ნანუკას შოუ - პოსტმოდერნისტული მონსტრის დასასრული? - კვირის პალიტრა

ნანუკას შოუ - პოსტმოდერნისტული მონსტრის დასასრული?

The show must go on*

ნანუკას ბოლო შოუ მეგობრების დაჟინებული რჩევით ვნახე. შოუში წარმოდგენილი ვირტუალური რეალობა მკვეთრ კონტრასტს უქმნის სინამდვილეს და მისი ყურებისას ერთბაშად მახსენდებოდა ყველაფერი, რაც ჩვენს თავს დატრიალდა ბოლო წლების განმავლობაში. თითქმის ყველა ეპიზოდი მახსენებდა სააკაშვილის და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებს. ვფიქრობ ჩემი წინა ბლოგ-წერილის ,,ამაზრზენი ნეოკომები და მათი კორპორაციული ზნეობა""-ს მკითხველები დამეთანხმებიან, რომ შოუ იმ ტექსტის ვიდეოილუსტრაციად გამოდგება.

ნანუკას გრანდიოზული შოუს დეტალურ ანალიზს არ შევუდგები. განვიხილავ მის რამდენიმე, ჩემი აზრით მნიშვნელოვან, ასპექტს.

სააკაშვილის კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამად მისი მთავარი მიზანი (მთავარი და არა ერთადერთი) იყო დაერწმუნებინა ყველა, რომ მას არაფერი აქვს საერთო სადისტურ წამებასთან და სექსუალურ ძალადობასთან, რომლის ამსახველი უხვი ვიდეომასალა მოიპოვა ახალმა მთავრობამ და მცირე ნაწილი გააცნო კიდევაც ჩვენს საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის მისაღწევად სწორი მიდგომა შეირჩა: შოუში სააკაშვილი ნანუკა-სტატისტის დახმარებით ცდილობს დააჯეროს მაყურებელი, რომ ის ყოველთვის იყო და, ცხრანახევარი წლის პრეზიდენტობის შემდეგაც, ისევ დარჩა ,,ერთერთ ჩვენგანად"". ის არ გადაგვარდა, არ გახდა ,,ბაბუ"", ,,ხაზეინი"", ,,პატრონი"" და ა.შ.; არ გახდა ასეთი მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ის აღნიშნავს შოუში, ჩვენი საზოგადოების ნაწილის შინაგანი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ასეთი ,,ბაბუ"" ჰყავდეს, რომელიც შიშსაც მოჰგვრის და ამით სიყვარულსაც შეიქმნის. ,,როცა ასეთი არ ხარ, თანაც ექსპრესიული ხარ, საზოგადოების ნაწილი არ გღებულობს, როგორც ხელისუფლების პირველ პირს"", უხსნის მიშა ნანუკას გადაკეტილ ქუჩებზე ველოსიპედით სეირნობის დროს. ფორმალურად შოუს თითქმის ყველა კადრი ხსენებულ მიზანს ემსახურება (სწორედ ამიტომ ეთმობა ამდენი დრო ქუჩებში ფეხით სიარულს და გამვლელებთან ერთად ფოტოების გადაღებას): სააკაშვილი ცდილობს წარმოჩნდეს, როგორც ,,ეთერთი ჩვენგანი"", რომელიც იმით თუ გამოირჩეოდა, რომ სხვებზე მეტად აწუხებდა ერისა და სახელმწიფოს გასაჭირი, თავგანწირულად იბრძოდა ერის კეთილდღეობისა და სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის; სწორედ ამისათვის ბევრი ისწავლა და პრესტიჟული უცხოური დიპლომები მოიპოვა; სწორედ ამიტომ მოექცა ვარდების დემოკრატიული რევოლუციის სათავეში, ორჯერ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი დემოკრატიული არჩევნების შედეგად; შეასრულა ისტორიული როლი საქართველოს მოდერნიზაციაში, თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში; სწორი გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთებაში და შესაბამისი საგარეო კურსის გატარებაში; თანამებრძოლებთან ერთად გმირულად დაიცვა ქვეყანა რუსეთის აგრესიისაგან; პირად ტრაგედიად აღიქვამს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დროებით ოკუპაციას (რაც მისი ბრალი არ არის, ვინაიდან რუსეთს შეუდარებლად დიდი სამხედრო ძალა აქვს); უფრო მეტიც - თავგანწირული, გმირული მოქმედებით მან შეუძლებელი შეძლო - გადაარჩინა სრულიად საქართველო ოკუპაციას და განადგურებას; ისევ იმ გზაზე დააყენა ერი, რომელიც საქართველოს გამთლიანებამდე მიგვიყვანს; 2008 წლის შემდეგ პირადად ჩაუდგა სათავეში ქვეყნის აღმშენებლობას, ამჟამად უკვე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; უდიდეს წარმატებას მიაღწია ამ სარბიელზე და ა.შ.

