გოკა გაბაშვილი - "ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებდით და ამ დროს ასეთი ჩავარდნებიც დასაშვებია" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

გოკა გაბაშვილი - "ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებდით და ამ დროს ასეთი ჩავარდნებიც დასაშვებია" (ექსკლუზივი)

"ალასანიამ კალანდაძე სამარცხვინოდ, უკნიდან, ტუალეტთან გაიტყუა და იქ დაახვედრა პროკურორი"

"ჩემ დროს ხელზე ”შპარგალკა” დაწერილი და ტყეში წაყვანილი მოწმეები არ მახსენდება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოკა გაბაშვილთან საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალების" კანიდატის განხილვით დავიწყეთ...

- დავით ბაქრაძეს აქვს ის თვისებები, რაც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, შემთანხმებელი, მომლაპარაკებელი, მას აქვს უნარი, სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. დათოს საერთაშორისო კავშირებზე ყველას სმენია ალბათ, მას პირადად აქვს ყველა იმ ლიდერთან ურთიერთობა, ვინც კი მსოფლიოში რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გამარჯვების შანსი რამდენად გაქვთ...

- ძალიანაც კარგი შანსი გვაქვს... თუმცა, ”ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებიდან სულ რაღაც ათი თვეა გასული და უკვე დაწყებული ეროზიისა” და იმედგაცრუების მიუხედავად, პოზიციები და რეიტინგი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ.

- არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველაფერი, რის გამოც უარი უთხრა თქვენს მმართველობას?

- საქმე ის არის, რომ მხოლოდ საზოგადოება კი არა, ჩვენც ვბრაზობთ ჩვენს თავზე, რომ ასეთი შეცდომები გაგვეპარა. მაგრამ ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითქმის ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. საქართველო ნამდვილი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, სახელმწიფოს შენების დროს კი ასეთი ჩავარდნებიც შესაძლებელი და დასაშვებია. ჩვენი დამარცხების ერთადერთი მიზეზიც ის იყო, რომ ეს სკანდალური კადრები საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩვენ მართლაც ბოლომდე და საფუძვლიანად გავაანალიზეთ შეცდომები, კარგიცა და ცუდიც შევაფასეთ. ვიცი, რომ საზოგადოება გაბრაზებულია ჩვენზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი მმართველი გუნდის მუშაობას უყურებენ და ხვდებიან, რომ ეს გუნდი ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.

- კონკრეტულად რა არის თქვენთვის მიუღებელი მმართველი გუნდის მუშაობაში?

- მისაღები რა არის?.. ბიზნესი მკვდარია, ეკონომიკა გაჩერებულია,. ეკონიმიკური ზრდის კუთხით მინუსებში ვართ. ფართომასშტაბიანი, ”უწყინარი” ამნისტიის შედეგია კრიმინალი, რომელიც დღითიდღე იზრდება. სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ასე ალამივით აფრიალებენ, უმეტეს შემთხვევაში, პოლიტიკური შურისძიებაა და სხვა არაფერი. თბილისის მერიის ლამის ყველა წევრს ყოველდღე დაატარებენ დაკითხვაზე და ისინი, ვინც მათთან გარიგებაში შევიდა, ლამის წმინდანებად აღიარეს. ”ცოდვები” ”შეუნდეს” იმათაც, ვინც ”ნაციონალური მოძრაობიდან” ”ოცნებაში” წავიდა. ასეთი ”სამართლიანობის აღდგენის” ბავშვსაც არ სჯერა.

- ბაჩო ახალაიას სასამართლომ პატიმრობა გაუქმა და უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ დარჩენილი ბრალიც მოეხსნება. ანუ სამართალმა იზეიმა?

- ბაჩოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია: სანამ საბოლოო განაჩენი არ დადგება, არავის აქვს უფლება, ადამიანი მონსტრად და კაციჭამიად წარმოადგინოს. სამართლიანობის აღდგენისთვის უკეთესი იქნება, თუ სასამართლოს თავისუფლად მუშაობის საშუალებას მისცემენ.

- თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავისუფალი იყო სასამართლო?

- ყოველ შემთხვევაში, ხელზე ”შპარგალკა” დაწერილი და ტყეში წაყვანილი მოწმეები არ მახსოვს. ვიმეორებ, ბაჩო უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ვინმე არ დაუმტკიცებს, რომ თურმე კაცებს ხოცავდა და ბავშვებს პირდაპირ ყლაპავდა. ჯერ-ჯერობით ცხადზე ცხადია, რომ თავის დროზე ის დაკავებები პოლიტიკური იყო. ასევე, გენერალური შტაბის უფროსი გიგი კალანდაძის დაკავება მაინცდამაინც ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის ჩამოსვლას დაამთხვიეს. თავდაცვის მინისტრმა სამარცხვინოდ, უკნიდან, ტუალეტთან შეიტყუა და იქ დაახვედრა პროკურორი.

- გიორგი მარგველაშვილის შანსებზეც გკითხავთ...

- ამ ადამიანის პოლიტიკური ღირებულება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არაფერია. უბრალოდ, პრემიერმა აარჩია იმიტომ, რომ მასთან მეგობრობს. ჯერ ფიქრობდა ხმალაძეზე, შემდეგ სხვაზეც დაფიქრდა, რადგან წონიანი პოლიტიკოსის გამორჩევა არ უნდოდა. ალასანია კოლექტიურად დატუქსეს, როდესაც კენჭისყრის სურვილი გამოავლინა. ანუ ქართული ოცნების მხარეს ყველა სხვა პოლიტიკური სახე ”ჩაიხსნა” და ივანიშვილისთვის ყველაზე კომფორტულ კანდიდატზე შეჩერდა არჩევანი.

- ფიქრობენ, რომ მეორე ტურში ნინო ბურჯანაძეც გადავა...

- ნინო ბურჯანაძეს სერიოზულ პოლიტიკოსად და მით უფრო კონკურენტად არ განვიხილავ. ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ არმიას რუსეთის ”გრუს” სპეცრაზმთან ერთად გაუსწორდა, ასეთი ადამიანი ქართული არმიის მთავარსარდალი ვერასდროს გახდება. ეს არის სამარცხვინო პოლიტიკური პოზიცია, მას უნდოდა, ქვეყანა აერია და ამაზე ამაყადაც კი საუბრობს.

- განათლების სამინისტროზეც გკითხავთ, რომელიც თქვენთვის ნაცნობი სფეროა. მას ახალი მინისტრი ჰყავს...

- ამ ადამიანის მიმართ არანაირი დამოკიდებულება არ მაქვს. ერთადერთი, რაც ვიცი, ეს არის, რომ მას პირველი, უმაღლესი განათლების შესახებ სამარცხვინო კანონპროექტის გამოტანამ მოუწია, და მეორე - მან გაათავისუფლა დავით ზურაბიშვილი. ერთიც სხვისი დავალებით გააკეთა და მეორეც. ზურაბიშვილი საგანმანათლებლო საკითხების გამო არ გაუთავისუფლებია, უბრალოდ დათომ რაღაც თავისი აზრები გამოთქვა, ანუ კოალიცია გააკრიტიკა და დაისაჯა კიდეც, სანიკიძეც ხელით. სულ ეს არის თამარ სანიკიძის მიერ ”ჩატარებული სამუშაოები”.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)