ორი შოკის მომგვრელი მკვლელობა ერთ კვირაში
რას შეეწირა ლუკასა და თორნიკეს სიცოცხლე?
"ჩემს შვილს დავტიროდი და თან მკვლელზე ვფიქრობდი - ამხელა ცოდვა ჩაიდინა და
20 წლის ბიჭმა თავი დაიღუპა-მეთქი"
"რამდენი წელიც უნდა მიუსაჯონ ჩადენილი მკვლელობისთვის, ვერც ერთი წელი ვერ გადაწონის იმ ცოდვას, რაც მთელი სიცოცხლე უნდა ატაროს"
"მკვლელობის მერე თურმე მკვლელი სიმღერებს უსმენდა"
"მისი ტელეფონი სხვამ აიღო. თურმე პატრულის თანამშრომელი იყო. ვერ გაბედა ეთქვა, შვილი ცოცხალი რომ არ მყავდა, უპატრონოდ რომ ეგდო მიწაზე..."
მეტად შემაშფოთებელია, რომ ბოლო დროს ისევ გახშირდა ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობები. ფაქტია, ახალგაზრდები ქუჩაში შეიარაღებულები დადიან და წაკინკლავებისთანავე იარაღს ისვრიან.
თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ერთ კვირაში ზედიზედ ორი მკვლელობა მოხდა. ორივე ცეცხლსასროლი იარაღით. მართალია, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 3277 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულიაო, მაგრამ ფაქტია, ქუჩაში შეიარაღებული ახალგაზრდები დადიან და მკვლელობებს არ ერიდებიან.
საზოგადოებაში უკვე შიში გაჩნდა, ხალხს ქუჩაში შვილის გაშვებისა ეშინია.
25 ივნისს, თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 23 წლის ლადო დაუშვილი უცნობმა 20 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღით უმიზეზოდ მოკლა. მკვლელობა სუპერმარკეტ "იოლის" სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა და ძალოვანებმა ეჭვმიტანილი დავით ჭოველიძე მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი - "ტე-ტე"-ს ტიპის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებიანი 2 მჭიდით. საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა, ჭოველიძე წინასწარ პატიმრობაშია.
23 წლის ლადო დაუშვილის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. მთელი უბანი გლოვობს - უკონფლიქტო, უწესიერესი, უბანში გამორჩეული იყოო...
ლადო ექიმების ოჯახში გაიზარდა. თვითონაც სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, თან მუშაობდა. ქალბატონ დალი ბუგიანიშვილს უჭირს შვილზე საუბარი:
- ლადო მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან პრინციპული და მიზანმიმართული იყო. დიდ სითბოში იზრდებოდა, რადგან დიდი ოჯახი გვაქვს - ერთ სახლში სამი ძმის 6 ბავშვი გავზარდეთ, როგორც 6 დედმამიშვილი. ლადუკა 16 წლის იყო, ჩემი მეუღლე სიმსივნით რომ გარდაიცვალა.
- იმ საბედისწერო დღეს რა მოხდა?
- თავის მეგობართან ერთად ჩვენს ეზოში მანქანის სამრეცხაოს გახსნა გადაწყვიტა და არქიტექტორები მოიყვანა. საღამოს 8 საათი იქნებოდა, ბიძამისს მანქანა რომ გამოართვა - სტუმრებს წავიყვანო. 12.10 საათზე დავურეკე. ლუკასთან ვარ და ბიძაჩემს ველოდებიო. ლუკა ბავშვობის მეგობარი იყო, უწესიერესი ბიჭი. ფილმს ვუყურებდი. საათს რომ შევხედე, სამის 20 წუთი იყო, არ გამკვირვებია, შინ რომ არ იყო. რაც დაცხა, გვიან იძინებდა, ხან სახლთან ისხდნენ, ხან ლუკასთან იყვნენ ხოლმე. მაინც დავურეკე. არ მიპასუხა, თურმე მაშინ ხდებოდა ეს უბედურება.
ყურმილი რომ არ აიღო, შევშფოთდი. გამუდმებით ვრეკავდი. ეს უჩვეულო იყო, ყოველთვის პასუხობდა ზარს... ლადო და ლუკა "იოლში" შესულან და ჩიფსები უყიდიათ. ბიძისთვისაც დაურეკავს. მას უთქვამს, - მე უკვე შინ ვარ და შენც წამოდიო. ბიჭები სუპერმარკეტის წინ ჩამომსხდარან. ჩიფსებს ჭამდნენ. ამ დროს ჩამოუვლია მკვლელს, რომელიც თურმე უნდა შეხვედროდა თავის მეგობარს. ის არ დახვდა და უნდოდა მობილურით მასთან დაერეკა. როგორც მითხრეს, მისი ტელეფონი ისმინებოდა და ამიტომ არ ატარებდაო.
- რატომ ისმინებოდა?
- მანამდე ვიღაც დაუჭრია და იმალებოდა. ნამდვილად ვიცი, რომ იანვარში ბიჭი დაჭრა, ჩემი შვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრეც შარდენზე ჩხუბი აუტეხია და ეძებდნენ. გარეთ მხოლოდ ღამით გამოდიოდა. არ ვიცი, ამდენი დანაშაულის ჩამდენი პოლიციამ რატომ არ დააკავა... თავიდან ითქვა, ლადუკას მკვლელი ნასამართლევიაო, მაგრამ გამომძიებელმა მითხრა, პირობითი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ამნისტია შეეხო და მოეხსნა ის პირობითი სასჯელიო. ცხინვალიდან დევნილია. მამა მხედრიონელი ჰყოლია და თავი მოუკლავს. დედა უკრაინაში იყო. თვითონ მეგობართან ერთად ჯერ დოლიძეზე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, შემდეგ ბაგებში, საერთო საცხოვრებელში, მაგრამ იქაც დაუშავებია რაღაც და გამოუგდიათ.
- კონფლიქტის მიზეზად რას ასახელებს ლადოს მეგობარი?
- მობილური უთხოვია ბიჭებისთვის. უთქვამთ, - დასარეკი თანხა არ გვაქვსო. როგორ არ გაქვთო და ამაზე აუშარდა თურმე. ხელში პარკით მზესუმზირა სჭერია და ლადუკას მანქანაში შეუყრია. შეჰპასუხებია ლადუკა, - ეს რა გააკეთეო. ამ დროს ამოუღია იარაღი და კონდახი ჩაურტყამს თავში ჩემი შვილისთვის. ლადო ფიზიკურად ძლიერი იყო და წინააღმდეგობას გაუწევდა - თავი გახეთქილი ჰქონდა, რომ მომისვენეს... ლადო გაწეულა და დაურტყამს. იმას უსვრია. ტყვია პირდაპირ გულმკერდში მოახვედრა. დაჭრილ ლადოს ორი ნაბიჯი გადაუდგამს და მერე წაქცეულა. დამნაშავე გაქცეულა. მისი მეგობარი ამბობს, ყველაფერი წამებში მოხდა, ვერაფერი ვუშველე, ქალივით ვკიოდი და შველას ვითხოვდიო. ტაქსი გაუჩერებია. რომ ჩავძახოდი, აღარ მპასუხობდაო. ექიმი ვარ და ვიცი, გამჭოლი ჭრილობა აქვს ჩემს შვილს და უსწრაფესად დადგებოდა სიკვდილი.
ამის მერე მკვლელი მეგობართან წასულა კეკელიძის ქუჩაზე. სადარბაზოში დაუმალავს მკვლელობის იარაღი. ინტერნეტში შესულა და "ფეისბუკზე" სიმღერები დაულაიქებია. იქვე დაუწერია, - აუ, რა "ტე-ტე" დავკარგეო. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ სიმღერებს უსმენდა!.. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემს შვილს დავტიროდი და თან მკვლელზე ვფიქრობდი - ამხელა ცოდვა ჩაიდინა და 20 წლის ბიჭმა თავი დაიღუპა-მეთქი. გულში ისიც გავივლე, ჩემს მოძღვარს ვთხოვ, ჩემს დამღუპველს რა შემამსუბუქებელი ლოცვები წავუკითხო-მეთქი. ის კი თურმე არც ნანობდა...
- ის აღიარებს დანაშაულს?
- აღიარებს. თურმე ქალაქიდან გასვლას აპირებდა და ჭავჭავაძეზე დააკავეს. სინანულს ალბათ იმიტომ არ განიცდის, რომ უსიყვარულოდ გაიზარდა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რამდენს მიუსჯიან. გარეთ რომ გამოუშვა, ისევ ჩაიდენს დანაშაულს. კაცის მოკვლა არაფრად უღირს. თურმე გვიან ღამით, დაკითხვაზე უთქვამს, - მალე მორჩით, წამიყვანეთ საკანში, მეძინებაო...
შევეცადე, ბრალდებულის ოჯახის ადგილსამყოფელი დამედგინა, მაგრამ ამაოდ. ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყოლია. 15 აგვისტოს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე სახაზინო ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.
