სამართლებრივად დამნაშავე ვარ, კავკასიური ადათებით და შარიათით - არა - "საქართველოს N1 ტერორისტის" აღსარება (ექსკლუზივი)
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":
"ჩემთვის ეს ბრძოლა იყო და ვეღარ ვაცნობიერებდი, რომ უკვე საერთაშორისო კრიმინალის რანგში გავდიოდი, ტერორისტადაც მომნათლეს... ტერორისტი კი არა, ერთი პატრიოტი ადამიანი ვარ და დროზე რომ გავჩერებულიყავი, ამდენ შეცდომას არ დავუშვებდი. ღვთისა და ჩვენს ტრადიციულ კანონებს ვიცავდი და ამათი კანონები, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე მეკიდა. სამართლებრივად დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩვენი კავკასიური ადათებით და შარიათით - არა.
"რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო", ასე დამემართა, ჩემი ცოდვებისა და შეცდომების გამო დავისაჯე, რაც ტკივილითა და გაჭირვებით უნდა გამომესყიდა. ახლანდელი გადასახედიდან, შემეძლო, არ დავჯახებოდი სახელმწიფოს, უფრო მოქნილად, ზომიერად და გონივრულად მემოქმედა და მიზნისთვისაც მიმეღწია. ჭკვიანი ხალხი ასე იქცევა... აღარ ვაპირებ კრიმინალურ საქმიანობას და სუფთა ფურცლიდან მინდა ცხოვრების დაწყება", - ამბობს თავის დროზე საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული კრიმინალური ავტორიტეტი მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილი, რომელიც 2003 წლის 24 ივნისს მოსკოვში დააკავეს და ადამიანების გატაცე-ბის, ბანდიტიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით მე-7 დაწესებულება-ში გაამწესეს. ამნისტიისა და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძ-ველზე მან 10 წლის შემდეგ საპატიმრო, ორ დღეში კი საქართველოს საზღვრები დატოვა.
- ბატონო შოთა, თავის დროზე საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შეგრაცხეს. ვინ ხართ სინამდვილეში?
- სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ქართველი ვარ, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ გარკვეულ პროცესებში ჩაება, რადგან სხვა გზა არ დარჩა... დავიბადე ისეთ ოჯახში, რომელიც ოდითგან ეროვნულ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. ჩემი დიდი პაპა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო, დედის მხარეს რაც შეეხება, დიდი პაპა, დუი, შამილის თანამებრძოლი იყო, შამილმა ჩამოიყვანა საქართველოში და დუის-სოფელში დაასახლა ჩეჩნები. მამით ფშავ-ხევსური ვარ, დედით - ქისტი, ასე რომ, სუფთა კავკასიელი გახლავართ. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, სოფელ მატანში ზვიად გამსახურდია ამოდიოდა ხოლმე. 15 წლის ბიჭი ვიყავი და ეროვნულ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს რომ ვისმენდი, ძარღვებში სისხლი მიდუღდებოდა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის დაწყებისას პატარა ვიყავი, მაგრამ წასვლას ვაპირებდი, კომისარიატში მივედით თანატოლები, მაგრამ მამამ გამაჩერა და ხათრი ვერ გავუტეხე. ჩეჩნეთის ომში აღარავის არაფერი ვკითხე და მოხალისედ წავედი იქ, სადაც კავკასიის ერთიანობისა და თავისუფლების ბედი წყდებოდა. მერე საქართველოში დავბრუნდი... მიგვაჩნდა, რომ შევარდნაძემ მოსკოვიდან დახლართული გველური ინტრიგებით პუტჩისტების მეშვეობით მოიშორა ლეგიტიმური ხელისუფლება და თვითონ მოგვევლინა ერის მხსნელად. ვინაიდან მათთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და ზოგიერთებივით ფოჩიანი კამფეტებით ვერ მომისყიდეს, გადამემტერნენ.
მათთან რომ მეთანამშრომლა, ყველაფერი გამწვანებული მექნებოდა. რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ოფიციალურ ენაზე კრიმინალი ჰქვია, ჩვენთვის კი ომი იყო საქართველოს მტრებთან. იქიდან მიღებული ნადავლი საკუთარ ჯიბეში კი არა, საერთო ფონდში მიდიოდა და კავკასიის თავისუფლებისათვის ბრძოლაში იხარჯებოდა. ამათთვის მე ვიყავი კრიმინალი, მაგრამ ჩვენ რომ გაგვემარჯვა, მაშინ ეროვნული გმირი ვიქნებოდი.
