შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა
"ალდაგის" ორიგინალი, რომელიც ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას, ამ საცავებში იქნებოდა გადანახული"
"მამაჩემი მოკლეს მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით"
"გუნავა მეგის ქარდავასა და სხვებთან ერთად ორგანიზებას უწევდა მამაჩემის მკვლელობას"
ჯერჯერობით ახალი მოწმე ვინაობის გამხელას ერიდება, ამიტომ "კვირის პალიტრას" საქმის ახალი გარემოებების შესახებ გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ესაუბრა:
- ახალი მოწმე ყოფილი პოლიციელია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა და სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა მეგის ქარდავასთან, კოხტა კოდუასა და თენგიზ გუნავასთან. მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მეგის ქარდავამ პოლიციელს, რომელიც დღეს მთავარი მოწმეა, თბილისში მკვლელობის ორგანიზება დაავალა, სამეგრელოდან ორი სპეცრაზმელი უნდა ჩამოეყვანა. დედაქალაქში მათ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე ""მასტერა"" მითითებებს მისცემდა. მკვლელობის იარაღი მოწმეს პირადად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე კოხტა კოდუამ გადასცა. მოწმემ დაარწმუნა დამკვეთები, რომ დავალებას შეასრულებდა, თუმცა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მკვლელობა აერიდებინა თავიდან.
- არ იფიქრა იმაზე, რომ თუ არ შეასრულებდა, შეიძლება თავი დაეკარგა?
- მეც მიკვირს, როგორ გადაურჩა ამ ჯალათებს. როგორც თავად ამბობს, ამის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყეს და სხვა დავალებებიც მისცეს. იმისთვის, რომ ასეთი დავალებებიც არ შეასრულა, თენგიზ გუნავამ, რომელიც იმ დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი იყო, სასიკვდილოდ სცემა. გუნავა მეგის ქარდავასა და სხვებთან ერთად ორგანიზებას უწევდა მამაჩემის მკვლელობას.
- დღეს თუ არიან სამეგრელოს პოლიციაში ის პირები, რომლებიც შარაძის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ?
- დღეს არაერთი მუშაობს სამეგრელოს პოლიციაში მაღალ თანამდებობებზე. ჯერ არ მინდა მათი გვარების დასახელება, იქნებ თავად თქვან, რაც იციან. თუ არ იტყვიან, მე დავასახელებ. ვინ მონაწილეობდა მამაჩემის მკვლელობის დაგეგმვაში, იცის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმაც.
- რა იყო მკვლელობის საფუძველი?
- მამაჩემი მოკლეს მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით. ციხეში ოქრუაშვილის მძღოლს გოჩა ჩიხლაძეს დათა ახალაია გამოუტყდა, მე ის კაცი ვარ, რომელმაც პირადად დაგეგმა და შეასრულა გურამ შარაძის მკვლელობაო.
- ნუთუ სააკაშვილისთვის ასე საშიში იყო გურამ შარაძე?
- სააკაშვილს უამრავი მიზეზი ჰქონდა შარაძის მკვლელობისთვის. ეს არის თურქი მესხების ჩამოსახლების საკითხი, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა მამა; ლევილის მამულების გასხვისების თემა, რომელსაც გეგმავდა ხელისუფლება, ასევე პირადი ზიზღი.
- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შარაძეს რუსულ სპეცსამსახურებთან ჰქონდა ურთიერთობა.
- თუ ვინმეს ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან საქმე, ეს სააკაშვილი იყო. ავრცელებდნენ ჭორს, თითქოს მე შვეიცარიაში ფსიქიატრიულში ვიწექი. იმასაც ამბობდნენ, რომ გურამ და გიორგი შარაძეები ბარათელის თირკმლის ამოჭრას აპირებდნენ შვეიცარიაში გასაყიდადო. დაუჯერებელი ამბები მესმოდა ჩემს ოჯახზე.
- ხშირად იხსენიებთ "ალდაგის" ფირს. რა არის იმ ფირზე თქვენთვის საინტერესო?
- "ალდაგის" ფირის ორიგინალი სადმე აუცილებლად იქნება, ჩვენ ხელთ გვაქვს გაფუჭებული ფირი. თუმცა ეს საკმარისია იმის დასადგენად, რომ მკვლელი ბარათელი არ იყო. ისინი ორნი იყვნენ და ბევრად მაღლები ბარათელზე. რა მასალაც აღმოაჩინა შს სამინისტრომ სამეგრელოში თუ სამინისტროს საცავში, არ უნდა განადგურდეს. "ალდაგის" ორიგინალიც, რომელიც ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას, ამ საცავებში იქნებოდა გადანახული.
მამუკა ნოზაძე, გიორგი ბარათელის ადვოკატი: - კარგია, რომ მოწმე გამოჩნდა, თუმცა მე ბევრ საკითხზე არგუმენტირებული პასუხი ვერ მივიღე. ხომ არ უნდა ვინმეს, დააბნიოს გამოძიება? რასაც მოწმე ამბობს, დამაჯერებელია, მაგრამ რატომ მალავს სხვა მოწმეთა ვინაობას?
- როგორია პროკურატურის რეაქცია?
- პროკურატურა არ აქტიურობს ამ საქმის გახსნაზე. მოწმე ამბობს, რომ რამდენჯერმე მივიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში და ითხოვა საქმეზე დაკითხვა. მას მანამდე არ მიაქციეს ყურადღება, სანამ ოჯახმა თანამდებობის პირები არ შეაწუხა დედაქალაქში. ნუთუ ისევ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე?
უტა ბიწაძე