ქართული მაფიის "ბელა ჩაო" იტალიაში (ექსკლუზიური ვერსია)
"ქვეყანაში გამოჩნდა ახალი - ქართული მაფია, რომელთანაც ჩვენი, იტალიური, ერთობ უსუსურადაც შეიძლება გამოჩნდესო..."
"ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა სარფიან საქმიანობად აქცია პოლიტიკური კორუფცია, გამოძალვა, ნარკოტრაფიკი და იარაღის უკანონო ვაჭრობა. იტალია გემრიელი ლუკმაა ქართველი ბოსებისთვის, სადაც ისინი ფულს ათეთრებენ - დებენ ინვესტიციებს ადრიატიკის სანაპიროზე რიმინიდან რიჩინესამდე... ყიდულობენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებათ - სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს, ფეშენებელურ ვილებს... ახლა მაფიას ჩვენში ქართული სახე აქვს".
გაზეთი "ილ ფატლო ქუოთიიდიონო"
"რუსეთში მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ, აქ, იტალიაში, ბევრად კარგად ვგრძნობთ თავს... აბა, სხვაგან სად შეხვდებით ქუჩაში ერთად მოსეირნე ამდენ კანონიერ ქურდს?"
მერაბ ჯანგველაძე-"სოხუმსკი"
19 ივლისს იტალიის დედაქალაქში მასშტაბური ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის დროს კარაბინერებმა დააკავეს მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც რომში ბინებს ძარცვავდა და შემდეგ ნაქურდალ ნივთებს ყიდდა. როგორც იტალიელი სამართალდამცავები ამბობენ, საქმე აქვთ ფილიგრანულად მომუშავე დამნაშავეებთან. მძარცველები ისეთი ხელსაწყოთი აღებდნენ კარს, რომელიც საკეტს არ აზიანებდა და ამიტომაც ერთი შეხედვით ბინებს ძარცვის კვალი არ ეტყობოდა...
დაკავებული 37 პირიდან ყველა საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, "დომუნშიკებისთვის" (ასე ეძახიან ბინის მძარცველებს) საჭირო ხელსაწყოები საქართველოში კუსტარულად მზადდებოდა და იტალიაში იგზავნებოდა. იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს კიდეც...
დაკავებულებს 2 მლნ ევროს ღირებულების ნაძარცვი საქონელი აღმოაჩნდათ, დანაშაულებრივ დაჯგუფებას, ბინების ძარცვის გარდა, ბრალი ედება ყალბი საბუთების დამზადებასა და იარაღის უკანონო ტარებაში.
იIტალია ქართველ კრიმინალთა თავშესაფრად იქცა რამდენიმე წლის წინ, როცა ესპანეთში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ხმაურიანი სპეცოპერაციები ჩაატარეს, კრიმინალური ბოსები დააკავეს და, როგორც თავად აცხადებდნენ, რუსულ (ქართულ) მაფიას საყრდენი გამოაცალეს. გარდა ამისა, თურქეთისა და საბერძნეთის შემდეგ სწორედ იტალიას ირჩევენ ხოლმე საზღვარგარეთ სამუშაოს მსურველები, ამიტომ დღესდღეობით იტალიაში ათასობით ქართველს შეხვდებით. ქვეყანაში (არა მარტო იტალიაში) სამუშაოს ძირითადად ქალები შოულობენ, ქართველი მამაკაცების უმეტესობა კი ქურდობს ან სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაშია ჩართული...
ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ ქართველების მიერ ბინების და მაღაზიების ძარცვა, მანქანების გატაცება ქაოსური ხასიათისა იყო. "ბიზნესის" სწორად წარსამართავად იტალიას კრიმინალურმა ავტორიტეტებმაც მიაშურეს და ცოტა ხანში "თავიანმა" ქართველებმა ორგანიზებული დაჯგუფებების შექმნა დაიწყეს...
2010 წლის 10 ნოემბერს იტალიის საპორტო ქალაქ პესკარაში, სამართალდამცავებმა, რომლებიც გეგმურ რეიდს ატარებდნენ, შესამოწმებლად ძვირად ღირებული "მერსედესი" გააჩერეს, რომელშიც სამი მგზავრი იჯდა... როდესაც კარაბინერებმა მათ საბუთები მოსთხოვეს, მძღოლმა მანქანა დაძრა, დიდი სიჩქარით ტრასის მეორე მხარეს გადავიდა და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. დევნა ქალაქის ქუჩებში ერთ საათს გაგრძელდა. გაქცეულებმა დააზიანეს რამდენიმე მანქანა და ბოლოს მაღაზიაშIი შეცვივდნენ.
დამნაშავეები დააკავეს და როგორც აღმოჩნდა, მანქანაში ბინების მძარცველთა ცნობილი ჯგუფი იჯდა: კანონიერი ქურდი ბესიკ კუპრაშვილი,” მისი მარჯვენა ხელი ბესიკ ლიქოკელი და ერთიც ბულგარეთის მოქალაქე.
ამ ჯგუფის ხელში ჩაგდებას იტალიელი სამართალდამცავები 11 თვე ამაოდ ცდილობდნენ.
სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაინტერესდნენ ძალოვანი სტრუქტურები ქართული კრიმინალით, თუმცა მაშინ ადგილობრივი პოლიცია ჯერ კიდევ არ ფიქრობდა, რომ საქმე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელთან ჰქონდა.
2011 წლის ოქტომბერში პოლიციამ რომის გარეუბან ჩენტო ჩელეში დააკავა ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი 6 ქართველი.
2012 წლის 4 მაისს კარაბინერებმა საქართველოს 33 მოქალაქე დააკავეს. ბინის მძარცველთა დანაშაულებრივი ჯგუფის ასაყვანად სამართალდამცავები 4 თვე ემზადებოდნენ. ამოღებული იყო 5 კგ ოქროს ნაკეთობანი (მილიონ ევროზე მეტი ღირებულების), აგრეთვე 150.000 ევრო.
გამოძიებისას გაირკვა, რომ ნაქურდალი ნივთების რეალიზებას ეწეოდა საგანგებოდ შექმნილი ქართულ-იტალიური ჯგუფი, რომელთანაც ნაქურდალი ნივთები მთელი იტალიიდან იყრიდა თავს.
ცოტა ხანში პოლიციამ დააკავა ამ დაჯგუფების წევრი 5 იტალიელი, რომლებიც ნივთებს სარფიანად ყიდდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ქართული მხრიდან კი ნაქურდლის რეალიზაციას ძირითადად ქალები ეწეოდნენ.
როგორც იტალიელი ექსპერტები აცხადებდნენ, - ქვეყანაში გამოჩნდა“ახალი - ქართული მაფია, რომელთანაც ჩვენი, იტალიური, ერთობ უსუსურადაც შეიძლება გამოჩნდესო.
2012 წლიდან იტალიაში სამუშაოდ გამგზავრების მსურველთა რიცხვი გაორმაგდა... საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა იქ არალეგალურად ჩადის, ჩვენი თანამემამულენი იძულებულნი არიან, უკანასკნელი გროშები გაიღონ საბუთების გასაკეთებლად, რომლებიც, როგორც წესი, ყალბია...
ქართული მაფიის შემოსავლის მორიგ წყაროს სწორედ ყალბი საბუთების დამზადება წარმოადგენს, რომლითაც კრიმინალური სამყარო წელიწადში რამდენიმე მილიონს შოულობს...
იIტალიელ სამართალდამცავებს ყალბი საბუთები მაშინ ჩაუვარდათ ხელში, როდესაც 2012 წლის 2 ივნისს ფლორენციაში 8 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, მათგან სამი ქალი. დაკავებულებმა სავაჭრო ცენტრში ტანსაცმლის მაღაზიებიდან 800 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. 5 მათგანს ყალბი საბუთები აღმოაჩნდა... ერთი კვირის შემდეგ საემიგრაციო სამსახურმა მათ იტალია დაატოვებინა.
ქართული კრიმინალური სამყაროს საშუალო რგოლის შტაბბინა ქალაქ ბარიშია. Kკანონიერი ქურდები კი ძირითადად რომს და მილანს ამჯობინებენ.
ბოლო დრომდე რომში მუდმივად იმყოფებოდა ქართველი კანონიერი ქურდი გია გურჩიანი, რომელიც, თუ საქმეში ჩახედულთ დავუჯერებთ, იტალიურ "ობშჩიაკზე" იყო პასუხისმგებელი....
სწორედ ქალაქ ბარიში მომხდარი ერთი შემთხვევა შეიძლება გახდეს ფატალური ქურდული სამყაროსთვის არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
2012 წელს ბარის ცენტრალურ მოროს მოედანზე მკვლელობა მოხდა. 51 წლის ყოფილ პოლიციელ რევაზ ჭურაძეს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის საკუთარი ოფისის - "გეოტრანზიტის" (ამანათების გადამზიდი ფირმა) წინ იდგა. როგორც გაირკვა, ჭურაძემ მკვლელი შენიშნა და გაქცევა სცადა, თუმცა ამაოდ, თავდამსხმელმა ის ჯერ ორი ტყვიით ფეხში დაჭრა, მესამე, საკონტროლო კი, წაქცეულს თავში ესროლა... მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობას ორი ათეული თვითმხილველი ჰყავდა და მათი უმეტესობა ქართველი და თვით დანაშაული პოლიციის შენობიდან დაახლოებით 10 მეტრში მოხდა, მკვლელი ვერავინ შენიშნა(?!). რევაზ ჭურაძე კანონიერი ქურდის, თეიმურაზ (ალეკო) ჭურაძის მამაა, რომელიც იმ დროისთვის თბილისში იხდიდა სასჯელს.…
გამოძიების ვერსიით, მკვლელობა ბიზნესს უკავშირდება; გარდა ამისა, სავარაუდოდ, ჭურაძეები ბარიში მომუშავე ქართველების რეკეტს ეწეოდნენ და ხალხს აიძულებდნენ, "წილი" უმბერტოს სკვერში მოეტანათ.
