აბაშის ინციდენტი - ვის "სურდა", 15 წლის მოზარდს თავი მოეკლა?
5 აგვისტოს ქართულ მედიასივრცეში მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, პოლიციელი ი. კ. მოზარდს თანაკლასელების დასმენასა და მათთვის ნარკოტიკების ჩადებას აიძულებდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. უარს პოლიციელის ძალადობა მოჰყვა, რამაც მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა - 15 წლის ბიჭმა სუიციდის განსახორცილებლად გადაჭარბებული რაოდენობით მიიღო საძილე საშუალებები. მოზარდი დედასთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და პოლიციელი ი.კ. მისი მეზობელი იყო.
ჩვენ ინფორმაციის გაცნობისთანავე დაზარალებულ ოჯახთან დაკავშირებას შევეცადეთ და დაზარალებულის ოჯახს აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დავუკავშირდით. მოზარდის ბებიამ და დამ მათი ოჯახის წევრის შესახებ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციების ობიექტურობა კატეგორიულად უარყვეს და ჟურნალისტთან შემდგომ საუბარზე უარი სწორედ ამ მიზეზით განაცხადეს. ჩვენთან საუბარზე ამავე მიზეზით უარი განაცხადა დაზარალებულის დედამაც. ჩვენ შევეცადეთ მის დარწმუნებინას, რომ მის ინფორმაციას აბსოლუტურად ობიექტურად გამოვაქვეყნებდით, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. რის შემდეგ ქალბატონს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით, თუმცა ზარზე უკვე დაზარალებულმა მოზარდმა გვიპასუხა, რომელმაც ასევე კატეგორიულად გვთხოვა, რომ ყველა ინფორმაციისთვის მის ადვოკატს ბატონ როლანდ შონიას დავკავშირებოდით.
როლანდ შონია, ადვოკატი:
”ეს ხალხი ძალზე გაღიზიანებულია და ამდენად არ არის გასაკვირი, რომ მათ ასე გიპასუხეს. სამწუხაროდ, მათ გარანტია აღარ აქვთ, რომ მათ შესახებ ჟურნალისტები ობიექტურ ინფორმაციას დაწერენ.
- გთხოვთ დაწვრილებით მოგვიყვეთ, რის შესახებ საუბრობთ.
- მე ვსაუბრობ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანის საქმეზე, რის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალმა ზონამ” იმდენად ტენდენციური და მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ამან თავის მხრივ გამოიწვია მათი ნდობის დაკარგვა ზოგადად ყველა ჟურნალისტის მიმართ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც თავის მოკვლა არ უცდია არასოდეს და არც პოლიციელი არსებობს იდეაში, რომელიც მას კლასელების დასმენას და მათთვის ნარკოტიკის ჩადებას აიძულებდა. ეს ყველაფერი "თავისუფალი ზონის" შეთხზულია და მოზარდისა და მისი ოჯახის ინტერესებს აზარალებს - ყმაწვილს ძალზე სენსიტიური ასაკი აქვს და ამ ფაქტით მას დიდი სულიერი ზიანი მიადგა.
- რეალურად რა მოხდა.
- 28 ივნისს მოზარდს სკოლაში გამოცდა ჰქონდა, რისთვისაც ძალზე საფუძვლიანად მოემზადა და ნერვიულობდა კიდეც, - ბავშვი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობს და ბუნებრივია, გამოცდის გამო აღელვებული იქნებოდა. გამოცდის შემდეგ შევიდა აფთიაქში და დიმედროლი მოითხოვა, - იცოდა, ეს წამალი მოთენთავდა და დააძინებდა. ერთი ტაბლეტი რომ დალია, დაელოდა 20 წუთი და რომ არ დაეძინა, ადგა და მეორე მიაყოლა. ამან ისე დააძინა, რომ აბაშიდან ქუთაისში გადაიყვანეს, მაგრამ როგორც კი დადასატურდა, რომ შემთხვევა სერიოზული არ იყო, ქუთაისის საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოუშვეს.
- რა შუაშია ამ შემთხვევასთან პოლიციელი ი. კ.?
