"წელს ბაღის გარეშე დაახლოებით 20 ათასი ბავშვი დარჩება"(!)
"რა ქნან ჩემნაირებმა, ვისი შვილიც საბავშვო ბაღის მიღმა აღმოჩნდა?"
"ბაღები პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა"
საბავშვო ბაღში მითხრეს, რომ 20-ში იწყებოდა რეგისტრაცია მათთვის, ვინც პირველად მიდიოდა სკოლამდელ დაწესებულებაში. გამაფრთხილეს, რომ როგორც კი რეგისტრაცია დაიწყებოდა, საიტის მეშვეობით შემევსო აპლიკაცია. ასეც მოვიქეცი, მაგრამ რაიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სახელმწიფო სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილი აღარ აღმოჩნდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით - არც უმწეოთა კატეგორიას ვეკუთვნი, მაგრამ არც იმის შესაძლებლობა მაქვს, კერძო ბაღის საფასური გადავიხადო. რა ქნან ჩემნაირებმა, ვისი შვილიც საბავშვო ბაღის მიღმა აღმოჩნდა? გამოდის, რომ ბავშვი უპატრონოდ მრჩება, ან მე უნდა დავანებო თავი სამსახურს და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ალბათ, შესაბამის უწყებებს ეს უნდა გაეთვალისწინებინათ, ან ბაღები დაემატებინათ, ან ბაღებში მისაღები ბავშვების რაოდენობა გაეზარდათ. რა გამოდის: ბაღში გადასახადი გაუქმდა, მაგრამ ამან პირიქით დააზარალა ბევრი მშობელი.
ნათია ჯოხაძე, თბილისი
ბოლო დღეებში "პალიტრის" ფოსტით არაერთი მსგავსი შინაარსის წერილი მოდის. სახელმწიფო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ადგილები უკვე აღარ არის. მუნიციპალურ ბაღებში მსურველთა რაოდენობის ზრდა გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია. ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ წელს სახელმწიფო საბავშვო ბაღების გარეშე დაახლოებით 20 ათასი აღსაზრდელი დარჩება(!).
სოფო ხოშტარია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: - თბილისში 156 საბავშვო ბაღია და 74 ათასი ბავშვის მიღება შეგვიძლია, მსურველთა რაოდენობა კი გაცილებით მეტია. როგორც შეგვეძლო, გავზარდეთ ბაღებში - ჯგუფების, ჯგუფებში კი ბავშვების რაოდენობა (25 ბავშვი ბაგაში და 35 - შემდეგ საფეხურებზე) და პედაგოგებიც, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სახელმწიფო ბაღებში გადასახადის გაუქმების შემდეგ ბევრმა მშობელმა კერძო ბაღიდან გამოიყვანა ბავშვი და სახელმწიფო ბაღში მიყვანა გადაწყვიტა და ამანაც მნიშვნელოვნად გაზარდა მსურველთა რაოდენობა. ჩვენი გათვლით, დაახლოებით 20 ათასი ბავშვი დარჩება წელს სახელმწიფო ბაღების გარეშე, მაგრამ მშობელი მთელი წლის განმავლობაში ყურადღებით უნდა იყოს, რადგან პირობების გამკაცრების გამო ამა თუ იმ ბაღში შესაძლოა, ადგილები გათავისუფლდეს.
ახალი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო საბავშვო ბაღებში წესდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, თუ ბავშვი ხუთი დღის განმავლობაში არ ივლის ბაღში და ამის შემდეგ მშობელი ორი დღის განმავლობაში არ წარადგენს შესაბამის ცნობას პოლიკლინიკიდან, სადაც დასაბუთებული იქნება მიზეზი, რის გამოც ბავშვი ბაღს აცდენდა, ის ბაღიდან გაირიცხება, გათავისუფლებულ ადგილზე კი სხვა ბავშვს მივიღებთ.
უწინ ბავშვი თანხის გადაუხდელობის გამო ირიცხებოდა ბაღიდან. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს ხელს საერთოდ ვერ ვკიდებდით. გამოდიოდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილს მთელი თვეც რომ არ ევლო, არ გაირიცხებოდა. ახლა ასე აღარ იქნება და ეს რეგულაცია მათაც შეეხებათ. ბოლო წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რეგისტრირებული ბავშვების მხოლოდ 70% დადის რეგულარულად ბაღში.
შემოდგომიდან ახალი ბაღების გახსნას ვგეგმავთ.
- მშობლები გვწერენ, რომ საიტის მეშვეობით დაარეგისტრირეს შვილები, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ისინი ბაზაში არ იყვნენ.
- მსგავსი შინაარსის წერილები ჩვენთანაც შემოდის და შეძლებისდაგვარად ყველას ვპასუხობთ. როგორც ჩანს, მათ არ დაასრულეს რეგისტრაცია, ეგონათ, ყველა პროცედურა გაიარეს, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე. ასეთ შემთხვევაში უნდა დარეკონ ბაღში და შეამოწმონ, მათი შვილი ნამდვილად ირიცხება თუ არა ბაზაში.
რადგან მშობლებმა იცოდნენ, რომ ბაღებში ადგილები შეზღუდული იყო, საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების პირველ დღეს ღამის 12 საათიდან დილის 5 საათამდე საიტზე აქტივობა არ შეჩერებულა. მშობელს ოღონდ კი სადმე დაერეგისტრირებინა ბავშვი და სადაც თავისუფალ ადგილს იპოვიდა, იქ არეგისტრირებდა. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბაღები, სადაც შვილები დაარეგისტრირეს, ტერიტორიულად სულაც არ აწყობდათ. ახლა მოდიან და განცხადებას წერენ, რომ გავაუქმოთ რეგისტრაცია და ამის გამოც ჩნდება პერიოდულად თავისუფალი ადგილები. ძალიან მინდა, მშობლებმა გაითვალისწინონ:
რეგისტრაცია ვერ გაუქმდება ვერც დარეკვით და ვერც იმეილის საშუალებით, ამისათვის მათ უნდა მიმართონ კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციას და ბაღების მართვის სააგენტოს".
P.S. როგორც გავარკვიეთ, თბილისის მსგავსად, სახელმწიფო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციას მშობლები ვერც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ახერხებენ, რადგან ადგილები იქაც შევსებულია. ფაქტია, რომ ბაღები პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ხომ არ გამოიწვევს გადასახადის გაუქმება და ბაღებში აღსაზრდელების რაოდენობის ზრდა მომსახურებისა და კვების ხარისხის გაუარესებას, რითაც დაზარალებული ისევ ბავშვი და მშობელი აღმოჩნდებიან.