,,ქართველების გამარჯვება’’ და Reality Enforcement (იძულება რეალობისათვის) - კვირის პალიტრა

,,ქართველების გამარჯვება’’ და Reality Enforcement (იძულება რეალობისათვის)

"ბევრი რამ მოხდება, თუმცა, რაც არ კლავს, ის აძლიერებს. ვიღაცეებს მოკლავენ, ვიღაცეები გადავრჩებით", თქვა სააკაშვილმა ნანუკას ბოლო შოუს ფინალში. ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს მიაჩნია, რომ ამით სააკაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ პოლიტიკურად მისი გადარჩენის შესაძლებლობა ივანიშვილის გარდაცვალებაშია. ბლოგის წინა წერილში დავწერე, რომ ვეთანხმებოდი შათირიშვილს, თუმცა ვფიქრობდი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფრაზა დამატებით ანალიზს საჭიროებდა. მკითხველს დავპირდი, რომ დავუბრუნდებოდი ამ თემას. განვლილ სამ კვირაში ,,ჩვენი მაღალი’’ აშკარად გაყოჩაღდა, ადრინდელზე უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა. სააკაშვილს და მის გარემოცვას კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, მისი ამჟამინდელი მეტამორფოზა იმით არის გამოწვეული, რომ მის გარემოცვაში არიან ადამიანები, ვინც არწმუნებს მას, რომ ვიღაცეები მალე მოკვდებიან (მალე გააგორებენ?), ის კი გადარჩება და ,,პატრიოტ-იდეალისტთა’’ ჯგუფთან ერთად დაიბრუნებს სრულ ძალაუფლებას. დაიბრუნებს და ,,ბოლომდე ამოხდის სულს’’ მათ, ვინც ,,უღალატა საქართველოს’’. აკი თქვა კიდევაც ქურდულ სამყაროსთან თავისი კავშირებით ცნობილმა ,,ვასილიჩმა’’ (იგივე გივი თარგამაძემ), რომ ,,ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ამ ხალხს ბოლომდე ვერ ამოვხადეთ სული’’.

 

სააკაშვილის ამ დროებითი ,,მომჯობინების’’ მთავარი მიზეზი ისევ მისი სინამდვილისგან მოწყვეტა და ვირტუალურ რეალობაში ,,ღრუბელ-ღრუბელ’’ ფრენაა. სწორედ ამიტომ იჯერებს, ეპოტინება და აკულტივირებს იგი იმას, რაც ელანდება და ესიზმრება. სწორედ მისმა ამ თვისებამ განაპირობა ის, რომ კრემლის ჩეკისტური რეჟიმისათვის იგი ადვილად მანიპულირებადი ,,კლიენტი’’ იყო და ხუთი წლის წინათ თავისი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურით ლანგარზე მიართვა კრემლს საქართველოს ოკუპაციის შესაძლებლობა.

ამ წერილს ვწერ 7 აგვისტოს. საღამოს 22 საათზე 35 წუთზე შესრულდება ხუთი წელი ,,იდიოტი ბავშვის’’ მიერ საქართველოსათვის საბედისწერო სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის დაწყებიდან. მინდა დავწერო ის, რაც დღემდე არ მითქვამს და არ დამიწერია: 2008 წლის 8 აგვისტოს, ანუ 080808-ში, დილის 10:10-ზე (!) აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა საიდუმლო დეპეშით აცნობა ვაშინგტონს: ,,if the Georgians are right, and the fighting is mainly over [i.e. Georgian victory], the real unknown is what the Russian role will be and whether there is potential for the conflict to expand’’ (,,თუ ქართველები მართალს ამბობენ და ბრძოლა ძირითადად დასრულებულია (ანუ ქართველებმა გაიმარჯვეს), მაშინ ნამდვილად უცნობია, როგორი იქნება რუსეთის როლი და არსებობს თუ არა კონფლიქტის გაფართოების პოტენციალი’’). ანუ 8 აგვისტოს დილის 10 საათზე სააკაშვილი და მისი თანამზრახველები არწმუნებდნენ ჯონ ტეფტს, რომ გაიმარჯვეს და რუსეთმა ვერაფერი მოიმოქმედა). იმავე დეპეშაში ტეფტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს აფიქრებს ის, რომ ,,რუსებმა შეიძლება გამოიყენონ სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში საბაბად და შეიძლება ველოდოთ მათგან შემდგომ შეტევას’’. ტეფტი იქვე დასძენს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწყო ბრიფინგი და ,,მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ ზეწოლა რუსეთის მთავრობაზე, რომ მან არაფერი მოიმოქმედოს’’ და რომ სამხრეთ ოსეთის ოსები ,,რუსეთს ბრალს სდებენ იმაში, რომ რუსეთმა მათ უღალატა’’.