ყველა ამ სიკეთესთან ერთად ,,ერთერთმა ექსპრესიულმა ჩვენგანმა"" არ უღალატა ვარდების რევოლუციის იდეალებს და იდეებს (მისივე გუნდის ზოგიერთი წევრისაგან განსხვავებით). ცხადია მან არც იცოდა, რომ ზოგიერთები ,,გადაგვარდნენ და გამხეცდნენ""; ახლაც ამ იდეალებით და იდეებით სულდგმულობს და ასე იცხოვრებს ბოლომდე, სანამ ,,ერთერთი ჩვენგანივით"" არ დაიმარხება ქართულ მიწაში.

ერთი სიტყვით, საქართველოში არსებული რეალური ვითარების მცოდნე მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილმა ზუსტად იცის თავისი ყველა ნამდვილი თვისება, აცნობიერებს თავის ყოველ ჩადენილ დანაშაულს, უმძიმესსაც და შედარებით მსუბუქსაც და ცდილობს შექმნას რეალობის საპირისპირო, ფანტასტიკური სურათი. ცდილობს, მაგრამ საპირისპირო შედეგს აღწევს. შოუში სიმართლე დამაჯერებლად იმარჯვებს ტყუილზე. საკუთარი ზრახვების საპირისპიროდ, სააკაშვილი კარგი გიდივით თვითონ მიუძღვება მაყურებელს თავისი დანაშაულების ამსახველ კუნსტკამერაში (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და აღტაცებით ყვება ამ დანაშაულების ამბავს. (ამ მხვრივ შოუ სასარგებლო დოკუმენტია სააკაშვილის დანაშაულებების გამომძიებლებისათვის).

შოუ ,,კალიგულას სასახლეში"" იწყება. ასე დაარქვეს უცხოელმა დიპლომატებმა სააკაშვილის რეზიდენციას მისი გახსნის დღიდან. რუსული ამპირისა და გერმანული რაიჰსტაგის უნიჭო ნაზავი სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფია. მშენებლობის პროცესში სააკაშვილი ხშირად ცვლიდა თავის პირვანედელ გეგმებს; მშენებლებს უკვე აშენებულის დანგრევა და ახალი ახირების შესაბამისი მშენებლობის დაწყება უხდებოდათ, რაც ძალზე აძვირებდა მშენებლობას. საბოლოო ჯამში ,,კალიგულას სასახლის"" აშენებაზე ვეებერთელა თნხები დაიხარჯა. ფული ძირითადად საიდუმლო გრაფებით არის გადარიცხული და იმედია ჩვენი მოქალაქეები მალე გაიგებენ ნამდვილ ციფრებს.

