"იქნებ ვიღაცამ მოიტაცა, მაგრამ როდემდე უნდა დამალოს?!"
ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ვინმეს გოგონა ოთახში ჰყავს ჩაკეტილი და არ აჩენს, რადგან ამხელა ხმაური ატყდა
"ბევრი ხალხია ჩამოსული და დანაშაულიც მატულობს"
ბოლო დროს აჭარაში რამდენიმე მკვლელობა მოხდა. ბათუმელები შფოთავენ, კრიმინოგენული ვითარება გართულდაო. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი ავთანდილ კილაძე. მისი თქმით, მიმდინარე წელს მხოლოდ 5 განზრახ მკვლელობა მოხდა.
გასულ კვირას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე 43 წლის მამაკაცმა, ირაკლი სულაძემ 21 წლის კოკა კეკელიას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მერე სისხლიანი დანა დაკეცა, შარვლის ქამარში ჩაიდო და გზა გააგრძელა.
საპატრულო ეკიპაჟმა მკვლელი რამდენიმე წუთში "შერატონის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. პოლიციელებმა მკვლელობაზე არაფერი იცოდნენ, უბრალოდ, მამაკაცის ქცევა არაადეკვატურად მოეჩვენათ და ამიტომ ქუჩაში მიმავალი შეაჩერეს. ეჭვს ისიც იწვევდა, რომ კედებსა და შარვალზე სისხლის ლაქები აჩნდა.
კოკა კეკელია ფეხში იყო დაჭრილი, მას არტერია დაუზიანდა და სისხლისგან დაიცალა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თვითმხილველების თქმით, კოკა უცხოელ გოგონას ესაუბრებოდა. უცებ ირაკლი სულაძე მიუახლოვდა და ისე, რომ არაფერი უთქვამს, ფეხში დაჭრა. თავდაპირველად, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მაგრამ მოგვიანებით პროკურატურამ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა და მომხდარი შეფასდა როგორც ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი სხეულის დაზიანება. რაც 8-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. "რადგან დაზიანება მიყენებული აქვს ფეხზე, ამიტომ შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. თუმცა დადგენილია, რომ დანაშაული ხულიგნური ქვენაგრძნობით, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოხდა და ამან სიკვდილი გამოიწვია", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი ავთანდილ კილაძე.
კოკამ და ირაკლიმ ბათუმში ჩამოსული აზერბაიჯანელი ტურისტი გოგონა ქუჩაში გაიცნეს და მასთან კავშირი, სავარაუდოდ, ორივეს ჰქონდა. სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ კოკამ ტურისტს ტელეფონზე დაურეკა. როცა კოკამ ტურისტთან დარეკა, ამ დროს ის გოგო ირაკლი სულაძესთან ერთად რესტორანში იჯდა. დადასტურებულია, რომ დამნაშავე მთვრალი იყო. კოკას ზარზე ტურისტი მასთან შესახვედრად გავიდა, როგორც ჩანს, სულაძე გაჰყვა და კეკელია დაჭრა.
"კოკა დედისერთა, სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, გულღია, კომუნიკაბელური. ჩემს ძმას და რძალს განადგურებულებს რომ ვუყურებ, სიცოცხლე აღარ მინდა. შვილს მონატრებული იყვნენ, საბერძნეთში მუშაობდნენ და იქ შეიტყვეს თავს დამტყდარი უბედურება. არ ვიცით, რატომ მოგვიკლეს, მიზეზს არ გვეუბნებიან. რამდენიმე დღით ადრე ჩემი შვილის დაბადების დღეზე სუფრა გავშალეთ, იმ დღეს კოკამ ძალიან მოილხინა, რას წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე დღეში აღარ მეყოლებოდა," - მითხრა გარდაცვლილის მამიდამ.
ჩვენ ბრალდებულის ადვოკატ გურამ ნაკაშიძესაც შევხვდით.
"ირაკლი სულაძე დუმილის უფლებას იყენებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მისცემს ჩვენებას გამოძიებას და მოტივიც გაირკვევა. სამართლიანად მოიქცა პროკურატურა, როცა თავიდან აღძრული განზრახ მკვლელობა სხვა მუხლზე გადააკვალიფიცირა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენების მიცემის შემდეგ უფრო შეუმსუბუქდება ბრალი სულაძეს.
ირაკლი თბილისელია, ბათუმში ამერიკელ ბიზნესმენთან ერთად ჩამოვიდა, სასტუმროში ცხოვრობდნენ და რაღაც ბიზნესი უნდა დაეწყოთ.
იმ დღეს ტურისტ გოგოსთან ერთად კაფე-ბარში სვამდნენ, როცა იმ გოგოს ბიჭმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მერე რა მოხდა, არ ვიცით, ეს მხოლოდ ბრალდებულმა იცის და ვფიქრობ, ის ამ ჩვენებას მისცემს გამოძიებას. ირაკლის ჩემთანაც არ უსაუბრია მოტივზე, წუხს მომხდარის გამო და ძალიან ნანობს ჩადენილს. ირაკლი ნასამართლევი არ არის. მას მოკლულის ტოლი ქალიშვილი ჰყავს. ვფიქრობ, მისი ჩვენება ყველაფერს ფარდას ახდის".
ავთანდილ კილაძე: - ამბობენ, აჭარაში კრიმინოგენული ვითარება გართულდაო, არასწორია, უბრალოდ ზაფხულში ბევრი ხალხია ჩამოსული და დანაშაულიც მატულობს.
რაც შეეხება კოკა კეკელიას საქმეს, დავკითხეთ ტურისტი გოგონა, რომელიც ამბობს, რომ კეკელიას თავისი სურვილით შეხვდა და ვერ ხსნის, რატომ მოკლა სულაძემ. ამის მიზეზი არც გარდაცვლილის მეგობარმა იცის, რომელიც შორიახლოს იდგა და ელოდებოდა, როდის მორჩებოდა მისი მეგობარი საუბარს გოგონასთან.
- ბატონო ავთანდილ, ცოტა ხნის წინ 16 წლის მარიამ კოჩალიძე წამებით მოკლეს. ამ საქმეში ხომ არ გამოიკვეთა ახალი გარემოება?
- მიმდინარეობს გამოძიება. დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. მკვლელმა წაიღო ოქროს ჯვარი, მოოქრული საყურეები და ოქროს ბეჭედი. რაც შეეხება იმას, იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს, ჯერჯერობით არ დასტურდება.
უცნაური გაუჩინარება
ამდენიმე დღეა აჭარის სოფელ ახალშენის მოსახლეობა პოლიციის შენობასთან იმ იმედით იკრიბება, რომ 7 აგვისტოს დაკარგულ 16 წლის დარეჯან დიასამიძის ადგილსამყოფელს პოლიცია დაადგენს.
გოგონა უცნაურად გაქრა. 7 აგვისტოს, დილის 10 საათზე, სოფელ ქვედა სამებიდან, ბიძის სახლიდან, დარეჯანი ბიცოლამ გამოაცილა. მას თავის სახლამდე კილომეტრზე მეტი მანძილი ფეხით უნდა გაევლო, სწორედ ამ მონაკვეთში გაუჩინარდა. დარეჯანი მე-12 კლასის მოსწავლეა. იმ დილიდან მისი ტელეფონი გათიშულია, თუმცა დაკარგვის დღეს, 15 საათსა და 10 წუთზე, მისი მობილური მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით ჩაირთო. ახლობლები ამბობენ, მაშინ პოლიციამ ამ კვალს არ მისდია, რადგან დაკარგვიდან 24 საათი გასული არ იყო. გაირკვა, რომ ტელეფონი ბათუმში, კომახიძის 7 ნომერთან ვიღაცამ ჩართო და მერე ისევ გათიშა.
თბილისიდან ჩასულს სოფელ ახალშენში დიასამიძეების ოჯახის პოვნა არ გამჭირვებია. ყველამ იცოდა, სად ცხოვრობს დაკარგული გოგონა. მათი სახლი მაღლობზეა და იქ მანქანით ასვლა ჭირს. მოსახლეობა ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით ცხოვრობს. დიასამიძეების კარამდე მანქანით მისვლა ვერ შევძელით, ამიტომ მეზობლის სახლთან დავაყენეთ მანქანა. მეზობელი მომხდარით შეწუხებულია: "ახლახან მოვედი მათი სახლიდან. სახლში მოხუცები არიან, ნერვიულობენ და ტირიან. რომ იცოდეთ, რა კარგი ბავშვია, წესიერი, ზრდილობიანი. ეს 16 წლის გოგო უვლიდა მოხუცებს. შრომა არ ეზარებოდა. ღმერთმა ქნას, მალე იპოვონ", - გვითხრა მან.
დიასამიძეების ოჯახში ფეხით ავაღწიეთ, სადაც მოხუცი ბებია-ბაბუა დაგვხვდა.
ახმედ დიასამიძე, დარეჯანის ბაბუა: - ჩემი მეორე ვაჟი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. წინადღეს მისი შვილი, ჩემი შვილიშვილი, დარეჯანის ტოლია, ამოვიდა და გვთხოვა, ბაბუ, დარიას ჩვენთან წავიყვან და ხვალ წამოვაო. დარიკომ იცოდა, დილას მამამისი სამსახურში რომ უნდა წასულიყო, მეც ქალაქში მივდიოდი, ბავშვი ავადმყოფ ბებიასთან უნდა დარჩენილიყო. შორი მანძილი არ ჰქონდა გამოსავლელი. ერთ კილომეტრში გაქრა... დილით ყველა საქონელს წველის და უცხო მანქანა რომ შემოსულიყო, აუცილებლად მიაქცევდნენ ყურადღებას. ყველა ამბობს, არავინ დაგვინახავსო. დარიკო დროზე რომ არ მოვიდა, მამამისმა დაიწყო მის ტელეფონზე რეკვა და გათიშული ჰქონდა. მას მერე ვეძებთ. განადგურებული ვარ ამ ხნის კაცი.