რამდენიმე დღის წინათ ლინკოლნ მიტჩელმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა სააკაშვილის რეპუტაცია დასავლეთში უფრო შელახა, ვიდრე საქართველოში. ეს მართლაც ასეა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე ბევრად ნაკლებად შეილახებოდა იმ შემთხვევაში, სააკაშვილს რომ დაედასტურებინა ის, რაც თქვა 7 აგვისტოს საღამოს გენერალმა მამუკა ყურაშვილმა - რომ ,,საქართველომ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ცხინვალის მთელ რეგიონში’’.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში ვაფრთხილებდი, რომ სააკაშვილის მიერ სოხუმის ან ცხინვალის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში რუსეთის მთავრობა გამოგზავნიდა ავიაციას, დაბომბავდა თბილისს და სხვა ქალაქებს და მხოლოდ მერე დაიწყებდა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას. ვახსენებდი, რომ ჩრდილო კავკასიის სამხედრო აეროპორტებიდან აფრენილი მიგები ან სუები თბილისის თავზე ხუთიოდე წუთში გაჩნდებოდნენ. 2006 წლის ზაფხულის დასაწყისში ეს ვუთხარი საქართველოში ახალჩამოსულ ჯონ ტეფტს. ისიც ვუთხარი, რომ სააკაშვილი ცხინვალში აპირებდა შეჭრას. ტეფტი მთლიანად დამეთანხმა და ეფექტიანად იმოქმედა ვითარების გადასარჩენად. დიპლომატებს იმასაც ვეუბნებოდი, რომ გასაგები მიზეზების გამო რუსეთის მთავრობამ შეიძლება მოაგებინოს სააკაშვილს ერთი-ორი ბრძოლა და მერე დაიწყოს ოპერაცია. მიუხედავად ამისა, იმ დღეებში დასავლეთელი დიპლომატები ხუმრობით მეუბნებოდნენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიფინგის შემდეგ ჩემი რეპუტაცია რამდენიმე საათის განმავლობაში (ვიდრე ამოქმედდებოდა რუსეთის ავიაცია), სათუო იყო მათთვის - ვინაიდან დრო გადიოდა, რუსეთი კი არაფერს ბომბავდა.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის პრემიერმა მედვედევმა ორჯერ ისაუბრა მაშინდელ ამბებზე: ერთხელ ,,რაშა თუდეის’’ არხზე, მეორედ კი ,,რუსთავი 2’’-ის ,,პოზიციაში’’ ნინო შუბლაძესთან. ვფიქრობ განვლილ ხუთ წელიწადში განვითარებული მოვლენები და ის, რომ დღეს მედვედევი ასე საუბრობს მომხდარზე, მწარე სინამდვილისა და რეალპოლიტიკის შეხსენება უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დღესაც ვერ აცნობიერებს რომელ დეპოში ამოვყავით თავი. ასეთები კი, სამწუხაროდ დღესაც მრავლად გვყავს.

მედვედევი აცხადებს, რომ ,,ეს იყო ქართულ-ოსური კონფლიქტი, რომელშიც ჩარევა იმიტომ მოგვიწია, რომ საქართველოს იმ ადამიანების განადგურება შეეწყვიტა, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევდა და რომლებიც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. იმ დროისთვის, სამხრეთ ოსეთში ადამიანების 75-80% რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო.’’

დასავლეთში, ცხადია, შესანიშნავად იცოდნენ რა ბერკეტების მეშვეობით ღებულობდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობას.