- ეს პოლიციელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეზობელია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მის შვილებთან მეგობრობდა. თავად ბავშვის დედამ სთხოვა პოლიციელს, - როგორც შენს შვილებს აქცევ ყურადღებას, ისე ჩემს შვილს მიაქციეო. რაღაც ინციდენტის გამო პოლიციელს, როგორც თავადაც ამბობს, ზედმეტი მოუვიდა, ბიჭს გაუწყრა და ყვირილი დაუწყო, რაც თავის მხრივ, სწორი საქციელი არ არის, მაგრამ ამის თავის სამართლებრივი შეფასება უნდა ჰქონდეს და ამ საქმესთან არაფერ შუაშია. პოლიციელის უხეშობას მოჰყვა ის, რომ მას შენიშვნა ბავშვის დედამაც მისცა, რამაც კონფლიქტი ცოტა დაძაბა. ეს ყველაფერი კი მოხდა ზუსტად ერთი თვით ადრე, ვიდრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიმედროლით დაძინებას გადაწყვეტდა, ანუ 28 მაისს. იყო და ეს.
- ეს ორი ფაქტი ერთმანეთს როგორ უკავშირდება?
- შელაპარაკების მონაწილე ადამიანებთან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელებს ჰქონდათ ურთიერთობა, რომელმაც ეს ამბავი ”თავისუფალ ზონას” მიაწოდეს. ეს უკანასკნელები, აბსოლუტურად თავისი ინიციატივით მივიდნენ ბავშვის დედასთან და სთხოვეს, რომ მათთვის გადაეცა მის შვილზე ქუთაისში გაცემული სამედიცინო მომსახურების ცნობა ე.წ. ”ფორმა 100”, - უბრალოდ, გვჭირდებაო. ქალბატონმა უპასუხა, რომ მას ქუთაისში წასვლა და ამ ცნობის ჩამოტანა არ შეეძლო. რაზეც ”თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა უპასუხეს, - ჩვენ თვითონ წავალთ, ოღონდ ცნობას თქვენი თანხმობის გარეშე არ მოგვცემენო და შესთავაზეს, ამ თანხმობაზე ხელი მოეწერა. დედა დათანხმდა და ხელი მოაწერა ისე, რომ ტექსტი არ წაუკითხავს. არადა, ამ ფურცელზე იმასთან ერთად, რომ ის თანხმობას აძლევდა მათ "ფორმა 100” გამოეტანათ, ეწერა ყველაფერი ის, რაც მერე ”თავისუფალმა ზონამ” მედიასაშუალებებში დააფიქსირა, - რომ პოლიციელი ბავშვს თანაკლასელების დასმენას და მათთვის ნარკოტიკების ჩადებას აიძულებდა.
- რაში სჭირდებოდათ ეს?
- ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს, - ეს დონაძის და მისი მეგობრების ორგანიზაციაა. ყველამ ვიცით, რა კონდიციამდეა მისული მათი მხრიდან ხელისუფლებასთან დაპირისპირება. როცა მივმართე სახალხო დამცველის ოფისს, რომელსაც ”თავისუფალი ზონა” ამ ამბის ობიექტურად გამოძიებას სთხოვდა, ოფიციალურად მომაწოდეს ინფორმაცია, რომ აბაშის ინციდენტზე მათ ანონიმურმა პირმა უამბო. რა საჭირო იყო აქ ანონიმურობა! ეს ფაქტი იმიტომ არის ამაზრზენი, რომ მოზარდის ინტერესები შეილახა. ეს ძალზე დიდი მსხვერპლია. ოჯახი ისეთ დღეში ჩააგდო ამ ფაქტმა, რომ იძულებული გახდნენ ჩემთვის მოემართათ.
- ”თავისუფალმა ზონამ” თქვენი ამ თემაზე გამართული ბრიფინგის შემდეგ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კატეგორიულად არ გეთანხმებათ და რომ არა ამბის ჩაფარცხვის ინტერესი, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახი იმდენად გაჭირვებულია, ადვოკატს არ აიყვანდა.
- არა მგონია, რომ ამდენად უჭირდეთ. მათ ჩემს მომსახურებაში 300 ლარი უნდა გადაიხადონ და თანაც ეს თანხა სამ თვეზეა გაწერილი. არა მგონია, არსებობდეს დედა, რომლის საკუთარი შვილზე ცილისწამების აღსაკვეთად ამ თანხას სიხარულით არ გაიღებს.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)