გაცოცხლებული ისტორია ღია ცის ქვეშ. საჯალაბო სახლი სამეგრელოდან - კვირის პალიტრა

გაცოცხლებული ისტორია ღია ცის ქვეშ. საჯალაბო სახლი სამეგრელოდან

,,ღია ცის ქვეშ; მუზეუმის დაარსებას აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ მრავალი წელიწადი შეალია. ამგვარი მუზეუმის დაარსების მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის დედაქალაქში ;გადმოსახლება; შესაბამისი ინტერიერითა და ტრადიციული ყოფითი ელემენტების გაცოცხლებით.

1960 წლის 27 აპრილიდან კუს ტბის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ახალმა ;მიკროსაქართველომ; დაიდო ბინა. დღეს აქ საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა წარმოდგენილი.

ამჯერად ;ისტორიანის; მკითხველს მასპინძლობს საჯალაბო სახლი სამეგრელოდან.

მეგრული ;პიტაფიცარი;

აბაშის რაიონში, მდინარეების ნოღელასა და აბაშისწყალს შორის ერთი უძველესი სოფელია, ონტოფო, ტრადიციული საოჯახო ყოფითა და კულტურით, რწმენა-წარმოდგენებით... აქ დღეს სამასზე მეტი კომლი სახლობს.

დავითაიების საჯალაბო სახლიც ამ სოფელში მდგარა.

საცხოვრისის მშენებლობის უძველეს ტრადიციებზე საქართველოში არქეოლოგიური მონაცემებიც მეტყველებენ. გათხრებით მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ უკვე პალეოლითში, ძველი ქვის ხანაში, დასავლეთ საქართველოში აღნუსხულია წრიული ფორმის ნაგებობა ბოძებისთვის განკუთვნილი ღრმულებით. ნაგებობა სავარაუდოდ მოწნული იყო. ასეთი, ფაცხის ტიპის უმარტივესი საცხოვრებლები გავრცელებული იყო მთელი კოლხეთის დაბლობზე, ხოლო სამეგრელო-აფხაზეთში ბოლო დრომდე შემორჩა - როგორც სამეურნეო სათავსი ან საქორწინო ფაცხა, რომელშიც დროებით, თაფლობის თვეს ატარებდნენ ახალდაქორწინებულნი.

დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საცხოვრისი ტრადიციულად ხისა იყო. წნული ფაცხის შემდგომ გავრცელდა ხის მორებისგან შექმნილი ძელური სახლები, ანუ ჯარგვალის ტიპის საცხოვრისი.

საშენ მასალად გამოიყენებოდა გამძლეობით გამორჩეული მუხა და წაბლი, ზოგ შემთხვევაში დასამუშავებლად უფრო იოლი თელა და ცაცხვი. მაღალმთიან ზონებში მათ ენაცვლებოდა ფიჭვი და ნაძვი, ზოგჯერ სოჭიც. ხანდაზმულ ოსტატთა გადმოცემით, ონტოფოში იცავდნენ მამა-პაპიდან მომდინარე ტრადიციას: სამასალე ხე, ჭია რომ არ გასჩენოდა, აუცილებლად სავსე მთვარისას უნდა მოეჭრათ.

ხის საცხოვრებლის შემდგომ, განვითარებულ ტიპს წარმოადგენდა საჯალაბო სახლი, რომელიც განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმის პირველ კარ-მიდამოში. ამგვარი ტიპის საცხოვრისს მეცნიერები ზოგჯერ ;გოდორასახლს; ან კიდევ ;პიტაფიცარს; უწოდებდნენ, რადგანაც იგი აგებული იყო ნაჯახით გათლილი მუხის ან წაბლის მოკლე და განიერი ფიცრებისგან.

საჯალაბო სახლი, რომელშიც ბევრგან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე ცხოვრობდნენ, შემდგომშიც კარ-მიდამოს შემადგენელი ნაწილი იყო, ოღონდ უკვე ;მისია; შეიცვალა და სამზად სახლად, ანუ სამზარეულოდ გადაიქცა. ეს იყო ერთკამერიანი, ერთსივრციანი საცხოვრებელი, ძირითადად უფანჯრო, თიხატკეპნილი იატაკით.

