ელდარ შენგელაია - "ჟვანია რომ მოკლული იყო, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ეს ამბავი დამალეს..."
"ზურა ზნეობრივი, ქრისტიანი ადამიანი იყო. მის კაბინეტში უამრავი ხატი ესვენა და ყოველთვის სანთლები ენთო..."
"შენ იჯიბავ ფულს, არ ფიქრობ ხალხზე და მხოლოდ ყვირიხარ - "გაუმარჯოს საქართველოს!!!"
"ზურაბ ჟვანია რომ მოკლული იყო, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ეს ამბავი დამალეს, მაგრამ არ იციან უგნურებმა, ამ ქვეყნად რომ არაფერი იმალება?!... ბიბლიაშია ნათქვამი - ყოველივე რაც დამალულია, ხილულ იქმნებაო... რა თქმა უნდა, მწყინს და მივსტირი ზურაბ ჟვანიას, იმიტომ რომ ზურა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ის გახლდათ ჩემი მასწავლებელი პოლიტიკაში"... - ამბობს ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც გარდაცვლილ მეგობარს ფილმს მიუძღვნის.
- ბატონო ელდარ, როგორც ვიცი, ფილმის გადაღებას იწყებთ, რომელიც თქვენს პოლიტიკურ წარსულს მიეძღვნება...
- ფილმის გადაღებისთვის საჭირო თანხებს კულტურის სამინისტრო დაგვპირდა და იმედი გვაქვს, მალე ყველაფერი მოგვარდება... ფილმის პირობითი სათაურია "სკამი" და ასეთი შინაარსი აქვს: - ყოფილი მინისტრი ახალი არჩევნების შემდეგ აღარ აირჩიეს, არადა, მას ისევ სურს პოლიტიკაში ყოფნა და არ სჯერა, რომ თავს ასეთი რამ დაატყდა. ჯერ კიდევ სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობს და ვინაიდან ახალ ხელისუფლებაში აღარ აირჩიეს, კანონის მიხედვით უნდა დაცალოს აგარაკი. მას მეუღლე ჰყავს, რომელსაც იმდენად დიდი გავლენა აქვს ქმარზე, რომ ფაქტიურად ის არის მინისტრი. ცოლი რასაც ეტყვის, მეუღლე ასრულებს, ცოლს კი არ სურს სამთავრობო აგარაკის დატოვება. ბოლოს რაღაც გარდატეხა იქნება ყოფილი მინისტრის ბუნებაში და იგი (დასაწყისში იქნება ეპიზოდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ლტოლვილები მინისტრს თხოვნით მიმართავენ, მაგრამ ის არავითარ ყურადღებას არ აქცევს და გამოყრის კიდევაც შენობიდან) გარდაიქმნება. მინდა, ადამიანური ისტორია იყოს. ამიტომაც საბოლოოდ მექრთამე მინისტრი ნორმალურ ადამიანად გადაიქცევა. მიხვდება, დამნაშავე რომ იყო და ცოდვა ჩაიდინა...
- ბევრი ადამიანი ამ ფილმში წინა ხელისუფლების დროინდელ მინისტრების ისტორიას დაინახავს. მაგალითად იმდენჯერ იქნა ნახსენები ვანო მერაბიშვილის მეუღლის გავლენა და მისი აგარაკიც...
- მე დაკონკრეტება არ მინდა. თქვენ ვანო მერაბიშვილი გაგახსენდათ, სხვას სხვა მინისტრი გაახსენდება... დაკონკრეტება რომ დავიწყოთ, უკვე დოკუმენტური ფილმი იქნება და მხატვრულ ფილმში ყველაფერი განზოგადოებული უნდა იყოს.
- ადრე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადეთ, როცა პოლიტიკიდან წავედი, მერეღა შევიტყვე, რომ ბევრი პოლიტიკოსი აგარაკებს იძენდა, ქრთამს იღებდა და სწორად არ ცხოვრობდაო...
- დიახ, ასე იყო და ეს განწყობა ფილმში აუცილებლად აისახება. მე ამდენი წლები ვიყავი პოლიტიკაში და აგარაკი არ მაქვს. ერთი ბინა მაქვს და სულ ეს არის. მანქანაც სამსახურის დროს მყავდა, მაგრამ ახლა აღარ მყავს... იმ დროს ბევრი გამდიდრდა და ეს უსინდისობაა. ჩვენს ხალხს მაშინ ძალიან უჭირდა. შენ კი იჯიბავ ფულს, არ ფიქრობ ხალხზე და მხოლოდ ყვირიხარ - "გაუმარჯოს საქართველოს!!!"
