ნიკო ავალიშვილი ბიოგრაფიის ცნობილი და უცნობი ფურცლები - კვირის პალიტრა

ნიკო ავალიშვილი ბიოგრაფიის ცნობილი და უცნობი ფურცლები

გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა მიერ წამოწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი და მსახიობი ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე ავალიშვილი (1844-1929) მიეკუთვნება იმ მამულიშვილთა რიცხვს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს ახალ ისტორიაში.

ნიკო ავალიშვილი დაიბადა 1844 წლის 4 ივლისს, გარეკახეთის სოფელ საგარეჯოში მცხოვრებ აზნაურ (წარმომავლობით თავად) იაკობ ავალიშვილის ოჯახში. იაკობი იყო მღვდელი, მწიგნობარი და კალიგრაფი. მან ბრწყინვალედ გადაწერა ;ვეფხისტყაოსანი;, ;დიდმოურავიანი;, ;ყარამანიანი; და სხვ. 1849 წელს იგი მალარიით გარდაიცვალა.

საგარეჯოში მცხოვრები იაკობის დაქვრივებული მეუღლე, თავის ორ ასულთან და 6 წლის ნიკოსთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, უფროს ვაჟთან - დავით ავალიშვილთან. დავითმა თავის მცირეწლოვან და-ძმას ღირსეული პატრონობა გაუწია, ხოლო ნიკოს ხელი შეუწყო, რათა სათანადო განათლება მიეღო.

ნიკო 8 წლის ასაკში მიაბარეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, პირდაპირ II კლასში, ვინაიდან რუსულ ენას კარგად ფლობდა. მან წარმატებით დაძლია სასწავლო პროგრამა და სასწავლებელი დადგენილ ვადაზე ადრე დაასრულა, რის შემდეგაც თბილისის სასულიერო სემინარიაც წარმატებით დაამთავრა.

1862 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ცოდნას ოთხი წლის განმავლობაში იღრმავებდა. მოსკოვში მყოფი ნიკო რვა თვის განმავლობაში ცხოვრობდა ფრანგის ოჯახში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ფრანგული წერა-კითხვა. ის დიდ დროს უთმობდა ევროპული ლიტერატურის კითხვას და მათ ქართულ ენაზე თარგმნას.

ნიკო ავალიშვილი რუსეთში ყოფნისას დაუმეგობრდა ;თერგდალეულებს;, განსაკუთრებით აკაკი წერეთელს. ნიკომ გადაწყვიტა, მოსკოვში დაეფუძნებინა სტამბა, რომელშიც ქართული წიგნები დაიბეჭდებოდა. იმავდროულად, სტამბაში დასაქმდებოდნენ ქართველი სტუდენტები, რომლებიც ამით საარსებო სახსარს მოიპოვებდნენ. ამ მამულიშვილურ წამოწყებას აკაკიმ მხარი სიხარულით დაუჭირა, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. 1866 წელს ნიკო იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო.

საქართველოში მოღვაწეობისას ნიკო ავალიშვილი რედაქტორობდა ჟურნალ ;მნათობს; (1869-1872), თანამშრომლობდა ჟურნალში ;დროება;, მისი თხზულებები იბეჭდებოდა ;მნათობში;, ;ცისკარსა; და ;ივერიაში;.

ამის პარალელურად, ნიკო ავალიშვილი მესვეურობდა განახლებულ ქართულ თეატრს, რომლის აღორძინებაშიც მან უდიდესი წვლილი შეიტანა. ის აირჩიეს ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრად ქართული დრამატული საზოგადოებისა, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა. დიდი ილია იმდენად აფასებდა ნიკო ავალიშვილს, რომ მას უფროსი შვილი მოუნათლა.

ნიკო ავალიშვილმა ქართულ ენაზე თარგმნა მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, კერძოდ, სერვანტესის ;დონ კიხოტი;; პიერ ბომარშეს ;ფიგაროს ქორწინება;; ფრიდრიხ შილერის ;ფიესკოს შეთქმულება გენუაში;, ;ვილჰელმ ტელი;, ;ყაჩაღები;, ;მგზავრი;; ჰენრიკ სენკევიჩის ;ვიდრე ჰხვალ; და სხვ. მანვე თარგმნა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის დრამა ;ღალატი; და სხვ.

