"მივეცით ის ფხვნილი ბაღანას, შეჭამა და გაჩუმდა" – 2 კვირის ჩვილს შიმშილით სიკვდილი აღარ ემუქრება? - კვირის პალიტრა

"მივეცით ის ფხვნილი ბაღანას, შეჭამა და გაჩუმდა" – 2 კვირის ჩვილს შიმშილით სიკვდილი აღარ ემუქრება?

გავრცელებული ინფორმაციით შუახევის რაონის სოფელ მახალკიძიებში ჩვილის მორიგი შიმშილობის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამჯერად ბავშვის გადარჩენა მოხერხდა - 2 კვირის მელანო მახარაძეს საბავშვო კვების პროდუქტი "ჰუმანა" აჭარის წითელმა ჯვარმა გაუგზავნა. ჩვილი დამშვიდდა. ბავშვის მამა, გენადი მახარაძე შვილის მდგომარეობას ამჟამად დამაკმაყოფილებლად აფასებს და მოვლენების განვითარების შესახებ გვიყვება.

- ალბათ სჯობს ჩვილთან დაკავშირებული მოვლენებზე მისი დაბადების დღიდან ვისაუბროთ. ბავშვი რაიმე პათოლოგიით ხომ არ დაბადებულა?

- პათოლოგიით არ დაბადებულა. ჩემმა ცოლმა შუახევის საავადმყოფოში იმშობიარა და ექიმებს ამაზე არაფერი უთქვამთ. ეს მეორე ბავშვია, პირველი შვილი სამი წლის გვყავს.

- მერე რა მოხდა?

- მერე სახლში რომ მოვიყვანეთ ბავშვი რომ ატირდა, სულ ტიროდა და ტიროდა, აღარ გაჩერდა. დედაჩემი მიხვდა, შია ბაღანას, ძუძუ არ ჰყოფნისო და ჩემი ცოლი მეზობელთან გაუშვა.

- რატომ ექიმს არ მიმართეთ?

- არ ვიცი, მარა მეზობელთან სტუმარი ქალი დახვდა ჩემს ცოლს და იმ ქალბატონმა რომ მოისმინა, ბავშვს ძუძუ არ ყოფნისო, წითელ ჯვარში დარეკა ნაცნობთან და გამოგვიგზავნეს ბავშვის ფხვნილები "პაჭკებში". მივეცით ის ფხვნილი ბავშვს, შეჭამა და გაჩუმდა.

- თქვენს მეუღლეს ექიმი უეჭველად გააფრთხილებდა, რომ პედიატრის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია ბავშვისთვის საკვების მიცემა. პროდუქტი ბავშვის ორგანიზმთან შეუთავსებელი რომ იყოს, შეიძლება 12-13 დღის ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქროს!

- ჩემს ცოლს ფხვნილით პირველი ბავშვიც ასე ჰყავს გაზრდილი. თანაც ფული არ გვქონდა საკვების საყიდლად და რა უნდა გვექნა, უნდა გვეჭმია ის საჭმელი.

-სოციალური დახმარებით არ სარგებლობთ?

- ვსარგებლობთ, მაგრამ ახლა ბავშვი რომ დაგვებადა, თავიდან გასაანგარიშებელია ყველაფერი და აგვისტოში ვერ გვაძლევენ.

- რის გამო გიჭირთ მატერიალურად? რაიმე დაავადება ხომ არ გაწუხებთ, რის გამოც მუშაობა არ შეგიძლიათ?

- არა. ჯანმრთელები ვართ. სოფელში სამუშაო არ არის და იმიტომ ვერ ვმუშაობ.

- არც პირუტყვი და ფრინველი გყავთ?

- ფრინველი, - არაფერი. ერთი ჩვენი ძროხა მთაშია, მაგრამ გამშრალია. სხვა ძროხა კი გვინდა გამგეობამ გვიყიდოს, რძე მაინც გვექნება სახლში...

... პატარა მელანო მახარაძის ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაციის გასაგებად, სოფელ მახალკიძიების სამედიცინო პერსონალსაც დავუკავშირდით:

მედდა ეთერ ფუტკარაძე:

- ბავშვი საავადმყოფოდან აბსოლუტურად ჯანმრთელი გამოვიდა. დედას ექიმისთვის არ შეუტყობინებია, რომ ბავშვი საავადმყოფოდან გამოსვლის დროს დღეც ტიროდა და ღამეც, თორემ ექიმი აუცილებლად მივიდოდა და ნახავდა. ამის ნაცვლად ის მეზობელთან მივიდა დახმარების სათხოვნელად, იქ მყოფმა სტუმარმა ქალბატონმა "წითელ ჯვარში" დარეკა, - ბავშვის საჭმელი გამოაგზავნეთო. "წითელმა ჯვარმა" კი ტელევიზიას მიაწოდა ინფორმაცია და ატყდა ერთი ამბავი. ექიმმმაც სწორედ ტელევიზიით შეიტყო, რაც ხდებოდა, მივიდა, ბავშვი გასინჯა და აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყური სტკიოდა და ამიტომაც ტიროდა და მადაც აღარ ჰქონდა. ამიტომაც პედიატრმა ყურის წვეთები დაუნიშნა. ახლა ბავშვს ყური აღარ სტკივა და აღარც ტირის.

- ანუ ბავშვი ყურის გამო ტიროდა და ხელოვნური კვებაც ტყუილად დააწყებინეს?

- როცა ყური სტკივა, ყველა ბავშვი ტირის. კვებაზე კი ვერ გეტყვით, მის პატრონს ჰკითხეთ.

... ექიმების დიაგნოზით მელანო მახარაძეს მართლაც ჯანმრთელია. და როგორც ჩანს იღბლიანიც, - ექიმის კონსულტაციის გარეშე მიღებულ რძის ფხვნილს მასში არავითარი გვერდითი მოვლენები ჯერჯერებით არ გამოუწვევია. მამამისი, გენადი მახარაძე კი სახელმწიფოსაგან სახლის გადახურვას მოითხოვს. გადაუხურავს თუ არა მას სახელმწიფო სახლს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ ხალხს ყველანაირი დახმარება გამოადგება, რაც კი შეიძლება ვინმემ გაიღოს.

ბოლოს კი, როგორც თავად გენადიმ გვითხრა, ის და მისი ცოლი უახლოეს მომავალში არა, მაგრამ ბავშვების გაჩენას ისევ აპირებენ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)