ვფიქრობ ყოველ კომენტარზე უფრო ძლიერი იქნება საქართველოს ტელევიზიით ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტების რეზიდენციების ჩვენება. ბალტიისპირეთის ეს პოსტსაბჭოური ქვეყნები ნატოს და ევროგაერთიანების სრულყოფილი წევრები არიან და მოსახლეობის ცხოვრების დონე იქ გაცილებით მაღალია ჩვენს დონესთან შედარებით. მაგრამ მათ ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ცვლიან ერთმანეთს, კოშმარულ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდათ ,,კალიგულას სასახლის"" მსგავსი შენობის აგება. მთავარი კი ის არის, რომ რომელიმე მათგანი რომც გაგიჟებულიყო და ,,გამხეცებულიყო"", მაინც ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, მცდელობა კი თანამდებობის დაკარგვად დაუჯდებოდა. ,,კალიგულას სასახლე"" სააკაშვილის ბრძანებით აშენებულ სხვა მრავალ ნაგებობასთან ერთად ავტორიტარული კლეპტოკრატიის, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარული რეჟიმის თვალსაჩინოებად დარჩება. ,,სხვა რომ არაფერი, თქვენი პრეზიდენტის რეზიდენცია, შუშის ხიდი, და სატელევიზიო ანძის განათება საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ თქვენთან უპასუხისმგებლო ავტოტიტარიზმი სუფევს. მინიმალურად დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი რამ ყოვლად შეუძლებელია"", მითხრეს სამიოდე წლის წინათ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა. შოუში ,,კალიგულას სასახლის"" ტერიტორიიდან სააკაშვილი გადაჰყურებს თბილის-ქალაქს და იხსენებს, რომ ძველი თბილისი ,,ბიდონვილი"" იყო და ქაბულს ჰგავდა, ვიდრე ,,მიხეილ აღმაშენებლის"" ხელი არ შეეხო მას. სააკაშვილის მიერ ძველი თბილისის განადგურებაზე ბევრი დაიწერა, მათ შორის დასავლური პრესის პრესტიჟულ გამოცემებში. ,,ბიდონვილებს"", ანუ ბიდონებისაგან აშენებულ ქალაქებს, სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობის მიერ დიდი ქალაქების გარეუბნებში აშენებულ საცოდავ დასახლებებს უწოდებენ. ძველ თბილისს კი უცხოელები საოცარი ქარიზმის მქონე ქალაქს ეძახდნენ და ბევრი მათგანი წუხდა და დღესაც წუხს სააკაშვილის მიერ მისი განადგურებისა და შუშისა და ბეტონის უგემოვნო კონსტრუქციების ჩადგმის გამო. იმაზეც წუხდენენ, რომ ნგრევასა და ახალ მშენებლობაზე დახარჯული თანხებით შესაძლებელი იყო ძველი ქალაქის რესტავრაცია და კეთილმოწყობა, რაც ნამდვილად საჭირო იყო. ,,გავერთიანდეთ ყველა, ვისაც თბილისი გვიყვარს და ვეცადოთ გადავარჩინოთ ყველაფერი ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია"", მითხრა შარშან ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირევებლად ჩამოსულმა ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში სტივენ ნეშმა. ,,ამას კი აწი არაფერი ეშველება"", დასძინა მან და ხელი გაიშვირა სააკაშვილისათვის საამაყო ნაგებობებისაკენ.

შოუს დიდი ნაწილი სააკაშვილის მიერ განადგურებულ ბათუმშია გადაღებული. ,,რატომ სპობთ უნიკალური ხიბლის მქონე ძველ ქალაქს და რატომ აშენებთ ძველი სახლების ადგილას იმ ყველაზე უგემოვნო და იაფფასიანი შენობების ასლებს, რაც კი მოიპოვება შავი ზღვის სანაპიროზე?"" გულისტკივილით მეკითხებოდნენ ხოლმე უცხოელი დიპლომატები.