`arc erT saxelmwifos ara aqvs ufleba, samxedro ZaliT SeiWras sxva saxelmwifos teritoriaze mxolod imitom, rom iq misi pasportis mqone pirebi an Tanamemamuleni cxovroben. amgvari doqtrinis gamoyenebis mcdelobebma adrec CaiTria evropa omSi da swored amitom aris esoden mniSvnelovani masze kategoriuli uaris Tqma. es doqtrina SeiZleba igivenairad saxifaTo iyos sxva situaciebSic. CvenTvis miuRebeli iyo miloSeviCis serbiis mier iugoslaviis sxva yofil saxelmwifoebSi ganxorcielebuli samxedro intervencia serbuli pasportebis mflobelTa dacvis motiviT. Cven agreTve gvaqvs safuZveli gvaxsovdes, rogor gamoiyena es doqtrina hitlerma naxevar saukuneze cota meti xnis winaT centraluri evropis mniSvnelovani nawilebisaTvis Ziris gamosaTxrelad da dasapyrobad~, განაცხადა შვედეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა 2008 წლის აგვისტოში. ბილდტის ამ განცხადებას მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ უშიშარი რუსი ექსპერტების აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისათვის პასპორტების გაცემით, რუსეთის ხელისუფლება თვით რუსეთის მოქმედ კანონმდებლობასაც უხეშად არღვევდა.

,,მოქალაქეობის’’ ამბავი მხოლოდ მაგალითისათვის მოვიყვანე. არანაკლებ ძლიერი კონტრარგუმენტების მოყვანა შეიძლება მედვედევის ყველა სხვა ,,არგუმენტის’’ საპასუხოდ. დაინტერესებულ მკითხველს ისევ ჩემს წიგნს, ,,ავანტიურა 080808’’-ს ვთავაზობ. ამ წიგნში დეტალურად გავაანალიზე როგორც კრემლის ჩეკისტური რეჟიმის, ასევე ამ რეჟიმის მიერ მანიპულირებული სააკაშვილის და მისი თანამზრახველების მოქმედება. მოკლე წერილში კი მხოლოდ რამდენიმე საკითხს შევეხები.

ვფიქრობ ყველას ახსოვს, როგორ დასაჯა დასავლეთმა მისთვის მიუღებელი მილოშევიჩი და მისი რეჟიმი, როგორ იბომბებოდა ბელგრადი, როდესაც ნატომ გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე დაიწყო მილოშევიჩის ,,იძულება მშვიდობისათვის’’. 2008 წელს კრემლის რეჟიმმა გროტესკულად მიბაძა ნატოს მაშინდელ ოპერაციას, მაგრამ დასავლეთს პუტინის რეჟიმი არ დაუსჯია. უფრო მეტიც. დასავლეთს არავითარი, მათ შორის ყველაზე რბილი სანქციაც არ დაუწესებია მაშინ რუსეთისათვის. პირიქით - სწორედ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ცდილობს აშშ-ს ადმინისტრაცია და დასავლეთის ყველა დიდი სახელმწიფო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და მრავალ კომპრომისზე მიდის ამისათვის. 2011 წლის ოქტომბერში თბილისში ჩამოსულმა სარკოზიმ თავისუფლების მოედანზე წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ,,რუსეთი საფრანგეთის მეგობარია და სტრატეგიული პარტნიორი’’.

,,ამ კონფლიქტში აშშ-მა საკმაოდ საინტერესო ორმაგი პოზიცია დაიკავა. ერთის მხრივ, დიპლომატიური კონტაქტებისა და მედიის საშუალებით ის საქართველოს გარკევულ მხარდაჭერას უწევდა, თუმცა ბოლომდე არ მივიდა. რას უკავშირებთ ამას?’’ ჰკითხა ,,რაშია თუდეის’’ ჟურნალისტმა მედვედევს.

,,იმას, რომ ეს რუსეთია. რუსეთთან აშშ-ის კონფლიქტი არ შეიძლება და ეს ამერიკის ნებისმიერ პრეზიდენტს ესმის. აი, ამას ვუკავშირებ. იქ იყვნენ "ცხელი თავები", ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, თუმცა ვფიქრობ, იყო ცივი მსჯელობაც იმის შესახებ, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა, სერიოზულ კონფლიქტამდე მივეყვანეთ. ამიტომ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, აშშ-მა დაიკავა ორმაგი პოზიცია, რაც, ალბათ, ზოგიერთი ქართველისთვის დიდი იმედგაცრუება იყო’’, უპასუხა მედვედევმა.

