ნიკოლოზ გორგიჯანიძე - "არჩევნები საერთოდ არაა საჭირო, პარლამენტს კი სულ გავაუქმებ"
"ერთი ჭიქა ღვინო უფასოდ უნდა დავალევინო, ყოველი მომდევნო ჭიქა კი 2 ლარი ეღირება. თქვენ გინახავთ რუსი ერთ ჭიქაზე ჩერდებოდეს?"
"გავაგარემოებ მაგათ, რას გამოიქცნენ სოფლიდან? თუ გული შეტკივათ გარემოზე, წავიდნენ და მიწა დაამუშავონ."
27 ოქტომბერს ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. კანდიდატები ნელ-ნელა გამოდიან ასპარეზზე, ჩვენც ერთ-ერთ კანდიდატს, ნიკოლოზ გორგიჯანიძეს ვესაუბრეთ:
- აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ იდეოლოგიური ტურიზმი, რომელიც ადამიანის ტვინში ჩაჯდება. რუსეთში, არჩევნებში 30% მიიღო ზიუგანოვმა. ეს 30 % არის 40 მილიონი რუსი, რომელსაც აბოდებს სტალინზე. ამიტომ ჩვენ სტალინი და ბერია იმ დონემდე უნდა ავამაღლოთ, რომ მათ ინტერესი გაუჩნდეთ და ჩამოვიდნენ. მაგალითად, უნდა გავაკეთოთ ბერიას სახლ-მუზეუმი, წინ ძეგლით, სოჭიდან გამოსულ ავტობუსს კი ეწერება – ბერიადან სტალინამდე. ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა შევხვდე ზიუგანოვს.
- უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, თავად პუტინს შეხვედროდით?
- პუტინთან რა მესაქმება? ზიუგანოვს 40 მილიონი რუსი უჭერს მხარს. მას ვთხოვ, გზა გამიხსნას სოჭიდან, აფხაზეთში ჩამოსულ ტურისტებს კი ზუგდიდის გზას გავუყენებ. თანაც, ამ უმაღლესი დონის გზას მთლიანად რუსებს ვაკეთებინებ.
- ისე, რომ ჩვენ არ დავხარჯავთ ფულს?
-არა რა ფული, მაგ ჭკუაზე ვარ, ჩვენი ფული დავხარჯო? მე მაგას ვერ მომატყუებენ, მცირე ბიზნესის გენერალი ვარ., ვიცი, როგორ ვიშოვო ფული. ზუგდიდში გავაკეთებ უშველებელ ბაზარს და რუსეთიდან ჩამოსულები ჩვენგან წაიღებენ კარტოფილს, პამიდორს, კიტრს და სხვ... ჩხოროწყუელი და წალენჯიხელი გლეხები ერთი ავტობუსიდან 50-60 ლარს იშოვიან და ეს ყველაფერი ნიკო ბაბუს დამსახურება იქნება. თან, როგორც ამერიკაშია თავისუფლების ქანდაკება, ისე დავდგამთ საქართველოში სტალინის ძეგლს, რომელსაც დავარქმევთ განმათავისუფლებლის ქანდაკებას. სტალინი იქნება სემინარიელი ბიჭი, რომელსაც ხელში ბიბლია ეჭირება.
- ანუ გამოდის, რომ ქვეყნის ბიუჯეტი სტალინზე და ბერიაზე იქნება დამოკიდებული...
-კახეთში მივაგენი სტალინის მამის საფლავს, თელავში ყოფილა. აფხაზეთიდან წამოყვანილ ყველა ტურისტს მივიყვან იქ და ერთი ჭიქა ღვინოს უფასოდ დავალევინებ, ყოველი მომდევნო ჭიქა კი 2 ლარი ეღირება. თქვენ გინახავთ, რუსი ერთ ჭიქაზე ჩერდებოდეს? ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა შემოსავალს მოგვიტანს. მთელ მსოფლიოში უნდა გავხსნათ "სტალინის სააგენტოები", სადაც ამ ტურს გააცნობენ მსურველებს.
- გამოდის, სტალინისა და ბერიას ხსოვნის პატივსაცემად ჩამოსული რუსების ხარჯზე უნდა ვიცხოვროთ?
-აბა რა. რუსების ხარჯზე უნდა ვიცხოვროთ.
- სტალინის დაბადების დღე დეკემბერშია და ზამთრის სიცივე არ იმოქმედებს ხალხის რაოდენობაზე?
- ეს ჩენთვისაა სიცივე, თორემ რუსებს რა უჭირთ? თანაც ხალხმრავლობა რომ იქნება, არ შეცივდებათ. არ გეგონოთ, რომ მარტო საზღვაო კურორტებზე ვფიქრობდე. მაგ. მინდა საბაგიროს გაკეთება ბახმაროდან ბათუმამდე. ჯერ მთაში დაისვენებს კაცი და მერე უცებ ჩავა ზღვაზე.
