"სატიოს უბნის გიჟებს კიტრებივით დაუფენიათ მოძალადე უცხოელები"
ვანის ნაქალაქარში ნაპოვნია ძვ. წ. II–I სს-ის ქანდაკების ფრაგმენტი - მოკრივის მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმანით, ლითონის აბზინდებითა და მაჯაზე დახვეული თასმით. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამით ქართული კრივის უძველესი ისტორია დასტურდება. ბევრი სხვა მტკიცებულებაც მოიპოვება ქართული კრივის ხანდაზმულობის შესახებ, ძველი ქართველი მოჭიდავე-მოკრივეების სახელები კი დღემდე ლეგენდებად შემორჩენილა.
სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, ზოგიერთი მათგანი თბილისის ქუჩებში სასწაულებს სჩადიოდა. ლოხოშა, ჭიანუა, კუნძუა, ყოჩნიკუა, გიჟვანუა, კურკა და სხვები, უბადლო მოჭიდავეები ყოფილან. ექვსიოდე ჯანიან ბიჭს გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე 25 შოტლანდიელი ოფიცერი ისე მიუნოკაუტებია, რამდენიმე დღე თავს მაღლა ვერ სწევდნენო.
სტუმრებს რას ერჩოდნენო, - იკითხავს ის, ვისაც ეს ამბავი არ სმენია.
მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს თავის მოთხრობაში "სატიო" და პოეტ მურმან ლებანიძეს ერთ-ერთ კრებულში გადმოცემული აქვთ გასული საუკუნის დასაწყისში, გოლოვინის პროსპექტზე, სასტუმრო "მაჟესტიკის" წინ ქართველების საარაკო ჩხუბის ამბავი. სწორედ ამ სასტუმროში ყოფილან დაბინავებული უცხოელი ოფიცრები, რომლებიც მოწყენილობის გასაქარვებლად სასმელს ეძალებოდნენ, შექეიფიანებულები კი გამზირზე გამოეფინებოდნენ და იმ დროისთვის მოდურ სპორტულ გასართობს, კრივს აჩაღებდნენ. ჯერ ერთმანეთს "დაზელდნენ", შემდეგ კი გამვლელებს სთხოვდნენ მათთან შერკინებას. ერთი-ორი მოხალისე რომ დაუმარცხებიათ, თავგასულებს თავხედური გასართობი მოუგონიათ და თურმე პროსპექტზე მოსეირნეებს უმიზეზოდ უბრაგუნებდნენ - "ხუკები და აპერკოტები დაბლა სცემდა დარეტიანებულ მოქალაქეებსო". ეს ამბავი რომ თბილისელი ყარაჩოხელების, სატიოს უბნის გიჟების ყურს მისწვდომია, გაცხარებულან, - ხალხს ქუჩაში თავს ესხმოდე და სცემდე, ეგ რა ვაჟკაცობააო. გიჟვანუას მუხლზე ხელი დაურტყამს ბრაზით, - მაგათ ვასწავლი ჭკუას, სიყრმის მზემ, კუკიაზე ადგილი აღარ დარჩება, თავხედ სტუმრებს იქ მოუწევთ სამუდამო განსასვენებლის პოვნაო და...
თბილისელი ყოჩები თავს დასდგომიან "მაჟესტიკის" წინ მოძალადე უცხოელებს. ორიოდე წამი დაჰკვირვებიან, - აბა, როგორ ახერხებენ ჩვენი ხალხის ცემასო. ბრიტანელების ბრძოლის წესებისთვის სასწრაფოდ აუღიათ "მუღამი". სატიოს ყოჩებს ულვაშებში ჩასცინებიათ, - ამ ჯეელებს თავურის (თავით დარტყმა) არაფერი სცოდნიათო და ისეთი სანახაობა მოუწყვიათ, უცხოელი ოფიცრების საცოდაობას მოსეირეები თვალზე ხელაფარებულები უყურებდნენ თურმე.
