წყალნი არ ვიცი და, მე ნამდვილად წავალ... - კვირის პალიტრა

წყალნი არ ვიცი და, მე ნამდვილად წავალ...

"წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო..." - ქართველ კაცს უთქვამს. დღეს რომ ეცხოვრა, ალბათ იტყოდა: "მიშები (გაგიკვირდებათ და - ბიძინებიც) წავლენ და წამოვლენ, ეს ქვეყანა კი დარჩებაო".

თუმცა, ამ ქვეყნის დარჩენა-გადარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტლად დგას "დღის წესრიგში" ("დგას და, იდგეი რაო..."), მაგრამ მე მგონია, რომ "ქვეყანაში" ხალხიც იგულისხმება, გზებიც, შენობებიც, პენსია-ხელფასებიც და რაც მთავარია, როგორც დოჩანაშვილის ერთი პერსონაჟი ამბობს, - ისიც, რაც ღმერთმა უფასოდ მოგვცა: ჰაერი, ზღვა, მდინარე, მთა, ტყე...

სწორედ ტყეზე, უფრო ზუსტად, - ქალაქის ხეებზე მინდოდა მეთქვა: თბილისი რომ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამწვანებული ქალაქია მსოფლიოს დედაქალაქებს შორის და ჰაერიც რომ სისუფთავით არ გამოირჩევა, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი და იცით, რა ვიფიქრე? რა და, იმის მიუხედავად, რომ ჩემდა სამარცხვინოდ, არასოდეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი ეკოპრობლემებს და ქართულ თუ მსოფლიო "მწვანეთა" პარტიებსა და მოძრაობებს, ასათიანის ქუჩასა თუ კუს ტბის ფერდობზე გაჩაღებულ ბარბაროსულ ჭრას რომ ვუყურებ, ერთ რამეში დავრწმუნდი: კისერი უტეხიათ პოლიტიკოსებს, როცა იქნება, ყველა გადაშენდება, ამიტომ იმას მივხედოთ, "რაც ღმერთმა უფასოდ მოგვცა", რომ იმ "გადაშენებულებმა" თან არ გაიყოლონ.

საერთოდ ჩვენ, ქართველები, ყველაფერს "ჩვენებურად" ვაკეთებთ - ბიზნესსაც, "ისე" საქმესაც... აი, ხეებზე გამახსენდა და "ჩვენებურად გაკეთებულ" საქმეზე: ერთმა ჩემმა ახლობელმა მიწის ნაკვეთი გაყიდა სოფელში, უცხოელმა იყიდა 20 ათას დოლარად. ეს ისე, ფაქტის აღსანიშნავად ვთქვი და არა იმიტომ, რომ უცხოელების საწინააღმდეგო მაქვს რამე. მოკლედ, გაყიდა ეს მიწა, ხეები იდგა ნაკვეთის ბოლოში - 6 ძირი ნაძვი.

ჰოდა, ერთ კვირაში, იმ უცხოელმა, რა დასამალია და - თურქმა, ექვსიდან სამი ხე მოაჭრევინა, ფიცრებად დაახერხინა და 3 ათას დოლარად გაყიდა!

ის ჩემი ახლობელი დეპრესიაშია - ესეც "ჩვენებური" მდგომარეობაა, აქაური... (კარგი რამეა "სმაილები", სამწუხაროდ, ჟურნალ-გაზეთებში არ ვიყენებთ, თორემ დავხატავდი "დაბოღმილ სმაილს")

ზემოთ ვთქვი, ხეების გაჩეხვაზე გამახსენდა-მეთქი. მოდი, ასე "გავიხსენებ" სხვა ამბებსაც: იმ ჭკვიან თურქ კაცზე თურქული სერიალები გამახსენდა, რომლებიც ძალიან "მშობლიური" აღმოჩნდა ქართული საზოგადოების მდედრობითი ნაწილისათვის, მაგრამ ერთი, გვარს არ დავასახელებ და მინისტრისა არ იყოს (თუმცა, მაშინ არ იყო მინისტრი): "მე რა ვქნა, მე?!" მე რა მჭირს? გეტყვით: ყველა მამაკაცი დაგიდასტურებთ, რომ სერიალებს ერთადერთი "დადებითი თვისება" ის არის, რომ ხანმოკლე სერიებისგან შედგება, აქ კი - თავისი რეკლამებიანად 2 საათი! მაგრამ მთავარი ეს არ არის: დამთავრდება ეს სერია, დაბრუნდება სამსახურიდან ოჯახის კიდევ რომელიმე წევრი, აიღებს "სილქნეტისა" თუ "კავკაზუსის" პულტს, გადაახვევს უკან და ისევ "თუქრული 2 საათი"! მერე კიდევ სხვა მოვა... ერთი სიტყვით, რამდენჯერაც ტელევიზორს შევხედავ, ჩემს სახლში თუ სხვაგან, ყოველთვის ეს ამბავია. სამაგიეროდ, თურქული ვისწავლე. თარგმანის "უკან" მაინც ისმის ორიგინალის ენა და ესეც საკმარისია - ჯამში ერთი-ორი გაკვეთილის დრო მაინც გამოდის.

მინისტრის გამონათქვამი ხომ ვახსენე წინა აბზაცში, ისევ ისე ვიტყვი, "მინისტრზე გამახსენდა"-მეთქი და ამჯერად განათლების ახალი მინისტრის მიერ "გაჟღერებულ" (ეს სასაცილო სიტყვა მყარად დამკვიდრდა, თითქოს გიტარის თანხლებით ამბობდეს რამეს - აბა, "გააჟღერა" სხვას რას ნიშნავს?) ინფორმაციას მოგაწვდით: მასწავლებელთა 70%-ზე მეტმა ტესტირებისას მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც ვერ გადალახა! უნარებს რომ თავი დავანებოთ, თავიანთ სპეციალობაშიც ასეთი შედეგები აჩვენეს (აქაც რამე, ცუდი სმაილი, ბოროტი, ამრეზილი და რომ იგინებოდეს, ისეთი).

ჰო, მინისტრზე კიდევ მინისტრის მოადგილე გამახსენდა, ოღონდ ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე - მერაბიშვილის - მესხელი. ბროლის საკიდი ჰქონია მისაღებში და ანტიკვარული საათები - კაბინეტში. ცხადია, საკუთარი ხელფასით არ უყიდია. ეს ისე, იმათთვის, ვინც ზოგ-ზოგიერთებს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს, თორემ მაგათზე აღარც ვლაპარაკობ, წასულების სადღეგრძელოები არ მიყვარს.

P.S. გორში სტალინის ძეგლს აბრუნებენ და ვიღაცებს უხარიათ!

გადაირივნენ "ნაცმოს" ნარჩენები. ყველამ კარგად იცით, რომ მაგათზე არ ამომდის მზე და მთვარე, მაგრამ ამ ძეგლის დაბრუნების გადაწყვეტილების მიმღებ-მხარდამჭერებო, დედას ვფიცავარ, თქვენ თუ უკეთესები იყოთ!

აზრზე მოდით, თორემ ახალ წლამდე ივანიშვილი წასვლას აპირებს და თქვენ რომ ერთმანეთს დაერევით, მე თქვენს გაშველებას არ ვაპირებ, დავკრავ ფეხს და წავალ პენსიაზე სადმე, წესიერ ქვეყანაში. მეოთხე მთავრობაა, ვცდილობ, თვალები აგიხილოთ, მაგრამ არ გამომდის არაფერი და რა ვქნა - დროა, ჩემს თავსაც მივხედო...