კობა დავითაშვილი - დიახაც, მე ვარ ხალხისტი და ლათინურად პოპულისტი! - კვირის პალიტრა

კობა დავითაშვილი - დიახაც, მე ვარ ხალხისტი და ლათინურად პოპულისტი!

გუშინ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა დატოვა. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ მასთან ინტერვიუ.

- ჩვენ შორის მრავალ საკითხზე დაგროვდა სისტემატური უთანხმოება. უმთავრესი მაინც იყო სამართლიანობის აღდგენა. კოალიციის მიმართ საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა, სააკაშვილის რეჟიმის მოშორებასთან ერთად, იყო სამართლიანობის აღდგენა. სააკაშვილის რეჟიმი მოვიშორეთ, სამართლიანობის აღდგენა კი მხოლოდ დაჭერები არაა, ამ სამართლიანობაში იგულისხმება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, უკანანოდ განთავისუფლებული ადამიანების დაბრუნება სამსახურში და სხვ. ამ მიმართულებით კი ვერავითარ წინსვლას ვერ ვხედავ, პირიქით, საპირისპირო ნაბიჯები დავინახე. მაგ. რატომ ვთქვით უარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე? რატომ არ დავძლიეთ ამ საკითხზე ვეტო? როდესაც ჩვენთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, ორი ვეტოა –საერთო სასამართლოებზე და ნაფიც მსაჯულებზე, მოდი, ნაფიცი მაჯულების ვეტო არ დაძლიოთ და საერთო სასამართლოებზე ჩვენც დაგეხმარებითო. რატომ გამიჩნდა ეჭვი მარტო მე (და სხვას არავის), რომ იმიტომ აღელვებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ობიექტური სასამართლოსი. როდესაც ამ ყველაფერზე ჩემი ვარაუდი გამოვთქვი, ხელისუფლების მხრიდან მომიყრუეს. შედეგად მივიღეთ იუსტიციის საბჭოს სამარცხვინო არჩევნები და კუბლაშვილის მმართველობა.

-სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი როცა შეხვდა კუბლაშვილს, კმაყოფილებას ვერ მალავდა ამ შეხვედრით..

- დიახ, ამას ხელი შეუწყო პრემიერ-მინისტრმაც, რომელიც შეხვდა კუბლაშვილს. გეკითხებით, კუბლაშვილია დამოუკიდებელი სასამრთლო? ახალაიას გამართლების შემდეგაც უმრავლესობის მესიჯია, რომ იზეიმა სასამართლოს დამოუკიდებლობამ და ყველამ უნდა ვიზეიმოთ ეს ფაქტი. მე არ მაქვს საზეიმოდ საქმე და არც საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მეტიც, საზოგადოების დიდი ნაწილი შოკშია იმ უნიათობით და დოყლაპიობით რასაც იჩენს ხელისუფლება.

- რომ არ გაემართლებინათ ბაჩო ახალაია, მაინც დატოვებდით მმართველ გუნდს?

- მე ვიცოდი, რომ ამ სასამრთლოს პირობებში სხვა გადაწყვეტილება გამორიცხული იყო. დაპატიმრების გადაწყვეტილებაც რომ მიეღოთ, ესეც პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა, რადგან ამ მოსამართლეებს დამოუკიდებლობა არ შეუძლიათ. ეს მათ ბუნებაში არ ზის, ისინი ემორჩილებიან ხელისუფლების ნებას - ან ძველის ან ახლის, ამიტომ ვარ მე ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მომხრე.

- ბატონო კობა თქვენ განაცხადეთ, რომ კენჭს იყრით საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ გაიმარჯვეთ აღადგენთ სამართლიანობას?

- დიახ, მე აღვადგენ სამართლიანობას. მე აქტიურად გამოვიყენებ დღემდე მიძინებულ უფლებას, რეფერენდუმის ინსტიტუტს. ეს ძალიან სერიოზული უფლებაა იმ პრეზიდენტის ხელში, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყავს პარლამენტში. ამით გავლენას მოვახდენდი როგორც პარლამენტზე ისე მთავრობაზე. სხვათაშორის, საქართველოს არცერთი პრეზიდენტი არ იყენებდა რეფერენდუმს, იმ მიზეზის გამო, რომ მათ ყავდათ საპარლამენტო უმრავლესობა, სავარაუდოდ ასე იქნება ამ არჩევნების შემდეგაც.

- ბატონო კობა, ანუ ამბობთ, რომ მარგველაშვილი გაიმარჯვებს და წინასწარ წაგებულ თამაშში ერთვებით?

-ვინ გაიმარჯვებს, ეს არის ხალხის გადაწყვეტი და მე სწორედ ხალხის იმედი მაქვს. მე არ განვეკუთვნები იმ კანდიდატთა რიცხვს, რომლებიც ილუზიაში არიან და ამბობენ, რომ აუცილებლად ისინი გაიმარჯვებენ.

- ბატონო კობა, თქვენ ახლა ხართ ეული დამოუკიდებელი პარლამენტარი დიდ პარლამენტში. როგორ წარმოგიდგენიათ დამოუკიდებელი დავითაშვილის მუშაობა და როლი აქ?

- გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ - აქამდე რა ვიყავი?

- აქამდე თქვენ იყავით უმრავლესობის წევრი.

- და ეს ეტყობოდა კენჭისყრის შედეგებს? მე პატიოსნად მხარს ვუჭერდი უმრავლესობის ინიცირებულ კანონებს, ხოლო ჩემს ინიციატივას 4-ჯერ არ დაუჭირეს მხარი.

- დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ თქვენი ეს განცხადება იყო პოპულისტური.

- მე ვარ "ხალხის პარტიის" ლიდერი და ხალხი ლათინურად არის "პოპულ", აქედან გამომდინარე, დიახაც ვარ პოპულისტი. "ხალხის პარტიის" ყველა წევრი და მით უფრო პარტიის თავმჯდომარე, ვართ პოპულისტები. მე ვარ ხალხისტი და ლათინურად პოპულისტი. მე ხალხის მხარეზე ვარ და არა მსხვილი ბიზნესის მხარეს, როგორც საგანელიძე იყო და არის მთელი მისი ცხოვრება და ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)