ქსნის კოლონიაში ადვოკატს ქმრისთვის ნარკოტიკი სასქესო ორგანოთი შეჰქონდა - კვირის პალიტრა

ქსნის კოლონიაში ადვოკატს ქმრისთვის ნარკოტიკი სასქესო ორგანოთი შეჰქონდა

ჟურნალი "გზა", ამონარიდი:

გასულ კვირას ქსნის დაწესებულებაში მისული ადვოკატი ნარკოტიკის შეტანას უჩვეულო მეთოდით ცდილობდა. მას ნარკოტიკი სასქესო ორგანოში ჰქონდა გადამალული. წამლის შეტანა დანიშნულების ადგილამდე ვერ შეძლო, რადგან სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა ადვოკატი დააკავეს.

სამართალდამცავებმა მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პატიმრისთვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობაში დასდეს ბრალი და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს. ამოღებულ ნივთს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გაირკვა, რომ მასში ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველობა მცირე იყო.

26 ივლისს, სასამართლომ ადვოკატ მამუჩაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. პროკურატურამ პროცესზე დაასაბუთა თავისი პოზიცია და ვინაიდან ბრალდებულს მძიმე დანაშაულში ედებოდა ბრალი, მისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა დაკავებულის ადვოკატები ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, ბრალდებული 5.000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. სხდომაზე ბრალდებულმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია და გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულ მამუჩაშვილს გირაოს სახით 10. 000 ლარის გადახდა დააკისრა.

დაკავებული ე. მამუჩაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ჩვენი ინფორმაციით, ის არ ასახელებს იმ პატიმრის ვინაობას, ვისთანაც ნარკოტიკი შეჰქონდა. ამ ნაწილში დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ცნობილია, რომ იგი ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან, გიგა ბალავაძესთან შედიოდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატომ გარისკა ადვოკატმა ციხეში ნარკოტიკის შეტანა? ამ კითხვას ის პასუხს არ სცემს. როგორც ირკვევა, ადვოკატი თავიდანვე გაშიფრული იყო. ძალოვანებს ინფორმაცია უკვე ჰქონდათ. ციხის შესასვლელთან მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, იქვე ჰყავდათ ექიმიც და ექოსკოპისტიც. ჩხრეკაზე მისულ ადვოკატს თურმე პირდაპირ უთხრეს, ვიცით, რის შეტანასაც აპირებ და ჯობია, დანაშაული აღიაროო. ეტყობა, ადვოკატიც მიხვდა, გაშიფრული რომ იყო, დანაშაული აღიარა და აკრძალული ნივთი ძალოვანებს ნებაყოფლობით გადასცა.

დაკავებული ადვოკატი პატიმარ გიგა ბალავაძის მეუღლეა, სწორედ იმ პირის, ვისთანაც იმ დროს შედიოდა. თურმე მათ ერთმანეთი წლების წინ, ციხეში გაიცნეს. კრიმინალურ ავტორიტეტ ბალავაძეს, ადრე როგორც სახაზინო ადვოკატი, ისე იცავდა. როგორც ჩანს, პატიმარმა მას თავი შეაყვარა და ციხეში ოფიციალურად გაფორმდა მათი ქორწინება. პატიმართან ოჯახის წევრს შეხვედრა თვეში მხოლოდ ერთხელ შეუძლია, ცალსახაა, ადვოკატი თავის სამსახურებრივ მოვალეობას იყენებდა ქმართან შესახვედრად და ადვოკატის სტატუსით ციხეში მას ხშირად აკითხავდა.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.