,,აი ამაზეც იტყვიან, რომ სააკაშვილის კიდევ ერთი სიგიჟეა"", სარკასტული გამომეტყველებით და ინტონაციებით ეუბნება ,,გარეკილ პირველი"" ნანუკას, ბათუმში თავისი სნებიანი ფანტაზიის ყოველ ქმნილებასთან მისვლის დროს და იქვე უხსნის, რატომ არის ეს კონსტრუქციები შესანიშნავი, როგორ ,,მოიპარა"" ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, როგორ გააკეთებინა, ხშირ შემთხვევაში, საზღვარგარეთ არსებული ნაგებობების ზუსტი ასლი (!), როგორ მოუყარა თავი ერთ ნაგებობაში სხვადასხვა ცნობილი ნაგებობიდან მოპარულ ელემენტებს (!) და როგორ უნდა მოეტანა ამ ,,ძალიან მაგარ"" არქიტექტურას მილიონები საქართველოსათვის. სატირალი რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი და ვინ იცის, საქართველოს რამდენი არაკეთილმოსურნე გულიანად იხარხარებს ამ შოუს ყურებისას.

არასოდეს შემიფასებია ,,სააკაშვილის არქიტექტურის"" ესთეთიკური მხარე. ეს სპეციალისტების საქმეა და ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა ბევრი თქვეს და დაწერეს ამაზე. სწორედ მათ შეფასებებს ვციტირებ ჩემს წერილებში. ჩვენს საზოგადოებაში ძირითადად იმაზე მსჯელობდნენ, უხდებოდა თუ არა ქალაქს ესა თუ ის ნაგებობა, ლამაზი იყო ის თუ მახინჯი და ა.შ. მე კი თავიდანვე უფრო მნიშვნელოვან პრობლემაზე ვამახვილებდი ყურადღებას: სააკაშვილის ყველა მშენებლობა კანონის უხეში დარღვევით, ანუ დანაშაულებრივად არის განხორციელებული. სააკაშვილი ერთპიროვნულად წყვეტდა სად რა შენობა უნდა დანგრეულიყო და მის ნაცვლად რა უნდა აგებულიყო. ის პირადად აწვდიდა ფავორიტ არქიტექტორებს თავის იდეებს, პირადად ამტკიცებდა საბოლოო პროექტებს, თან მრავალი შესწორება შეჰქონდა. ხშირად კი უკვე მშენებლობის პროცესში ერეოდა და კაპრიზულად ცვლიდა თავის ადრინდელ მითითებებს. ასევე ერთპიროვნულად წყვეტდა თანხების გამოყოფას ბიუჯეტიდან და სხვადასხვა წყაროებიდან. ყოველი ასეთი მოქმედება დიდი დანაშაულია! საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს მსგავსი საკითხები! სააკაშვილი ახორციელებდა ე.წ. ინტერვენციონიზმს. მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯზე ისეთი პროექტების განხორციელება დაიწყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში რენტაბელურია მხოლოდ მაშინ, როცა მათ კერძო სექტორი ასრულებს საკუთარი ნებით. (გავიხსენოთ - შოუს განმავლობაში სააკაშვილი რამდენჯერმე სინანულით იხსენებს ლაზიკის პროექტს, რომელსაც სი-ენ-ენ-ის ჟურნალისტმა ,,ოპიუმის მწეველის სიზმარი"" უწოდა). ინტერვენციონიზმი კი, ისევე როგორც მონოპოლია და დირიჟიზმი, ანგრევს საბაზრო ეკონიმიკას და ელიტარულ კორუფციას აჩენს. ბოლო გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ელიტარული კორუფციის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია სომალის, კონგოს, სუდანისა და ნიგერიის გვერდით. ნანუკას შოუ მსოფლიო ელიტარული კორუფციის ერთერთი სიმბოლოს ბენეფისი იყო!

