ტელევიზიებს გადახვევა-დაპაუზების ტექნოლოგია "დაემუქრათ"
კმაყოფილი მომხმარებელი ტელერეკლამებს აღარ უყურებს?!
რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორი კვირით გადადო „მაგთის“ მიმართვის განხილვა, რომლითაც ის „სილქნეტისა“ და „კაუკაზუსის“ გადახვევისა და დაპაუზების სერვისის კანონიერების შესწავლას ითხოვს. სხვათა შორის, პირველად სწორედ "ეკოპალიტრაში" გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან გახდა ცნობილი, რომ სატელევიზიო ტრანზიტორები - "მე-7 არხი" და "მაგთი" ამ საკითხის შესწავლის მიზნით აპირებდნენ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვას, რადგან მიაჩნდათ, რომ „სილქნეტი" და „კაუკაზუსი" არღვევენ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონმდებლობას და არამართლზომიერად აწვდიან გადახვევა-დაპაუზების სერვისს, რაც მათ არაკონკურენტულ პირობებში აყენებს.
დღეს საქართველოს ბაზარზე ასზე მეტი სატელევიზიო ტრანზიტორი კომპანია მუშაობს და, დაახლოებით, 260 ათასი აბონენტი ჰყავთ. აქედან, დაახლოებით, 120 ათასი "სილქნეტის" წილად მოდის. ორი წლის წინ კი მას სულ 5 ათასი აბონენტი ჰყავდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, თვიდან თვემდე, "სილქნეტის" აბონენტების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს დიდწილად იმ დამატებითი ტექნოლოგიების - გადახვევა-დაპაუზების დამსახურებაა, რაც უპირატესობას აძლევს კონკურენტებთან შედარებით, რადგან იმავე ფასად მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შეთავაზება შეუძლია. სწრაფად იზრდებოდა ბოლო ორ წელიწადში "კაუკაზუს ონლაინის" აბონენტების რაოდენობაც და 1 ათასიდან უკვე 10 ათასს გადააჭარბა, რაც ასევე სატელევიზიო ტრანსლაციის გადახვევა-დაპაუზების სერვისის დამსახურებაა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი სატელევიზიო ტრანზიტორებთან დაკავშირებით, შეიზღუდება თუ გაძვირდება მომსახურება, რომელიც სასურველი სატელევიზიო გადაცემის ნებისმიერ დროს ყურების შესაძლებლობას იძლევა, 24 ივლისს გახდება ცნობილი, მანამდე კი მოდავე კომპანიებში შექმნილ ვითარებას ამგვარად აფასებენ.
"როგორც იცით, "სილქნეტს" აქვს სატელევიზიო სერვისი ინტერაქტიული ფუნქციით, რაც არხების გადახვევა-დაპაუზების შესაძლებლობას გულისხმობს. „მაგთი“ მიიჩნევს, რომ "სილქნეტი" არამართლზომიერად და უკანონოდ აწვდის ამ ფუნქციებს აბონენტებს. საქმე ის არის, რომ "სილქნეტი" და ანალოგური IP-მაუწყებლობის მიმწოდებელი კომპანიები ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული არიან და აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული დამატებითი მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს. ამის შესაძლებლობა "მაგთისა" და სხვა სატელიტურ მაუწყებლებს არ აქვთ. გარდა ამისა, "მაგთი" მიიჩნევს, რომ ამ მომსახურების მიწოდებით "სილქნეტი" არღვევს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონმდებლობას და ასევე აცხადებს, რომ არხებთან დადებული ხელშეკრულებებით, გადახვევა-დაპაუზების მომსახურების გაწევის უფლება არ გვაქვს.
კომპანია "სილქნეტი" აცხადებს, რომ ყველა იმ არხთან, რომელიც გადაიცემა "სილქ ტივის" მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებულია, ხოლო იმ არხებზე, რომლებზეც გადახვევა-დაპაუზების სერვისი ვრცელდება, ოფიციალური დოკუმენტაცია გვაქვს. "სილქ ტივის" მენიუში არის არხები, რომლებზეც კომპანიას არ აქვს მომხმარებლისთვის დამატებითი ფუნქციების მიწოდების უფლება, ამიტომ ამ არხებზე გადახვევა-დაპაუზება შეზღუდულია. საჭირო დოკუმენტაცია კომისიაში წარდგენილია და მიმდინარეობს განხილვა.