ნიკო ავალიშვილი მნიშვნელოვან დროს უთმობდა მშობლიური კუთხის - გარეკახეთის აღორძინებაზე ზრუნვას. დიდი წვლილი შეიტანა თბილისიდან სიღნაღისკენ მიმავალი გზის შეკეთებაში, ხოლო 1877 წელს საგარეჯოში გახსნა კოოპერატივი ;ივრის დამზოგველი ამხანაგობა;, რომლის კომიტეტსაც თავადვე თავმჯდომარეობდა. მან გამოიგონა ხორბლის სალეწი მანქანა - კევრი და ახალი ნიმუშის კალო, რასაც იმდროინდელ ქართულ პრესაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

ნიკო ავალიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა მონოგრაფიულად შეისწავლა სოლომონ ცაიშვილმა (1900-1957). მან ყურადღება გაამახვილა ნიკო ავალიშვილის წინაპრებზე - თავად ავალიშვილებზე, რომლებიც XVIII საუკუნის სამოციანი წლების შუა ხანებამდე ქართლის სოფელ ბრეთში მკვიდრობდნენ, ხოლო შემდეგ გარეკახეთში გადასახლდნენ.

სოლომონ ცაიშვილი წერდა: ;ძირეულად ავალიშვილები ქართლის მკვიდრნი იყვნენ, რომელთაგან მომდინარეობს კახეთის შტოც... გარეკახელ ავალიშვილთა ოჯახში დღემდე დაცულია ერთი მნიშვნელოვანი გადმოცემა, რომელიც მათი გვარის აქ დასახლებაზე მიგვითითებს... ამ გადმოცემიდან ირკვევა, რომ მეფე ერეკლე მეორის წინააღმდეგ მოწყობილ ე.წ. ;პაატას შეთქმულებაში; მონაწილეობდა სამი ძმა, თავადი ავალიშვილები: ქაიხოსრო, დავითი და ზაქარია. შეთქმულების გამომჟღავნებისა და შეთქმულთა განადგურების დღეებში ცოცხლად გადარჩენილი ეს ძმები თეთრაძის გვარშერქმეული თბილისის განაპირა, ე.წ. ძაღლის უბანში შეფარებულან და ქალაქისთვის შეშის დამზადებით ირჩენდნენ თურმე თავს, მაგრამ მათი ეს ყოფა თანდათან გაუარესებულა, მათს თეთრაძეობაზედ ეჭვი აუღიათ და როცა ძალზე შეუვიწროებიათ, უდაბნოში გადასახლებულან და იქ დავით გარეჯის მონასტერში შეფარებულან. ერეკლეს გარდაცვალების (1798) შემდეგ, უფროს ძმას, ქაიხოსროს მოუხერხებია მონასტრიდან გამოსვლა და საზოგადოებაში შერევა, დავითი და ზაქარია კი იმის შიშით, რომ მამულების სიხარბით გატაცებულ ნათესავებს არ გაეცათ, საგარეჯოში დასახლებულან, თუმცა, აქაც რამდენიმე ხანს მალავდნენ ნამდვილ გვარს. მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, როცა პრივილეგიური წოდების მქონე გვართა რეგისტრაცია დაწყებულა, მათაც თავიანთი საბუთი და ნამდვილი გვარი გამოუჩენიათ და ავალიშვილობა აღუდგენიათ. ამგვარად, საგარეჯოელი ავალიშვილები სწორედ ამ ორი ძმის, დავითისა და ზაქარიას ჩამომავლები არიან...

როგორც საგულისხმო მომენტი, ნათქვამს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ნიკო ავალიშვილის აზრით, ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობის გამო დაქვეითებული, ე.ი. თავისი ძველი წოდებაწართმეული გვარები დღეს საგარეჯოსა და მის მიდამოებში საკმაო რაოდენობით მოსახლეობენ. ასეთებია: ჯავახიშვილები, მხარგრძელი-ფავლენიშვილები, ყარალაშვილები, თულაშვილები, ფურცელაძეები, საგინაშვილები, ყორღანაშვილები და სხვ.;

აი, რას გვაუწყებს ნიკო ავალიშვილი თავის მოგონებაში, რომლის ხელნაწერიც დაცულია თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში: ;ჩემს ოჯახში თაობიდან თაობაში ასოცდაათი წელიწადია ერთი გადმოცემა ინახება. იგი მოგვითხრობს, რომ მეფე ერეკლეს გარდაწყვეტილებამ საქართველოს რუსეთისადმი გარდაცემისამ - მრავალი უკმაყოფილო-მოწინააღმდეგე გაუჩინა მას. შეითქვნენ, რომ ერეკლე ტახტიდგან ჩამოეხდინათ და... აეყვანათ ტახტზედ... ქართლის მეფის ვახტანგის შვილი, რათა მით საქართველო გაერთიანებულიყო. ამ შეთქმულობის მონაწილე, სხვათა შორის, სამი ავალიშვილი იყო, სახელით: უფროსი - ქაიხოსრო, ორი უმცროსი (შვილები თუ ძმები) - დავითი და ზაქარია. შეთქმულობა გამჟღავნდა, შეთქმულნი დაიქსაქსნენ...