კერა

;პიტაფიცარა; სახლის ცენტრალურ ნაწილს კერა წარმოადგენს. სახლის შუაგულში გამართულია შუაცეცხლი - კერა, რომელთანაც იდო ქვა და სამფეხი სკამი ჭრაქისთვის. კერის თავზე ეკიდა ნაჭა, რომელზეც ქვაბი ეკიდა. იქვე იდგა დაბალი მაგიდა.

სახლში მკაცრად იყო გამიჯნული მამაკაცებისა და ქალების სამყოფელი. შესასვლელიდან მარცხენა მხარე მამაკაცებს ეკუთვნოდა, ხოლო მარჯვენა - ქალებს. ტაბაკი იდგმებოდა მამაკაცების მხარეს, რომელსაც ისინი ასაკის მიხედვით შემოუსხდებოდნენ. ისხდნენ ხის დაბალ კუნძებზე ან ჯორკოებზე. არსებობდა საუფროსო სკამიც. ზოგჯერ ამ სკამს ოჯახის უფროსი სტუმარს უთმობდა ხოლმე.

კერა საკრალურ ადგილად მიიჩნეოდა. კერიის ცეცხლი ჩაუქრობლად ენთო. კერას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ და მისი შეურაცხყოფა (ცეცხლის მიზანმიმართულად ჩაქრობა, წყლის მისხმა, ნაგვის ჩაყრა) დანაშაული იყო და ტრადიციული სამართლითაც განისჯებოდა. კერიის ახლოს იკრძალებოდა ბილწსიტყვაობა. სამეგრელოში კერიის ცეცხლსაც კი იფიცებდნენ. ასეთი წესით ჰქონდათ, კერიის ცეცხლს ორშაბათობით და ახალ წელიწადს არ გასცემდნენ, ოჯახის ბარაქა გაჰყვებაო.

კერას ასევე დიდი ადგილი ეკავა ჩვეულებით სამართალში. მკვლელის მოკლულის ოჯახთან საბოლოო შერიგების ნიშანი იყო დამნაშავის შეშვება ოჯახში და კერასთან, მოკლულის დედის მკერდზე მთხვევა. ამგვარი რიტუალის შემდეგ მონანიე მკვლელი ამ ოჯახის წევრადაც მიიჩნეოდა.

კერასთან ეწყობოდა ასევე ლოცვის სხვადასხვა და სადღესასწაულო რიტუალებიც. ოჯახის უფროსი სწორედ აქ, კერასთან აღავლენდა ფუძის ლოცვას, აქ აცხობდა დიასახლისი საწესო კვერებს, აქვე ნაკვერჩხლებზე აკმევდნენ საკმეველს, ახალ წელიწადს მეკვლე პირველად კერიის ცეცხლს მიულოცავდა, აჩაღებდა ცეცხლს საგანგებოდ მომზადებული ფიჩხით და შემდეგ ზედ გადახტებოდა.

კერასა და მის თავზე ჩამოკიდებულ ნაჭას დიდი ადგილი ეჭირა საქორწინო რიტუალში: ოჯახში პირველად შემოყვანილ პატარძალს სამჯერ შემოატარებდნენ კერას. მას ხელი უნდა შეევლო საკიდლისთვის და ამით უკვე ოჯახის წევრიც ხდებოდა. ასევე მიიჩნეოდა, რომ გარდაცვლილ წინაპართა სულები კერასთან იყრიდნენ თავს. კერაზევე მზადდებოდა საკვებიც. ძირითადად იკვებებოდნენ ფეტვითა და ღომით. სიმინდის შემოსვლის შემდეგ კი ამას სიმინდის ღომი და მჭადი დაემატა. ასევე განთქმულია მეგრული ყველი და სულგუნი...

სოლომონ მეორის დროისა...

