ნინო გაჩეჩილაძე:"სერიალი რეალობას ასახავს - სიგარეტს ჩვენთან არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს?"
ამჟამად თბილისში ქართულ-აზერბაიჯანული სერიალის, "ალი და თეოს" გადაღებები მიმდინარეობს. პროექტში პოპულარული მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე მონაწილეობს. როგორც ნინომ გვითხრა, მას"ალი და თეოს" გარდა, წმინდა ნინოს შესახებ მხატვრულ ფილმშიც იღებენ. ნინოს ამ პროექტებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ და ასევე, დავინტერესდით, როგორ აფასებს იმ აჟიოტაჟს, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებზეა" ატეხილი - თითქოს სერიალში სიგარეტისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა...
ნინო გაჩეჩილაძე:
- მიწვეული ვარ სერიალში "ალი და თეო". ეს ქართულ-აზერბაიჯანული პროექტია, მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მსახიობები, ყველა მათგანის სახელის ჩამოთვლა გამიჭირდება. თამაშობს ზუზუ ბეჟაშვილიც, რომელსაც რეჟისორთან რეკომენდაცია მე გავუწიე და ძალიან გამიხარდა, რომ აიყვანეს, რადგან ძალიან კარგი მსახიობია და თანაც, რუსულენოვან ფილმებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია. რა თქმა უნდა, შინაარსს წინასწარ ვერ გაგიმხელთ, რადგან ეს გარკვეულწილად საიდუმლოა. მაყურებელს სერიალის ნახვის საშუალება ნოემბრიდან ექნება. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, რადგან ჟანრობრივად ეს დეტექტიური მელოდრამაა. მე ვთამაშობ მთავარი პერსონაჟის, ალი ნურბეკოვის ყოფილ მეუღლეს, პოლონელ ბეატას, რომელსაც ყოფილი ქმრისგან ჰყავს ექვსი წლის შვილი, მარიკი, მაგრამ მისი მეორე ქმარი ყოფილი თანაკურსელი, საშა ბორტნიკია. სერიალი სულ 16 სერიისგან შედგება, რუსულენოვანია, მაგრამ სავარაუდოდ, ქართულად გაახმოვანებენ. ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რომელი ტელევიზია იყიდის. ლაპარაკი ორ ტელეარხზეა - რუსთავი2-ზე და იმედზე მიდის. სხვა ის შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ვიცი, თავად სცენარისტს აქვს სურვილი, რომ სერიალი გაგრძელდეს და იანვრიდან მეორე სეზონი გადაიღოს. თუმცა, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ყურებადი იქნება.
- თქვენ თვითონ რა მოლოდინი გაქვთ?
- ჩემთვის მთავარი ის არის, რომ პერსონაჟი, რომელიც უნდა განვასახიერო, ჩემი წინა გმირისგან ხასიათით რადიკალურად განსხვავდება, საკმაოდ ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალია. ის გადაწყვეტილებას ერთხელ თუ იღებს, აღარასდროს ცვლის. პერსონაჟი სცენარისტმაც დამიხატა და მისი თვალთახედვითაც ზუსტად ასეთივეა. ე.ი. რადიკალურად განსხვავდება კატოსგან. ამ თვალსაზრისით რასაკვირველია, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. როცა დიდი ხნის განმავლობაში ერთი გმირის თამაში გბეზრდება, გინდა, რომ რადიკალურად განსხვავებული სახე შექმნა. როგორც გამოვთვალე, სულ 4 სერიაში მომიწევს მონაწილეობის მიღება, რადგან მე-11 სერიაში ჩემი გმირი თავის ყოფილ ქმართან ურთიერთობას ამთავრებს, ქმრის თხოვნაზე, რაც შერიგებას და ცხოვრების ერთად გაგრძელებას გულისხმობს, ქალი კატეგორიულ უარს აცხადებს და სხვა ადამიანზე თხოვდება.
- რაიმე სხვა სატელევიზიო შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ?
- არა, მხოლოდ "ალი და თეო" და ასევე, მაქვს შემოთავაზება მხატვრული ფილმიდან წმინდა ნინოს შესახებ. თუმცა, ჯერ-ჯერობით გადაღებები არ დაწყებულა, ქასთინგის პროცესი გრძელდება, ამასთანავე, რეჟისორი გარკვეულ დაფინანსებას ელოდება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, წმინდა ნინოზე ფილმი გრანდიოზული უნდა იყოს, შესაბამისად, სპეც-ეფექტებიც საჭირო იქნება. გია კერესელიძეს თითოეულ პერსონაჟს ძალიან სკრუპულოზურად ეძებს, რადგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გეგმის მიხედვით, გადაღებები სექტემბერში ან ოქტომბერში უნდა დაიწყოს და წლის ბოლოს უნდა დამთავდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მსახიობი არაა შერჩეული, მეც რამდენიმე პერსონაჟზე განვიხილები და არა მხოლოდ ერთზე. ერთადერთი ის ვიცით, რომ წმინდა ნინოს როლზე არაჩვეულებრივი გოგო, ნიცა გვყავს.
- ვიცით, რომ ძალიან ბევრ კითხვას გისვამენ "ჩემი ცოლის დაქალების" შესახებ. ამჯერად, მხოლოდ ერთ კითხვას, ახალ და ამ დროისთვის აქტუალურ თემაზე დაგისვამთ. ხალხში დიდი მითქმა-მოთქმაა, თითქოს სერიალში სიგარეტის, ჰომოსექსუალიზმის და გარყვნილების პროპაგანდაა...
- პროპაგანდა რა შუაშია? კარგით რა, მე ამ სერიალში ვერაფრის პროპაგანდას ვერ ვხედავ. თუ ვიღაცას ძალიან უნდა, რომ პროპაგანდა დაინახოს, მაშინ ყველაფერში დაინახავს ამას. მე მგონია, რომ სერიალი რეალობას ასახავს. სიგარეტს ჩვენ გარშემო არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს? ძალიან ჩვეულებრივი მოვლენებია ასახული, ისეთივე, როგორც ცხოვრებაში. სიმართლის დანახვა ადამიანში ასეთ აჟიოტაჟს რატომ იწვევს, არ მესმის, უბრალოდ, ხალხს სარკეში ჩახედვის ეშინია.
ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).