ამბავი ვიკინგი გურულისა ანუ შინ - ფესვებისკენ...
"კვირის პალიტრამ" კიდევ ერთი სასიამოვნო სასწაულის მომსწრე გამხადა!"
"მე ქართველი ვარ, მამაჩემი ამ ქალაქიდან იყო..."
შორეულ ნორვეგიაში ორი გურული ძმა ცხოვრობს, "გავიკინგებული" დუმბაძეები. როდესაც ლეონიდის და კრისტოფის შესახებ მიამბეს, მაშინვე ნოდარ დუმბაძის ზურიკელას მონოლოგი გამახსენდა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან," - მთელი დუნია ჩვენ ვიქნებით, ჩემი და მერის მონაგარიო და აღარ გამიკვირდა, რომ შორეულ ნორვეგიაშიც ცხოვრობენ გურულები. თუმცა, მათი მშობლების ისტორია ძალიან სევდიანია, შვილებმა კი აქამდე არაფერი იცოდნენ არათუ ნოდარ დუმბაძის, არამედ საქართველოში მცხოვრები ნათესავების შესახებაც. მეტიც, ვერ წარმომედგინა, რომ ნორვეგიელი გურულების ერთ-ერთი უახლოესი ნათესავი "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ნუცა დუმბაძე იქნებოდა და უამრავი ადამიანის ცხოვრებაში სასწაულის მომხდენი "კვირის პალიტრა" სტატიის დაბეჭდვამდე კიდევ ერთი საოცრების მომსწრეს გამხდიდა.
- სად არის ეს კაცი? ჩემი ნათესავია... ამ ბიჭებს მთელი ცხოვრება ვეძებდით, - ხმაწასული, ჩურჩულით მეკითხებოდა ქალბატონი ნუცა დუმბაძე და უცებ ყველაფერი თავდაყირა დადგა...
მიმიხვდით ალბათ, რასაც ახლა კითხულობთ, სტატიის პირველი ვარიანტი არ არის. როდესაც რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოსულ ლეონიდს ნორვეგიაში გაფრენამდე რამდენიმე საათიღა ჰქონდა დარჩენილი, მოულოდნელად, თავისი დიდი ოჯახი იპოვა, არადა, სტატიის პირველ ვერსიაში წუხდა: "დასანანია, რომ არაფერი ვიცი ჩემი ქართველი ნათესავების შესახებ. მამა თბილისელი ყოფილა. მას ლიოვას ეძახდნენ, ბიძაჩემ ალექსანდრეს კი - საშას. არ ვიცი, სად არის საშა, შვილები დარჩა თუ არა, ან სხვა ნათესავებს რა ერქვათ, როგორ მოვძებნო? საშა მამასთან ერთად წასულა ევროპაში და როგორც ვიცი, არც ის დაბრუნებულა სამშობლოში. მალე ძმასთან ერთად ვაპირებ ჩამოსვლას და ვინ იცის, იქნებ მივაგნოთ კიდეც ჩვენს დიდ ოჯახს. მინდა გავიგო, ვინ მყავს აქ. მთელი ცხოვრება მქონდა სურვილი სამშობლოს გაცნობისა. ხშირად წარმოვიდგენდი, როგორ ჩამოვდივარ საქართველოშიI და ნათესავები მელოდებიან... ახლახან ვნახე ფილმი "ფესვები" და ვიტირე. ზუსტად ასე წარმომედგინა ჩემი აქ ჩამოსვლა...
საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმ "ფესვების" ჩანაწერი ლეონიდს ნორვეგიელების რძალმა, პოეტმა და მხატვარმა თამარ ლომიძემ აჩუქა, რომელმაც სიაში მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ნორვეგიიდან ნახევრად ქართველი დუმბაძე ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოდიოდა საქართველოში. თამარს კი მეგზურობა უნდა გაეწია. ბებიით გურული და ნორვეგიელი შვილების დედა აღელდა: "სიაში ქართული გვარი რომ ვნახე, გულმა მიგრძნო, საინტერესო ამბავი უნდა გამეგო. ნანახმა და განცდილმა მოლოდინს გადააჭარბა. ლეონიდი საოცარი ადამიანია, ალალი, ღიმილიანი, მზიანი... სისხლმა სისხლი იცნო და დანახვისთანავე თამამად ვკითხე, თქვენ ლეონიდი ხართ, დუმბაძე, არა? სახე გაუბრწყინდა და გაუკვირდა, რომ ასე გამოვარჩიე. ძალიან მაწუხებს ემიგრანტების ბედი, ყოველთვის ვცდილობ, ბევრი რამ გავაგებინო დავიწყებულ სამშობლოზე. როდესაც ლეონიდის ისტორია მოვისმინე, გულაჩუყებულმა ფილმ "ფესვების", ჩანაწერი ვაჩუქე. ვუთხარი, გული მიგრძნობს, ის, რაც ამ ფილმშია, უთუოდ შენს ცხოვრებაშიც მოხდება-მეთქი. სასწაული კი ძალიან მალე მოხდა - როდესაც "კვირის პალიტრის" რედაქციიდან დარეკეთ, ნათესავებს მივაგენითო, ლეონიდში გურულმა სისხლმა იფეთქა - მშვიდი, გაწონასწორებული კაცი უცებ აფეთქდა, მოუსვენრობამ შეიპყრო, ნუთუ მართლა ვიპოვე, - გაიძახოდა გაოცებული, მერე უცებ მომიბრუნდა და მთხოვა, - წამიყვანეთ, მანახეთ ეს ადამიანები..."
დიდი ხნის წინ დაკარგულ ნათესავებთან შეხვედრა ლეონიდის გარდაცვლილი მამიდის, ნადია დუმბაძე-გაბუნიას ოჯახში შედგა. ლეოს (ლიოვას) ერთი ძმა და სამი და ჰყოლია. მათგან არც ერთი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ იმრავლა მონაგარმა და ნორვეგიიდან სასწაულებრივად მოვლენილ ლეონიდს ერთად უმასპინძლეს ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა.
შეუძლებელია შეხვედრის სცენის გადმოცემა. გაოგნებული ლეონიდი ნათესავებს შორის იდგა და თვალწინ სწორედ ის კადრი გაუცოცხლდა, საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმში რომ იხილა. ახლა ის თავის მიწაზე იდგა და თავის დაკარგულ ფესვებს ეფერებოდა. არ იცოდა ვისთვის რა ეთქვა. დამუნჯებულმა უცებ ნათესავის, გიორგი გაბუნიას აკანკალებულ ხელში ჩაბღუჯულ ძველ ფოტოებს ჰკიდა თვალი, ეს მე ვარო, წამოიძახა. კადრში აღბეჭდილია ულამაზესი კირსტენი (ლეოს მეუღლე) პატარა ლეონიდთან ერთად, ფოტო ნიუ-იორკიდან გამოუტანებია ვიღაცისთვის ლეოს...
"მთელი ცხოვრება გეძებდით და როდესაც ყველა იმედი გადაგვეწურა, თვითონ მოხვედი, ეს ნამდვილი სასწაულია. დედაჩემი ამ ამბავს რომ მოსწრებოდა, ალბათ აღარასდროს მოკვდებოდა. ის თითქმის არ ახსენებდა დაკარგულ ძმებს - საშას და ლეოს. ასე ცდილობდა გამკლავებოდა მონატრებას. ერთხელ თითქოს ამოიჩემაო და დიდხანს ლაპარაკობდა საშაზე, სასწაულია და სწორედ იმ დღეს მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ. დედამ ძლივს გადაიტანა ეს ამბავი... იმ დღესაც, როდესაც ამერიკაში მყოფმა ნათესავმა შეგვატყობინა, რომ ლეოც აღარ იყო, დედამ ახლა მასზე დაიწყო ლაპარაკი. თითქოს გული უგრძნობდა... დავუმალეთ ძმის გარდაცვალების ამბავი და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ წამოსცდა ნათესავს... კინაღამ გაგიჟდა, როგორ დამიმალეთ და საშუალება არ მომეცით მეგლოვაო. ახლა ასე მგონია, რომ შენი სახით ბიძაჩემი დაბრუნდა და მეც, დედაჩემის მაგივრად ვეფერები ძმას... შენც ხომ ძმა ხარ ჩემი?!" - უთხრა ლეონიდს მამიდაშვილმა მანანა გაბუნიამ და გადაეხვია.
