მამა ელიზბარი: სტრიპტიზ-კლუბში ჩოხითა და ხანჯლით წავიდოდი?
გიორგი გაბედავას საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე(იხ. სტატიის სრული ვერსია) კომენტარი, წმინდა სამების საკათედროს ტაძრის დიაკონს მამა ელიზბარ დიაკონიძეს ვთხოვეთ:
- ღმერთმა შეუნდოს გიორგისაც და მამამისსაც რასაც ეგენი ბილწობენ. მინდა მათ გასაგონად ვთქვა – ზურგს უკან ლაპარაკში რომ მაგრები არიან ორივე მამა-შვილი, მოვიდნენ და მნახონ პირადად. გიორგი ორჯერ დავიბარე ჩემთან, შვილო, შემხვდი და მამაშვილურად ვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ არ მოვიდა. ხომ იცით "დათა თუთაშხიაში", დათა რომ ამბობს: "დურუ ძიგუას რომ ესვრით, ის კაცები ხართ თქვენო ", ჩემდა სამწუხაროდ, ეგეთი კაცები არიან ეგენი, არადა, გიორგი თავიდან ბევრ კარგს იმსახურებდა თავისი შემართებით და გამოსვლებით. რისი უფლებადამცველია, საკუთარ ენას ვერ უვლის. უფლებადამცველი ენას და გრძნობებს უნდა აკონტროლებდეს.
-გაბედავამ ახსენა, რომ თქვენ მღვდელმსახურება გაქვთ შეჩერებული.
- არაა მართალი, ელემენტარულად დაუფიქრდით: სადაც ჩემი ინტერვიუა თუ კომენტარი, ყველგან წერია – წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი, თუ მე მართლა შეჩერებული მაქვს მღვდლობა, მაშინ საპატრიარქო ამაზე არ გააკეთებდა განცხადებას? პირველივე სათაურზე ექნებოდა საპატრიარქოს პრესამსახურს შესაბამისი რეაქცია.
- მან აგრეთვე ბრალი დაგდოთ მრუშობაში, ვითომდა ზაზა გაბედავამ თქვენ გაჩუქათ ფული, რაც თქვენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებში დახარჯეთ. დამეთანხმებით, ეს სასულიერო პირისთვის საკმაოდ მძიმე ბრალდებაა...
- ზაზა გაბედავა დახეული პალტოთი დადის და ძალიან ცუდ დღეშია (ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ) და რისი ფულის მჩუქებელი იყო?! რომც ეჩუქებინა, სად მიყურა, მე სად ვიარე და რა ვაკეთე? ერთადერთი სურათი გადამიღო და დადო ინტერნეტში, სადაც მე ჩოხით და ხანჯლით ვარ. ამ სურათს მიწერილი აქვს, ვითომ სტრიპტიზ კლუბშია გადაღებული, სტრიპტიზ-კლუბში ჩოხითა და ხანჯლით წავიდოდი? მაგ ხალხს ვურჩევდი, მიხედონ თავიანთ სულებს და სხვის სულში ხელის ფათურს თავს თუ დაანებებენ, უკეთესი იქნება. ვერ ვხდები, რაში დაჭირდა ამ პატარა ბავშვს 50 წელს გადაცილებული მამაკაცთან შერკინება, ხომ გაგიგიათ ვაჟას სიტყვები : "ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველებოდესო". ის, რომ ზაზა გაბედავა აქ ვერ ჩამოდის, მისი დანაშაულებრივი წარსული ბრალია და არა მისი ზვიადისტობის. ზვიადის გამო ვინც იყო დევნილი, ყველა დაბრუნდა და ზოგს თანამდებობებიც კი აქვს.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)