თამრიკო ჭოხონელიძე - "არ მინდა, ბატონი ბიძინა თვალახვეული დადიოდეს" - კვირის პალიტრა

თამრიკო ჭოხონელიძე - "არ მინდა, ბატონი ბიძინა თვალახვეული დადიოდეს"

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

- ახლანდელი ვითარება 2003 წლის საქართველოს გაგონებთ?

- იცით, მე დღესაც ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და რატომღაც მგონია, ან ჩემს თავს ვაიმედებ, რომ ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ, რაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდგომ იყო დაშვებული... ჩემი იმედიანი განწყობის მიუხედავად, ძალიან ვღელავ და ამის საფუძველიც მაქვს. ამ ცხრა წლის განმავლობაში უამრავი თავისი საქმის პროფესიონალი იდგა ჩრდილში, უამრავი ადამიანი გააჩოჩეს გვერდზე და სახლში დასვეს, სამაგიეროდ, კი ანგარებით მოსული არაპროფესიონალები წამოატივტივეს. ჩემდა საბედნიეროდ, წლების განმავლობაში ჩრდილში მოქცეული ადამიანები "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციებზე დავინახე, ამიტომ მომეცა დიდი იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, რადგან ძალიან სერიოზული ადამიანები იდგნენ იქ თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. ასეც მოხდა, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ახლა ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ, სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში სიტყვა ეთქმით და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ისევ არ ჩანან.

- ვის გულისხმობთ?

- თუნდაც ბატონ ანზორ ერქომაიშვილს... ჩემს ბუნებაში არ ზის აქციებზე დგომა, მაგრამ მაშინ ასე სჭირდებოდა ქვეყანას და არც ერთი აქცია არ გამიცდენია. მხოლოდ სამეგრელოს აქციაზე ვერ წავედი, რადგან ავად ვიყავი... ვაკვირდებოდი, აქციებზე რა ხდებოდა და მართალი გითხრათ შევშინდი, რადგან იყვნენ ადამიანები, როგორც კულტურის, ისე სხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოსინჯეს ვითარება, ანუ მივიდნენ "ოცნების" პირველ და ბოლო აქციაზე.მ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც იმ პოლიტიკურ კოალიციას "ნაციონალები" ებრძოდნენ, ისინი ჩუმად იყვნენ და შორიდან უყურებდნენ, როგორ წარიმართებოდა პროცესები და შემდეგ კი, როდესაც მოძრაობა უკვე ფინალში გადიოდა, ისინი ისევ გამოჩნდნენ.

- დააკონკრეტეთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები...

- არა, მათი დაკონკრეტება ჩემი საქმე არ არის. ვინც იმ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ყველამ იცის, ვისზეა ლაპარაკი, რადგან მახსოვს, ხალხი მათზე ლაპარაკობდა. ამ ხნის განმავლობაში სულ მინდოდა, მთავარი ლიდერებისთვის დამესვა კითხვა, ნუთუ მათ ვერ შეამჩნიეს ან ახლაც ვერ ამჩნევენ ამ მედროვეებს, რომლებიც ყნოსვით ხვდებოდნენ, რა დროს სად უნდა მდგარიყვნენ. ეს ადამიანები განსაკუთრები საშიში არიან, რადგან პირწავარდნილი "ნაციონალები" იყვნენ, ოღონდ ყველაზე ცუდი გაგებით, რადგან "ნაციონალებშიც" იყო კარგი ტენდენცია, - ისინი ყველაფერს ცუდს არ აკეთებდნენ, "ნაციონალების" დროს ბევრი კარგიც გაკეთდა, უბრალოდ, ვისზეც მე ვსაუბრობ, ყველა მიმართულებით განხორციელებულ ბოროტ ქმედებებში იყო ჩართული, ეს ეხებოდა როგორც კულტურას, ისე პოლიტიკას.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში