"შავი არქეოლოგები" ამჯერად ისტორიულ ჰერეთში გამოჩნდნენ! - კვირის პალიტრა

"შავი არქეოლოგები" ამჯერად ისტორიულ ჰერეთში გამოჩნდნენ!

აზერბაიჯანში, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე ძველი სამარხები და ნამოსახლარები გამალებით ითხრება. თუმცა გათხრებს აქ არა არქეოლოგები, არამედ "განძის მაძიებლები" აწარმოებენ. მოპოვებული მასალიდან ოქროს ნივთები ბაქოში მიდის გადასადნობად. ხოლო ასევე ოქროს, ბრინჯაოსა და სხვა მასალა, რომელსაც ისტორიული ღირებულება გააჩნია, სხვადასხვა ქვეყანაში გადის გასაყიდად.

ბრინჯაოსგან დამზადებული მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, "განძის მაძიებელთა" ნადავლის ნაწილია. მეკობრულად მოპოვებულ კიდევ რამდენიმე ნივთთან ერთად იგი გასაყიდად საქართველოში ჩამოიტანეს. პირი, რომელმაც ნივთები აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოიტანა, ამბობს, რომ ისინი ზაქათალის რაიონშია ნაპოვნი, თუმცა ზუსტ ადგილს არ აკონკრეტებს.

საქართველოში გასაყიდად ჩამოტანილ ნივთთაგან ერთ-ერთისთვის ფოტოს გადაღება მოხერხდა.

"ბევრგან ვყოფილვარ და შავი არქეოლოგების კვალი ყველგან ჩანს. კახის რაიონში ისიც მითხრეს, თითქოს ერთ-ერთ ქართულ ნასოფლარში ოქროს ნივთები უპოვიათ და ბაქოში წაუღიათ. დაახლოებით ორი წლის წინ კი, კახის რაიონული ცენტრის გასწვრივ მდებარე მთის, ულუბაშის ფერდზე ნიაღვრის მოვარდნის შემდეგ ძველი სამარხები გამოჩნდა. ყოფილი ქართული სოფლის, სოსიკაანთკარის (ახლა მას სოსიკენთს ეძახიან) ნასახლარებზე კი ახლა მთლიან ქვევრებს თხრიან და ყიდიან", - აცხადებს "ისტორიანის" წყარო.

როგორც ირკვევა, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე განძის მაძიებლები წლების განმავლობაში მუშაობენ. მათი აქტიურობის მიზეზი, როგორც "ისტორიანის" წყარო დასძენს, მოსახლეობაში გავრცელებული ლეგენდაა, თითქოს როდესაც ქრისტიანი ქართველები ეკლესიებს აშენებდნენ, საძირკველში აუცილებლად ჩაატანდნენ ოქროს.

წყაროს ცნობით, ლეგენდას აყოლილი ადგილობრივი ავანტიურისტები თხრიან ტერიტორიებს, სადაც ეკლესიების ნაშთებია შემორჩენილი.

ნინო ჯაფარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”