როგორც ტიპოლოგიურად, ისე მშენებლობის ტექნიკითა და ადგილობრივი ხანდაზმული მცხოვრებლების გადმოცემით დასტურდება, ონტოფოს საჯალაბო სახლი XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. ისტორიულად ეს იმერეთის გმირი მეფის, სოლომონ მეორის ეპოქაა, ხოლო სამეგრელოში გრიგოლ დადიანის მმართველობის პერიოდი. წარმოვიდგინოთ, რომ ამ სახლში სისხლსავსე, ამ სოფლისა და კუთხისთვის დამახასიათებელი ცხოვრება მიმდინარეობდა. შეიძლება ეს იყო დავითაიების ის თაობა, როდესაც ამ გვარის ერთ-ერთი მოდგმის სათავეში მათი ლეგენდარული წინაპარი ძიკუ დავითაია იდგა. მოდგმისა, რომლის წარმომადგენლებიც გამჭრიახობითა და ფიზიკური ძალით გამორჩეული ყოფილან. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ სოფელ ონტოფოში დაფუძნებისას ძიკუს მხრებზე შემოუდია მცირე სამზადი სახლი და მდინარე ცხენისწყალი ისე გადმოულახავსო.

ლეგენდა ლეგენდად დარჩეს, საჯალაბო სახლი კი მართლაც მკვიდრი, მტკიცე და ლამაზი აუგიათ. მთხრობელები ამ სახლის აგებას ლაზ ოსტატებს მიაწერენ. საქართველოში და მთლიანად კავკასიაში ხის სახლების აშენებისა და მათზე ჩუქურთმების გამოყვანის დიდი ოსტატები იყვნენ ლაზეთიდან და რაჭიდან გამოსული ხელოსნები, რომლებიც ითვალისწინებდნენ იმ კუთხის ტრადიციებსაც, სადაც აშენებდნენ სახლებს და იმ დიდ ტრადიციებსაც იყენებდნენ, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

დავითაიების საჯალაბო სახლის საძირკველი ქვისაა. კედლები წაბლის ხის ფიცრისგან არის ნაგები. გადახურვა ორქანობიანია ხის ნივნივებზე და გადახურულია ყავრით. მისი ფართობი 80 კვმ-ია. საჯალაბო სახლი გეგმაში სწორკუთხაა და საფასადო მხარეს აქვს შეფიცრულიატაკიანი, ოთხსვეტიანი აივანი. ჭვირული მოაჯირი სილამაზეს ჰმატებს და მას პერიმეტრზე ხის სკამი გასდევს. აივნის თავხე-სხვენს ფასადი გახსნილი აქვს და იგი საბძლად გამოიყენებოდა. აივნიდან შემავალი კარით ვხვდებით მიწურ იატაკიან ოთახში, რომელსაც სოხანე ეწოდება და რომლის ცენტრში განთავსებულია კერა და შუაცეცხლი.

ერთი ოჯახის ისტორია

სახლი დავიათაიების საცხოვრისი იყო XX საუკუნის 30-იან წლებამდე. ამ დროს ოჯახის უფროსი ყოფილა ირაკლი დავითაია, მისი ცოლიც ონტოფოდან გახლდათ, მატა გოჩოლეიშვილი. მათ შვიდი შვილი შესძენიათ, სამი ვაჟი და ოთხი ქალი.

ირაკლი დავითაიას თავისი დროისთვის შეძლებულ და პატივსაცემ გლეხად მოიხსენიებენ. იგი ხის ხელოსნობის ცნობილი ოსტატი ყოფილა და ვაჭრობასაც მისდევდა. ამიტომ იყო, რომ XX საუკუნის 30-იან წლებში, როცა სოფლად კოლექტივიზაცია დაიწყო, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ირაკლი დავითაია კულაკად გამოაცხადა და განკულაკებაში მოაყოლა. მანამდე კი მას ძველი, მამაპაპისეული სახლის გვერდით ოდასახლი აუშენებია და საჯალაბო სახლს სამზადის ფუნქცია შეუძენია.