2008 წლის აგვისტოს ავანტიურის შემდეგ მედვედევი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. ,,ჩვენს ადგილზე თქვენც ზუსტად ასე ომოქმედებდით, მაგრამ უფრო ხისტად’’ ვუთხარი მე ჯორჯს. მას ჩემთან ამაზე არ უკამათია’’- ასე უამბო მედვედევმა ამ საუბრის შესახებ ვალდაის შეხვედრის მონაწილეებს.

,,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ცოტა რამ თუ იცოდა მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე, გაეღვივებინა კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში’’ უთხრა მედვედევმა ,,რაშა თუდეის’’ და ეს სრული სიმართლეა. რამდენადაც ვიცი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი აღიარებს ამას და ეს მნიშვნელოვანია! აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაცია უწყვეტ რეჟიმში აფრთხილებდა სააკაშვილს, არ წამოგებულიყო არავითარ პროვოკაციაზე, არ დაეწყო სამხედრო ოპერაცია და ა.შ. იმასაც ეუბნებოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში არ ჩაერეოდნენ და საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებდნენ. ამ ფონზე 2008 წლის გაზაფხულზე დიპლომატიურ წრეებში სკანდალი მოხდა: ნატოს ბუქარესტის სამიტიდან დაბრუნებული სააკაშვილი თბილისში შეხვდა კარლ ბილდტს და უამბო მას, რომ მარტში ვაშინგტონში ყოფნისას ესაუბრა ბუშს და კონდოლიზა რაისს თავის გეგმებზე და შენიშნა მათში ,,გარკვეული გაგება’’. იმავე კონტექსტში სააკაშვილმა უთხრა ბილდტს, რომ ბუქარესტში ქორვატიის პრეზიდენტი ურჩევდა მას ქორვატიისაგან მაგალითი აეღო (იგულისხმებოდა ცნობილი ,,ოპერაცია გრიგალი’’, რომლითც 1990-იან წლებში ზაგრებმა შემოიერთა მიწები, რასაც საბოლოოდ ნატოც შეეგუა). კარლ ბილდტი კარგად იცნობდა სააკაშვილს და ამ შეხვედრის შემდეგ განგაში ატეხა. ბილდტი უმტკიცებდა დასავლეთელ კოლეგებს, რომ სააკაშვილმა აღიქვა ბოლო მოლაპარაკება ბუშთან, როგორც მისთვის ,,ყვითელი შუქის’’ ანთება. აშშ-ს ადმინისტრაციამ ეს კატეგორიულად უარყო, გააცნო პარტნიორებს სააკაშვილთან საუბრების ყველა ჩანაწერი, სადაც მსგავსი არაფერი იყო. უფრო მეტიც, 2008 წლის 17 აპრილს აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა გადასცა სააკაშვილს ბუშის კატეგორიული გზავნილი, სადაც მკვეთრად იყო ნათქვამი, რომ აშშ წინააღმდეგი იყო ძალის გამოყენებისა და თუ სააკაშვილი ამას მაინც იზამდა, საქართველოს მარტო მოუწევდა დარჩენა (ცხადია, ამ გზავნილის შინაარსი აშშ-ს ადმინისტრაციამ ევროპელ მოკავშირეებსაც გააცნო, მომავალში რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით). აქვე აღვნიშნავ, რომ 2008 წლის ვაშინგტონში ერთერთ შეკრებაზე სააკაშვილმა გააოგნა აუდიტორია თავისი ,,ხედვით’’. მან განაცხადა, რომ ,, მათი (რუსეთის, პ.მ.) არმია კავკასიაში იმდენად სუსტია, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას და მე არ მგონია, რომ ისინი მზად არიან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელონ რაიმე ავანტიურა. იმედი მაქვს ისინი ამას აცნობიერებენ’’. განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილის ეს ფრაზა ავლენს მის ისეთ არაადექვატურობას, რომ აღარავის უნდა უკვირდეს, რომ ის 080808-ში დღის 13 საათზე ცხინვალის ცენტრში გამარჯვების აღლუმის გამართვას გეგმავდა და მთელი ძალები ამისათვის იყო მობილიზებული. ჩემი წიგნის და წერილების მკითხველები ხშირად მეკითხებიან ამ აღლუმთან დაკავშირებით. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ როგორი გიჟიც არ უნდა იყოს სააკაშვილი, ის არ იფიქრებდა აღლუმზე, რაღაც გარანტიების არარსებობის შემთხვევაში. ცნობილი ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ,,კვირის პალიტრის’’ 15-21 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ,,რატომ უნდა გამოვიძიოთ აგვისტოს ომის დეტალები...’’, სამართლიანად აღნიშნავს, რომ სწორედ გამარჯვების აღლუმის წმინდა პოლიტიკურ-მანიაკური იდეის გამო სააკაშვილის ბრძანებით სამხედრო დანაყოფები, ნაცვლად იმისა, რომ ცხინვალის გვერდის ავლით გუფთასთან რკალი შეეკრათ და რუსეთის ჯარები გაეჩერებინათ, შებრუნდნენ ცხინვალში და ამით რუსებს შეტევისათვის გზა გაუხსნეს.

