სალომე სამადაშვილი: "სროლა რომ დაიწყო, გავიქეცით და მოპირდაპირე კაფის სამზარეულოში ვიმალებოდით..." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

სალომე სამადაშვილი: "სროლა რომ დაიწყო, გავიქეცით და მოპირდაპირე კაფის სამზარეულოში ვიმალებოდით..." (ექსკლუზივი)

"თავი ისე დაუცველად არასოდეს მიგრძვნია, როგორც იმ წუთში ვიგრძენი"

"ეს ხდებოდა დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში და არა სადმე გეტოში"

"არა მხოლოდ თავიანთი მანქანები, არამედ იქ მდგარი სხვა ავტომობილებიც დალეწეს... თან ეს ხდებოდა დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში და არა სადმე გეტოში"

"ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო. არ ვიცი, გამოძიება როგორ წარიმართა. არ დავინტერესებულვარ, რადგან კერძო პირი ვარ. ამით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ," - აცხადებს ევროკავშრიში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი რესტორან "ლოფტში" რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინცინდენტის შესახებ.

- კონკრეტულად რა მოხდა იმ ღამით "ლოფტში"?

სალომე სამადაშვილი:

-ფართომასშტაბიანი აგრესია იყო. არ ვიცი, ვინ იყვნენ ის ახალგაზრდები. იქაურობას ლეწავდნენ, მერე ჩვენი მიმართულებითაც წამოვიდნენ და ძალიან სერიოზული ჩარევა დასჭირდა პატრულს, რომ ეს ინცინდენტი აღეკვეთა. ჩვენ რომ მოვდიოდით, ადგილზე უკვე პატრულის რამდენიმე მანქანა იყო.

- ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნეთ, სადაც წერდით, რომ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ 90-იანი წლების თბილისი გაგახსენათ...

- რესტორნის ვიტრინების და შიდა ინტერიერის დალეწვის შემდეგ ეს ხალხი გარეთ გამოცვივდა და მანქანების ლეწვა დაიწყო... შემდეგ სროლა ატყდა და მე და ჩემს მეგობრებს დამალვა მოგვიხდა. გავიქეცით და "დაუნ თაუნ"-ის სამზარეულოში ვიმალებოდით. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, ვინ და სად ისროდა. ბოლოს ასეთ სიტუაციაში, რომ აღმოვჩნდი და სროლის გამო დამალვა მომიწია, სკოლის მოსწავლე ვიყავი და 90იანი წლები იყო. ამას ვგულისხმობდი.

- როგორც შემდეგ გაირკვა, ჩხუბის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა...

- რა თქმა უნდა, დაშავდებოდნენ, იმიტომ, რომ მართლა სერიოზული დაპირისპირება იყო. ეს უბრალო ჩხუბი არ იყო, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ურტყამს. ამიტომ, მხოლოდ ჩხუბის მონაწილეები არ დაშავებულან.

ასეთი რამ თბილისის ქუჩებში არ მინახავს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მოხდა, რის გამო დაიწყო ჩხუბი, მაგრამ პირადად მე თავი ისე დაუცველად არასოდეს მიგრძვნია, როგორც იმ წუთში ვიგრძენი. გავიქეცით და მოპირდაპირე კაფის სამზარეულოში ვიმალებოდით...

არა მხოლოდ თავიანთი მანქანები, არამედ იქ მდგარი სხვა ავტომობილებიც დალეწეს. მათ შორის ტაქსიც, რომელსაც შუშა ჩაუმსხვრიეს. ეს ნამდვილი ვანდალიზმი იყო. პატრულის ერთმა ეკიპაჟმა ვერ შეძლო თავის გართმევა და დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო.

ჩხუბი ყველგან ხდება. საზღვარგარეთაც, მაგრამ ასეთი მასშტაბის ჯგუფურ აგრესიას, რომლის აღკვეთა პატრულსაც კი გაუჭირდა, არსად არ შევსწრებივარ. ეს ჩემთვის მართლა შოკი იყო. თან ეს ხდებოდა დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში და არა სადმე გეტოში.

-ბევრს საუბრობენ ქვეყანაში კრიმინალის ზრდის შესახებ. მათ შორის, თქვენი ყოფილი გუნდის წევრებიც... ასეთ ფაქტს კიდევ თუ შესწრებიხართ ბოლო პერიოდში?

- ჯერ რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოში ვარ და საბედნიეროდ მხოლოდ ამ ერთ ფაქტს შევესწარი. თუმცა ესეც საკმარისი იყო...

არ ვიცი, რისი შედეგია ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან არასასიამოვნო იყო. სიმართლე გითხრათ, მიხაროდა, რომ იქ ქართველ მეგობრებთან ერთად ვიყავი და უცხოელი არავინ მახლდა... ახლაც ველოდები რამდენიმე უცხოელ მეგობარს და როცა წარმოვიდგენ, რომ იქ შეიძლება მათთან ერთად ვმჯდარიყავი, კიდევ უფრო შემაშფოთებელი და უსიამოვნოა ჩემთვის ეს ყველაფერი.

თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)