ლეონიდის მამა ლეო დუმბაძე და მისი ძმა ალექსადრე საქართველოს გასაბჭოებამდე სასწავლებლად წასულან ევროპაში. 1921 წლის რევოლუციამ სამშობლოში დაბრუნების გეგმები რომ დაასამარა, ემიგრანტი ქართველები საცხოვრებლად ამერიკაში გადასულან. გარეგნულად ძალიან მომხიბლავ და ქალების ყურადღებით განებივრებულ ლეოს მასზე 23 წლით უმცროს მშვენიერ ნორვეგიელ კირსტენთან ერთად შეუქმნია ოჯახი. 1949 წლის 12 ივნისს კი პირველი ვაჟი შესძენიათ, ლეონიდი, მერე კრისტოფი გაჩნდა... სამწუხაროდ, ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ავთვისებიანი სიმსივნით ლეო რამდენიმე წელში გარდაცვლილა და ბიჭები 8 და 6 წლისანი დაობლებულან. მამა ძლივს ახსოვთ. ლეონიდს მცხეთაში, ჩოხის დანახვაზე სევდიანი ღიმილით უთქვამს, მამა ამ სამოსს იცვამდა და ძალიან ლამაზი სანახავი იყოო. თურმე ცეკვავდა, უკრავდა ყველა ინსტრუმენტზე, მოხდენილი გარეგნობა ჰქონდა...
დაქვრივებული ახალგაზრდა კირსტენი შვილებთან ერთად ნორვეგიაში დაბრუნებულა. ვაჟებს გამუდმებით ახსენებდა, რომ ქართველები იყვნენ, რათა არასდროს დავიწყებოდათ სამშობლო, რომელიც კედელზე გამოფენილ ძველ ფოტოებზე ჩანდა. ძველი თბილისის ფოტოები ქმრისგან მემკვიდრეობით დარჩა კირსტენს და ლეოს სიკვდილის შემდეგ მათ სასოებით უვლიდა. ვინ იცის, ძველი თბილისის ამ ხედების მონატრებამ გაუჩინა უკურნებელი სენი საქართველოს ნოსტალგიით გულდაკოდილ ემიგრანტს, რომელიც გასაბჭოებულ საქართველოში დარჩენილ დებს იმის შიშით ვერ ეხმიანებოდა, რომ ბოლშევიკებს, როგორც ემიგრანტის ნათესავებისთვის რაიმე ბრალი არ შეეთხზათ და არ აეწიოკებინათ.
ლეონიდ დუმბაძე - "მე და ჩემს ძმას სულ გვინდოდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ როდესაც ასაკში შევედით, განსაკუთრებით შეგვაწუხა განცდამ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. ან რა მოხდა ისეთი, რამაც მამას სამშობლოდან შორს ყოფნა აიძულა. ოკუპაციის მუზეუმში გავეცი ამ კითხვას პასუხი - შემზარა იმ ისტორიამ, რაც საქართველოს გადაუტანია და რამაც მამა და კიდევ უამრავი ქართველი იძულებით დააშორა სამშობლოს. მუზეუმში ვნახე ფოტოები, რომელმაც საქართველოს საზარელი ისტორია მიამბო.