საქმე ის არის, რომ სააკაშვილის მოქმედებაში ნამდვილად არის თავისებური ლოგიკა, მაგრამ ეს ესმის მხოლოდ მათ, ვინც ჩემსავით პირადად ახლოს იცნობს მას. სააკაშვილს სწამს პიარის უძლეველობისა. მას მიაჩნია, რომ სწორედ და დროულად დადგმულ და ჩატარებულ პიარ-აქციას და ტელეეკრანით გავრცელებულ შესაბამის კადრებს შეუძლია მართოს ნებისმიერი სიტუაცია. ამ მრწამსმა ბევრჯერ გაუმართლა და ყოველი ახალი გამარჯვება უმტკიცებდა მას მის რწმენას. დაუმატეთ ის, რომ მას არ შეუძლია ანალიტიკური აზროვნება - ის ფიქრობს ,,სურათებით’’, ,,გამოსახულებებით’’. ასეთი თვისება არაერთ გამოჩენილ კინორეჟისორს ახასიათებს. სააკაშვილს სწამდა, რომ ცხინვალის ცენტრში ჩატარებული გამარჯვების აღლუმი, სადაც ის ამცნობდა ჩვენს ოსებს და ყველა ქართველს, რომ ,,კოკოითი გაიქცა, ცხინვალი თავისუფალია’’; სადაც მის გვერდით მდგომი დიმიტრი სანაკოევი ოსურად მიმართავდა თავისიანებს და ეს ყველაფერი მსოფლიოს ყველა წამყვანი ტელეარხით გადაიცემობა - გააჩერებდა რუსეთის მოქმედებას. გააჩერებდა იმიტომ, რომ მსოფლიოში გამოცხადებული გამარჯვების შემდეგ, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტი ოს მეგობრებთან ერთად ცხინვალის ცენტრიდან ამცნობდა ამას მთელ მსოფლიოს და იქვე მოეფერებოდა და ჩაიხუტებდა ჩვენს ოსებს, რუსეთის მთავრობა ვეღარ გაბედავდა მთელი მსოფლიოს თვალში პირსისხლიან აგრესორად გამოჩენას ერთი ციდა რაიონის გამო (მით უმეტეს, რომ სააკაშვილს თქმით ,,რუსებს მასთან არაერთხელ წამოსცდათ, რომ ცხინვალი აღარ აინტერესებდათ).

2008 წლის ივნისში ბუშის ოჯახთან დაახლოებულმა ცნობილმა ამერიკელმა მოღვაწემ მითხრა, რომ ბუში იქამდე მივიდა, რომ სიტყვა ჩამოართვა სააკაშვილს, რომ გაუსაძლისი ვითარების შემთხვევაშიც სააკაშვილი არ დაიწყებდა სამხედრო ოპერაციას პირადად ბუშის წინასწარ გაფრთხილების გარეშე. (ცხადია ამ დაფიცებით ბუში იტოვებდა შანს, რომ ბოლო მომენტში პირადად შეაკავებდა სააკაშვილს). 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა დაარღვია ბუშისათვის მიცემული სიტყვა და ეკა ტყეშელაშვილის პირით შეატყობინა აშშ-ს ადმინისტრაციას ოპერაციის შესახებ მხოლოდ ოპერაციის დაწყების შემდეგ. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 2004 წლის თებერვალში სააკშვილმა პირობა მისცა პუტინს, რომ ძალისმიერ მეთოდებს არ გამოიყენებდა და იმავე წლის ზაფხულში მოატყუა რუსეთის თვითმყრობელი პრეზიდენტი. პუტინთან დაახლოებულმა ჟურნალისტებმა მაშინ მითხრეს, რომ კერძო საუბრებში პუტინს გაოცებით უთქვამს: ,,Он меня кинул!’’ (,,მან მე გადამაგდო!’’). ვფიქრობ ისტორიაში შევა, რომ პატარა საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელმაც აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები ,,გადააგდო’’.