- თქვენს სახელს უამრავი დანაშაული უკავშირდება, მათ შორის ადამიანების გატაცება... ეს არ ნიშნავს კრიმინალს?
- ნათქვამია, "მგელს მგლობა დასწამეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო". არ ვამბობ, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, მეც უამრავი შეცდომა და ნაკლოვანება მაქვს, მაგრამ ცილისწამება ძნელი ასატანია. ბევრ უღირს საქციელს მწამებენ. ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ და მრავალჯერ სცადეს ჩემი განეიტრალება. ამას კონკრეტულად კახა თარგამაძე, ის "რკინის კაცი", ჯართში რომ ჩააბარეს, ვახტანგ ქუთათელაძე და სხვები ცდილობდნენ. მათმა სპეცსამსახურებმა რამდენჯერმე მომიწყვეს თავდასხმა. ყველაფერს უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ საჯაია კურირებდა სატანა შევარდნაძის დავალებით.
- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ ქართველების, ჩეჩნებისა და ქისტებისგან 100-კაციანი ბანდა ჩამოაყალიბეთ, რომელიც გასატაცებელ ადამიანთა კანდიდატურებს არჩევდა და წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებდა. თქვენს სახელს უკავშირებდნენ ნარკოვაჭრობასაც...
- ეს არის კლასიკური ცილისწამება და ბინძური ჭორი, თქვენს ენაზე - შავი პიარი. შეიძლება ღრმად მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ღმერთი ნამდვილად მწამს. მეორეც, ვარ ტრადიციული ქართველი და კავკასიელი. ნარკოტიკების გაყიდვა უღირს საქმიანობად მიმაჩნია და სხვისი უბედურებით გამდიდრება და კეთილდღეობის აწყობა არც არავის შერჩენია. ვფიცავ, ნარკოტიკებთან არც პირდაპირი, არც ირიბი შეხება არასდროს მქონია, თუმცა იყო ამის შანსი და შემოთავაზება. მქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, თუკი მოვინდომებდი, ესკობარივით ვყოფილიყავი საქართველოში. ამას მარტო ღმერთის შიშით არ გავაკეთებდი. მეორეც - ხალხის მრცხვენია, რწმენაც მაქვს და სინდისიც. ვინც ნარკოტიკებს ყიდდა, მათ ომი გამოვუცხადე. მათ კი ჩემი "გასაღება" განიზრახეს, რაშიც ფული გადაიხადეს. ასე რომ, ნარკომოვაჭრეებთან მტრობის მეტი არაფერი მაკავშირებს. არც რომელიმე სპეცრაზმის წევრი ვყოფილვარ, თუკი რაიმე მოწმობა მქონია, ყველა ყალბი იყო და ოპერაციების განხორციელებისთვის მჭირდებოდა. მართალია, რომ მქონდა უშიშროების ოფიცრის მოწმობა, შსს-ს მაიორიც ვიყავი და კაპიტანიც, მაგრამ ამ "წოდებებს" მოწინააღმდეგის მოსატყუებლად ვიყენებდი. გატაცებას რაც შეეხება, ამაზე პასუხიც ვაგე - ათ წელიწადზე მეტი ყველაზე მკაცრ პირობებში, სამარტოო საკანში ვიჯექი ცხოველივით, მზე არ მინახავს და ჰაერი არ მისუნთქია, დღე იყო თუ ღამე, ვერ ვიგებდი, ჯანმრთელობა შემერყა და მხოლოდ ღმერთის წყალობით გადავრჩი. დროზე მოგვისწრო ახალმა ხელისუფლებამ, თორემ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. გარეთ ყოფნისას ბევრჯერ სცადს ჩემი მოკვლა, თავს მესხმოდნენ, ხან მაფეთქებდნენ, ბოლოს ედუარდ ამბროსიჩის სპეცსამსახურებმა მომწამლეს და ორივე თირკმელგაჩერებული საწოლს მივეჯაჭვე, ტვინის შეშუპება მქონდა, 6 თვე ცოცხალ-მკვდარი ვეგდე, წესით და რიგით, ცოცხალი არ უნდა დავრჩენილიყავი.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.