ეთერ კაკულია - ქალი რომ გულზე ქალიშვილობის მოწმობას ჩამოიკიდებს, კარგი სანახავი იქნება?
"ერთი მოთათუნება ლოყაზე და ყველა კაცი არაჩვეულებრივი ხდება, სულ არ ჭირდებათ ქალიშვილობის მოწმობები"
ე.წ. ქალიშვილობის მოწმობამ საზოგადოების ვნებათაღელვა და არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია... აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის კიდევ ერთ კოლორიტს - მომღერალ ეთერ კაკულიას გავესაუბრეთ.
- ქალბატონო ეთერ, მთელი კვირაა აჟიოტაჟი არ ცხრება ქალიშვილობის მოწმობასთან დაკავშირებით...
- რაოო?... შაყირობთ, თუ მართლა სერიოზულად მეუბნებიით? მსგავსი არასოდეს არაფერი გამიგია. მართლა ვინმემ დააწესა ეგ?! ქალიშვილობის მოწმობა რაღა სისულელეა, ვინ უნდა გასცეს, რა, უნდა დასინჯონ ქალები?! ასეთი რამ სად გაგონილა?! გენაცვალე, როგორ შეიძლება ასეთი რამ?! იმდენად აბსურდია, ფილმის გადაღება შეიძლება. თუ იცით, საზღვარგარეთ მსგავსი რამე არსებობს? ან მამაკაცი თუ მოითხოვს, ქალს ეგეთი მოწმობა ჰქონდეს, ეგ კაცი რაღა მამაკაცია, ამიხსენით რა?! მაპატიეთ, ეტყობა ამ ხალხმა სულ გააფრინა და სატირლადაც აღარ ღირს, თუ გაიცინებს ამაზე ადამიანი, თორემ...
- ახლა რომ ახალგაზრდა, გაუთხოვარი ქალბატონი იყოთ და მსგავსს საბუთს გთხოვდეთ ვინმე, მაშინ როგორ მოიქცეოდით?
- მაშინაც მოვკვდებოდი სიცილით. აბსოლუტურად არ გავბრაზდებოდი, რადგან ასეთ კაცთან მაშინვე ურთიერთობას გავწყვეტდი. ჩემი მეგობარი რომ გათხოვდა და ბავშვი შეეძინა, ქმარმა მოთხოვა წავიდეთ, ანალიზები ჩავიტაროთ, მაინტერესებს, ბავშვი ჩემი არის თუ არაო. ჩემმა მეგობარმა არაფერი უპასუხა, ბავშვი თავის გვარზე გადაიყვანა და ქმართან სამუდამოდ გაწყვიტა ურთიერთობა. გაგიჟდა ქალი, ეს რა მაკადრაო?!.. ჰოდა ასეა ახლაც. ვინც მოწმობას მოითხოვს, ის კაცი ნორმალურად არც შეიძლება ჩაითვალოს. ან წარმოიდგინეთ, ქალი რომ გულზე ქალიშვილობის მოწმობას ჩამოიკიდებს, რა კარგი სანახავი იქნება? ანუ ქალიშვილობის მოწმობა თხოვდება, ქალი კი არა. ვაი, საწყალი გოგოების ბრალი ჩვენს ქვეყანაში.
- გენდერულ თანასწორობაზეც რომ ვისაუბროთ. მაგალითად, ევროპის ორგზის ჩემპიონი ჭიდაობაში და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, 22 წლის დავით მარსაგიშვილი ამბობს - გოგო თუ მიქარავს, წარმომიდგენია, როგორ ვცემ. გოგომ, რომელსაც სერიოზულად შევხედავ, გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი არ უნდა დამიწყოს. ჯერ კაცია და მერე ქალიო!
- ეს ბიჭი ვინ არის, ქართველია თუ უცხოელი?! რაო, ქალი თუ ენას შემომიბრუნებს, გავარტყამ კიდეცო? რაებს მეუბნებით, საერთოდ ჭკუაზე აღარ დამტოვეთ. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ რაც შეიძლება მეტი დაუთმონ ერთმანეთს. შეპასუხება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ხუმრობით. შეიძლება, ცოლმა და ქმარმა, ან შეყვარებულებმა გააბრაზონ ერთმანეთი, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით უნდა დამთავრდეს. ასე ვუყურებ მე ამ ცხოვრებას და ამიტომაც ვუყვარვარ ყველას. საერთოდ კაცებს ძალიან ხშირად მოფერება სჭირდებათ. ეგენი, როგორც კატები, ისე არიან. კატებს რომ უყვართ მოფერება, ისე უყვართ კაცებსაც და ამიტომაც ერთი პატარა ხელის მოთათუნება ლოყაზე და ყველა კაცი არაჩვეულებრივი ხდება, სულ არ ჭირდება ქალიშვილობის მოწმობები.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)