"მოკითხვა" ისრაელიდან - კვირის პალიტრა

"მოკითხვა" ისრაელიდან

ვინც წინა კვირის "პროვოკაცია" წაიკითხა, ემახსოვრება ჩემი "დაპირება": უცხოეთში, ისრაელში მივდივარ და "ექსპერიმენტის" ჩატარებას ვაპირებ - საერთოდ არ გავეცნობი საქართველოს მიმდინარე ამბებს და ვეცდები, მხოლოდ "აღთქმული ქვეყნიდან" დანახული ან სულაც აქ ნანახით მიღებული შთაბეჭდილებები გადმოგცეთ-მეთქი...

გამიმართლა კიდეც: ჩემი საქმეები პირველივე დღეს მოვილიე და საქართველოდან ჩამოსულ დელეგაციას "ავეკიდე" (მასში ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები შედიოდნენ). ამ ორ დღეში უამრავი საინტერესო რამ ვნახე: სოფელი (მეცხოველეობის ფერმაც, ვენახიც, ფორთოხლის ბაღიც, გოგრის მინდვრებიც), საავადმყოფო, გრანდიოზული სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაც, სათევზე მეურნეობაც (ესენი უბრალოდ კი არ ვნახე, არამედ საფუძვლიანად დაგვათვალიერებინეს)... ამ ყველაფრის შესახებ ჩვენი ჟურნალის ან "კვირის პალიტრის" უახლოეს ნომერში მოგითხრობთ, როდესაც ჩამოვალ, აქ კი ჩემს მთავარ შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ: სულ ტყუილად დასცინოდნენ ნოვატორ აგრონომს ქართულ ფილმში "უდიპლომო სასიძო" - ისრაელში ათასძროხიანი ფერმა ვნახე, სადაც დინამიკებიდან მუდმივად ისმოდა სასიამოვნო მუსიკა, წველადობას ზრდისო, დაუმტკიცებიათ და სულაც არ ეცინებათ ამ ამბავზე.

საერთოდ, რა საქმეზეც ვიყავი ჩამოსული (პირად საქმეს ვგულისხმობ), სწრაფად და კარგად მოგვარდა; შესავალში ნახსენები "ექსკურსიებიც" ძალიან შთამბეჭდავი იყო და ამინდიც მშვენიერი - სიცხის მეშინოდა, მაგრამ 32 გრადუსს არ ასცილებია ტემპერატურა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, რადგან... მშურს!

არა, "შური" ამ შემთხვევაში არ არის იმ გრძნობის აღმნიშვნელი ზუსტი სიტყვა, რასაც ვგრძნობ. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა, უბრალოდ გაბრაზებას თუ დავარქმევდი, გაბრაზებას იმ ქვეყნის ნახვის გამო, სადაც წყალი არ არის, მაგრამ ყველაფერი მორწყულია, ჩვენთან კი, - წყალს მიაქვს ყველაფერი და მაინც, მართლაც "წყალს მიაქვს ყველაფერი"; იმ ქვეყნის ნახვის გამო, სადაც მიწა თითქმის არ არის, მაგრამ ქვასა და ქვიშაზე ზემოდან მოყრილ თხელ ფენაზე მოყვანილი მოსავალი მთელ ევროპაში იგზავნება, ჩვენთან კი, - სხვაში რომ ვერაფერში გამოიყენეს, უკვე ნაყოფიერი მიწის ზედა ფენებს ჭრიან და აქაც და ამათ მეზობელ ქვეყნებშიც თვითმფრინავებითა და ავტოტრაილერებით ჩამოაქვთ; კიდევ, იმ ქვეყნის ნახვის გამო (მეზობლებზე გამახსენდა), რომელსაც მეზობლებისგან მუდმივად საფრთხე ემუქრება, ტერორისტთა მუდმივი და გამოცხადებული სამიზნეა და მისი მოქალაქეები მაინც დაცულად გრძნობენ თავს, ჩვენთან კი - ის ვერ გავარკვიეთ, რუსები რომ მავთულხლართებს ყოველდღე აქეთ წევენ, იმ ადგილას პოლიციის ჩაყენებისა და წუწუნის უფლება მაინც თუ გვაქვს; იმ ქვეყნის ნახვის გამო, სადაც ახალსკოლადამთავრებული გოგონებიც ამაყად ატარებენ სამხედრო ფორმასა და იარაღს, ჩვენთან კი - დღემდე არ არის დადგენილი, რამდენი წვევამდელი გვყავს, რამდენი ჯარისკაცი გვჭირდება და რა პრინციპით უნდა მოხდეს მათი შერჩევა; იმ ქვეყნის ნახვის გამო, რომელშიც ყველამ იცის, რომ სახელმწიფო მისგან თუ ერთგულებას ითხოვს, სამაგიეროდ იმასაც ჰპირდება, რომ შიმშილით ან ბრმა ნაწლავის გახეთქვით არ მოკვდება, ჩვენთან კი - ხუთლარიანი "საყოველთაო დაზღვევა" გვიხარია... და ააააა.შშშშშშ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ "პროვოკაციას" არ წაიკითხავენ (მაინც არ მინდა ვაწყენინო), ან თუ წაიკითხავენ, არ ეწყინებათ, ამიტომ ვიტყვი, რომ მივხვდი ზემოთ ჩამოთვლილი განსხვავებების მიზეზს! მივხვდი რა, მივხვდი კი არა, ვნახე: წარმოიდგინეთ, იმ რეგიონის ხელმძღვანელები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სოფლის მეურნეობა უნდა იყოს და ისინი კი, ყველა შეხვედრაზე დროის 80%-ს (მინიმუმ 80%-ს! 90-ს იმიტომ არ ვამბობ, რომ მაინც ვინდობ) მობილურებზე "მესიჯობას" ანდომებდნენ, ხოლო ფერმაში 10 წუთის შემდეგ განაცხადეს: წავიდეთ, "ფუნის" (ასე თქვეს ზუსტად) სუნიაო!

ჰოდა, ბატონებო, კარგი სუნი საქართველოშია, იმიტომ, რომ არაფერი არ არის და "არაფერს" არაფრის სუნი არა აქვს...

P.S. წინა ნომერში ჩემი ებრაელი მეგობრის მიერ ნათქვამი რომ დავწერე, - ისრაელმა გასულ წელს 85 მილიარდი დოლარის ხილ-ბოსტნეული გაიტანა უცხოეთში-მეთქი, - ინტერნეტკომენტარებში "დამბომბეს", - მინიმუმ ერთი ნული მიგიმატებიაო; იძულებული გავხდი, ბოდიშიც კი მომეხადა, არადა, მართალი ყოფილა: რომ ჩამოვალ, იმ დაპირებულ სტატიაში ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით.

მაგრამ ზემოთ ნაამბობის მიუხედავად, ერთ რამეს მაინც ვიტყვი (სენტიმენტალობაში ნუ ჩამითვლით, ასპროცენტიანს ვამბობ): სამი დღეა, ისრაელში ვარ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები - საქართველო ყველაზე კარგი ქვეყანაა!!!

P.P.S. ს, ლ, ა, თ, ა, ო, ა, ი, თ, ა!!!