სპეციალურ ლიტერატურაში დამკვიდრებულია ტერმინი ,,დემონია"", რომელიც მეცნიერთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ყველაზე საშიშ გამოვლინებად არის აღიარებული. დემონია განიმარტება, როგორც ხელმძღვანელი პირის აკვიატებული ნება გადაწყვიტოს გრანდიოზული სახელმწიფო ამოცანები და ამით დაიკმაყოფილოს საკუთარი ეგოისტური სურვილები (კიდევ უფრო დიდი ძალაუფლების, დიდების და საყოველთაო თაყვანისცემის მოპოვება და ა.შ.). დემონიის ყველაზე სახიფათო გამოვლინებას ხელმძღვანელი პირის მიერ მოქმედების სფეროს უკანონო გაფართოების და უკონტროლო მმართველობის მცდელობა წარმოადგენს. ძალაუფლების დემონია აიძულებს ხელმძღვანელ პირს გასცდეს შესაძლებლობის ზღვარს, არავითარი ანგარიში არ გაუწიოს ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების გადახარჯვას. ასეთ დროს ხდება კონკრეტული ადამიანების ინტერესებისა და უფლებების სრული უგულებელყოფა და ფეხქვეშ გათელვა (დემონიის აღწერისას სიტყვა-სიტყვით ცნობილ მონოგრაფიებს ვციტირებ, არ იფიქროთ, რომ სპეციალურად სააკაშვილისათვის გამოვიგონე). სწორედ დემონიით და განდიდების მანიით შეპყრობილი ავადმყოფი ადამიანი წარსდგა მაყურებლის წინ ნანუკას შოუში. მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ბოტოქს-გაკეთებული სახის გამომეტყველება, საუბრის მანერა. ნანუკას ფანტასტიკურ შოუში უკიდურესად დაძაბული, საკუთარი თავის მიერვე კუთხეში მიმწყვდეული, გონებრივად და სულიერად არასრულფასოვანი ადამიანი მოგვევლინა. განდიდების მანიით და დემონიით დაავადებული ,,ერთერთი ჩვენგანი"" მთელი შოუს განმავლობაში ექსპრესიულად ტრაბახობს საკუთარი დაავადებებით. მის მრავალ ფრაზაში, პირდაპირ თუ ირიბად ჟღერს მისი მთავარი მრწამსი - ,,მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას"".

შოუს ბოლოს სააკაშვილი აცხადებს, რომ თბილისის ბოლო 200 წლის ისტორიაში იყო მშენებლობის სამი მნიშვნელოვანი ეტაპი: პირველი, რუსეთის მეფისნაცვლის ვოორონცოვის დროს; მეორე, ლავრენტი ბერიას დროს; მესამე კი ამჟამინდელი, ანუ სააკაშვილის აღმშენებლობის ეტაპი. სააკაშვილი იმ მომენტში თავისი კონდიციით ,,მახათის მთაზე"" ასვლას იწყებს. ვორონცოვის თანამემამულეთა ანდაზით რომ ვთქვათ - ,,რასაც ფხიზელი ფიქრობს, ის მთვრალს ენაზე ადგებაო"". შოუს ამ ეპიზოდში სააკაშვილის საინფორმაციო ღრუდან მისი ცნობიერების უშუალო ნაკადი მოედინება და ხდება პიროვნების სრული თვითლუსტრაცია. გაიხსენეთ სააკაშვილის გამომეტყველება და ინტონაცია ამ ეპიზოდში.