ჩვენს ოჯახში კი დღემდე ინახება მშვიდობიანი, ძველი თბილისის ხედების უნიკალური ფოტოები, რომელთაგან ზოგიერთი ქართული მუზეუმებისთვისაც კი სიახლე აღმოჩნდა. მთხოვეს, რომ ასლები გადმოვუგზავნო. ეს ფოტოები ტელეფონის ფოტოალბომშიც კი მაქვს ჩაწერილი და როდესაც მეკითხებიან, ვინ ხართ თქვენ, საიდან, დუმბაძე ხომ ნორვეგიელი არ არისო, ამ ფოტოებს ვაჩვენებ. ვპასუხობ - მე ქართველი ვარ, მამაჩემი ამ ქალაქიდან იყო...
დედა მუდმივად გვახსენებდა, რომ გვყავდა ძალიან კარგი მამა, ლამაზი ქვეყნიდან, თუმცა, თვითონ არასოდეს ენახა ის, მხოლოდ მამის ფოტოებიდან იცნობდა. მათ შორის, განსაკუთრებულია ფოტორეპროდუქცია ილუსტრაციისა, სადაც გამოსახულია დიდი ქართველი ლეგენდა, შოთა რუსთაველი.
დედა, რომელმაც ერთი ქართული სიტყვაც კი არ იცის, ღიმილით გვეტყოდა ხოლმე, რომ რუსთაველი დიდი პოეტი და ჩვენი დიდი წინაპარი ყოფილა. ახლა დედა 88 წლისაა. ფეხები სტკივა და გადაადგილება უჭირს. მოუთმენლად ელოდება ჩემი მოგზაურობის შედეგებს და უკვე ჩემგან ჩატანილ ფოტოებს. მე კი ჯერ არ წავსულვარ და საქართველოში დაბრუნება უკვე მენატრება. მინდა მალე ვნახო გურია. თამარი მიხსნიდა, როგორი საკრავები და სიმღერები აქვთ საქართველოში და როგორი განსაკუთრებულია ამ მხრივ გურია. თამარი მეხუმრება, ჯერ შენ გურიაში, ანუ სამოთხეში არ მოხვედრილხარო. მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს დათვალიერება მოვასწარით".
"კახეთში, ზვრებში ვაზებთან საფერებლად გადასულ ნორვეგიელ გურულს ფეხზე კრაზანამ უკბინა. ეღიმებოდა, ეს ნათლობააო. ვენახებში დადიოდა სახეგაბადრული და იხსენებდა მამას, იქნებ ოდესღაც ისიც თვითონ უვლიდა ვაზსო. სტეფანწმინდიდან წამოსვლა აღარ უნდოდა, მყინვარწვერმა კინაღამ დაამუნჯა..." - იხსენებს თამარი და ჩქარობს, აეროპორტში არ უნდა დააგვიანონ... ლეონიდი შინ ბრუნდება, თუმცა, მისთვის უკვე აქაც შინ არის.
"ცას სწვდებოდა გურულების ჰასანბეგურა"
ნორვეგიაში არსებობს ლეგენდა ვიკინგებზე, რომლებმაც გურიაში იმოგზაურეს. უკან დაბრუნებისას, მათ განაცხადეს, რომ სამოთხეში იყვნენ. საქმე ისაა, რომ ვიკინგებს სამოთხე წარმოედგინათ ადგილად, სადაც არის ლხინი, ქეიფი, ლამაზი ქალები და კაცები, რომლებიც მომაჯადოებლად მღერიან და ცეკვავენ. ირგვლივ კი საოცარი ბუნება ატყვევებს მნახველს. ლეგენდის თანახმად გურიაში ვიკინგებს ჩვეულებისამებრ უმასპინძლეს გურულებმა, სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა, საოცარი სიმღერები ცამდე ისმოდა და ირგვლივ სულ ლამაზი ხალხი დადიოდაო. Aამიტომაც, ვიკინგები სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა და პირდაპირ დედამიწისეულ სამოთხეში ამოჰყვეს თავი.