,,ამერიკელი პარტნიორები ყოველთვის პატიოსნად აფრთხილებდნენ კრემლს სააკაშვილის აგრესიულ ზრახვებთან დაკავშირებით. 2008 წლის ივლისშიც და აგვისტოს დასაწყისშიც გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ როგორც ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ მისი შეკავებისათვის, მაგრამ ვერ აგებდნენ პასუხს იმაზე, როდის რას მოიმოქმედებდა ეს ადამიანი’’ - აი სიტყვა-სიტყვით ის, რაც მითხრა კრემლთან დაახლოებულმა ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა 2009 წელს. მე, როგორც პროფესიონალს, ამაში ისედაც ეჭვი არ მეპარებოდა. ჩემთვის ცხადზე-ცხადი იყო, რომ აშშ-ს არც ერთი ადმინისტრაცია არ დაუშვებდა იმას, რომ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია მოსპოს აშშ 30 წუთის განმავლობაში, რაიმე ეჭვები გასჩენოდა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ შეიძლება აქეზებდეს რუსეთის პატარა მეზობელი სახელმწიფოს ლიდერს გააკეთოს ის, რასაც რუსეთის მთავრობა აგრესიად მიიჩნევდა. ამ კონტექსტში შეგახსენებთ რამდენიმე წლის წინათ მომხდარ სკანდალს: მაშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ერთერთ დასავლეთელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მოიხსენია სააკაშვილი, როგორც ,,fucking lunatic’’-ი, რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც ,,დედამოტ... შეშლილი’’. სკანდალი ამოიწურა ლავროვის განმარტებით, რომ ეს ტერმინი მისი მოგონილი არ არის და რომ სააკაშვილზე საუბრის დროს მან მხოლოდ შეახსენა კოლეგას, რომ ზოგიერთი დასავლეთელი ლიდერი და დიპლომატი თვითონ მოიხსენიებს ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტს. ლავროვის დასავლეთელმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ მან სიმართლე თქვა და კომენტარებიც შეწყდა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კულუარული დიპლომატია შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს პიარზე გათვლილ საჯარო დიპლომატიისაგან.

,,მთელი მსოფლიოს მიაჩნია, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია’’, ახსენებს ნინო შუბლაძე მედვედევს. ,,მხოლოდ ფორმალურად’’, ღიმილით პასუხობს მედვედევი და იმასაც არ კადრულობს, რომ აღნიშნოს დასავლეთის მიერ რუსეთისათვის სანქციების არდაწესება და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების განუწყვეტელი მცდელობა, რომელსაც რუსეთის მთავრობა სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემით და სხვა მსგავსი ილეთებით პასუხობს.

ყველას ვურჩევ მიაქციოს ყურადღება, როგორ ხალისობს მედვედევი, როდესაც შუბლაძე ეკითხება მას საქართველოს და ნატოს ურთიერთობაზე. ის ხაზგასმით იმეორებს, რომ რუსეთი ნატოს წევრი არ არის და ნატო საქართველოს თავის რიგებში მიღება-არმიღებას რუსეთის გარეშე წყვეტს. ამ დროს მედვედევი ღიმილს ვერ იკავებს. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე ნატომ მიიღო სრული და საბოლოო გადაწყვეტილება (ამ ისტორიულ ეტაპზე), რომ საქართველოს არასოდეს არ მიიღებს თავის რიგებში. ნატომ აცნობა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობას და სრული გარანტია მისცა მას, რომ ამ გადაწყვეტილებას განუხრელად შეასრულებს. მას შემდეგ საქართველო-ნატოს საკითხი წმინდა წყლის პიარ-რეჟიმში გადავიდა. (,,ბიბისის’’ ცნობილ ფილმში კონდოლიზა რაისი იხსენებს, როგორ აფრთხილებდა 2008 წლის აგვისტომდე სააკაშვილს, რომ თუ იგი სამხედრო ავანტიურას განახორციელებდა, ქართველების ორი თაობა ნატოს ისე ვეღარ ნახავდა, როგორც საკუთარ ყურებს).

