აჩიკო გულედანი - "პრემიერის ქცევა ყველასთვის შეურაცხმყოფელი იყო" - კვირის პალიტრა

აჩიკო გულედანი - "პრემიერის ქცევა ყველასთვის შეურაცხმყოფელი იყო"

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე პრეზიდენტის - მიხელ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას, მუსიკოსი აჩიკო გულედანი გამოეხმაურა, რომლისთვისაც ეს კადრები მეტად დამთრგუნველი სანახავი აღმოჩნდა...

- ძალიან შეურაცხმყოფელი კადრები იყო და ერთობ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა... მაინდამაინც არც ნორლანდის საქციელი მომეწონა, მაგრამ ელჩის ქცევა ამ დროს უფრო მეორეხარისხოვანია, რადგან ელჩი მაინც სხვა ქვეყნის წარმომადგენელია და ვერ მოვთხოვთ, ისევე ტკიოდეს ქვეყნის ბედი, როგორც ჩვენ... ამოუხსნელი და გაუგებარი იყო პრემიერ-მინისტრის - ბიძინა ივანიშვილის ქცევა, მაშინ როდესაც ქვეყნის პირველი პირი ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე საუბრობდა. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მითვის პრეზიდენტი პიროვნულად, მთავარი ის იყო, რაზეც პრეზიდენტს ჰქონდა გამოსვლაში გამახვილებული ყურადღება. პრემიერ-მინისტრის საქციელი ყველასთვის შეურაცმყოფელი იყო და ამას არა მგონია ახსნა-განმარტება ჭირდებოდეს.

- ეს კადრები ყველამ ნახა, მაგრამ ბევრმა ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა და მის საქციელს ცანცარიც კი უწოდეს...

- შეიძლება გააკრიტიკა, ხალხი ყველანაირი არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია. ნაკლებად მაინტერესებს, რაც თქვეს პოლიტიკოსებმა. რად უნდა ლაპარაკი, რომ ძალიან მძიმედ საყურებელი იყო! ძალიან დამთრგუნველია როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი თავის დამოკიდებულებას ასე ამჟღავნებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხის მიმართ.  არსებობს საკითხები, როდესაც ყველა ქართველი ერთსა და იგივეს უნდა ვფიქრობდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პარტიას და პოლიტიკურ მოძრაობას ეკუთვნის... თუმცა მისგან ასეთი საქციელი არ გამკვირვებია, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო... ამაზე ხომ მაინც ვერავინ იტყვის ვერაფერს - არაფერ სულელურს, უცნაურსა და სასაცილოს პრეზიდენტი იმ მომენტში არ ლაპარაკობდა. მნიშვნელობა არ აქვს, მის მიმართ ვის როგორი დამოკიდებულება გვაქვს. ადამიანთან დამოკიდებულება არ უნდა აზიანებდეს მთავარ საქმეს და ეს ორჯერ ორი ოთხია. ქვეყნის პირველ პირს შეიძლება ბევრი რამ შეეშალოს, არ იყოს ბევრისთვის მისაღები, მაგრამ არსებობს მომენტები, როდესადაც უცნაური შეკითხვები და ქცევა ყოვლად დაუშვებელია.

- უცნაურ შეკითხვად რა მიგაჩნიათ?

- მაგალითად, როცა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ჰკითხა, გულზე რა გაქვსო. (წითელ ყაყაჩოზე)... ეს შეკითხვა ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი და ხალხი ან სხვადასხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ან კიდევ იმას, რომ მას სულაც არ ანაღვლებს, სინამდვილეში რისი სიმბოლოა ეს ყაყაჩო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)