ჩვენი ოჯახი, უფროსების გადმოცემით, იმ დავითის ჩამომავალია და ეს 1850-ან წლებში ბრეთელი სოლომონ ავალიშვილისგან დადასტურებულია, რომელიც ხშირად მოდიოდა ჩვენსა და ბიძაშვილის შვილებად გვთვლიდა.

ვფიქრობ, შეთქმულობის წევრი დავით ავალიშვილი და მეფე ერეკლეს დროის თეატრის მოთავე და გაბრიელ მაიორის ამხანაგი დავით ავალიშვილი - ერთი და იგივე დავით ავალიშვილია.

საგარეჯოში ქართლ-კახეთ-ბორჩალოს მაზრის თავადაზნაურთა გვარეულობის ჩამომავალი ბევრია და აქ მხოლოდ ზოგს მოვიხსენიებ: ჯავახიშვილი, მხარგრძელი, ფავლენიშვილი, ავალიშვილი, ფურცელაძე, ყარალაშვილი (რუსული დაბოლოებით - ყარალოვ...), ჯაფარიძე, თულაშვილი, ყორღანაშვილი, საგინაშვილი და სხვ. უეჭველია, ამათი მამამთავარნიც ხსენებული შეთქმულობის გამო იყვნენ იქ გადახვეწილნი;.

მოყვანილ ციტატაში ჩამოთვლილ წარჩინებულ გვართაგან ქართლში სახლობდნენ (ჩამოთვლილია ანბანურად): ავალიშვილები (თავადები), თულაშვილები (ქსნის ერისთავის აზნაურები), საგინაშვილები (ტახტის აზნაურები), ფავლენიშვილები (თავადები და ქსნის ერისთავის აზნაურები), ფურცელაძეები (ტახტისა და თავად ციციშვილის აზნაურები), ყორღანაშვილები (ტახტის აზნაურები), ჯავახიშვილები (თავადები და ტახტის აზნაურები), ჯაფარიძეები (ქსნის

ერისთავის აზნაურები).

დასახელებული წყაროდან ჩანს, რომ უფლისწულ პაატას ხელმძღვანელობით მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, ქართლის ხსენებულ წარჩინებულ საგვარეულოთა ერთი ნაწილისთვის წოდებები ჩამოურთმევიათ და გარეკახეთში გადაუსახლებიათ. მათი უმეტესობა (როგორც ჩანს, გადასახლებულთა აზნაურული ნაწილი) ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე ირიცხებოდა სახასო ანუ სამეფო ყმად, ხოლო საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცევის შემდეგ, ისინი სახელმწიფო ყმებად ჩარიცხეს. საერთოდ, სახასო ყმები უშუალოდ მეფეს ექვემდებარებოდნენ და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე სამონასტრო-საეკლესიო, ხოლო განსაკუთრებით კი საბატონო, კერძოდ, თავადთა და აზნაურთა გლეხები.

აქვე დავძენთ, რომ ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უმცროსი ვაჟის - უფლისწულ პაატას (1720-1765 წწ.) შეთქმულება (1765 წ.) განეკუთვნება საქართველოს ისტორიის ნაკლებად შესწავლილ მოვლენათა რიცხვს. იგი მიზნად ისახავდა ქართლის სამეფოს აღდგენასა და იქ პაატა ვახტანგის ძე ბაგრატიონის გამეფებას.

სამეფო ლეგიტიმიზმის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, ვახტანგ VI-ის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრენი იყვნენ მისი შთამომავლები, პირდაპირი, ანუ მამაკაცთა ხაზით. ამიტომ, კახეთის ბაგრატიონთა ქართლში გამეფებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა არა მხოლოდ ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელთაგან, არამედ ქართლელ თავადაზნაურთა მხრიდანაც. ვახტანგ VI-ის შთამომავალთა საკითხი დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჯერ თეიმურაზ II-ის, ხოლო შემდეგ - ერეკლე II-ისთვის. ეს იყო ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც თავისი კუთვნილი სამეფო ტახტის დაბრუნება სურდა.