ადრეც დამიწერია, როგორ უხსნიდა სააკაშვილს 2008 წლის ივლისის დასაწყისში ჩამოსული კონდოლიზა რაისი, რა მოუვიდოდა მას და საქართველოს, თუ სააკაშვილი სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა. მაგრამ 10 ივლისს სააკაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე რაისმა სულ სხვანაირად ილაპარაკა.

’’აშშ-ს მძიმე შეცდომებმა ხელი შეუწყო მოვლენათა განვითარებას და ახლა აშშ დიდ გლობალურ საფასურს გადაიხდის ამისათვის’’, ასე დაასათაურა 2008 წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნებული თავისი წერილი ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა და მოღვაწემ პოლ სონდერსმა.

,,10 ივლისს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ნავთი დაასხა გაღვივებულ ცეცხლს, როცა სააკაშვილის გვერდით დადგა თბილისში და განაცხადა ,,ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით ჩვენი მეგობრების დასაცავად’’. სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაწერებიდან ცხადად ჩანს, რომ რაისი გულისხმობდა აშშ-ს მზადყოფნას დაარწმუნოს ევროპის ოპოზიციურად განწყობილი სახელმწიფოები, რომ დეკემბრის ნატოს სამიტზე დაიწყონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი საქართველოსათვის გაწევრიანების გეგმის (ანუ MAP-ის) მიცემით. მაგრამ რეგიონში ეს განცხადება ბევრმა გაიგო, როგორც საქართველოსადმი ოდნავ შენიღბული ფორმით მხარდაჭერის მზაობის გამოხატვა იმ დროს, როცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაძაბულობა უკვე იმატებდა. ეტყობა ისევე, როგორც კოსოვოში ჩართულობის შემთხვევაში, აშშ-ს ოფიციალურ პირებს არ ესმით განსხვავება იმას შორის, რასაც მათი აზრით ისინი ამბობენ და რაც სხვებს ჰგონიათ რომ მოისმინეს მათგან’’, წერს სონდერსი და ეს ზუსტად ასახავს იმას, რაც მაშინ მოხდა.

ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიმართ საღად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება ერთადერთი პრეტენზია ჰქონდეს: რატომ ექცეოდნენ ისინი სააკაშვილს როგორც ნორმალურ ადამიანს და ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს და არა როგორც ,,შეშლილს’’, ,,უგუნურს’’, ,,იდიოტ ბავშვს’’, როგორც ბევრი მათგანი თვითონ უწოდებდა ,,ჩვენს მაღალს’’. მართლაც, წარმოიდგინეთ, რომ 2008 წლის 10 ივლისს კონდოლიზა რაისს საჯაროდ, კორექტული ფორმით ეთქვა ის, რაც უთხრა სააკაშვილს პრეს-კონფერენციამდე დახურული შეხვედრის დროს: რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კატეგორიულად აფრთხილებდა სააკაშვილს არ დაეწყო სამხედრო მოქმედებები, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში დაგმობდა მის მოქმედებას, არ გაუწევდა არავითარ დახმარებას, არ წავიდოდა ამის გამო რუსეთთან კონფრონტაციაზე და ა.შ.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამის შემდეგ სააკაშვილი ვეღარ გაბედავდა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის დაწყებას.

მაგრამ რაც იყო - იყო. აშშ-მ მართლაც გადაიხადა ,,გლობალური საფასური’’ ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომებისათვის. სააკაშვილთან ურთიერთობა ამ შეცდომების მხოლოდ ერთ ეპიზოდს წარმოადგენს. სულ სხვა არის საქართველოს ბედი. სააკაშვილის სადისტური სისტემის ,,შეცდომებმა’’ და სამშობლოს ღალატმა კატასტროფამდე მიგვიყვანა. ამ შეცდომების ,,ლოკალურ საფასურის’’ გადახდა არაერთ თაობას მოუწევს.

პეტრე მამრაძე, 7 აგვისტო, 2013