"საუცხოო სნობიზმი", ანუ უინძორთა მემკვიდრე საქართველოსაც გაუჩნდა...
ქართველების ნაწილი ქეით მიდლტონთან ერთად "იჭინთებოდა"
თითქმის ერთი კვირაა, ნახევარი საქართველო თუ არა, ქართველების დიდი ნაწილი მაინც, ქეით მიდლტონთან ერთად "იჭინთებოდა" და როგორც იქნა, ინგლისის ტახტის მემკვიდრე შვეს. ჩვენთან სოციალურ ქსელებში პატარა მემკვიდრის დაბადებას თოფის გასროლა არა, მაგრამ ისეთი შეძახილები მოჰყვა, ზოგიერთ ნაცნობ-ახლობელს აღტყინებული სტატუსების გამო - "ბიჭია! ბიჭი!" "ვაჟკაცი დაიბადა!" და ა.შ. - კინაღამ ოჯახის წევრის დაბადება მივულოცე. იმათ კი სნობური ქედმაღლობით მიპასუხეს, - ეე, სადა ბანაობ, ქეითმა იმშობიარაო.
ღმერთმა დალოცოს ინგლისის ტახტის მემკვიდრე და სამეფო კარი. შესანიშნავია კარგი ოჯახის გამრავლება და ახალი ადამიანის დაბადება, მაგრამ მისი დაბადებით გამოწვეული ქართველთა ემოციები გადამეტებულად მომეჩვენა და ორიოდე წლის წინ მომხდარი ერთი ძალიან კარგი ამბავი და ამასთან დაკავშირებული ჩვენი ხალხის რეაქცია გამახსენდა: 2011 წლის 27 სექტემბერს დაიბადა პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, ანა და დავით ბაგრატიონების ვაჟი, ორი სამეფო შტოს სამუდამოდ გამაერთიანებელი. მას, როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელს, ეტიკეტის შესაბამისად, ნებისმიერ სამეფო ოჯახში მის უდიდებულესობად მოიხსენიებენ, მაგრამ სოციალურ ქსელებში ამ ტიტულით მოხსენიებას ამბავი მოჰყვა!.. რა უდიდებულესობა, რა ტახტის მემკვიდრე, ეგ ასეთი და ისეთი მშობლების შვილიო. რა მეფე, რის მეფეო!.. მოკლედ, ხალხის ნაწილი ფსიქოზმა შეიპყრო და არა მარტო ახალშობილის დალოცვა დაავიწყდათ, ერთი ამბავი ატეხეს, რაღა დროს უფლისწულობა და ტახტის აღდგენაზე ფიქრია, ეგ ამბავი 210 წლის წინ დამთავრდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო ტახტი მიიტაცაო!..
რუსეთს ვგმობთ, მტერს, მათხოვარს, უნამუსოს და ოკუპანტს ვუწოდებთ და უცნაურია, რომ როგორც კი ქართული სამეფო ოჯახის ამბებს ან ტახტის აღდგენას ეხება საქმე, გავკივით, რუსებმა ეგ ყველაფერი დიდი ხნის წინ დაასამარეს და მეფობაზე ლაპარაკიც მოკვდაო. ტახტის წართმევის შემდეგ რუსული იმპერია ბაგრატიონების დაუძინებელ მტრად იქცა და მათ არათუ ხმაურიანი ქორწინების უფლება და შესაძლებლობა არ ჰქონდათ, სასტიკად უსწორდებოდნენ. 1924 წლიდან ბაგრატიონების გვარის ჟლეტა ბოლშევიკების ჩვეულებად იქცა. მარტო ერთ ღამეში ბაგრატიონთა გვარის 20-ზე მეტი ქალი, კაცი და ბავშვი დახვრიტეს. ეს სისხლიანი ისტორია "აივნების" დახვრეტის სახელით დარჩა საქართველოს უახლეს მატიანეში. სოფელ აბანოში მცხოვრებ ბაგრატიონ-დავითიშვილებს ბოლშევიკები ეზოდან ეძახდნენ და აივანზე გამოსვლისთანავე ხვრეტდნენ. ამ ტრაგედიას მაშინ ერთადერთი ბავშვი გადაურჩა, გივი ბაგრატიონი, რომელიც გარეთ ავადმყოფობის გამო ვერ გავიდა.
პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის დაბადება საინტერესოდ დაემთხვა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავს. აფხაზეთის დაცემის დღეს პატარა ბიჭის მოვლინებით ერთმანეთთან მოქიშპე ბაგრატიონების ორი შტო დაზავდა, გაერთიანდნენ, საქართველოს გაერთიანებაც ხომ საუკუნეების წინ აფხაზეთიდან დაიწყო...
მონური სნობიზმის მსგავსი რამ გვჭირს. ჩვენიანის წარმატება არ გვახარებს, გვშურს, გვძულს, უცხოსთვის კი ვგიჟდებით.