ლავრენტი ბერიაზე ბევრი დაიწერა, მათ შორის პატიოსანი ისტორიკოსებისა და მოღვაწეების მიერ. მე მოვესწარი მათ, ვინც ახლოს იცნობდა ბერიას და ვინც ქალბატონ ქეთო ორახელაშვილის მსგავსად ბერიას სისასტიკის მსხვერპლი გახდა. მისაუბრია გამოჩენილ მეცნიერებთან, ვინც მუშაობდა კურჩატოვის ჯგუფში ატომური და თერმობირთვული ბომბების შექმნაზე იმ წლებში, როდესაც მარშალი ბერია სტალინის დავალებით ხელმძღვანელობდა ამ გრანდიოზულ პროექტს. მისაუბრია იმ ადამიანებთან, ვინც იცოდა რა ფუნქცია დააკისრა სტალინმა სახელმწიფო უშიშროების უმაღლეს კომისარს და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის (ანუ სტალინის) მოადგილეს ბერიას 1941 წლის ოქტომბრის დღეებში, როდესაც გერმანული არმია შევიდა მოსკოვის გარეუბანში და მოსახლეობა პანიკურად ტოვებდა ქალაქს. უსასრულოდ შორს ვარ იმისგან, რომ რამე გამართლება მოვუძებნო საბჭოურ ტოტალიტარულ რეჟიმს და ამ რეჟიმის თავკაცების ზნეობას, მაგრამ ის, რაც ცნობილია ბერიას ორგანიზატორულ უნარზე და ზოგიერთ სხვა თვისებაზე, გამორიცხავს მის შედარებას სააკაშვილთან. (შეგახსენებთ, რომ ,,პერესტროიკის"" წლებში გამოქვეყნდა რამდენიმე წერილი, რომლითაც ბერიამ პოლიტბიუროს მიმართა სტალინის გარდაცვალების შემდეგ განვლილ ოთხ თვეში (ანუ დახვრეტამდე). თვითონ ბერია პოლიტბიუროს წევრი არც ყოფილა - ეს არ დაუშვა წინდახედულმა გენერალისიმუსმა. წერილებში ბერია ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო სსრკ-ს სწრაფი და რადიკალური მოდერნიზაცია, ვინაიდან მხოლოდ ამას შეეძლო სახელმწიფოს გადარჩენა დეგრადაციასა და დაშლისაგან. 1953 წლის ზაფხულში ბერია სთავაზობდა პოლიტბიუროს მოდერნიზაციის ისეთ გეგმას, რომელთანაც შედარებით გორბაჩევის ,,პერესტროიკა"" არაეფექტიან პალიატივად უნდა მივიჩნიოთ. რატომ გაახსენდა გარეკილ პირველს მარშალი ბერია?

პაველ შერემეტი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პაპა, მიხეილ სააკაშვილი უფროსი, აქტიურად თანამშრომლობდა ჩეკა-ენკავედესთან. თბილისში ეს კარგად იცოდენენ ჯერ კიდევ შერემეტის დაბადებამდე. იცოდნენ ისიც, რომ სწორედ ამ თანამშრომლობამ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის წარმატებული კარიერა. ცხადია სააკაშვილის ოჯახში დარჩა მოგონება აღმშენებელ ბერიაზე. ასეთ ოჯახებში ბერიას უძლეველ კერპად და მიუწვდომელ იდეალად აღიარებდნენ. სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ბიოგრაფიის მცოდნე ადამიანს არ გაუჭირდება იმის წარმოდგენა, როგორ ახსენებდნენ ბერიას სააკაშვილების ოჯახში და რა ატმოსფეროში იზრდებოდა პატარა მიშა. მნიშვნელოვანია სააკაშვილის თვითლუსტრაციის კიდევ ერთი ფაქტორი. კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრ მაიკლ სააკაშვილს სწამს, რომ აღმშენებლობა, ფიზიკური, ინსტიტუციონალური და სულიერი მოდერნიზაცია, შეუძლებელია ძლიერი ხელის, მართვის ადმინისტრაციულ-ბრძანებლური მეთოდებისა და, შესაბამისად, გარკვეული დონის ძალადობისა და სისასტიკის გარე. სააკაშვილს უნდოდა, რომ მაყურებელსაც გასჩენოდა ეს ასოციაცია - ბერია, რომელმაც ბევრი გააკეთა და ააშენა საქართველოში და ამას ვერ გააკეთებდა სისასტიკის გარეშე და ბერიას ტოლი მოღვაწე სააკაშვილი, რომელიც ასევე იძულებული იყო ,,ძლიერი ხელით"" ემართა ის საზოგადოება, რომელიც სხვანაირად მოდერნიზაციას არც დაუშვებდა. ვფიქრობ ბერიას ხსენების ეპიზოდში დგება ,,ჭეშმარიტების მომენტი"" და შოუ კულმინაციას აღწევს.