მეორე ვერსიით, მომხდარი - შურისძიება უნდა ყოფილიყო.
2013 წლის 11 ივლისს კარაბინერებმა კიდევ ერთი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ისინი ბინის ძარცვისას შეიპყრეს - პოლიციას სახლში 10 ქართველი და ერთი უკრაინელი მძარცველი დახვდა.
მათი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებული იქნა 150.000 ევროს ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები.
2013 წლის ზაფხულში იტალიელმა სამართალდამცავებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ კრიმინალური სამყაროს მეფის, "დედ ჰასანის" (ჰასან უსოიანის) მკვლელობა გახსნეს(?!) და რუს კოლეგებს დახმარება შესთავაზეს...
იტალიელები უსოიანის მკვლელობის დამკვეთად მერაბ ჯანგველაძეს ასახელებენ. ამ განცხადებას ქურდულ სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან "დედ ჰასანის" მკვლელად აზერბაიჯანელი ქურდი ჯავშან ლენკორანსკი აღიარეს და სტამბოლში ჩაცხრილეს კიდეც (დღემდე არ არის ცნობილი, ცოცხალია თუ არა). იტალიელი სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ მერაბ ჯანგველაძისა და ტარიელ ონიანის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ უსოიანის მკვლელობა სწორედ ქართველი ბოსების კისერზეა.
საქმე ისაა, რომ რევაზ ჭურაძის მკვლელობაშიც იტალიის პოლიციამ მერაბ ჯანგველაძის - "სოხუმსკის" კვალს მიაკვლია, გავრცელებული ვერსიით, ჭურაძეების ფირმა სერიოზულ კონკურენციას უწევდა ჯანგველაძის ფირმებს, რის გამოც "სოხუმსკიმ" აბეზარი კონკურენტის მოშორება გადაწყვიტა.
პოლიციამ ჯანგველაძის იტალიაში ყოფნის დროს მისი სატელეფონო საუბრების მოსმენა დაიწყო. მერაბ ჯანგველაძე რომში ქურდულ შეკრებას შეკრებაზე აწყობდა და ამისთვის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროების დარბაზებს ქირაობდა (როგორც იტალიელი სპეცსამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ამ“შეკრებების”ჩანაწერებიც აქვთ). ერთ ასეთ შეხვედრაზე, რომელიც 2012 წლის სექტემბერში შედგა, პირდაპირი ჩართვა ტელეფონით პატიმარ ტარიელ ონიანსაც ჰქონდა. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გადაწყდა "დედ ჰასანის" ბედიც. ის 2013 წლის 23 იანვარს მოკლეს.
მომძლავრებული ქართული მაფიის წინააღმდეგ (ევროპაში მას უკვე "ქართულად" იცნობენ) "ევროპოლმა" 18-თვიანი მომზადების შემდეგ, 27 ივნისს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაატარა და 13 ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი დააკავა (ამით დიდი სამსახური გაუწია უსოიანის თბილისურ-რუსთავულ კლანს, რომელიც ონიანის "ქუთაისელებს"”ვერ ჯაბნიდა). იტალიაში კარაბინერების ხელში 7 კანონიერი ქურდი აღმოჩნდა, მათ შორის 54 წლის გურამ ოდიშარია (ბუია), როინ უგულავა (მათევიჩი), ალეკო იმედაძე, აკაკი ტუღუში (ენცო ბატუმსკი), გია გურჩიანი, ბესო კუპრაშვილი. თავად მერაბ ჯანგველაძე უნგრეთში დააკავეს, გივი გორდელაძე (გივი ტოლსტი) და თემო ნემსიწვერიძე (წრიპა) - ლიტვაში, ალეკო ქარცივაძე - პრაღაში...
მერაბ ჯანგველაძეს რევაზ ჭურაძის მკვლელობის გამო ბრალს იტალიაში წაუყენებენ...
იტალიელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კანონიერი ქურდების დაკავებით ქართულ მაფიას ხერხემალი გადაუმსხვრიეს, თუმცა ჩვენებურები სხვანაირად ფიქრობენ. 1-ელ ივლისს რომის ერთ-ერთ გარეუბანში კარაბინერების ოფისს გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ქართულად მიაწერა: "მაფია უკვდავია".
P.S. რამდენიმე დღის წინ ფლორენციაში საქართველოს 2 მოქალაქე კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. ისტორიული უბნის ცენტრში, ერთ-ერთ ბინაში, ქართველმა ქალბატონმა მოკლული 33 წლის ქართველი ახალგაზრდა ნახა. მეორე პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მოკლულის ბიძაა, მძიმედ იყო დაჭრილი. მკვლელები რამდენიმე კაცმა დაინახა. "დავინახე, როგორ გარბოდა სისხლით მოსვრილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი დაჭრილი იყო და სისხლის შეჩერებას მაისურით ცდილობდა. მეორეს სიჩქარეში ფეხსაცმელი გაძვრა", - ამბობს იქვე მდებარე მაღაზიის თანამშრომელი. მკვლელები სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.
მოკლულს აღმოაჩნდა 11 ყალბი პირადობის მოწმობა.