ლადო ბედუკაძე: დაე, ხალხმა განსაჯოს, მე უნდა ვიყო თავისუფალი თუ ახალაია
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩანა ახალაია სასამართლომ უდაშაულოდ სცნო და პატიმრობა გაუუქმა. მისი ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დარჩენილ ორ საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით, არც რეინჯერების და არც ციხის ბუნტის საქმეებზე არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბაჩო ახალაიას დანაშაულში ამხელს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატების ინფორმაციით, ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტების ჩვენებები არსებობს, რითაც დასტურდება, რომ ამ საქმეში ახალიას ბრალი არ მიუძღვის.როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, - ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, ”სასამართლომ თავისი დამოუკიდებლობა” დაამტკიცა. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს პოზიცია "ქართული ოცნების" "მძიმეწონოსნებმაც" კი გაიზიარეს.
რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ახალაიაზე არანაკლებ ოდიოზურ ფიგურას, ლადო ბედუკაძეს. ახლახანს გამართლებული ციხის ყოფილი თანამშრომლის თქმით, თუ სასამართლო გონს არ მოეგება, შესაძლოა, ქართველი ხალხის რისხვა დაიმსახუროს...
- ეს არის იმის მორიგი დადასტურება, რომ სასამართლო კვლავაც კუბლაშვილის ხელშია და ისევ მის ჯიბის უწყებად რჩება. ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი და დაუშვებელი ფაქტი. თუ ბაჩო ახალაია უდანაშაულოა, მაშინ უნდა გასამართლდნენ ის მოსამართლეები და პროკურორი, ვინც მას ბრალი წაუყენა. ხოლო თუ კუბლაშვილის სასამართლო ახალაიას იმ ორ დარჩენილ ბრალსაც მოუხსნის, ეს უკვე ქართველი ხალხის მოთმინების გამოცდა იქნება.
- თუმცა, ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა, რომ სასამართლოს მის წინააღმდეგ მტკიცებულებების ზღვა ჰქონდა...
- დიახ და ამიტომაც ვამბობ, რომ პროკურატურამ ის პროკურორები უნდა დასაჯოს, ვინც მას ბრალი წაუყენა. თუ ეს პოლიტიკური მოტივით წაყენებული ბრალდება იყო, მაშინ აღიარონ და ამის ჩამდენი ადამიანებიც დასაჯონ.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ბაჩო ახალაიას პატიმრობიდან გათავისუფლება?
- არა, ეს შეუძლებელია და წარმოუდგენელი. მას კიდევ ორი საქმე რჩება და თუ კუბლაშვილი გაბედავს და იმაშიც უდანაშაულოდ სცნობს, მაშინ ხალხის რისხვას რისხვას ახალაიაზე მეტად თვითონ დაიმსახურებს.
- არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკური მოტივაციის პარალელურად, საქმე არაპროფესიონალიზმთან გვაქვს?
- დიახ, ეს ყველაზე თვალსაჩინოა. მოსამართლეებისა და პროკურორების კისერზეა ეს საქმე.
- უკვე გვესმის საზოგადოებაში, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა ”ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურად გააძლიეროს...
- არა, მათ გაძლიერების შანსი არ არსებობს. იმ დანაშაულების შემდეგ, რაც მათ ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინეს, რაღამ უნდა გააძლიეროთ. ასეთი მოკლე მეხსიერება არ აქვს ქართველი საზოგადოებას, რომ ასე მალე დაავიწყდეს ის საძაგლობები, რაც იმ რეჟიმმა წლების განმავლობაში აკეთა... ძალიან ვწუხვარ ”ნაციონალებო”, მაგრამ ეს თქვენი დროებითი და ძალზე ხანმოკლე სიხარულია და მალე მოგიწევთ რეალობაში დაბრუნება.
- თქვენც ხომ იმ სისტემის ნაწილი იყავით, რომელიც წლების განმავლობაში დანაშუალებრივ ქმედებებს ჩადიოდა...
- დიახ, მე არასდროს მითქვამს, რომ ასე არ ყოფილა, მაგრამ მე მარტო არ ვიყავი. ყველა იმ სისტემის ნაწილი ვიყავით, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, იმ ერთიანი სისტემის ნაწილი ვიყავით, რომელიც იმ ერთმა ადამიანმა შექმნა, რომელიც დღეს თავის თავს პრეზიდენტს უწოდებს. ამ სისტემაში ყველა იმდენს სცოდავდა, რამდენის უფლებასაც სინდისი და ადამიანობა აძლევდა, ახალაიას კი სინდისი და ადამიანობა საერთოდ არ გააჩნდა
- თუკი თქვენ თავს იმ სისტემის თანამონაწილედ მიიჩნევთ, მორალურად რამდენად გამართლებულია თქვენი მხრიდან იმის თქმა, რომ ბაჩო ახალაია არ უნდა გათავისუფლდეს, მაშინ როცა თქვენ ხართ თავისუფალი?
- ვერ გეტყვით... დაე, ხალხმა, საზოგადოებამ განსაჯოს, რომელი უნდა იყოს თავისუფალი.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)