"ორი ცოლი მყავს და ორივეზე ვგიჟდები... მაგრამ ვინც არ დამიჯერებს, წავა ამ სახლიდან" - კვირის პალიტრა

"ორი ცოლი მყავს და ორივეზე ვგიჟდები... მაგრამ ვინც არ დამიჯერებს, წავა ამ სახლიდან"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და არსებობს ოჯახები, სადაც ერთ მამაკაცს 2 ან 3 ცოლი ჰყავს. "ყველა სიახლე" სოფელ კაბალში მცხოვრებ ნოვრუზ ალმაზოვის ოჯახს ესტუმრა. სოფლის მოლა ოჯახში ორ ცოლთან და მეათეკლასელ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი პირველი მეუღლე სალია ალმაზოვა ქუჩაში შეგვხვდა და ოჯახში სწორედ მან მიგვიყვანა.

- 1966 წელს გავყევი ცოლად ნოვრუზს, გარიგებით შევქმენით ოჯახი. მოვეწონე, ჩემს მშობლებსაც მოეწონათ ბიჭი და გავყევი ცოლად. მე ვინ რას მკითხავდა? 12 წლის შემდეგ მოიყვანა მეორე ცოლი, ახლა ერთად ვცხოვრობთ და კარგად ვგრძნობთ თავს. წამობრძანდით და თავად ნახავთ ამას, არ ვჩხუბობთ, "ხოშიანად" ვუგებთ. ჩვენს მეზობელსაც ჰყავს სამი ცოლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვი ვერც ერთთან ვერ გააჩინა. ხომ არ გაშორდება ამ ცოლებს? კიდევ გვყავს ერთი ასეთი მეზობელი, მაგრამ ის არ ამბობს, რამდენიმე ცოლი რომ ჰყავს.

ალმაზოვების ეზოში ნოვრუზის მეორე ცოლი - ფატიმა შეგვეგება. როცა გაიგო, რომ მათ ოჯახზე ვაპირებდით სტატიის მომზადებას, ძალიან გაუხარდა. თავსაფარი გაისწორა და სურათების გადასაღებად მოემზადა.

- გარიგებით გავხდი ნოვრუზის ცოლი. მოვეწონეთ ერთმანეთის მშობლებს და მათ დაგვაქორწინეს. მაშინ პატარა ვიყავი, არც უკითხავთ ჩემთვის არაფერი. მოვიდნენ, წამიყვა-ნეს და გადავიხადეთ ქორწილი. ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა, სალიაც იყო ქორწილში. 75 წლის ვარ უკვე და სამივე ბედნიერად ვცხოვრობთ ამ სახლში. მე სულ სახლში ვარ, არც ბაზარი ვიცი სად არის და არც ქართულად ლაპარაკი შემიძლია. სალია არის საგარეო საქმეების მომგვარებელი, ის მიდის ბაზარში, მე სულ სახლში ვარ და ოჯახს ვუვლი. დილას ლოცვით ვიწყებთ. მერე ბავშვი მიდის სკოლაში, ბოსტანში ვმუშაობთ, სახლს ვალაგებთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა. ჩვენი ქმარი როგორც იტყვის ისე ვიქცევით, ქალი კაცს უნდა დაემორჩილოს. მორწმუნეები ვართ, ნოვრუზი ახლა მორჩება ლოცვას და ისიც დაგელაპარაკებათ.

ცოლებთან გასაუბრებისას ეზოში თავად ნოვრუზ ალმაზოვი გამოვიდა, პირველმა ცოლმა, სალიამ, გახარებულმა უთხრა, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვი, სურათები უნდა გადაგვიღონო და სახლში შეიყვანა.

ნოვრუზ ალმაზოვი:

- კაბალაში გავიზარდე, ყველა ევროპაში მიდის საცხოვრებლად, მე თელავში წავედი, როცა გავიზარდე, 12 წელი ვიცხოვრე იქ. ძალიან მომწონდა თელავი, დედაჩემი იყო თელაველი. 1957 წელს ისევ ამ ფუძეზე დავბრუნდი კაბალში. მერე ცოლი მოვიყვანე. ოჯახები შეთანხმდნენ სალიას ოჯახთან, მივედით და წამოვიყვანეთ სახლში. სალიას მერე ფატიმა მომეწონა, ვუთხარი ოჯახს და ესეც მოვიყვანე ცოლად. კარგი ქორწილი გადავიხადეთ. ორივე კარგად იქცევა, ორივე მიყვარს, ორივეზე ვგიჟდები, დინჯი ქალები არიან, მემორჩილებიან, ვინც არ დამიჯერებს - წავა ამ სახლიდან. სალია უფრო მამაცი ქალია, ყველაფერი იცის, ყველას იცნობს. მე ვარ მათი უფროსი და რაც მინდა, იმას ვავალებ.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.