ოდაში საცხოვრებელი სივრცე სეგმენტირებულია და სამი ან ოთხი ოთახისგან შედგება. ოდას აქვს მისაღები ოთახი, საძინებელი, სტუმრის საძინებელი, საკუჭნაო-სამზარეულო. ოდასახლი, როგორც წესი, ხიმინჯებზე დგას: დაახლოებით 0,80-1 მეტრი სიმაღლის ქვის, ხის, ქვითკირის (ზოგჯერ აგურის) სვეტებზე. ამგვარი ჰაერაციის აუცილებლობას დასავლეთ საქართველოს ნესტიანი კლიმატი ქმნიდა, ასეთი შენობა კი გაცილებით ჯანსაღი იყო საცხოვრებლად. ნაგებობის ცენტრში ბუხარია განთავსებული.

ბედმა ისე ინება, რომ ირაკლისა და მატას ოთხი ქალიშვილიდან (თამარი, ივლი, ძიბუ, ანა) არც ერთი არ გათხოვილა და ღრმა სიბერემდე მიუღწევიათ. ბოლოს 1900 წელს დაბადებული თამარი გარდაცვლილა 91 წლის ასაკში. ოთხივე და გამორჩეული ყოფილა შესახედავადაც და ხელსაქმითაც. ადგილობრივ მღვდელს მათთვის წერა-კითხვაც უსწავლებია. საბედოს რჩევაში კი უოჯახოდ დარჩენილან (მამაჩვენზე ნაკლებ კაცს არ გავყვებოდითო). დებს ქსოვა სცოდნიათ. ქსოვდნენ საფეიქრო დანადგარზე (დგამ-სავარცხელზე), რომლითაც ბამბას ამუშავებდნენ და შესაბამის ქსოვილს ამზადებდნენ. ქარგავდნენ კიდეც, მატყლს ართავდნენ და ჩხირებით ქსოვდნენ. თავიანთი ამოქარგული ხავერდის მუთაქებითა და ყურთბალიშებით ჰქონიათ მორთული სახლი.

სამივე ვაჟს უმაღლესი განათლება მიუღია. დავითი ექიმი ყოფილა. იმ დროისთვის აბაშაში პირველი ამბულატორია დაუარსებია. მთავარ ექიმ ჯორჯიკიას

თავდაჭერილი და განათლებული დავითი სასიძოდ მოსწონებია და თავისი ქალიშვილი ნანი ჯორჯიკია მიუთხოვებია. სამწუხაროდ, შვილები არ შესძენიათ. დავითაიების გვარი ძმებს აკაკისა (კაკოს) და ალექსანდრეს (ალეს) გაუგრძელებია. ორივე ინჟინერი ყოფილა. სამკვიდროზე, მამა-პაპის ადგილას არ დარჩენილან. ახლა მათი შთამომავლები ცხოვრობენ ქუთაისში, ზესტაფონსა და თბილისში.

საბოლოოდ, მამაპაპისეულ ადგილს დები ანა და თამარი შემორჩენილან. მათვე მიუყიდიათ ძველი საჯალაბო სახლი მუზეუმისთვის 1975 წელს და თანხა შთამომავლებისთვის გაუნაწილებიათ. კარ-მიდამოში კი ირაკლი დავითაიას მიერ აგებული ოდასახლი დარჩენილა.

ამ ამბის შემსწრე, ახლა უკვე ხანდაზმული მეზობლები ინტერესით ყვებიან და ცოტა ინტრიგასაც ურევენ მონაყოლში, როცა გვესაუბრებიან ეთნოგრაფიული მუზეუმის მიერ შეძენილი საჯალაბო სახლის დაშლასა და მუზეუმში გადატანაზე - ადგილობრივმა ოსტატ-ხელოსნებმა ვერ შეძლეს მისი დაუზიანებლად დარღვევა და ამის გამო თბილისიდან ჩამოიყვანეს ოსტატიო. ხოლო სახლის ღირსებაზე საუბრისას ერთხმად დასძენენ, რომ მის ასაგებად არც ერთი ცალი ლურსმანი არ გამოუყენებიათო.

დავითაიების კარ-მიდამოში ისევ დავითაია დასახლებულა...

ამჟამად, ირაკლი დავითაიას სამკვიდროში მისივე მოგვარე, გია დავითაია ცხოვრობს. ბედს ასე უნებებია, რომ დავითაიების კარ-მიდამოში ისევ დავითაია დასახლებულიყო. მას აქაურობა 1989 წელს უყიდია.