სააკაშვილის მორიგი აბსურდული ტყუილი და ცილისწამება ბიძინა ივანიშვილის მიმართ კომენტარს არ საჭიროებს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ სააკაშვილი მართლა არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორს დიდი გავლენა ჰქონდა ივანიშვილის მოქმედებაზე; რომ ივანიშვილს ეშინოდა, რომ ბადრი მას მოკლავდა; რომ მან შვებით ამოისუნთქა ბადრის გარდაცვალების შემდეგ და მაშინათვე შეწყვიტა ურთიერთობა სააკაშვილთან და სხვებთან, ვინაიდან ეს აღარ სჭირდებოდა. საქმე ის არის, რომ სხვა ადამიანების ქცევისა და მოტივაციის შეფასებისას სააკაშვილი საკუთარი თავიდან ამოდის. ფსიქოლოგიაში ამას ,,პროეცირებას"" უწოდებენ. სხვების საქციელში სააკაშვილი მუდამ ცდილობს მოძებნოს (წარმოიდგინოს) ისეთი ბინძური მოტივაცია, რომელთნაც შედარებით, თვითონ კეთილშობილ, უანგარო მოღვაწედ გამოჩნდება საკუთარ თვალში.

"ნაცმოძრაობის" გუნდმა შექმნა ქართული სახელმწიფო და ის, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო რჩება ასწლეულები", ამბობს სააკაშვილი შოუში. მკითხველს შეუძლია ახლავე შევიდეს ,,იუთუბში"" და მოისმისნოს სმკ-ს ერთერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 1999 წლის შემოდგომაზე, რომელშიც ის აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო სმკ-მ შექმნა. სად არის ჭეშმარიტება? რა დარჩება ისტორიას? ცხადია ის, რომ ,,ნაცები"" აბსოლუტურად გაიხრწნენ; რომ მათ უღალატეს ერს და სახელმწიფოს; გაანადგურეს ეკონომიკა, პირველ რიგში სოფლის მეურნეობა და უკიდურესად გააღატაკეს მოსახლეობის დიდი ნაწილი; შექმნეს სრული მონოპოლია იმპორტზე და პირველად საქართველოს ისტორიაში ხალხის მიერ მოხმარებული საკვების 80% უცხოეთიდან არის შემოსული; რომ საკუთარი გამდიდრების ხარჯზე მათ ვეებერთელა საგარეო ვალი აკიდეს ქვეყანას; რომ შექმნეს სადისტური სისტემა, გააუბედურეს ასიათასობით ოჯახი და თავისი მმართველობა საბოლოოდ შიშზე, სიძულვილზე და ძალადობაზე დააფუძნეს; რომ პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მიერ სრულიად მანიპულირებულმა სააკაშვილმა და მისმა თნამზრახველებმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელეს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა და ლანგარზე მიართვეს კრემლს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის განუსაზღვრელი დროით ოკუპაციის საშუალება.

თავს იმით თუ ვინუგეშებთ, რომ ნაცების დანაშაულებები დაგვრჩება მწარე ისტორიულ გაკვეთილად, რომ ,,ძალაუფლება რყვნის. ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად"". სწორედ ამას შეგვახსენებს შუაგულ საქართველოში გავლებული მავთულხლართები და ქართველების ლამის ყოველდღიური დაპატიმრება უცხო ძალის მიერ; დიღომში გადატანილი დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 30-40 კილომეტრში მდგარი რუსული ტანკები; დამახინჯებული თბილისი, ბათუმი, სიღნაღი; ქუთაისში აფეთქებული მემორიალისა და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის ადგილზე აშენებული პარლამენტის მარაზმატული შენობა და იდიოტი ბავშვის და მისი ერთგული გუნდის სხვა მრავალი დანატოვარი.

