კობა დავითაშვილი: "მე ვთამაშობ პრეფერანსს და მიყვარს ეს თამაში" - კვირის პალიტრა

კობა დავითაშვილი: "მე ვთამაშობ პრეფერანსს და მიყვარს ეს თამაში"

"ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. უახლოეს დღეებში განვაცხადებ ჩემი გეგმების შესახებ, თუ როგორ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას". - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა დავითაშვილი.

- რამდენიმე კვირის წინ თქვენი ახალი ინიციატივის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც აქცენტი სერიალების შეზღუდვაზე კეთდება. საზოგადოებაში ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რამდენად არის პრობლემა სერიალები და კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს ინიციატივა?

კ. დ.: - ჩემი ინიციატივა სერიალების წინააღმდეგ არაა. ეს არასრულწლოვანების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზეა, რომელშიც სიტყვა "სერიალი" საერთოდ ნახსენები არაა.

უბრალოდ, ის გადაცემები, პროგრამები, ფილმები და მათ შორის, სერიალებიც, რომლებიც არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენას ახდენენ, საუკეთესო საეთერო დროს კი არა, გვიან ღამით უნდა გადიოდეს, იმ დროს, როდესაც არასრულწლოვანებს მათი ყურების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.

ტელეკომპანიებს არავინ უკრძალავს სერიალებს, უბრალოდ, თუ არის ისეთი სერიალი, რომელშიც ჰომოსექსუალური, ბისექსუალური, პოლიგამიური კავშირები წახალისებულია და რომელმაც ახალგაზრდა თაობაზე მავნე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს, გვიან ღამით აჩვენონ. ამაზეა საუბარი. ეს არის ჩემი ინიციატივის ერთი მცირე ნაწილი.

- თქვენ აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის თაობაზეც გქონდათ ინიციატივა...

კ.დ.: - საზოგადოდ, აზარტული თამაშების აკრძალვის მომხრე ვარ და ამის თაობაზე პარლამენტში ინიციატივაც შევიტანე. ჯერ რეკლამის აკრძალვაზე, რომელიც არ გავიდა, და შემდეგ რეფერენდუმის მოთხოვნით ხელმოწერების მოგროვება მინდოდა.

სამწუხაროდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელმოწერების მოგროვების საშუალება არ მოგვცა. ცესკომ ამ უცნაური გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ხალხის აზრის გამოკითხვა და 200 ათასი ხელმოწერის მოგროვება აგვიკრძალა.

თუმცა, გულწრფელად გითხრათ, ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ და უახლოეს დღეებში განვაცხადებ ჩემი გეგმების შესახებ, თუ როგორ ვაპირებ ამ თემაზე ბრძოლის გაგრძელებას.

- გასულ კვირას ინტერნეტში ვიდეოფირი გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია საპარლამენტო სხდომის დროს როგორ თამაშობთ მობილურში აზარტულ თამაშს... რას იტყვით ამის შესახებ?

კ.დ.: - აზარტული თამაშის თამაში მობილური ტელეფონით არ ხდება. ტერმინი "აზარტული თამაში" ფულზე თამაშს გულისხმობს. ვინც არ იცის, შეუძლია ლექსიკონში ნახოს. მე ვთამაშობ პრეფერანსს და მიყვარს ეს თამაში. ადამიანმა ჭადრაკი ფულზეც რომ ითამაშოს, აზარტული არ გახდება, ისევე როგორც ბრიჯი და პრეფერანსი. ვინც ეს თამაში იცის, ესმის. ვისაც არ ესმის, არ უნდა გაიგოს და ამის გაგება იმას არ უნდა, ვინც დაინტერესებულია სხვისი უბედურების ხარჯზე ფულის შოვნით.

არავის ვუშლი თავის მეგობრებთან ერთად თუნდაც კომპიუტერში ან ტელეფონში ითამაშოს. ვუშლი ამის ხარჯზე გაუბედურებული ხალხისგან ფული შოვნას. იმედია, კრიტიკოსებისთვის სხვაობა გასაგებია.

თეონა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: კობა დავითაშვილი პარლამენტში აზარტული თამაშებით ერთობა