"შემაგინა მაგან და ამიტომ მოვახრჩვეო" – ჭალადიდში 18 წლის ბიჭმა 37 წლის კაცი მოკლა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"შემაგინა მაგან და ამიტომ მოვახრჩვეო" – ჭალადიდში 18 წლის ბიჭმა 37 წლის კაცი მოკლა (ექსკლუზივი)

13 აგვისტოს, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 18 წლის რევაზ ედიშერაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის იროდიონ (ილო) კაპანაძე მოკლა. მკვლელმა მსხვერპლი გაგუდა, შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა და მომხდარი მეზობელს შეატყობინა.

მეზობელს ეჭვი არ შეპარვია მისი სიტყვების სიმართლეში, რადგან რეზო ტალახში იყო ამოსვრილი. ის ედიშერაშვილს მითითებულ ადგილას გაჰყვა და იქ საშინელი სურათი დახვდა.

მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჭაობში მამაკაცი ეგდო, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მკვლელი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მოკლულმა მას შეაგინა და ამიტომ მოკლა: "შემაგინა მაგან და მაგიზა მოვახრჩეო – ასე გვითხრა" – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

მოკლული ილო კაპანაძე სოფელ ჭალადიდში, ბებიასთან იყო სტუმრად. მკვლელი და მოკლული ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. როგორც შევიტყვეთ, ამ ორ ოჯახს ერთმანეთთან ნათელ-მირონობაც აკავშირებთ...

ჭალადიდის საკრებულოს წევრი ჯოტო გიგაშვილი:

- ედიშერაშვილები სოციალურად დაუცველები არიან და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ. სამწუხარო ამბავი მოხდა. ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია. ილო კაპანაძეს არ ვიცნობდი, ის თვეზე მეტია, რაც ბებიასთან სტუმრად იყო. ამ ორ ოჯახს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მოკლულის ბიძები ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალნენ და ოჯახს დიდი ტკივილი აქვს გადატანილი. მოხუც ბებოს ახლა ეს უბედურება დაატყდა. ილო საჩხერიდან იყო და იქ გადაასვენეს. როგორც ამბობენ, მეუღლეს გაცილებულია, ჰყავს ორი შვილი.

- ბრალდებულის ოჯახზე რას იტყვით, რა გარემოში გაიზარდა იგი?

- მამა მშრომელი, მეურნე კაცია. რეზოს დედასაც მწვავე ფსიქიური პრობლემები აქვს, თუმცა ის ფსიქიატრიულში ნამყოფი არ არის. და ცალსახად შეურაცხადია და ორჯერ ჰყავდათ ფსიქიატრიულში, უმკურნალებენ გარკვეული პერიოდი და მერე ისევ უშვებენ სახლში. და ამ სამეულიდან ყველაზე აგრესიული იყო და მშობლები განცხადებით მოგვმართავდნენ ხოლმე, გვთხოვდნენ საავადმყოფოში მის გადაყვანაში დავხმარებოდით..რალდებულიც სულით ავადმყოფია და რომ შეხედავ, ეს აშკარად თვალშისაცემია. თუმცა ჩემი ინფორმაციით, ფსიქიატრიულში არც ისაა ნამყოფი.

- ინციდენტზე რას იტყვით?

- როგორც ამბობენ, მოკლული სახლიდან გაუყვანია, მაგრამ მანამდე რა მოხდა მათ შორის, ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, ხელით გაგუდა. ბლაგვი საგნით დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გაუნათლებელი ბიჭია, სკოლაშიც არ უვლია. წერა-კითხვაც კი არ იცის, დაწყებით კლასებში დადიოდა და მერე მიატოვა სკოლაში სიარული, რადგან ვერ დაძლია. არ გამიგია, რომ ადრე ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, აგრესიული არ ჩანდა. ცნობილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ის მთვრალი იყო. მკვლელობა მათი სახლიდან 500 მეტრის მოშორებით მოხდა. იმ ადგილს პატარა რიონს ვეძახით, წყალი პატარაა. ღრმა წყალი რომ ყოფილიყო, ალბათ წყალი წაიღებდა ცხედარს.

ბრალდებულის მეზობელი, ქალბატონი სვეტა ამბობს, რომ რეზო ედიშერაშვილი საშიში იყო საზოგადოებისთვის.

- ეს ბიჭი სულით ავადმყოფია. მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. იმ დროს ისინი სახლში არ იმყოფებოდნენ. ამბობენ, ბებიას გაეპარაო. დალია სასმელი და სავარაუდოდ შელაპარაკება მოხდა. როგორც ჩანს, მათ შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა იყო. ჯერ ტალახში არიან ნაგორავები, ორივე დასვრილი იყო. მერე როგორც ჩანს, მოერია, გადაათრია 15-20 მეტრში გუბესთან და იქ გუბეში ხელით ჩაახრჩო. მერე სოფელში მობრუნებულს მეზობლისთვის უთქვამს, ტალახში ხროტინებდა და წყალში დავახრჩვეო. თვითონვე მიიყვანა იმ ადგილას მეზობელი. მოკლულის და მკვლელის ოჯახს ნათელ-მირონობა აკავშირებთ. როგორც ამბობენ, ილოც ნასვამი იყო. მთელი ცხოვრება აგრესიული იყო ეს ბიჭი და არ უმკურნალეს, სანამ ეს ტრაგედია არ დაატრიალა”,- მითხრა მეზობელმა, ქალბატონმა სვეტამ.

გამოძიება გრძელდება. გარდაცვლილს მშობლიურ კუთხეში, საჩხერეში დაკრძალავენ.

თეა ხურცილავა( სპეციალურად საიტისთვის)