"ბევრი რამ მოხდება, თუმცა, რაც არ კლავს, ის აძლიერებს. ვიღაცეებს მოკლავენ, ვიღაცეები გადავრჩებით", ამბობს სააკაშვილმა შოუს ფინალში. მიაქციეთ ყურადღება, თავის თავს აპრიორი გადარჩენილებში მოიაზრებს ჩვენი მაღალი. ხომ შეეძლო ეთქვა - ,,ვიღაცეებს მოკლავენ, ვიღაცეები გადარჩებიან"". ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს მიაჩნია, რომ ამით სააკაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ პოლიტიკურად მისი გადარჩენის შესაძლებლობა ივანიშვლის გარდაცვალებაშია. ვეთანხმები შათირიშვილს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფრაზა დამატებით ანალიზს საჭიროებს. ვეცდები სხვა დროს დავუბრუნდე ამ თემას.

,,ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს რომელსაც შეუძლია ყველასთვის იყოს ყველაფერი. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი).

აბა იფიქრეთ როგორ ახერხებს მიშა (სააკაშვილს ყველა ასე ეძახის) იყოს სენატორ ჯონ მაკკეინის და ბელორუსი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარი. ის დღემდე აღაფრთოვანებს რესპუბლიკურ აუდიტორიას ვაშინგტონში და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ეს ის კაცია, ვინც ამაყობს "მსოფლიო ბანკის" რეიტინგში ("ბიზნესის იოლად წარმართვა") მისი ვარსკვლავური შედეგის გამო, მაგრამ ამავე დროს ხელმძღვანელობს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს მტკიცედ აქვთ გადგმული ფესვები.

ის ის კაცია, რომელიც ლაპარაკობს "სინგაპურის ელემენტების მქონე შვეიცარიის" აშენებაზე (დაბალი გადასახადები, მთავრობის მინიმალური ჩარევა), მაგრამ ამავდროულად ცდილობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიოს (რაც უზარმაზარი რაოდენობის ახალ რეგულაციებს და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას მოითხოვს). ერთი და იგივე ლიდერი ნაციონალურ ღირებულებებზე და ქართული კულტურის დაცვაზე ლაპარაკობს და ამავე დროს არის ავტორი ახალი ბრჭყვიალა შუშის ხიდისა, რომელიც უფრო ჯორჯიის ატლანტას მოუხდებოდა და რომელმაც დაასახიჩრა თბილისის ძველი უბანი.

ყველა პოლიტიკურ დებატში, იქნება ეს ეკონომიკა, აფხაზეთი თუ სამხრეთ-ოსეთი, ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ სოციალური საკითხები, ის დისკუსიის ორივე მხარეზე ყოფნას ახერხებს. ამას წინათ ციტირებდენ მის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ადგილზე ის მთავრობას ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. აი მართლაც პოსტ-მოდერნისტი პრეზიდენტი"", მომაკვდინებელი ირონიით წერდა საქართველოს შესანიშნავი მცოდნე თომას დე ვაალი ჯერ კიდევ 2010 წელს.

ნანუკას შოუმ საოცარი ძალით, რაშიც სააკაშვილის გარდა ოპერატორსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი, წარმოგვიდგინა ამაზრზენი ნეოკომების და მათი პოსტ-მოდერნისტი ლიდერის ამაზრზენი დასასრული.

პეტრე მამრაძე, 20 ივლისი, 2013 წელი

(*) შოუ უნდა გაგრძელდეს (ინგლ). მოარული ფრაზაა დასავლეთში. ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა სირთულეების და გაჭირვების მიუხედავად სანახაობა არ უნდა შეწყდეს, ვინაიდან მაყურებელი ელის მას და ვინაიდან შოუ უმსუბუქებს მაყურებელს რეალობის ატანას.