"ტრაქტორი ხნავს მინდორ-ველებს..." - კვირის პალიტრა

"ტრაქტორი ხნავს მინდორ-ველებს..."

როგორც იქნა!!!

არა, სააკაშვილი არ გადამდგარა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ჩემთვის - შვებულება!

სრული საშუალება იმისა, რომ დავივიწყო აქაური ამბები და ის, რომ "პროვოკატორი" ვარ, ვისთვისაც, ვაი რომ კვლავ ბევრია ამ ქვეყანაში სათქმელი და დასაწერი.

ახლა კი, სამი კვირა... აეეეეე!!! მიშა არა, გრიშა!

თანაც, უცხოეთში მივდივარ და კიდევ უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ საერთოდ ვერ გავიგო, რა ხდება აქეთ.

კარგი აზრი მომივიდა - ასეთ ექსპერიმენტს ჩავატარებ: შაბათს მივემგზავრები და მომავალ სამშაბათსაც, როდესაც ახალი "პროვოკაცია" უნდა დავწერო, ისრაელში ვიქნები, იქიდან უნდა გამოვაგზავნო. ჰოდა, იმ სამი-ოთხი დღის განმავლობაში საერთოდ არ გავეცნობი ქართულ სიახლეებს და მხოლოდ იქაური შთაბეჭდილებებით დავწერ - ვნახოთ, ეგებ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირს უსაშველო და სხვაგანაც არის "საპროვოკატორო"?

"გულს მაინც მოვიფხანთ", სხვასაც თუ აქვს პრობლემები, - აბა, მარტო ჩვენ ვიყოთ მუდმივ გაწამაწიაში?! იიფ, ვითომ რატომ?

სხვათა შორის, "ექსპერიმენტი" რომ ვახსენე შესავალში, იმის დაწყება ახლავე შეიძლება: მაგალითად, სანამ ჩავალ და ისრაელის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ვითარებას უშუალოდ გავეცნობი, მანამდე გამოვიცნო, ჰყავთ თუ არა მათ იქაური "კობა დავითაშვილი", - ანუ პოლიტიკოსი, რომელიც, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წევრია ("ხანდახან" - სიის პირველი ნომერიც კი) და ამის მიუხედავად, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში "ვერ ირგებს ტკბილ ცხოვრებას" და ოპოზიციაში გადადის.

გადადის კი არა, გადის და მარტოა იქ, სანამ სხვები არ შეუერთდებიან...

ანდა, თუ ჰყავთ ისრაელის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც ციხეში ეჯდეთ (ისე, მინისტრების ციხეში ჩასმით ისრაელს ვერ გავაკვირვებთ) და ბევრი თვის განმავლობაში ვაშლის თლის მეტს ვერაფერს უმტკიცებდნენ, თანაც მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ფრთიანი ანგელოზი არ არის... აგე, ერთმა ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა "ბაჩანა მართალი" უწოდა! ჰო, ვიშაყიროთ, ვიმაიმუნოთ და ვიყოთ ასე - გამოვა ციხიდან, გაგვიკეთებს ცოცხებს, დავრჩებით მერე გაღიმებულები...

"ტრაქტორების საქმისა" არ იყოს: ახლა ამბობენ, პროკურატურამ პოზიცია შეარბილა და ვინძლო საერთოდ გაამართლოს ბრალდებულები, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობაზე დააბრუნოსო! ანუ - რა?! ტყუილად გადააყენ-მოხსნეს-მობოლტეს?! თანამდებობაზე დავბრუნდებოდი კი არა, სანამ ცხრაას ბოდიშს არ მომიხდიდნენ, თავისი ფინანსური კომპესაციიანად (მაინც სისულელეებში ხარჯავენ) და სანამ ამ "სამწუხარო გაუგებრობის" ინიციატორებს არ დასჯიდნენ, არ მოვისვენებდი...

სოფლის მეურნეობაზე გამახსენდა - საკუთარი თვალითაც ვაპირებ, ისრაელის აგრარული სექტორის საოცრებები ვნახო, მაგრამ ჩემი იქაური მეგობრის მიერ მოწოდებული ერთი ფანტასტიკური მონაცემი ახლავე შემიძლია გაგაცნოთ (საქმიანი კაცია, არ შეეშლებოდა): გასულ წელს ისრაელმა მხოლოდ უცხოეთში (რაც თავადვე მიირთვეს, ის კიდევ სხვაა) 85 მილიარდი დოლარის ხილი და ბოსტნეული გაიტანა!!!

საქართევლოს ბიუჯეტი რამდენია, ხომ გახსოვთ? ახლა 85 მილიარდი გაყავით საქართველოს ბიუჯეტზე და რასაც მიიღებთ, ზუსტად იმდენით გვჯობია ისრაელის ხრიოკ მიწაზე უწვიმარი ცის ქვეშ გაშენებული ბაღ-ბოსტანი მთელ ჩვენს სახელმწიფოს (აღარაფერი რომ ვთქვათ მაღალ ტექნოლოგიებზე, მრეწველობაზე, განათლებასა და მედიცინაზე) და ნურავინ მოიყვანს იდიოტურ მიზეზს: მაგათ ბევრი ფული აქვთ და თან რუსეთი არ ჰყავთ მეზობლადო, - ფულს შოვნა უნდა და ჩათლახი მეზობლები, მაგათ რომ ჰყავთ, ისეთი უნდა!..

ჰმ, მეზობლები... ისრაელი იქით იყოს და, "ყურის ძირის მეზობლების" ამბავს ვიტყვი: ორიოდე კვირის წინ ევროკავშირის ხელმძღვანელებმა დიდი ამბით მოგვილოცეს მათთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა. გაგვეხარდა, რატომ არ უნდა გაგვხარებოდა?! ის იყო, სუფრა უნდა გამეშალა და ოქროსვარსკვლავებიანი ცისფერი დროშის სადღეგრძელო უნდა შემესვა, რომ რუსულენოვან სომხურ საიტზე საინტერესო ამბავი ვნახე: სომხეთისთვისაც ზუსტად იგივე პირობები მიულოცავთ, ზუსტად! არც ერთი მისხალით უარესი!

მე ვერ გავიგე... თქვენ?!

P.S. იქით რომ კიდევ ერთი მეზობელი გვყავს, ზევით, ყველაზე დიდი, ჩრდილოეთით, მანდ რამდენიმე თვის წინ შტერი გოგოები დაიჭირეს, ეკლესიაში იტუტუცეს რაღაც, დიდი არაფერი, ისე... მოხუცი მღვდელი კი, რომელმაც მათ დასაცავდ ხმა ამოიღო და მიტევება მოითხოვა, სიცოცხლეს გამოასალმეს...

სადმე კუნძულზე მაინც ვცხოვრობდეთ, ამის დედა ვატირე!..

ტრაქტორების საქმეზე ძველი "ლექსი" გამახსენდა: "ტრაქტორი ხნავს მინდორ-ველებს..."