აპკი, ყანწი და ტაბურეტი - ქართული ტურიზმის გადასარჩენად! - კვირის პალიტრა

აპკი, ყანწი და ტაბურეტი - ქართული ტურიზმის გადასარჩენად!

უკვე რამდენი წელია ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ვცდილობთ. ვიცით, რომ გვაქვს უძველესი კულტურა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ულამაზესი ბუნება და ა.შ. თუმცა, თუ გადახედავთ ნებისმიერი ქვეყნის სარეკლამო რგოლებს, შენიშნავთ, რომ ყველა მათგანი ერთი პრინციპით არის გაკეთებული და ერთსა და იმავეზე აკეთებს აქცენტს. იმისთვის, რომ ვიყოთ გამორჩეულნი, მსოფლიო ტურიზმს უნდა შევთავაზოთ რაიმე ახალი, თამამი, ის, რაც საქართველოში ჩამოსულებს არასოდეს დაავიწყდებათ. წარმოგიდგენთ ჩემს სამპუნქტიან გეგმას. დიდი იმედი მაქვს, რომ ტურდეპარტამენტის უფროსი თამამი კაცია (რავი, აფერისტობას და ავანტიურისტობას კი აბრალებენ) და მოძველებული, მამა-პაპური მეთოდების მაგივრად ინოვაციურ პროექტებს შეუწყობს ხელს.

სპეციალურად ტურისტებისთვის, თამაში "იპოვე არაქალიშვილი"

ამ დღეებში ბი-ბი-სიზე გამოქვენდა სტატია, სადაც ქართულ "ინოვაციაზე" - ქალიშვილობის პასპორტზე იყო საუბარი. როგორც სტატიის ავტორმა სამართლიანად აღნიშნა, დოკუმენტის გაკეთების ფასი 160 ლარს აღემატება, ქვეყანაში კი საარსებო მინიმუმი 150 ლარია. განა რაიმე უფრო მოწმობს ქართველი ქალის სიწმინდეზე, ვიდრე მისი მზადყოფნა, ერთი თვის საარსებოზე უარი თქვას, ოღონდ თავისი უმანკოება დაამტკიცოს? თუმცა ჩვენშიაც გამოერევიან აღვირახსნილი დიაცები, რომლებიც სამართლებრივ და მორალურ დასტურს არ ელოდებიან და, ჰოი საოცრებავ, ქორწინებამდელი სექსით არიან დაკავებული (თუმცა ეს მხოლოდ ვაგინალურ პენეტრაციას ეხება, მთავარია, აპკი იყოს ხელშეუხებელი, სხვა შესასვლელები, როგორც წესი, ღიაა საკმარისად მიზანდასახული ჭაბუკებისათვის). ეროვნული ინტერესებიდან (წაიკითხე: ლეჩაქის სიწმინდის შენახვა პერვოლის გამოუყენებლად) გამომდინარე, საჭიროა ამ ინდივიდების ამოცნობა, გასაჯაროება, თავზე ლაფის დასხმა, შემდეგ მობანა და შესაბამისი დოკუმენტ-იარლიყით აღჭურვა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ტურისტების დიდი რაოდენობა მივიღოთ ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანური ქვეყნებიდან, სადაც, როგორც ამბობენ, არაპატიოსანი ქალები თითზე ჩამოსათვლელად ჰყავთ. თავგადასავლების მოყვარული ფუნდამენტალისტები არა მხოლოდ დიდ ფულს გადაიხდიან ახალგაზრდობის გახსენებაში, არამედ ჩვენც გაგვიზიარებენ თავიანთ უნიკალურ გამოცდილებას.

ექსტრემალური სმა - შემოიარე 12 ოჯახი ერთ ღამეში

დასანანია, მაგრამ ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან ვერ დააფასებენ ჩვენს ღვინის კულტურას. როგორც მოგეხსენებათ, ქალიშვილების დევნას გონების სრული სიფხიზლე სჭირდება, ამიტომაც ამ სფეროში გათვლა სხვა სეგმენტზე უნდა გავაკეთოთ. ამ საქმისთვის თითქოსდა თავად ბედმა მოგვათავსა დიიიდი რუსეთის გვერდით, რამეთუ არ არს უკეთესი (მსმელი) ტურისტი, ვიდრე რუსო-ტურისტო. რუსი ხალხის ქართველებთან სიახლოვე იმდენად ინტიმურია, რომ ჩვენ ერთმანეთისგან სულ რაღაც 40 კილომეტრი გვაშორებს. მაშ, გავარღვიოთ ორ ერს შორის არსებული ბარიკადები (პირდაპირი მნიშვნელობით) ან კიდევ უკეთესი, გავარღვევინოთ მათ ეს ბარიკადები, ქართლის დედას მეორე ხელშიც დავაჭერინოთ ჯამი და აღვაშენოთ ქვეყანა ერთად.

