დიმა ჯაიანი – სასწრაფოდ უნდა ჩავიდეს უწმინდესი და ნახოს საკონცერტო დარბაზად ქცეული ბიჭვინთის მონასტერი - კვირის პალიტრა

დიმა ჯაიანი – სასწრაფოდ უნდა ჩავიდეს უწმინდესი და ნახოს საკონცერტო დარბაზად ქცეული ბიჭვინთის მონასტერი

დღესდღეობით ბიჭვინთის მონასტერი აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის დაქვემდებარებაშია და ქართველ მომლოცველებს და სასულიერო პირებს არ ეძლევათ საშუალება, მოილოცონ ისტორიული ტაძარი. არ აღევლინება წირვა-ლოცვა, უზარმაზარ სივრცეში საკონცერტო დარბაზი ფუნქციონირებს. ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ორგანი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში 1975 წლის ნოემბერში დაამონტაჟეს. როგორც რუსული ტურისტული საიტები იუწყებიან, ტაძარში რეგულარულად ეწყობა საორგანო და კამერული მუსიკის კონცერტები. ბილეთის ღირებულება კი 200-350 (15-30 ლარი) რუბლის ფარგლებში მერყეობს... ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მსახიობი - დიმა ჯაიანი გვესაუბრა.

- ადრე საორგანო კონცერტის მუსიკები იმართებოდა... მე 1973 წელს ჩავედი სოხუმში და თუ არ ვცდები, მალევე დადგეს ორგანი...

- ორგანი ხომ კათოლიკურ ეკლესიებშია და რატომ დაამონტაჟეს ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში?

- არ ვიცი... სხვათა შორის, ძალიან დიდი მსჯელობა იყო, ყოფილიყო თუ არა ორგანი. ბოლოს მაინც დაამონტაჟეს... შემდეგ ტაძარში ლიანა ისაკაძის და ელისო ვირსალაძის კონცერტები იმართებოდა - ბიჭვინთის ცნობილი ფესტივალი. ტაძარს ძალიან დიდი როლი ჰქონდა კულტურულ დარგში... მოგეხსენებათ, საბჭოთა დროს, რელიგია, მით უმეტეს აფხაზეთში, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებდა და ტაძარიც თავის მისიას ნაკლებად ეწეოდა... ამიტომ ატარებს დღეს საქართველოს პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის და რაც მთავარია - ბიჭვინთის მიტროპოლიტის სახელს. ზუსტად მაგ ეკლესიის გამო დაემატა და იმ ეკლესიების გამო, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა... ალბათ მთავარი მისია უნდა იკისროს მომავალი აფხაზეთის კულტურის მინისტრმა და სამინისტრომ, რომ ძეგლთა დაცვის კომიტეტი შეიქმნას. როცა ახალი ხალხი დაინიშნება აფხაზეთის მთავრობაში, ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს. ყველაზე დიდი ყურადღება კი აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ეკლესია-მონასტრებს უნდა მიექცეს. მე ყველა მათგანი ვიცი და საოცრებაა - ათონის, ბიჭვინთის, ბედიის.. ეკლესია-მონასტრები.

- ლიანა ისაკაძე და ელისო ვირსალაძე მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსები არიან, მაგრამ მათი კონცერტები ტაძარში სწორად მიგაჩნდათ თავის დროზე?

- როგორც მოგახსენეთ, სხვა დრო იყო. მათი სახელობის ფესტივალები არნახული დონის იყო, მაინც ქართველები იყვნენ, თორემ, რა თქმა უნდა, სწორი არ იყო. მე მაშინაც ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, უკმაყოფილება გამომითქვამს და არსებობს არქივშიც შემონახული ჩემი საწინააღმდეგო გამოსვლები.. დღეს კი, სამწუხაროდ, რაც ხდება ვხედავთ. ამისთვის იბრძვის უწმინდესიც. სასწრაფოდ უნდა ჩავიდეს და თავის თვალით ნახოს, რა ხდება ბიჭვინთაში.

- თუკი ლიანა ისაკაძის და ელისო ვირსალაძის კონცერტებს ეწინააღმდეგებოდით, დღეს არ აპირებთ, ხმა აიმაღლოთ?

- რა თქმა უნდა ვაპირებ.. საიდუმლოსაც გაგიმხელთ. საუბარია, რომ ამ დღეებში აფხაზეთის კულტურის მინისტრად დავინიშნო და ჩემი უშუალო მოვალეობაც კი იქნება, ამ საკითხს მივხედო...

გაგრის რაიონში, დაბა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის თავდაპირველი მშენებლობა ანდრია მოციქულის სახელს უკავშირდება, რომელმაც ახ. წ. I საუკუნეში, აქ ქრისტიანობა იქადაგა და საყდარიც ააგო. დღევანდელი გუმბათოვანი ტაძარი X-XI საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ნიმუშს წარმოადგენს. XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, შეიცვალა ტაძრის გუმბათის ფორმა, შელესეს და შეათეთრეს ფასადები. XX საუკუნის 60-იან წლებში გიორგი ჩუბინაშვილის რეკომენდაციით ტაძარში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები და ტაძარს ნაწილობრივ დაუბრუნდა თავდაპირველი სახე.

იხ. ვიდეო ამ თემაზე

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)