იაკობ ჯუღაშვილი: პაპაჩემი არც ღვთაება იყო და არც ტირანი...
"ისე სულაც არაა საქმე, თითქოს ახალმა ხელისუფლებამ სტალინის საკითხთან დაკავშირებით "იჯიგრა". - აცხადებს სტალინის შვილთაშვილი - იაკობ ჯუღაშვილი, რომელიც სტალინის ძეგლის "აღდგენასთან" დაკავშირებულ აჟიოტაჟს ზედმეტად მიიჩნევს.
- როდესაც საუბარია სტალინის ძეგლის აღდგენაზე, ეს ნიშნავს, რომ ძეგლი უნდა აღდგეს იმავე ადგილზე, სადაც იყო. ხოლო როდესაც ამტკიცებენ, ჩვენ ძეგლი აღვადგინეთ და მუზეუმის ეზოში იქნებაო, ეს უკვე აღდგენას არ ნიშნავს, - ძეგლის გადატანაა... ისე სულაც არაა საქმე, თითქოს ახალმა ხელისუფლებამ სტალინის საკითხთან დაკავშირებით "იჯიგრა". ასე რომ, მთელი ეს აჟიოტაჟი ძეგლის "აღდგენასთან" დაკავშირებით ზედმეტად მიმაჩნია. არავითარი ძეგლის აღდგენა არ ხდება!
- თქვენ გსურთ, ძეგლი ზუსტად ისევ იმ ადგილზე დაბრუნდეს, სადაც იყო?
- ძეგლს აღვადგენთ, თუ მუზეუმში გადავიტანთ, სტალინისთვის არ ვაკეთებთ. სტალინი მრავალი წელია მკვდარია, მას აღარაფერი სჭირდება და არც მის ნათესავებს! - ეს ხალხისთვის არის საჭირო, რასაც უმეტესობა ვერ ხვდება... ასეთებიც მოვისმინე, ძეგლი მუზეუმში მაინც იყოს, როგორც კულტურული ძეგლი და ტურისტები ნახავენო. ხალხი იმდენად არის ტვინგადაბრუნებული, რომ მიაჩნიათ მუზეუმი თითქოს მხოლოდ ტურისტებისთვის არის საჭირო... ნებისმიერი ცოდნა სტალინზე საჭიროა სტალინისთვის კი არა, ან სტალინისტებისთვის და კომუნისტებისთვის, არამედ ჩვენთვის, რომ ჩვენი ცხოვრება სწორად ავაწყოთ.
- "სტალინის ძეგლის აღდგენა საქართველო ესტონეთის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება" - აცხადებს ესტონელი პარლამენტარი ანდრეს ჰერკელი.
- შეიძლება ვიღაც ესტონელს შეეშალოს ხელი, მაგრამ ყველა ასეთ გამონათქვამზე კომენტარს ვერ გავაკეთებ...
- ძეგლის დემონტაჟი რომ მოხდა, მაშინ როგორი იყო თქვენი რეაქცია?
- ეს იყო ფაშისტების საქციელი. შეიძლება ფაშიზმს სტალინი უყვარდეს?!
- სტალინის ფენომენს თქვენ როგორ აფასებთ?
- მე არ მიმაჩნია სწორად, როცა სტალინს წარმოაჩენენ, როგორც რაღაც ღვთაებას ან არაადამიანურ მოვლენას. დღეს ყველა ელოდება სტალინს, (ბელადს) რომელიც ყველაფერს გააკეთებს, იფიქრებს და ასე შემდეგ... ეს არის ზუსტად მავნე, დესტრუქციული მიდგომის შედეგი. სტალინის არყოფნის პირობებში, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობის განცდა, თავის ხალხის და ქვეყნის წინაშე, თვითონ უნდა იქცეს სტალინად.
- სტალინს მარტო გმირად და ღვთაებად არ მოიხსენებენ, ხშირად ისმის - ტირანი, პირსისხლიანი და ასე შემდეგ...
- სახელწოდებები - ტირანი, პირსისხლიანი და ასე შემდეგ... არის ტყუილი. 2009 წელს მამაჩემის - ევგენი ჯუღაშვილის სახელით სამმა პიროვნებამ - ლეონიდ ჟურამ, იური მუხინმა და სერგეი სტრიგინმა მოსკოვის სასამართლოში სასამართლო პროცესები გამართეს, იმ პიროვნებებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში თავის ლუკმა პურს შოულობდნენ ზუსტად ამ ტერმინების პროპაგანდით. ამ პროცესების მასალები გამოქვეყნებულია სათაურით "სუდ ნად სტალინიმ".
- საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ახლახან რუსულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთი პიროვნებები იშვიათად იბადებიან.
-მე პატრიარქს პირადად შევხვედრივარ, ვიცნობ, რა თქმა უნდა უდიდესი პატივისცემა მაქვს, სხვა კუთხიდან ვიცნობ და მასთან სხვა რამ მაკავშირებს. სტალინზეც გვისაუბრია ერთმანეთთან, მაგრამ ეს არ არის საჯარო საუბრის თემა და ვერ გაგიმხელთ.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)