ინგლისში ასეთი ტრადიცია არსებობს, - მეგობრები პარასკევს საღამოს იკრიბებიან და ერთი პაბის ნაცვლად 10-15-ს მოივლიან, ლუდს ყოველ მათგანში დააჭაშნიკებენ და მეორე დღეს, ვინც ცოცხალი დარჩება, ადარებენ, რომელი იყო უკეთესი. ამ ტრადიციის ჩვენთან შემოღება ძნელი არ იქნება, შევცვალოთ ლუდი ბაბუის ჭაჭათი ან ღვინოთი, პაბები კი სტუმართმოყვარე ოჯახებით. რამდენად შევა ამ საქმიანობისგან ბიუჯეტში ფული, ძნელი სათქმელია, თუმცა მინერალური წყლების ბიზნესი რომ გაიფურჩქნება, ამას თქმა რად უნდა.

ველური ნადირობა ჰომოსექსუალებზე, ტაბურეტით

როგორც ზემოთ გავარკვიეთ, ჩვენი ახალი მეთოდიკით მოსაზიდი ტურისტების დიდი სეგმენტი ჩვენი ჩრდილოელი ძმებისა და ახლოაღმოსავლელი ფუნდამენტალისტებისგან შედგება. თითქოსდა მათ არაფერი აკავშირებთ, მაააგრამ... აქ იწყება ჩემი გეგმის ფინალური ნაწილი, ყველაზე მასშტაბური მოვლენა მთელ ამიერკავკასიაში, ყოველწლიური "ველური ნადირობა პედერასტებზე". საქმე ის არის, რომ რუსებსაც და ჩვენს სხვა მეზობლებსაც ძალიან არ უყვართ სექსუალური უმცირესობები, მაგრამ რადგანაც ჩვენ ევროპა ვართ, მათ არსებობას მეტ-ნაკლებად უნდა შევეგუოთ. თუმცა, თუ წელიწადში ერთხელ გამონაკლისს დავუშვებთ, მაინცდამაინც არც ევროკავშირი გვიწყენს (ჰამარბერგს სალაპარაკოც გაუჩნდება, უსაქმოდ ხომ არ დავტოვებთ) და ქვეყანასაც წაადგება. მე ეს მოვლენა ასე წარმომიდგენია: ერთი მხრიდან რუსთაველის პროსპექტზე და მეორე მხრიდან თავისუფლებაზე იკრიბება ათიათასობით მართლმადიდებელი რუსი და მუსლიმანი მეზობელი ქვეყნებიდან. ისინი ერთმანეთის ზიზღს ივიწყებენ, რაც თავისთავად მშვენიერია და ბარიკადებთან სულის კანკალით დგანან. ყველა მათგანს ურიგდება "ტაბურეტები", სათანადო სიმბოლიკით (+500 ზიანი მტერს, +200 კურთხევა შენ და შენს მოკავშირეებს, სიმამაცის აურა). იმავდროულად, ალექსანდრეს ბაღში, ბარიკადებს მიღმა, 25-30 "ცისარტყელას პირმშო" იკრიბება. დათქმულ დროს ყოჩაღი პოლიცია ყურადღებას ადუნებს (მიზანმიმართულად) და შეკრებილებს ბარიკადების განგრევის საშუალებას აძლევს. აუცილებელია, რომ ამ დროს ცისარტყელას შვილებთან მიირბინოს მალხაზმა პოლიციელმა და პომპეზურად, საყვირების ჭყვიტინის თანხლებით, დაუყვიროს: "ახლა მო...ებათ დედები, გაიქეცით!". აბა რა, მსხვერპლი უნდა გააფრთხილო, თორემ ველურ და ხეპრე ესპანელებს დავემსგავსებით, იმ თავიანთი კორიდით რომ ბლატაობენ. ესეც ასე, ველური ნადირობა იწყება. ისინი, ვინც საღამოს 8 საათამდე იდენტობის ოფისთან შეძლებენ მიღწევას, ფულადი პრიზითა და რომელიმე ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრით დაჯილდოვდებიან, ისინი კი, ვინც გემოზე დაჯეჯგვავს "პეროიანებს", საზოგადოების თვალში ერთბაშად რამდენიმე საფეხურით მაღლა აინაცვლებს და ნანატრი "მუჟიკის" რანგსაც გაიჩარხავს.

"ბიბისი" ჩვენთანაა, გვეშველება, ამინ!