მართალია, ვახტანგ VI-ის ნაბოლარა ვაჟს, მხევლისგან შობილ უფლისწულ პაატას ნაკლები უფლებები გააჩნდა მამის მემკვიდრეობაზე, ვიდრე მის უფროს ძმას - ბაქარსა და ძმისწულს - ალექსანდრე ბაქარის ძეს, მაგრამ ლეგიტიმიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ქართლის ტახტი მას უფრო მეტად ეკუთვნოდა, ვიდრე მის დისწულს, ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელ ერეკლე II-ს. საგულისხმოა, რომ ვახტანგ VI-ის ვაჟთაგან ერთადერთმა პაატამ მოახერხა, რუსეთის ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ, იმპერიიდან გაქცეულიყო და ქართლში დაბრუნებულიყო.

პაატა ანტირუსულად იყო განწყობილი. თავისი ძმის, გიორგისადმი გაგზავნილ წერილში იგი საიმპერიო მთავრობას მოიხსენიებს ;მატყუარად;, ხოლო რუსეთს - ;სამართლებრივ ნორმათა უარმყოფელ სახელმწიფოდ, სადაც კაცი კაცად არ არის მიჩნეული;.

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ;პაატა ბატონიშვილს და სხვათა... სურდათ, რომ ქართლის მეფობა ერეკლესთვის წაერთმიათ... ამ პირებმა ეს იმიტომ განიზრახეს, რადგანაც ამჩნევდნენ, რომ ერეკლეს მეფობა საქართველოს დასაღუპად გარდაიქცევაო. მას არც შვილები ჰყავს კარგები და არც შვილის შვილები, არც ერთ მათში სამეფო პირი არ არის, ეგენი მეფობას ვერ შესძლებენ, ერეკლესებური მეფე გიორგი ვერ იქნებაო და გიორგი კიდევ საქართველოს აღარ გამოადგება; საქართველოსთვის საჭიროა შორსმხედველი მეფე, განათლებული და ევროპის სამხედრო წესებთა მცნობი;.

1765 წლის 5 დეკემბერს შეთქმულება გამჟღავნდა. სასამართლოს მიერ დადგენილი განჩინება ხელისუფლებამ 15 დეკემბერს სისრულეში მოიყვანა და შეთქმულნი სახალხოდ დასაჯა. თავი მოჰკვეთეს მთავარ დამნაშავედ ცნობილ უფლისწულ პაატას, ასევე, მეფე იესეს შვილიშვილს, არჩილის (აბდულა-ბეგის) ძეს დავითს, ელიზბარ თაქთაქიშვილი კოცონზე დაწვეს, ხოლო დანარჩენი შეთქმული თავადები ფიზიკურად დაასახიჩრეს.

ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: ;პაატა ბატონიშვილს თავი მოსჭრა მეხლმემ მაშინდელს რიყეზედ, ავლაბრის ხიდის გვერდით... იმ პირის თავის მოკვეთა ბევრს დანანდა თურმე, ბევრი დიდათაც სწუხდა, ეს რა მოხდაო. მეფე ერეკლეს სთხოვეს პაატას პატიობა. მეფეს შეუწყნარებია. მალე რიყეზედ კაცი უფრენიათ, რომ პაატას ეპატიოსო, მაგრამ საქმე უკვე აღსრულებული ყოფილა. პაატა თავმოჭრილი გდებულა. მეფე ერეკლემ ბოლოს ძლიერ დაინანა ამის მოკვლაო, დიდათ სწუხდაო;.

პლატონ იოსელიანის ცნობით, თვით ერეკლე II-ის უფროს ძეს, მომავალ მეფეს გიორგი XII-ს "არ უნებდა ასრულება ესე ვითარისა სასტიკისა განჩინებისა;.

ასეთია მოკლედ ნიკო ავალიშვილის წინაპართა გარეკახეთში გადასახლების, თავადობის დაკარგვისა და გააზნაურების ისტორია.

1912 წელს ნიკო ავალიშვილმა ახალდაარსებულ ;საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას; შესწირა როგორც იშვიათი წიგნები და პერიოდული გამოცემები, ასევე ძვირფასი ნივთებიც, მათ შორის 130 ცალი ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტა, რომლებიც მას ჩამოტანილი ჰქონდა სპარსეთიდან და ჩინეთიდან.

1929 წლის 17 სექტემბერს ნიკო ავალიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.