კომპანია "სილქნეტი" ერთ-ერთი პირველია, ვინც უარი თქვა არალეგალური პროდუქციის ტრანსლირებაზე.
როცა ტელევიზია დავნერგეთ, ყველა მაუწყებელთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და ამ არხებისთვის საკმაოდ დიდი თანხის გადახდა გვიწევს. ჩვენი მიზანია, არ გავიდეთ კანონის ჩარჩოებიდან.
დღეს საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული ტრანზიტის სტანდარტები და კომპანიები მოქმედებენ მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებების ფარგლებში", - განგვიმარტეს კომპანია "სილქნეტში".
ნინო სურგულაძე (კომპანია "მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): "საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს "მაგთიკომის" წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, თითქოს "მაგთიკომი" ცდილობს, "სილქნეტსა" და "კაუკაზუს ონლაინს" დაპაუზებისა და გადახვევის მომსახურების მიწოდება აუკრძალოს. ოპერატორებმა ეს სერვისები მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე უნდა მიაწოდონ. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, ამ კომპანიებმა ხელშეკრულებები შეუსაბამონ ტელეარხების მომწოდებლებს და დაპაუზებისა და გადახვევის უფლება ამ მომწოდებლებისგან ოფიციალურად მიიღონ. რამდენადაც ოპერატორებისთვის სამართლებრივად თანაბარი პირობების შექმნა მარეგულირებლის ამოცანაა, "მაგთიკომმა" კომისიას საკითხის შესასწავლად მიმართა. "მაგთიკომი", როგორც ნოვატორი კომპანია, ყოველგვარ სიახლეს მიესალმება, თუ ის სამართლებრივ ჩარჩოებში განხორციელდება. მოგეხსენებათ, დამატებითი მასალების შესწავლისთვის მარეგულირებელმა გადაწყვეტილების გამოცხადება 11 ივლისს ორი კვირით გადადო".
ტექნოლოგიური სიახლეები, რომელსაც "სილქნეტი" და "კაუკაზუსი" სთავაზობენ მომხმარებელს, მაყურებლისთვის მეტად კომფორტულია: მას შეუძლია, სატელევიზიო პროგრამები პირად დროს მოარგოს. თუმცა აქვე თავს იჩენს სხვა დეტალი - მაყურებელს შეუძლია, გადაახვიოს და შეამციროს ის საეთერო დრო, რომელიც სარეკლამო რგოლებს ეთმობა და რაშიც რეკლამის დამკვეთები სოლიდურ თანხას იხდიან. გამოდის, რეკლამა სამიზნე აუდიტორიამდე ვერ აღწევს ან მას მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა უყურებს. საბოლოოდ, რეკლამის დამკვეთი ზარალობს, რადგან სატელევიზიო რეკლამა ღირებულებას კარგავს...
ნინო გოგია ("სილქნეტის" აბონენტი): "ინტერესით ვადევნებ თვალს და მაინტერესებს, რას გადაწყვეტს მარეგულირებელი დაპაუზება-გადახვევის სისტემასთან დაკავშირებით. მაყურებლისთვის ამ ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან კომფორტულია, შემიძლია ჩემთვის სასურველ დროს ვუყურო იმას, რაც მაინტერესებს. სამსახური გვიან მიმთავრდება, შინ დაბრუნებული ტელევიზორს ვრთავ და დღის ამბებს ვისმენ. რა თქმა უნდა, დროს ვზოგავ და რეკლამებზე ყოველთვის გადახვევის რეჟიმს ვიყენებ. ჯერ ისედაც მოსაბეზრებელია ამდენი რეკლამა, რომელიც ზოგჯერ ლამის ფილმზე ან გადაცემაზე მეტხანს გრძელდება. გული დამწყდება, თუ გადახვევა-დაპაუზების რეჟიმი აიკრძალება ან შეიზღუდება. ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვინც ამის გამო შეიცვალა ე.წ. საკაბელო ოპერატორი და იმათთან გადავიდა, ვინც ამ ტექნოლოგიებს სთავაზობს".
