა მახსენდება, რომ ბავშვობაში "ფორვარდას" მეძახდნენ. :)) მეგობრები ყენოს მეძახიან.
- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...
- უცნაური არა, მაგრამ შეურაცხმყოფელი ჭორი კი გავიგე: ლევან ყენია გეია და ნარკოტიკს მოიხმარსო. თავიდან ძალიან გავბრაზდი, მერე კი ბევრი ვიხალისე... :)))
- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- ლიონელ მესი - ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!
- ყველაზე ხშირად გავიწყდება...
- ...კარის დაკეტვა ოთახიდან გასვლისას. :))
- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ..."
- ...მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ!
- რომ არ ვყოფილიყავი ლევან ყენია, ვიქნებოდი...
- ჯიმ ქერის პერსონაჟი ფილმიდან "სულელი და კიდევ უფრო სულელი". :))))