იოსებ გრიშაშვილი პრესაში გამოქვეყნებულ ნეკროლოგში წერდა: ;ძველი საზოგადო მოღვაწე ნიკო იაკობის ძე ავალიშვილი... 65 წელიწადი განუწყვეტლივ მოღვაწეობდა საზოგადო ასპარეზზე. მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, სიკვდილამდე კალამი არ გაუგდია ხელიდან და ახალგაზრდული ენთუზიაზმით კვლავ წერდა... 14 წლის განმავლობაში (1867-1880 წწ.) ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრს და გიორგი ერისთავისა და ივანე კერესელიძის შემდეგ ითვლება თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად და პირველ რეჟისორად;.

სოლომონ ცაიშვილი წერდა: ;გასული საუკუნის სამოციანი წლების ქართველ მოღვაწეთა ბრწყინვალე პლეადაში ნიკო ავალიშვილს საკმაოდ შესამჩნევი ადგილი უკავია... მშობლიური ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული იგი ერთგული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეური ბელადის, ილია ჭავჭავაძის მიერ აღმართული დროშის, რომლის გარშემო თავს იყრიდა იმდროინდელი საზოგადოების მოწინავე ნაწილი;.

აღსანიშნავია, რომ დიდი საზოგადოებრივი, ლიტერატურული და თეატრალური მოღვაწეობის პარალელურად, ნიკო ავალიშვილი სამხედრო სარბიელზედაც წარმატებით საქმიანობდა. მისი მოღვაწეობის ამ მნიშვნელოვან სფეროზე, რატომღაც, ჩვენამდე არავინ გაამახვილა ყურადღება. არადა, აღნიშნულ სფეროში მისი მოღვაწეობის შესახებ ფრიად საყურადღებო ინფორმაციაა დაცული მისივე ნამსახურობის ნუსხაში. ავალიშვილს მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო მრჩევლის რანგი, რომელიც საიმპერიო რანგთა ტაბელის მიხედვით, აღემატებოდა პოლკოვნიკის წოდებას და შეესაბამებოდა საიმპერატორო კარის კამერ-იუნკერის, ცერემონმაისტერის ჩინს.

სამხედრო სამსახური ნიკომ 1872 წელს დაიწყო. იგი ოთხი ათეული წლის განმავლობაში მსახურობდა კავკასიის საოლქო საინტენდანტო სამმართველოს ჩინოვნიკად რუსეთის იმპერიის ცალკეულ რეგიონსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. იყო საინტენდანტო სამსახურის ერთ-ერთი ავტორიტეტული ხელმძღვანელი და მრავალი საპატიო ჯილდოს კავალერი. კერძოდ, დაჯილდოებული იყო წმინდა ვლადიმირის IV, წმინდა სტანისლავის II და III, წმინდა ანას III (ხმლებითურთ) ორდენებითა და არაერთი მედლით.

საზოგადოებისთვის ასევე ნაკლებად არის ცნობილი ნიკო ავალიშვილის შესანიშნავი შთამომავლობის შესახებ. მათზე ცნობები მოგვაწოდა ქართული გენეალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა იური ჩიქოვანმა.

ნიკო ავალიშვილი ორჯერ დაქორწინდა. მას პირველ მეუღლესთან, ნინო (ნუცა) ჯაბადართან შეეძინა ექვსი შვილი: არჩილი, თამარი, ირაკლი, ქეთევანი, ნინო (ნუცა) და რუსუდანი, ხოლო მეორე მეუღლესთან, ალექსანდრა ევგლავსკაიასთან - ორი შვილი: გიორგი და ელენე. ელენე ცოლად გაჰყვა თავად გიორგი გუგუნავას.

გიორგი ნიკოლოზის ძე ავალიშვილს (1897-1942 წწ.) მეუღლესთან, ნინო ქვლივიძესთან შეეძინა ორი შვილი: ბიძინა და მერი. მერი ცოლად გაჰყვა ოთარ თურქესტანიშვილს.

ბიძინა გიორგის ძე ავალიშვილი (1922-2002 წწ.) იყო გამოჩენილი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი. მისი სახე უჩა ჯაფარიძემ გამოიყენა ბესიკ გაბაშვილის პორტრეტის შექმნისას. მას მეუღლესთან, ივეტა ჩარექიშვილთან შეეძინა ვაჟი - გია ავალიშვილი (1941-2004 წწ.), ცნობილი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

გია ავალიშვილს მეუღლესთან, ნანა ჭიჭინაძესთან შეეძინა ორი შვილი - ნიკოლოზ (ნიკა) და მანანა ავალიშვილები, რომლებიც თავიანთი ოჯახებით თბილისში ცხოვრობენ.

ასეთია მოკლედ მრავალმხრივი მოღვაწის ნიკო ავალიშვილის ბიოგრაფიის ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და უცნობი დეტალები.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”