-საქართველოში ბევრს არ უყვარს სტალინი და არ გეშინიათ, რომ ეს ხალხი თქვენ მხარს არ დაგიჭერთ?
- სტალინი არც მე მიყვარს. სტალინით მე ფულის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი მიზნების განსახორციელებლად მჭირდება სტალინი.
- თქვენი პროგრამის ერთ ნაწილში ამბობთ, რომ საპატრიარქოს შეუქმნით ვატიკანის მოდელს, სადაც კვირაში 10 მილიონი ადამიანი ჩამოვა. ამ პროექტთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან თუ გქონდათ კონსულტაციები?
- არა. მე ილია მეორეს, მოსიარულე წმინდანს, მაგას როგორ ვეტყვი? მიკვირს, ხალხი რომ მიდის და ეამბორება ხოლმე. მე მას თვალებში ვერ შევხედავ. მე მიწა ვარ, ილია მეორე კი ზეცაა.
- აფხაზეთის დაბრუნების გეგმა გასაგებია, სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გეგმა თუ გაქვთ?
- სამხრეთ ოსეთი უკვე ჩვენია. იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდა ცხინვალში საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მე ვუნიშნავ პენსიას 300 დოლარს, ეს არის ანკესი, რადგან მათ ფული უნდა მიიღონ თბილისში და არა ადგილზე. შესაბამისად, პენსიის ასაღებად უწევთ ჩვენთან ჩამოსვლა და ამით გადაეჯაჭვებიან საქართველოს.
-გარდა ტურიზმისა, შემოსავლის სხვა წყარო რა იქნება?
-გეტყვით. 31-ე ქარხანაში უნდა ვაწარმოოთ კვადროციკლეტები (რომელიც 4-5 ტანკს ჯობს), ასევე ელექტრომობილები. ავაშენებთ უამრავ ჰესს.
-ჰესების დიდი რაოდენობით აშენება გარემოს ერთგვარ პრობლემას ხომ არ შეუქმნის?
-ვინც მაგას მეტყვის, გავაგარემოებ მაგათ, რას გამოიქცნენ სოფლიდან? თუ გული შეტკივათ გარემოზე, წავიდნენ და მიწა დაამუშავონ.
- მინდა გკითხოთ თქვენს სლოგანზე – მინდა ვიყო ერთი კენტი, ბავშვებისთვის პრეზიდენტი. რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს?
- ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ მომავალ თაობაზე, ბავშვებზე მუდამ უნდა ვიზრუნოთ. მე ვიზრუნებ მათზე ჩემს დროსაც და ჩემს მერეც _ როდესაც გარდავიცვლები, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, მილიონობით ადამიანი ჩამოვა, რათა მიუსამძიმროს ჩემს მიერ დატოვებულ მთავრობას, ეს ყველაფერი კი ფულია.
- ბატონო ნიკოლოზ წინა არჩევნებში რატომ არ იღებდით მონაწილეობას, ასეთი პროგრამით გამარჯვების შანსი იქაც გექნებოდათ...
- იცით რა? არჩევნები საერთოდ არაა საჭირო, პარლამენტს კი სულ გავაუქმებ, როცა ხელისუფლებაში მოვალ.
- საკანონმდებლო ორგანო აღარ იქნება?
- იქნება იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროები და პროკურატურა, რომლებიც განკარგავენ ყველაფერს. მეტი არც გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ და ფული რატომ ვყაროთ ტყუილად?
- თუ პრეზიდენტი გახდით, მოქმედი პოლიტიკოსებიდან ვისთან ითანამშრომლებთ?
- ზურაბ ტყემალაძე, რომელმაც მცირე ბიზნესი იცის. ის გაუტეხელი ბიჭი, დავითაშვილი, ეკა ბესელია, ეგეც მაგარი გოგოა და პროფკავშირების ლიდერი პეტრიაშვილი.
- ბიძინა ივანიშვილი თუ მოხდება თქვენს გუნდში?
- ეს იქნება კაცი, რომელსაც ჩვენ უნდა ვედგეთ გვერდში. მე არ ვიქნები მასზე მაღლა, მის ქვემოთ ვიქნები, მაგრამ არ მოვასვენებ, მუდამ კონსულტაციები გვექნება მასთან.
- კონკურენტებიდან ვის მიჩნევთ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ?
- არავის. ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო, მე ხომ ღარიბებისათვის მოვდივარ, ესე იგი, თუ მე გავიმარჯვე, ღარიბები ბევრნი ყოფილან და ეს ცუდია.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)