ოდასახლიც გადაკეთებულია თანამედროვე ყაიდაზე. უცვლელი დატოვეს ოდის ტრადიციული და განუყოფელი ატრიბუტი, - ბუხარი ერთი საკვამურითა და სამი თვალით.

საცხოვრისის გვერდით და უკანა მხარეს სამეურნეო და დამხმარე ნაგებობანი გაუმართავს ახალ მფლობელს. აქ არის თანამედროვე ყაიდის მცირე ზომის სამზადი სახლი, კაპიტალური და ორიგინალური ფორმის მოსასვენებელი ფანჩატური, საქონლის სადგომი ბოსელი, საღორე, საქათმე, და რა თქმა უნდა, მეგრული და საერთოდ დასავლურ-ქართული კარ-მიდამოსთვის დამახასიათებელი აუცილებელი ატრიბუტი - ნალია.

ონტოფოსა და საერთოდ აბაშის რაიონში მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობაა. მაგრამ მთელ საქართველოში განსაკუთრებული მოთხოვნილებაა აბაშურ სიმინდსა და აქაურ სიმინდის ფქვილზე. სიმინდმა კი ონტოფოში, ისევე როგორც მთლიანად კოლხეთის დაბლობზე, ტრადიციული სამეურნეო კულტურა - ღომი და ფეტვისნაირები ჩაანაცვლა.

ეზო-კარი დღეისთვის დასავლურ-ქართული, მეგრული პეწით არის გაწყობილი. ჭიშკარს გასცდები და ოდამდე მარჯვენა მხარეს ხეხილის ბაღია, მარცხნივ კი მთელ სიგრძეზე ხასხასა კოინდარი. სახლის გვერდით ჭასთან ორი უზარმაზარი ხე დგას. ერთი მსხლის, მეორე კი რცხილის, რომელიც სავარაუდოდ, 200 წლის იქნება და სწორედ დავითაიების ტრადიციული საჯალაბო სახლის ხნოვანებისა უნდა იყოს.

ესეც ხომ ტრადიციაა - ჭასთან საჩრდილობლად აუცილებლად რგავდნენ კოპიტს ან რცხილას, რადგანაც, როგორც მთხრობელები გვიყვებიან, მათი ფესვები განსაკუთრებულად ფილტრავს ჭის წყალს.

დავითაიების სამკვიდროზე ცხოვრება გრძელდება!

მინაწერის მაგივრად...

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ონტოფოდან ჩამოტანილი საჯალაბო სახლი დღესაც ერთ-ერთი ;პოპულარულია;.

მარინა სირაძე (სახლის მეთვალყურე): - ონტოფოს სახლი გულგრილს არავის ტოვებს. განსაკუთრებით უცხოელებს მოსწონთ აქაურობა. ყოფილა შემთხვევა, მეორე-მესამე წელსაც ამოუკითხავთ მუზეუმში ამ სახლის სანახავად და სხვებიც ამოუყვანიათ. აინტერესებთ, როგორ ამზადებდნენ სადილს ჩვენი წინაპრები, როგორ თბებოდნენ მიწურ იატაკიან უზარმაზარ დარბაზში, საიდან გადიოდა კვამლი, საიდან შემოდიოდა მზის შუქი... განსაკუთრებით იმით ინტერესდებიან, როგორ და რა ;თანამიმდევრობით; თავსდებოდა მთელი სახლის სიგრძეზე გაჭიმულ უზარმაზარ ტახტზე (მაგრამ ერთადერთზე!) ოჯახის ყველა წევრი. ბოლოს და ბოლოს, როგორ მრავლდებოდნენ...

ამ და კიდევ არაერთ კითხვაზე პასუხს ჩვენს მკითხველს მომდევნო ნომრებში შევთავაზებთ და ასევე შევეცდებით, საქართველოს თითქმის ყველა კუთხის საცხოვრისი გავაცნოთ და სულ მცირე ხნით მაინც ;ვამოგზაუროთ; ღია ცის ქვეშ მუზეუმში გაცოცხლებულ წარსულში.

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”