მაკო ჯაოშვილი (სტრატეგიული საკომუნიკაციო და ღონისძიებათა კომპანია "სევენთის" დამფუძნებელი): "როგორც რიგითი მომხმარებლისთვის, გადახვევა-დაპაუზების ტექნოლოგია ჩემთვისაც საინტერესოა, რადგან აღარ ვარ დამოკიდებული კონკრეტულ დროზე. ეს ტექნოლოგია დიდ კომფორტს ქმნის, რა თქმა უნდა, ამ დროს ავტომატურად გამორიცხავ რეკლამებს, თუმცა თუ რეკლამა საინტერესოა და კრეატიულადაა მომზადებული, სხვისი არ ვიცი, მაგრამ ასეთ რეკლამებს ვუყურებ და მათ კონცეფციასა თუ კრეატიულობას ვაფასებ. არ ვფიქრობ, რომ რეკლამის დროს აუცილებლად უნდა გადავრთო. შესაბამისად, რაღაც სხვა მიდგომა უნდა არსებობდეს, უფრო ხარისხიანი რეკლამები უნდა შეიქმნას, გადახვევა-დაპაუზება იქნება თუ არა, შესაძლოა, მაინც არ უყუროს ადამიანმა რეკლამას და სანამ ეთერში სატელევიზიო რეკლამა გადის, სხვა რამე გააკეთოს, ან იმ დროს სხვა არხზე გადართოს და ა.შ. კომფორტი თავად ტექნოლოგიაა და თუ რეკლამის დამკვეთის ან შემქმნელისთვის ეს შემაფერხებელია, თავად უნდა დაფიქრდეს, რა გამოსავალი გამონახოს".
თორნიკე გურული (კომუნიკაციების სპეციალისტი): "ბოლო დროს მედიის მომხმარებლებმა ქცევები მკვეთრად შეიცვალეს. ძალიან ბევრი უკვე შერჩევით უყურებს არა მხოლოდ სატელევიზიო არხებს, არამედ კონკრეტულ გადაცემებს, ეცნობა იმ ინფორმაციას, რომელიც აინტერესებს და ამაში ეხმარება როგორც ინტერნეტი, ასევე ტელევიზია. როცა მაყურებელს კონკრეტული გადაცემის ნახვა შეუძლია, ისინი უკვე ახვევენ იმ მოსაბეზრებელ რეკლამებს, რომლებიც ტელევიზიით ყოველ წუთს გადის. ბუნებრივია, ასეთ ფონზე სარეკლამო კომპანიებმა დაიწყეს ფიქრი, რა შეუძლიათ დაუპირისპირონ ამას და თავის მომხმარებლამდე მიიტანონ ის მესიჯები, რისი თქმაც სურთ სამიზნე ჯგუფებისთვის. შესაბამისად, ტელევიზიით სარეკლამო რგოლების გადახვევის ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება და კომუნიკაციების სპეციალისტები ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი რეკლამა ინტერნეტში გადაინაცვლებს. შეინიშნება მეორე ტენდენციაც - თუ დააკვირდებით ტელეგადაცემებს, ხდება ცალკეული რეკლამის ინტეგრირება. მაგალითად, უყურებთ ცნობილ სერიალს და მისი გმირები კონკრეტულ პროდუქტებს მოიხმარენ და კონკრეტულ მომსახურებას იღებენ. ეს იქნება მომავლის ტრენდი - კონკრეტული პროდუქტების ინტეგრირება გადაცემაში, სერიალში და სხვ.
გადახვევა-დაპაუზება მომავლის ტექნოლოგიაა და შეუძლებელია, მას რაღაცით შეეწინააღმდეგო, ადრე თუ გვიან ის მასობრივად დამკვიდრდება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რგებს ან ვნებს ის რომელიმე ბიზნესს. ამას წინ ვერავინ აღუდგება, ისევე როგორც ინტერნეტს ან მობილურ ტელეფონს ვერ აღუდგნენ. იმ კომპანიებმა, ვისთვისაც ეს არსებითია, სხვა, ახალ მეთოდებს უნდა მიმართონ, სარეკლამო არეალი ონლაინსივრცეში გადაიტანონ და ალტერნატიული სარეკლამო საშუალებები მოძებნონ".