ლადო დაუშვილის მსგავსად, თბილისში, იოსებიძის 63 ნომერთან, საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ღამით, 22 წლის თორნიკე ხიზანიშვილი მოკლეს. მკვლელობის მიზეზად აქაც ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის ზურაბ კვიტაიშვილი დაკავებულია. როგორც მხარეები ამბობენ, მკვლელი და მოკლული ერთმანეთს არ იცნობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უბანში ბიჭების ხმაურმა და სიცილმა გააღიზიანა დამნაშავე, - ხმამაღლა რატომ ლაპარაკობთ ჩემს ეზოშიო. ცოტა განსხვავებულია ბრალდებულის ადვოკატის, ნანი ფრიდონაშვილის პოზიცია:
- ბრალდებული კვიტაიშვილი 4 წელი საქართველოში არ ცხოვრობდა, წელიწადია, რაც ჩამოვიდა, - ამბობს ადვოკატი, - იოსებიძეზე დაიბადა და გაიზარდა. ერთი კაცი ვერ ვნახე, ვინც მასზე ცუდს იტყვის. კრიმინალური წარსული არ ჰქონია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაშიც კი არასდროს ყოფილა შემჩნეული. საერთოდ არ სვამს სასმელს.
- ფაქტია, რომ ახალგაზრდა მოკლა. მკვლელობის მიზეზად რას ასახელებს?
- ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, ერთს კი ცალსახად გეტყვით, - ზურაბ კვიტაიშვილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. ბოდიშს ვუხდი ხიზანიშვილის ოჯახს, ამას რომ ვამბობ, რადგან თორნიკეს ოჯახის წევრებისათვის არსებითად არაფერი იცვლება. თორნიკე ხიზანიშვილი ბრალდებულთან კონფლიქტში არ შესულა. ამ ტრაგედიას წინ უძღოდა ბიჭებს შორის ე.წ. "სტანდარტული" საქმის გარჩევა. ღამე იყო, ზურაბ კვიტაიშვილი შინ ახალი მოსული იყო. მანქანა სახლთან სკვერში გააჩერა. ცხელოდა და მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ეზოში იჯდა, საუბრობდნენ. ამ დროს ქუჩიდან ყვირილი, გინება და ჩხუბი გაიგონა. რაღაც უბედურება რომ არ მომხდარიყო, საჭიროდ ჩათვალა, მოჩხუბრებთან მისულიყო და სიტუაცია განემუხტა. ქუჩაში არავინ დახვედრია და ჩხუბის ხმა საიდანაც ისმოდა, იქით წავიდა. ეზოში 15-20 ბიჭი ჩხუბობდა. ზურა მივიდა და - რატომ ჩხუბობთ, დაიშალეთო. მოჩხუბრებს არ იცნობდა. ზურა ამბობს, ჩემს ნათქვამზე ჩხუბი მიატოვეს და მომესივნენო, განსაკუთრებული აგრესიულობით ერთი ახალგაზრდა გამოირჩეოდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ის კონსტანტინე ბოლქვაძეა. ისიც ირკვევა, რომ მოჩხუბართა შორის რამდენიმეს დანაც ჰქონდა, კონკრეტულად - ვის, არ ვიცით. მართალია, ასეთი უბედურება მოხდა, მაგრამ იქ კვიტაიშვილი რომ არ მისულიყო, უფრო მძიმე შედეგი იქნებოდა და შეიძლება რამდენიმე კაცი მომკვდარიყო, რადგან დანასაც არ აქვს "მისამართი", ისე როგორც ნასროლ ტყვიას.
ბოლქვაძე ძალიან უხეშად შეეპასუხა კვიტაიშვილს, რომელიც მასზე გაცილებით ახალგაზრდაა. შემთხვევის ადგილთან ახლოს, ქუჩაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა, რომ ისინი ბევრნი იყვნენ. სიბნელეში ალყაში მოაქციეს კვიტაიშვილი. ვიღაცებმა ხელიც ჰკრეს. ზურაბ კვიტაიშვილი ცდილობდა, როგორმე გასულიყო სინათლისკენ და გაერღვია ეს ალყა. მოახერხა თავის მანქანასთან მისვლა, კარი გააღო, იქიდან უცებ იარაღი ამოიღო. იფიქრა, - იარაღის დანახვა შეაშინებთ და დაიშლებიანო. არავისთვის დაუმიზნებია. კვიტაიშვილი თუ ვინმეს მოკვლას მოინდომებდა, მაშინ უნდა მოეკლა ის პირი, ვისთანაც კონფლიქტი მოუხდა. ბოლქვაძე ცხვირწინ ედგა და ეკამათებოდა. მან პისტოლეტი ბოლქვაძეს მოუქნია და სახეში გაარტყა ისე, რომ ჩახმახისთვის ხელი არ გამოუკრავს. ამ დროს უცებ იარაღიდან გასროლა მოხდა და ტყვია მოხვდა 2-3 მეტრის Yმოშორებით მდგარ თორნიკე ხიზანიშვილს, რომელიც კონფლიქტში არც ჩარეულა. ბიჭი წაიქცა. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ყველა გაიქცა.