ჯიბეში ხელებჩაწყობილ ყარაჩოხელებს სულ თავურებით, კიტრებივით დაუფენიათ ყოყოჩა ალბიონელები.
საშა ვერელმა ქართულ გარმონზე "'სატიო" რომ შეუბერა, წამალაანთ გიჟუამ კი ჯიუტად ჯიბიდან ხელები არ ამოიღო და თავური დარტყმით ვიტრინის შუშები დახეთქა, ოფიცრებს გასაქცევად დასდგომიათ თურმე საქმე...
"გოროდოვოის" გიჟო რომ უცვნია, მხოლოდ ხვეწნა დაუწყია, - არ მოკლა, მუშტი დაარტყიო.
გიჟოსთვის სხვებსაც მიუბაძავთ და ყოჩებს თავებით ისეთი ბათქაბუთქი აუტეხავთ, მუშტი-კრივი სანახაობად გადაუქცევიათ", -”წერს მერაბ ბერძენიშვილი თავის მოთხრობაში.
ქართული საბრძოლო ხელოვნება
ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევარი კობა ჭუმბურიძე განმარტავს, რომ კრივი ოდითგანვე უმნიშვნელოვანესი სამხედრო დისციპლინა ყოფილა საქართველოში: "სულხან-საბას ლექსიკონი უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის. საინტერესოა თვით ტერმინის წარმომავლობაც. სავარაუდოა, რომ დასახელება ნაწარმოებია კვრა-კრვა ზმნიდან. კრიობა ამ შემთხვევაში კვრათა ერთობლიობას ნიშნავს, კვრა კი ძველად დარტყმის მნიშვნელობით იხმარებოდა. კრივის პოპულარობაზე მეტყველებს მის სახეობათა მრავალფეროვნება: მესხური თათმანიანი, თუშური მუშტა’ობა, ხევსურული სათითეებიანი, მეგრული მუშტი-კრივი ხეზე, წყალში ჯგუფური მუშტი-კრივი, რაჭული წიხლაობა, მოხევური წიხლაობა, სვანური ლაღამის კრივი, ლივიშდიელ (წიხლაობა) და ლიჯგუბილ (ხელით), არეული კრივი, ქალაქური მუშტი-კრივი, ხრიდოლი-კრივი”და სხვანი.
ქალაქური კრივის ნაირსახეობა გახლდათ ყარაჩოღელთა კრივი, რომელშიც დარტყმები რიგრიგობით კეთდებოდა, აფარებისა და უკუილეთის გარეშე, ანუ მოკრივემ შესანიშნავად იცოდა მორბილების და დარტყმის ჩაქრობის ხელოვნება, რაც ამ სახეობის უდიდეს კულტურაზე მეტყველებს".
XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოს-ეთნოგრაფის ივანე გვარამაძის ცნობით, ჩვენში იმართებოდა ოლიმპიურ თამაშობათა მსგავსი რამ, რომელსაც "ერის კოტაობას" ეძახდნენ და რომლის სახეობათაგანი იყო "მჯიღით ბრძოლა".
როგორც უამრავი სხვა, ძველი ქართული საბრძოლო-სპორტული სახეობა, XIX საუკუნეში კრივიც აუკრძალავთ რუსეთის იმპერიის ხელისუფალთ. თუმცა, მალევე მეფისნაცვალ ვორონცოვს შუამდგომლობით მიუმართავს რუსეთის საიმპერატორო კარისთვის, რომ აკრძალვა გაეუქმებინათ. "კრივი ქართველების საყვარელი გასართობია, მჭიდრო კავშირშია ხალხის ხასიათთან, მათ გმირობასთან, რაც ესოდენ დამახასიათებელია ქართველთათვის და აქცევს მათ ბრძოლისუნარიანად თავიანთი საზღვრების დასაცავად". ამის შემდეგ ისევ დაუშვიათ სახალხო სანახაობა, ოღონდ ქალაქგარეთ, კვირაცხოვლის ეკლესიასთან.