ასე იყო პრინცი უილიამის და ქეითის ქორწინების დროსაც. პოპულარული წყვილის ამბავს, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც ბევრი ზეიმობდა. თუმცა, მანამდე, 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვარდაწერილი ანა და დავით ბაგრატიონების წყვილი კინაღამ ლაფში დავახრჩვეთ. სად ქეითი და უილიამი და სად - ანა და დავითიო?! - იტყვიან, ალბათ, სკეპტიკოს-ცინიკოსები, ისინი, ვინც ანას და დავითის ქორწინებამ და პატრიარქის განცხადებამ, რომ სამეფო ტახტი უნდა აღდგეს, ისე გააცხარა, ბაგრატიონების გვარის ერის წინაშე დამსახურებაც კი საეჭვო გახადეს (ბაგრატიონების დინასტია ერთ-ერთი უძველესი და ალბათ, ერთადერთია, რომელსაც არასოდეს აჯანყებია ხალხი (არ იგულისხმება თავკერძა თავადები, რომლებიც მეფისგან ძალაუფლების გაძლიერებას მოითხოვდნენ). მეტიც, რუსეთის იმპერიამ კაცი ვერ იპოვა საქართველოში, რომელსაც დიდი გასამრჯელოს ფასად იმერეთის მეფის, იმპერიასთან შეუგუებელი სოლომონ მეორის მოსაკლავად დაიყოლიებდა. ხალხი მზად იყო კბილებით დაეცვა მეფე. ახალდაქორწინებულ წყვილს არანაირი პრეტენზია და სურვილი არ განუცხადებია საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენაზე და ალბათ, თვალში საცემ ქორწილსაც არ გადაიხდიდნენ, რომ არა უწმინდესის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ილია მეორე შეუძლოდ გახდა და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, სამღვდელო პირები აცხადებდნენ, რომ ქორწილში მისი არყოფნა არაფერს ცვლიდა - ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო.
თავიდანვე ითქვა, რომ ჯვრისწერის რიტუალს საქართველოს პატრიარქი ჩაატარებდა. მისმა მოულოდნელმა ავადმყოფობამ კი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამბობდნენ, ვიღაცას სურდა, ამ ზეიმს პატრიარქი ჩამოშორებოდა, რათა ჯვრისწერაში მისი მონაწილეობა ხალხს მეფის კურთხევად არ აღექვაო.
მავანთY სამეფო ტახტის აღდგენაზე ლაპარაკი ძალიან რომ აღიზიანებდა, ამას ბაგრატიონების გვარის მიმართ გაუგებარი ზიზღი, დაპირისპირება და მუქარაც მოწმობდა, რაშიც სამეფო ოჯახის ახლობლები ხშირად წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. ანა და დავით ბაგრატიონები კი იძულებული გახდნენ, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებლად ესპანეთში წასულიყვნენ, სადაც პატარა გიორგი დაიბადა. მას სახელი ბაბუის - მამის მამის - პატივსაცემად დაარქვეს. სწორედ უფროსი გიორგი ბატონიშვილი ყოფილა მოწადინებული, დავითსა და ანას ჯვარი დაეწერათ. ის ვერ მოესწრო ოცნების ასრულებას - ჯვრისწერამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.
როდესაც სოციალურ ქსელებში ინგლისის ტახტის მემკვიდრის დაბადების გამო ატეხილ ქართველთა ყიჟინას გამოვეხმაურე, საკუთრის ვერდამნახავმა და სხვისით აღფრთოვანებულმა ზოგიერთმა ქართველმა მიპასუხა, სად ბაგრატიონები და სად უინძორებიო. ხმამაღლა თუ არ აღიარებთ, გადახედეთ ორივე დინასტიის ისტორიას, მათ ხანდაზმულობას და მერწმუნეთ, სიამაყის გრძნობა თუ არ გაგიჩნდებათ, ამ "უცხოურ სნობიზმს" მაინც დასძლევთ. გულში მაინც დამეთანხმებით, რომ დასანანია, ყოველთვის უცხოური გერჩივნოს ქართულს. ასეთი ადამიანების ერთობას კი ვერც რუსზე და ვერც სხვა დამპყრობელზე მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს. დიახ, ვერც ერთი მეფე ვერ გაამთლიანებს ერს, რომელსაც ღირსეული შვილები არ ეყოლება. მერე რა, რომ ანა და დავით ბაგრატიონები მონარქები არ არიან და მეტიც - მე ისინი შეიძლება არც კი მომწონდეს საამისოდ, ბაგრატიონების პატივისცემა პირველ რიგში პატრიარქის კურთხევის აღსრულებად და ასევე რუსეთისადმი პროტესტის გამოხატვად მიმაჩნია...