- ცნობილია, თუ რა ახლო მეგობრად თვლიდით ზურაბ ჟვანიას. მისი თხოვნით წახვედით პოლიტიკაში, მისი გარდაცვალების შემდეგ დატოვეთ... ახლახან გიორგი ბარამიძემაც განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს... ფილმში ამაზეც ხომ არ აპირებთ რამის თქმას?
- ზურაბ ჟვანია რომ მოკლული იყო, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ეს ამბავი დამალეს, მაგრამ არ იციან უგნურებმა, ამ ქვეყნად რომ არაფერი იმალება?!... ბიბლიაშია ნათქვამი - ყოველივე რაც დამალულია, ხილულ იქმნებაო... რა თქმა უნდა, მწყინს და მივსტირი ზურაბ ჟვანიას, იმიტომ რომ ზურა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ის გახლდათ ჩემი მასწავლებელი პოლიტიკაში. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, საქართველოს საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა, ჩვენ დღეს ასეთ გაჭირვებაში არ ვიქნებოდით. ზურაბი იყო უაღრესად განათლებული ადამიანი და განათლების გარეშე ვერავინ ვერაფერს მიაღწევს. ამასთანავე ძალიან ზნეობრივი, ქრისტიანი ადამიანი იყო. მის კაბინეტში უამრავი ხატი ესვენა და ყოველთვის სანთლები ენთო... რაც შეეხება ფილმს, "სკამი" მას ეძღვნება, მაგრამ უშუალოდ ზურაზე ცალკე ფილმი უნდა გადავიღო.
- ადრინდელ ინტერვიუში ასევე ახსენეთ, რომ ვიდრე ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო, თქვენ არ გაძლევდათ საშუალებას, პოლიტიკიდან წასულიყავით...
- დიახ, იყო პერიოდი, როდესაც კინოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ზურაბი მეუბნებოდა, შენ ავტორიტეტი გაქვს და ძალიან მჭირდებიო. იგი იმდენად მიყვარდა და პატივს ვცემდი, რომ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი... პოლიტიკაში გატარებულ წლებს არ ვნანობ. ერთგვარი გამოცდილება იყო. როდესაც პოლიტიკაში მოვედი, საქართველოში შუქიც არ იყო და ფილმს მაინც ვერ გადავიღებდი...
- გვახსოვს თქვენი როლი "ვარდების რევოლუციაში", ვარდით ხელში წინ რომ მიუძღოდით დემონსტრანტებს...
- დიახ, მეც ვმონაწილეობდი "ვარდების რევოლუციაში" და მიხეილ სააკაშვილს გვერდით ვუდექი. ვფიქრობდი, მიშა ბევრის გაკეთებას შეძლებდა, მაგრამ... თუმცა, ახლა რომ ყველაფერზე უარს ამბობენ, ესეც არ არის სწორი. უამრავი შეცდომა დაუშვა სააკაშვილმა და პირველ რიგში რუსეთთან ომი იყო მიუტევებული შეცდომა. თუმცა, კარგიც გააკეთა - ევროპასთან, ამერიკასთან დაკავშირება და სხვა... ცხოვრებაში შავიც უნდა დავინახოთ და თეთრიც. ციხის კადრები იმდენად საზარელია, დავიწყე ყურება და შემდეგ ტელევიზორი გამოვრთე. ვერაფრით შევძელი მეყურებინა.
- ჩვენი ქვეყნის მომავალს როგორ უყურებთ. ცნობილია, რომ თქვენი ძმის – გიორგი შენგელაიას პოზიცია ამ მხრივ ძალიან უიმედოა.
- სიმართლე გითხრათ ვიზიარებ ჩემი ძმის პოზიციას. ძალიან ბევრს მოველოდით, მაგრამ ეკონომიკა ჯერ-ჯერობით ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არ ჩანს ახალი ძალა. ახალგაზრდობას რომ შეექმნა ახალი პარტია, აუცილებლად მხარს დავუჭერდი. მომავალი ახალგაზრდობისაა, მაგრამ ასეთი პარტია რატომღაც არ იქმნება. ძალიან მეშინია, "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, მერე ერთმანეთთან არ დაიწყონ ბრძოლა და სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)