საქართველო - ის ცნობილი, ლამაზი შენობა - კვირის პალიტრა

საქართველო - ის ცნობილი, ლამაზი შენობა

თბილისის საკრებულოში დიდი ამბებია - დარგობრივი კომისიის 13-ვე თავმჯდომარე გადააყენეს (გადავირიე, აქამდე არ ვიცოდი - რა ჯანდაბად უნდოდათ ამდენი?!), საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიც მიაყოლეს და თქვენ რომ ამ "პროვოკაციას" წაიკითხავთ, ზაალ სამადაშვილიც მხოლოდ "რიგითი ქართველი მწერალიღა" იქნება და არა - დედაქალაქის საკრებულოს თავკაცი.

"ეს ყველაფერი - არაფერი", მაგრამ რამ გამაბრაზა, იცით? შიხიაშვილია ერთი მანდ, საკრებულოში, "ნაციონალური მოძრაობიდან" არჩეული, მაგათი მაჟორიტარი, უფრო სწორად - ყოფილი: "როგორც წესი და რიგია", ახლა გამოვიდა "ნაცმოდან", თავზე ნაცარი წაიყარა და ამდენ ხანს რა მინდოდა იმ ჩათლახებთანო? - გაოცებული კითხულობს!

ჰოდა, მაგ კაცს უპირებენ გათავმჯდომარეობას, როგორც "ოცნების" წარმომადგენელს და რომ ვთქვი, - გავბრაზდი-მეთქი, სწორედ მაგიტომ: რომ ვზივარ ამ ოცი წლის კომპიუტერთან და როგორც 12 წლის წინ, ისევ ისე ვკბენ მთავრობასაც და ოპოზიციასაც, ჭკუა ვერ უნდა ვისწავლო?! ოე, პროვოკატორ, "დააყე, რა", უზრუნველ სიბერეზე მაინც იფიქრე - აი, ხალხი, "მხედრიონიდან" დაიწყეს და... ეეეჰ...

მაჟორიტარზე გამახსენდა (ამჯერად, პარლამენტის მაჟორიტარები), ოღონდ კარგი ამბები, თანაც - ორი: პირველი - ელისო ჩაფიძე, პარლამენტის წევრი და ჩემი კოლეგა-ჟურნალისტი გათხოვდა; მეორე - ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ინტელექტკლუბ - "რა? სად? როდის?" ვეტერანი მოთამაშე გედევან ფოფხაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებით იმუქრება, თუკი მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება არ მოხდება და შესაბამისად - ამომრჩევლებისათვის პირობის შესრულებას ვერ შეძლებს!

ელისოს, რა თქმა უნდა, ვულოცავ თქვენთან ერთად და მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, თავისი ლეგენდარული ხაჭაპურის "დანიშნულებისამებრ გამოცხობას" შეძლებს; რაც შეეხება ფოფხაძეს, ვინმეს იქნებ გაუკვირდეს, სასიხარულო რა არის მაგ ამბავშიო? რა და, პირველი კაცია, ვინც პასუხისმგებლობა იგრძნო და დაპირებულის შეუსრულებლობა "უტყდება"!

"პროვოკატორის" რადიო-ტელეეთერშიც და ეთერს გარეთაც, ამ თვეების მანძილზე, ხშირად მისაუბრია (აღარაფერს ვამბობ გასული "ცხრაწლიანი რენესანსის" პერიოდზე) მაჟორიტარ დეპუტატებთან და ვისაც უნდა ეწყინოს, სიმართლეს ვიტყვი (ეეე, მაინც ვერ ვაჩერებ ენას, "შეკაზმული ცხენი" არა, ბუს კვერცხები...): არავისგან არ მიგრძნია წუხილი იმის გამო, რომ ამომრჩეველთან, ცოტა არ იყოს და, პირშავად არიან და არჩევნების შემდეგ ზოგიერთი საერთოდ არ ყოფილა თავის რაიონში.

ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო: სხვა მიზეზებით, მაგრამ აქტიური საუბარი მიდის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე და ძალიან კარგი იქნება, თუკი მართლა ასე მოხდება: თან უფრო დინჯად აირჩევს ხალხი, ეიფორიის გარეშე, განსაკუთრებით - მაჟორიტარებს და თანაც, "ნაცმოძრაობა" კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს მიიღებს. გამახსენდა, მესამე მიზეზიც მაქვს: იქნებ მეც მოვინდომო მაჟორიტარობა!

ერთი წინადადება მექნება ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით: ამ დღეებში ერთმა ქართულმა ტელეარხმა სიუჟეტი უჩვენა, ექსპერტიზის ბიუროში "ქალიშვილობის ცნობების" გაცემის შესახებ. ჰოდა, ცესკომ კანდიდატებს სხვა საბუთებთან ერთად, ამ ბიუროში გაცემული ცნობა უნდა მოსთხოვოს, რომ ადრე არ ყოფილან პარლამენტის წევრები ანუ "უბიწოები" რომ არიან.

ჰო, მართლა, ერთმა ინიციატივამ თუ არ შემიშალა ხელი: "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მანანა კობახიძე ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა და დაჰპირდა, - კანონს მივიღებთ და ყველა არჩევით ორგანოში მინიმუმ, 30% ქალი იქნებაო! ასე რომ, მამაკაცების შანსი მცირდება... ისე, იმას უნდა დავურეკო, კესარიას, ჰოდა, ვკითხავ, ძალიან მტკივნეული თუ არ არის, იქნებ ვიფიქრო და თუკი სამშობლოს ჩემი დეპუტატობა დასჭირდა და მხოლოდ ქალების კვოტაში დარჩება ადგილი.

p.s. ხუმრობა და მაიმუნობა იქით იყოს და "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერთან დაკავშირებული კვერცხების სროლის ამბები არ მომწონს (ჯერ ბოლო - თბილისის პრაიმერის შედეგები არ ვიცი; შედეგები "კვერცხ-ბოთლების სროლის" თვალსაზრისით, თორემ ისე, მალაშხია რომ ვერ მოიგებს, კი ვხვდები).

არ მომწონს იმიტომ, რომ ორი კვერცხისა და სამი ბოლოკის, თუნდაც წყლით ნახევრად სავსე პოლიეთილენის ბოთლის სროლის შემდეგ, მავანმა უკვე სამთევლევროპოდ გასაგონად იკივლა: არიქა, გვჩაგრავენო. ბოკერიამ, 100-ლარიანი ჯარიმა რატომ აკმარეთ, თქვენი მოგზავნილები თუ არ იყვნენო (ვითომ 1.000-ლარიანის შემთხვევაში კმაყოფილი იქნებოდა და თუ მართლა ხელისუფლების ხალხი იყო, "მასკიროვკისთვის" მეტად ვერ დააჯარიმებდნენ და თვითონვე ვერ გადაუხდიდნენ?)!

ამასობაში ქ-ნი ჩერგოლეიშვილი, მისი მეუღლე პრეზიდენტს საყვედურობს, - შენ შენი თავი მთელი ქვეყანა ხომ არ გგონიაო?!

მოკლედ, საქართველოში ცხოვრება ძველებურად გრძელდება ანუ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს (უზრდელი რომ ვიყო, იმ ფრაზას ვიტყოდი, სანაპიროზე მდგარ ლამაზ შენობას რომ ეძახდნენ ადრე და ახლა რომ საქართველოს ბანკია)!