მგონი, ”დანიაში” ვართ... - კვირის პალიტრა

მგონი, ”დანიაში” ვართ...

მიყვარს ნავარო, კაი კაცია - სამ თვეში ერთხელ, სტაბილურად, რაღაცას ”მიმოიკვლევს” და თუკი ვიგულისხმებთ, რომ სამ თვეში 13 ”პროვოკაციას” ვწერ ხოლმე (ანუ კვირაში ერთს), ჩემი შემოსავლის ერთ მეცამეტედს სწორედ ამ კაცს უნდა ვუმადლოდე - მე შენ გეტყვი და, მისი ნაკვლევი საშაყირო-საღლაბუცო-საპროვოკატოროს არ იძლევა...

ჰოდა, ცოტა მრცხვენია, ამ ”უშრომელი შემოსავლისა” და ამჯერად ”ენდეაის” კვლევების მხოლოდ ერთ, ვფიქრობ, საკმაოდ მრავლისმთქმელ მონაცემს გამოვყოფ: კითხვაზე - ”საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?” სხვა და სხვა პარტიების მხარდამჭერებმა სხვადასხვანაირი პასუხი გასცეს და ”ნაცმოძელთაგან” რომ მხოლოდ 24%-ს მიაჩნია, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს, ეგ არაფერი, მაგრამ ”ოცნების” ამომრჩეველთაგანაც რომ ოდენ 45%-ს სჯერა ჩვენში დემოკრატიის არსებობისა, და კიდევ უარესი - სამი თვის წინანდელთან შედარებით ეს რომ 5%-ით ნაკლებია, ეს როგორ გავიგოთ?!

ტრადიციულად, ნავარო ცრუობს, თუ იმედი (ანუ, იმედი უცრუვდება ხალხს)?

ჩვენს ახალთახალ ხელისუფლებასთან ”ბოიშმამითხოვია” და ძალიან კი მერიდება, რომ ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიწევს მათი კრიტიკა, მაგრამ რა ვქნა?!

”რაღაც ყარს დანიის სამეფოში!” - როგორც ”ცხონებული” ჰამლეტი იტყოდა. ოღონდ, თუკი ვინმეს ჰგონია, ამის გამართლება იმით შეიძლება, რომ ადრე, ანუ ”ასფალტს რომ ვჭამდით”, ანუ ბოლო 9 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო ცუდი სუნი იდგაო, ძალიანაც ცდება - პირადად ჩემი ცხვირი უკვე ვეღარ გაუძლებს ამდენს და წეღან რომ ხელისუფლებას ”ბოდიში მოვუხადე” კრიტიკისთვის, მაგათ ნამდვილი არ ეგონოთ - ვიხუმრე და ბოდიში კი არა, წესიერად მოიქცნენ თუ შეიძლება, თორემ ადრეც დავწერე, ”9 წელი” შეიძლება 9 წელზე უფრო მალე გავიდეს...

ისე, სხვა წლებში, ამ დროს, ყოფით - საზაფხულო-საარდადეგო-საშვებულებო თემებზე ვწერდი ხოლმე: ბათუმ-ქობულეთის ფასებზე, მატარებლების მდგომარეობაზე, ტურისტების ვითომ მოზღვავებაზე და ა.შ. მაგრამ ახლა რა დროს ტურისტებია - საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანია დაიწყო! დაიწყო და უკვე გამოჩნდნენ კანდიდატები.

მე პირადად, ვინმე ნიკოლოზ გორგიჯანიძე მომეწონა ყველაზე მეტად - კაი კაცი, კეთილი: პენსიას დავნიშნავ 300 ლარსო, მაშინვე ეცოტავა და, არა - ლარს კი არა, დოლარსო; დიასახლისებს ექნებათ 200 დოლარიო; უსაქმურებს - 100-150 ლარი, ეგენიც ხალხია, სიგარეტის ფული ხომ უნდათო, ოღონდ საბუთში ეწერებათ, რომ უქნარები და უვარგისები არიან, ამიტომ შერცხვებათ და მალე ეგენიც დაიწყებენ წესიერ ცხოვრებასო; დღევანდელი მთავრობიდან ბევრს დავტოვებო - პირველ რიგში, ივანიშვილი (”კეთილ-ბიძო”, როგორც თვითონ უწოდებს), მერე ეკა ბესელია (ოღონდ გვარი ვერ გაიხსენა, მიგვახვედრა) და ბოლოს - ”კობა დავითაშვილი როა, ხო გახსოვთ, მსუქანი, ჩაპუტკუნებული ბიჭი, უპატიოსნესი ბიჭი!” - გვახსოვს, როგორ არ გვახსოვს, ისიც გვახსოვს, ნუ კაი, ჯანდაბას...

საქმე ის არის, რომ ამისთანა... მმმ... კანდიდატების პრესკონფერენციებზე სახითხითოდ არ გვეცლება მალე და ისეთი ”სუნი მცემს”, რომ ”დედა შვილს არ აიყვანს”, ქართულ საარჩევნო პოლიგონზე ისეთი ამბები ატყდება - ოპოზიციონერი კანდიდატები გამალებით აგროვებენ კომპრომატებსა თუ შეცდომებს სახელისუფლებო გუნდზე და რაც ყველაზე სამწუხაროა (კომპრომატებზე ჯვარი სწერიათ), შეცდომების ძებნას გამადიდებული შუშა ნამდვილად არ სჭირდება.

ამიტომ, კეთილი ინებეთ, ბატონებო და კრიტიკა და მწვავე შეკითხვები დახმარებად მიიღეთ: მაგალითად, რატომ მოიკლა თავი მოწმე მიქაუტაძემ?! შსს-ს ოფიციალური განცხადებით, მასზე თურმე პოლიციაში ზეწოლა არ ყოფილა! ე.ი. მას იმდენად სძულდა შსს, რომ თვითმკვლელი ტერორისტივით, ახლობლებს დაუბარა, იმ დაკითხვის გამო ვაკეთებ ამასო და იმათ ჯინზე მოიკლა თავი!

ვაი! ხალხო! ძმებო! ხალხის რჩეულო ხელისუფლებავ! აზრზე მოდით! ეს ასეც რომ ყოფილიყო, არ უნდა თქვათ, იმიტომ, რომ სისულელეს ჰგავს! და არგუმენტად ის კადრები არ უნდა მოიყვანოთ, სადაც ის კაცი საკუთარი ფეხით გამოდის პოლიციის შენობიდან - რა, საკაცით უნდა გამოესვენებინათ, რომ ზეწოლა დაფიქსირებულიყო?!

გული მისკდება, ისე ჰგავს ეს ამბავი, ამ ხუთიოდე წლის წინდნადელ ამბებს...

P.S. ”იქნებ მეც ჩავერთო საარჩევნო პროცესში, ხომ გაგიგიათ - ბებერი ხარისა რქებიც ხნავენო”, - შევარდნაძემ შემოთვალა კრწანისიდან.

ჯერ ერთი, ბ-ნო ედუარდ, მელას რქები არა აქვს და რაც ”მოგვიხანით”, უკვე საკმარისია და მეორეც, ახლა გამახსენდა: ”ნაციონალები” რომ ”შეკრულები” იყვნენ ამ თავიანთ გამზრდელთან, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ახალი ხელისუფლება რომ წინა მმართველობის ყველა დამნაშავის დასჯას აპირებს, იმ წინებში მაინც და მაინც ”ნაცმო” იგულისხმება?! ეს კაცი რატომ დაგავიწყდათ?

მოხუცია და ცოდოა? გაასამართლეთ და მაშინვე ამნისტია გამოუცხადეთ - მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!