ერთადერთი მინდა, ჩემი ბადიში უვნებელი ვნახო.
ის ჩვენი ოჯახის ბურჯია, დედამისი წლებია თურქეთში მუშაობს, ამიტომ ყველაფერი ამ პატარა გოგოს კისერზე იყო.
- შეყვარებული ჰყავდა? იქნებ გაიპარა?
- მე და ბებიამისს ყველაფერს გვიყვებოდა. შეყვარებული რომ ჰყავდა, ვიცოდით, ხელვაჩაურელი ბიჭია, გვარად მსხალაძეა. ერთხელ დარიამ მითხრა, ბაბუ, მოდი, განახო მისი სურათი და თუ მოგეწონება, გავყვებიო. მაჩვენა. მეც ვუთხარი, ბაბუ, შენ ვინც გიყვარს, იმასთან უნდა იყო. მაგრამ არ იჩქარო, პატარა ხარ და წინ გაიხედე, ჯერ დაქალდი-მეთქი.
ვარდო დიასამიძე, ბებია: - 6 წელია დედამისი თურქეთში მუშაობს, ოჯახს იქიდან არჩენს. დარიკო ჩემი გაზრდილია. ბაღანა დამეკარგა, არ ვიცი, რა ვქნა. ბავშვი საშინაო ტანსაცმლიYთ იყო წასული, შლოპანცები ეცვა, მოკლე თეთრი შორტი და მაიკა.
- სხვა ბიჭსაც ხომ არ მოსწონდა?
- ბევრ ვინმეს მოსწონდა, მაგრამ მას ხელვაჩაურელი ბიჭი უყვარდა. იმ ბიჭს მისი ცოლად წაყვანა უნდოდა, მაგრამ დარიკოს უთქვამს, ბებია ავად მყავს, ვერ მივატოვებ, დედიკო რომ ჩამოვა, მოდით სახლში და ჩემებს უთხარითო. დედამისის ჩამოსვლას ელოდებოდა ის ბიჭიც. ისიც ეძებს ახლა.
საუბარში მეზობელი ლუიზა კირკიტაძეც ჩაგვერთო: "თუ მოიტაცეს, ხომ უნდა თქვან, შეიძლება პოლიციაში რომ გაცხადდა, ამის ეშინიათ და იმიტომ არ გამოჩნდნენ, მაგრამ სანამდე უნდა დამალონ გოგო".
დაკარგულის დედა თვალცრემლიანი დახმარებას ითხოვს: "მე ჩემს შვილს ვენდობოდი, იმხელა ოჯახს უძღვებოდა, ჩემს ავადმყოფ დედამთილს უვლიდა. არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, სახლიდან გაქცეულიყო. დღეში რამდენჯერმე ველაპარაკებოდი თურქეთიდან. იმ დღეს ტელეფონი გათიშული რომ ჰქონდა, ჩემს მეორე ქალიშვილს დავურეკე. რომ არ მენერვიულა, მომატყუა, შინ არის, თავი სტკივა და სძინავსო. რას აკეთებდა და როგორ იყო ჩემი შვილი, ვიცოდი, დღეში 3-4-ჯერ ველაპარაკებოდი სკაიპით".
თურმე გაუჩინარებამდე, ღამის 12 საათამდე, შეყვარებულს ელაპარაკა ტელეფონით, სხვას არავის დაურეკავს. შეყვარებულს უთქვამს, ახლა ტელეფონები გავთიშოთ და დილით სამსახურში წასვლამდე შეგეხმიანებიო. დარიკოც ასე მოიქცა. შეყვარებულის მოკითხვამდე, დილის 10 საათზე, მამამ მოიკითხა და შვილის ტელეფონი გათიშული დახვდა. ახლობლების ვარაუდით, ვიღაც იქვე იყო ჩასაფრებული და დარიკო მოიტაცა, თუმცა ვინ, არ იციან. "ვიცოდით, კიდევ ერთ ბიჭს რომ უყვარდა. იმ ოჯახსაც მივაკითხეთ. ბიჭი თურქეთში წასულა, გადავამოწმეთ და მართლაც ამ ამბამდე, 26 ივლისს გადაუკვეთია საზღვარი. დასაშვებია, რომ ვიღაცამ მოიტაცა, მაგრამ რამდენ ხანს უნდა დამალოს", - ამბობს ბიცოლა, ქალბატონი ირინა. დაკარგვიდან ორი დღის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაირთო წამით გოგონას მობილური, მაგრამ ისევ გამოირთო. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ვინმეს გოგონა ოთახში ჰყავს ჩაკეტილი და არ აჩენს, რადგან ამხელა ხმაური ატყდა, ეშინია.
ამ საქმეზე სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.
P.S. გაზეთის დაბეჭდვისას დარეჯან დიასამიძეზე ისევ არაფერი იყო ცნობილი, იმედი გვაქვს, გოგონა ოჯახს უვნებელი დაუბრუნდება.
თეა ხურცილავა
ბათუმი-თბილისი