"ბატონო ბიძინა, თქვენ გღალატობენ!"
"სიტუაციის აფეთქებამდე ცოტა დარჩა და არ დაუშვათ "ნაცმოძრაობის" რევანში!"
მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე "ქართული ოცნების" პოლიტიკურ შეცდომებზე საჯაროდ ლაპარაკობს. ფიქრობს, რომ სიტუაციის აფეთქებამდე ცოტა დრო დარჩა და ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, არ დაუშვას "ნაციონალური მოძრაობის" რევანში.
- ის, რომ სამართალი ვერ აღსრულდა, ისევ გვყავს ბევრი დაუსაქმებელი, "ქართულ ოცნებას" კი უჭირს დაპირებების შესრულება, ქვეყნის განვითარებისთვის საფრთხეს ქმნის. ვფიქრობ, სიტუაცია იქამდე მივა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კუდს ცუდად მოიქნევს. ვთხოვ ბატონ ბიძინას, არ დაუშვას ამ პოლიტიკური ძალის რევანში! ვიცი, ამ ინტერვიუს შემდეგ პრემიერ-მინისტრის გარემოცვის მოღალატე წარმომადგენლები კონტექსტიდან ამოღებულ ფრაზებს მიუტანენ ივანიშვილს, ნახე, ბრეგაძე ჩვენზე რას ამბობსო.…არავინ ეტყვის, ამ ყველაფერზე როგორც გულშემატკივარი რომ ვლაპარაკობ.
- თქვენი კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლებისადმი სულ უფრო მწვავე გახდა.
- სხვაგვარად როგორ უნდა შევხვდე კუბლაშვილის სასამართლოსგან ახალაიას გამართლებას? ეს ქართველი ერის დაცინვაა. პროკურატურამ მოიკოჭლა, მაგრამ მის წარმოდგენილ ეპიზოდებშიც კი საკმარისი ბრალდებები იყო, რომ სასამართლოს ახალაია არ გაემართლებინა. მაგრამ რა ვილაპარაკო, როცა რესპუბლიკელების ლიდერი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა ქართული დემოკრატიის გარანტიააო, ეს მოღალატეობრივ პოლიტიკაზე მიუთითებს. უკაცრავად, მაგრამ "ქართული ოცნების" დაპირება "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დასამარება იყო და არა მისი გადარჩენა. გამოდის, ხალხი მოატყუეს?
ამიტომ ბატონ ბიძინას მივმართავ, - კარგად დააკვირდით საკუთარ გარემოცვას, იქნებ მასში მოღალატეებიც დაინახოთ! "ქართული ოცნების" სახელით საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შიხიაშვილის დამტკიცება ნამდვილი კატასტროფა იყო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს არ უთხრეს, ვინ არის შიხიაშვილი. არსებობს 27 მაისის თბილისის საკრებულოს სხდომის აუდიოჩანაწერი, სადაც შიხიაშვილი აცხადებს, რომ 26 მაისის მიტინგის დარბევა დადებითი მოვლენა იყო. ის მიესალმა ოპოზიციის წევრების მკვლელობას და მომიტინგეების დარბევას. ასევე, 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის შემდეგ რუსთაველის სისხლიან პროსპექტზე ზაზა ბეგაშვილმა საზეიმო მსვლელობა რომ მოაწყო, ამის ამსახველ ვიდეოფირშიც ჩანს, რომ მას მხარს უმშვენებენ ირაკლი შიხიაშვილი და ნიკო ხაჩირიშვილი, რომლებსაც ახლა "ქართული ოცნება" უჭერს მხარს.
შიხიაშვილი თბილისის საკრებულოში გია უდესიანის კვოტით მოხვდა, რომელიც ბაჩანა ახალაიაზე არანაკლები ჯალათი იყო. ის თავადაც ზონდერი იყო და მონაწილეობდა ცემა-ტყეპასა და გატაცებაშიც კი. ნუთუ ხალხმა ასეთი ადამიანების დაწინაურებისთვის იბრძოლა?!
- და მაინც, რატომ ფიქრობთ, რომ დღესდღეობით "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნებისთვის" დიდ საფრთხეს წარმოადგენს?
- ნუ გავიწყდებათ, რომ მასთან დაკავშირებული არიან გავლენიანი ოლიგარქიული ჯგუფები. მაგალითად, დავით კეზერაშვილი თვეში 50 მილიონ ევროს მოგებას იღებდა სომხეთში საქართველოს გავლით საწვავის შეტანით. უნდა ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილს მოგების მეტი წილი სააკაშვილთან მიჰქონდა. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ეს ბიზნესი "სხვამ" "ქართული ოცნების" სახელით ჩაიგდო ხელში, ხოლო კეზერაშვილს მცირედი წილი შეუნარჩუნა. როგორ ფიქრობთ, "ნაცმოძრაობას" მხოლოდ ამ ბიზნესიდან თუ 50 მილიონი ევრო რჩებოდა, სხვა ბიზნესებიდან თვეში რამდენი შეუვიდოდა? ცხადია, მილიარდები. ამ მილიარდების დაკარგვის საშიშროებაზეა ლაპარაკი და "ნაცმოძრაობა" ყოველგვარ ავანტიურაზე წავა. ამიტომ რევანში არ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, - "ქართული ოცნება" უნდა დასუსტდეს, დაიშალოს. ზოგი (პრემიერ-მინისტრის გარემოცვიდან) ამ პროცესს მიზანმიმართულად ხელს უწყობს.
- მგონია, იცით, ვინ ჩაჯდა ზემოხსენებული ბიზნესის წილში "ქართული ოცნების" სახელით?
- რასაკვირველია, ვიცი. თავს ვუყრი დოკუმენტებს, რომლითაც ამ ყველაფერს დავადასტურებ და მერე დავასახელებ. შეხედეთ "ნაცმოძრაობის" საფარქვეშ შექმნილ ბიზნესებს და მითხარით, რატომ არიან ისინი ისევ მონოპოლიურ მდგომარეობაში?! ალბათ, გახსოვთ ის დრო, როცა ივანიშვილმა თითი დაუქნია სააფთიაქო სფეროში "ნაცების" მიერ შექმნილ კომპანიებს, წამლის ფასს ხელოვნურად აძვირებთო. ისიც განაცხადა, სააფთიაქო სფეროში მალე ახალი მოთამაშე შემოვაო. თუმცა დღეს "ავერსსა" და PSP-ს ისევ მონოპოლიური მდგომარეობა აქვთ და ახალი მოთამაშეც ვერა და ვერ გამოჩნდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ივანიშვილის გარემოცვის წევრებმა ძალიან "კოაბიტაციური" ურთიერთობა დაამყარეს ამ კომპანიების მფლობელებთან და გააგრძელეს მათი "დაკრიშვა", რაც უფულოდ არც ერთი ხელისუფლების დროს არ ხდება.
საწვავის ბიზნესში "ვისოლს", "სოკარს" "რომპეტროლსა" და "გალფს" აქვთ მონოპოლია. ფაქტობრივად, "ვისოლში" წილი ისევ სააკაშვილის ძმას ეკუთვნის, "სოკარში" - სანდრა რულოვსს, "გალფში" - კეზერაშვილს, "რომპეტროლში" კი, რამდენადაც ვიცი, თემურ ალასანიას. ამიტომაც ვერ ხერხდება საწვავის გაიაფება. საავტომობილო ბაზარზე "ნაცზონდერების" ლიდერის, გია უდესიანის მფლობელობაშია რუსთავის ავტობაზრობა. საბოლოოდ, ეს სიტუაცია ქმნის ისეთ კლიმატს, რომ დამოუკიდებელ და "დაუკრიშავ" ბიზნესს ისევ უჭირს საქართველოში. მეტიც, ახლა დამოუკიდებლად მოქმედ ბიზნესმენებს ციხეებიდანაც ურეკავენ პატიმრები, აშანტაჟებენ და ფულს სძალავენ. მე თავად გავხდი ასეთი რამდენიმე ფაქტის შემსწრე, როცა მეგობარ ბიზნესმენებთან ვიყავი. ციხეებში კატასტროფული სიტუაციაა. სრულმა ქაოსმა დაისადგურა. სასჯელაღსრულების სისტემას კრიმინალური სამყარო მართავს. რა მნიშვნელობა აქვს მსჯავრდადებულისთვის, ადმინისტრაციის წარმომადგენელი აწამებს თუ რომელიმე პატიმარი?!
ასე თუ გაგრძელდა, ციხეებში სიტუაცია ისევ აფეთქდება და შესაძლოა, რასაც ახლა ვამბობ, ამისი ამსახველი ვიდეომასალაც დაიდოს. ამის გარდა, ვიცი, რომ იქ დიდი ოდენობით ნარკოტიკი შედის, რაც ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია.
- რა უნდა მოიმოქმედოს ბიძინა ივანიშვილმა ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად?
- მივმართავ: "ბატონო ბიძინა, თქვენ გღალატობენ! სიტუაციის აფეთქებამდე ცოტა დრო დარჩა და არ დაუშვათ "ნაცმოძრაობის" რევანში!" ივანიშვილმა უნდა დაშალოს მის გარშემო შექმნილი მაფიოზურ-კლანური დაჯგუფებები, რომელთა შესახებაც ვიცი, რომ მას ინფორმაციები აქვს, ისინი ბიზნესის განვითარებას ხელს უშლიან; უნდა გაატაროს რადიკალური ეკონომიკური ღონისძიებები და დაამყაროს კომუნიკაცია იმ პირებთან, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ მისი და რომლებმაც, ფაქტობრივად, 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება მოიტანეს.