- რატომ მიატოვა ბრალდებულმა დაჭრილი?
- ეს ჯერ მისთვის არ მიკითხავს, რადგან დიდ სინანულშია, მომხდარს საშინლად განიცდის. გაცნობიერებული აქვს, რომ რამდენი წელიც უნდა მიუსაჯონ ჩადენილი მკვლელობისთვის, ვერც ერთი წელი ვერ გადაწონის იმ ცოდვას, რაც მთელი სიცოცხლე უნდა ატაროს.
- როცა ქუჩაში შეიარაღებული დადიხარ, ე..ი. პოტენციური მკვლელი ხარ. რატომ ატარებდა საერთოდ იარაღს?
- კვიტაიშვილი ზოგადად იარაღს არ ატარებდა. "ჩზ-ს" ტიპის იარაღი, რითაც მკვლელობა მოხდა, როგორც ამბობს, გარდაცვლილი მეგობრის სახსოვარია. თავს დამნაშავედ ცნობს იარაღის ტარებასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. ის შოკში იყო და ტაქსით სამების ტაძრისკენ წავიდა, მანამდე, როგორც თავად ამბობს, იარაღი მტკვარში გადააგდო. მოძღვარს, მამა ლუკას ჩააბარა აღსარება და მასთან ერთად პოლიციაში გამოცხადდა. მართალია, სამართალდამცავებმა და საინფორმაციო საშუალებებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს - ცხელ კვალზე დააკავეს დამნაშავეო, მაგრამ რეალობა არის ის, რომ კვიტაიშვილი თავად გამოცხადდა პოლიციაში, რაზეც სათანადო ოქმია შედგენილი.
- ნივთმტკიცება, მკვლელობის იარაღი რატომ მოიშორა?
- როგორც ამბობს, გამწარებული იყო და ამიტომ მტკვარში გადააგდო. იგი მიუთითებს ადგილს და ნივთმტკიცების ამოსაღებად გამოძიება მუშაობს.
თორნიკე ხიზანიშვილის ოჯახსაც ვეწვიე. განსვენებულის დედამ, შორენა აბაშიძემ გვითხრა:
- უბანში გაიკითხეთ, როგორი შვილი მყავდა. იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო. სრულიად უკონფლიქტო. იმ საღამოს, 11 საათი ხდებოდა, რომ დავურეკე. დედა, სახლთან ვარ და 10 წუთში მოვალო. რომ არ გამოჩნდა, ნახევარ საათში ისევ დავრეკე. მისი ტელეფონი სხვამ აიღო. თურმე პატრულის თანამშრომელი იყო. ვერ გაბედა ეთქვა, შვილი ცოცხალი რომ არ მყავდა. ბავშვი უპატრონოდ ეგდო მიწაზე. სასიკვდილო ჭრილობა თვალში ჰქონდა და ისე იყო დასახიჩრებული, ვერავინ იცნო... მMკვლელობამდე სამი დღით ადრე 22 წელი შეუსრულდა. სრულიად უმიზეზოდ მომიკლეს... მკვლელობის მიზეზი ის იყო, რომ ბიჭები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. არანაირი საქმის გარჩევა არ ყოფილა. ცხადია, ახლა დამნაშავე თავის მართლებას შეეცდება. Aდაჭრილი მიაგდო და გაიქცა.
- ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, თორნიკეს მეგობრებს დანები ჰქონდათ და კამათობდნენო...
- აბა, რას იტყვის? ხომ უნდა გაამართლოს მკვლელი. თორნიკეს არასოდეს ჰქონია ცივი იარაღი და ვინმემ მიცვალებულს ცილი არ დასწამოს. არც ის უთქვამს ვინმეს, რომ Mმის მეგობრებს ჰქონდათ დანები. ბიჭებს მეგობარი თვალწინ მოუკლეს. გასროლის შემდეგ ყველა გაიქცა, რადგან შეეშინდათ, მათთვისაც არ ესროლა დამნაშავეს...
თეა ხურცილავა