ვახტანგ VI-ის ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს - კვირის პალიტრა

ვახტანგ VI-ის ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს

"სანამ ცოცხალ ვიყავ, ძალიან ბევრს ვწერდი, მაგრამ სიკვდილის მერე თუ ვინმეს ტყუილებზე პასუხის გაცემა მომიწევდა, ამას კი ვეღარ წარმოვიდგენდი. სამწუხაროდ "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი არ მაქვს (ჩემ დროს მხოლოდ არზები და უსტარები იყო) და ამიტომ ასეთი ფორმით გადავწყვიტე ვუპასუხო, ჩემი საქართველოს პირველ პირს. პირველო პირო, შენგან განსხვავებით არასოდეს გამისაღებია ჯაბნობა სიმამაცედ, რათა გმირად შევერაცხე შთამომავლობას, მაგრამ იმის იმედი ყოველთვის მქონდა, რომ ლაჩრობას და მოღალატეობას არ დამწამებდნენ. ჩემი გარდაცვალებიდან კარგა ხნის შემდეგ ვაჟამ თქვა: "ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს ჩემზე მეტს იწველებოდესო", მაღალო მიხეილ, ჩემი გარდაცვალებიდან ორ საუკუნეზე მეტი გავიდა და მადლიერი ერი აუგად არასოდეს მიხსენებს, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და არ დაინტერესებულხარ როგორ გაგიხსენებენ? ჩემზე მეტად შენ არ გძულს რუსები და თავს ნუ იკატუნებ. მე რუსეთში, იმისათვის წავედი, რომ მეგონა, ისევ ჩემ ქვეყანას წავადგებოდი, თორემ ზოგ-ზოგიერთებივით არასოდეს შემშინებია ომის. ჩემ დროს ზეცაში სუ-24 – ები არ დაფრინავდნენ, მაგრამ მომხვდურთა ისრები კი ნამდვილად ფრენდნენ, თუმცა ოთხზე მარბენალი არავის ვუნახივარ. შე დალოცვილო, რომ მლანძღავ, ერთი იმაზე მაინც დაფიქრდი, მსოფლიოს რამდენ ქვეყანას ქონდა 18-ე საუკუნეში ნაბეჭდი სახარება, როდესაც ჩვენთან უკვე სტამბა იყო? შენსავით მსოფლიოში პირველი იყო-მეთქი, რომ არ ვყვირი, იმას კი არ ნიშნავს, რომ ნაკლები საქმე გავაკეთე. არადა, შენ რომ ასეთი რამე გაგეკეთებინა, იმას იტყოდი გუტენბერგმა ჩვენგან ისწავლა სასტამბო საქმეო.

მაღალო მიშავ, ოდეს მეფე ვიყავ, "მცველთა ჯარი" ანუ სამეფო გვარდია შევქმენი, რომლის საშუალებითაც ურჩი ფეოდალები დავთრგუნე და ქვეყნის განვითარებასაც ხელი შევუწყე, შენ კი "კუდი" და "სოდი" შექმენი, რითაც მინისტრების გამდიდრებას და საბრალო ხალხის ჩაგვრას შეუწყე ხელი. პორნოფილმების გადაღების ნაცვლად ისტორიის წიგნი რომ გადაგეშალა, წაიკითხავდი, რომ "კანონთა კრებულიც" შეიქმნა ჩემ დროს, ხოლო ეს კანონი ყველაზე მოქმედებდა და არა მხოლოდ ჩემთვის არასასურველ პიროვნებებზე. სხვათაშორის ხალხმა, ვახტანგ "სჯულმდებელიც" მიწოდა და შენ რას გიწოდებენ, გიფიქრია მაგაზე?!

მიშა, 17 წლის ვიყავი, როდესაც სპარსელების წინააღმდეგ ვიბრძოდი, რომ არა ხოხონა ხერხეულიძის მარჯვედ ნახმარი ფარი, უსათუო სიკვდილი მელოდა. ძალიან მაინტერესებს შენ რას აკეთებდი 17 წლის ასაკში?!

ეჰ, ჩემზე მეტად ვინ განიცდიდა ჩემს წასვლას საქართველოდან. საფლავიც კი არ მეღირსა ჩემს საქართველოში. იმის მაგივრად, რომ ქართველთა ნეშტის გადმოსვენებაზე იფიქრო, გამოდიხარ და... ეჰჰ.

ურემი რომ გადაბრუნდება გზა მაშინ გამოჩნდებაო, რატომ მაშინ არ გადამიბრუნდა ურემი, როცა ჩრდილოეთის გზას დავადექი, თორემ ხომ აღარ გავხდებოდი შენი სალაპარაკო.

3 თვეზე ნაკლები დაგრჩა პრეზიდენტად ყოფნისა. ქართველ ხალხზე მიმტევებელი ერი დედამიწას არც უნახავს და დარწმუნებული ვარ, ვერც ნახავს, ამიტომ ეს დრო გამოიყენე და პატიება მაინც სთხოვე ერს, თორემ 100 წლის მერე, როცა ზეციურ საქართველოში ჩვენთან მოხვალ, არ მიგიღებთ და იქ გაგიშვებთ სადაც შენნაირები არიან, თანაც შადიმან ბარათაშვილს ამ ბოლო დროს მარტოობის გამო მელანქოლია შემოწოლია და შეუმსუბუქებ მარტოობის სევდას.