"ბრძოლა" კოდორისთვის
(დასასრული. დასაწყისი იხ. ## 32,33)
"ყოველთვის მაკვირვებდნენ ქართველები - 1993 წელს გულზე ხელს იბაგუნებდნენ, აფხაზეთში საკუთარი მიწისთვის ვიხოცებითო, ახლა კი კოდორში ეს მიწა არავის გახსენებია. არადა, ყოველთვის ვამბობდი, ქართველები აფხაზეთს არასოდეს გვაპატიებენ-მეთქი.”
მერაბ ტუჟბა, აფხაზური გვარდიის ვეტერანი, 2008 წლის 16 აგვისტო
სამხედრო წრეებში ადასტურებენ, რომ 2006 წლიდან საქართველომ კოდორის ხეობაში თავდაცვის მძლავრი სარტყელი შექმნა. გაჩნდა უამრავი გამაგრებული პუნქტი, რომლებიც ბლინდაჟებისა და საცეცხლე პოზიციებისგან შედგებოდა. დანაღმული იყო ქვაბჩარასა და ზიმას ხიდები, ხოლო ქვაბჩარის ხიდზე გადმოკიდებული კლდე (სწორედ აქედან ადის გზა კავკასიის ქედისკენ) დანაღმული იყო 400 კგ-მდე ტროტილით. როგორც კი აფხაზური არმია ხიდზე შედგებოდა, მაშინვე აფეთქდებოდა. აფხაზური ძალების გადაადგილებას ხელს ბუნებრივი წინაღობებიც უშლიდა. ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში აფხაზი სამხედროები თავის რუს კოლეგებს ატყობინებდნენ, რომ კოდორის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია უშედეგო იქნებოდა.
"სადაზვერვო მონაცემებით და აგრეთვე კოდორის ხეობაში აგენტურული ქსელის ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ ქართველებმა დამატებით შექმნეს ჯვარედინი ცეცხლის და ცეცხლის ყულფების მთელი სისტემა. ანალიტიკური სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობის მიუხედავად, ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და რუსი მეგობრების მხარდაჭერისა, ამ ეტაპზე ზემო აფხაზეთში ქართველებთან სამხედრო დაპირისპირება წარმატებული არ აღმოჩნდება".
ბესლან წვიჟბა, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, 2008 წ. 8 ივლისი
2008 წლის 8 აგვისტოსთვის კოდორის ხეობაში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ბრძოლისუნარიანი მე-5 ქვეითი ბრიგადის ძირითადი შემადგენლობა სრული აღჭურვილობით, აგრეთვე 400-კაციანი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჯგუფება და ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი მცირე რაზმები, სულ დაახლოებით 3 500 კაცი; ქართული სამხედრო შენაერთის შეიარაღებაში იყო ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა "გრადი",”საჰაერო თავდაცვის თვითმავალი სისტემა "ბუკი", არაპირდაპირი ცეცხლის მისაბმელი ქვემეხები - ჰაუბიცები, ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები "სტრელა", "იგლა" და სხვ. (ადგილობრივთა თქმით, შენაერთებს ორი ომის სამყოფი იარაღი ჰქონდათ). აფხაზურ არმიაში 8 აგვისტოსთვის 6 000 მეომარი იყო, საჭიროების შემთხვევაში იგეგმებოდა მოხალისეთა გამოძახებაც.
2008 წლის 8 აგვისტოს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის, ანატოლი ზაიცევის ბრძანებით გადაწყდა კოდორის მიმართულებით მთავარი დარტყმისთვის გაეგზავნათ მხოლოდ 1000 ჯარისკაცი, ძირითადად მოიერიშე ჯგუფები, ვინაიდან აფხაზები შიშობდნენ, რომ კოდორისკენ მიმავალ ქვაბჩარის ხიდს და ხიდზე დაკიდებულ კლდეს ქართველები ააფეთქებდნენ. მოიერიშე რაზმებს უბრძანეს, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინათ ხიდი მთავარი ძალების მისვლამდე... ისინი ბილიკებით უნდა მოჰქცეოდნენ ქართველებს ზურგში, მარშირებით ჩასულიყვნენ ქვაბჩარამდე, გაენეიტრალებინათ დაცვა და ხიდი გაენაღმათ.
9 აგვისტოს, 07 საათზე, ზემო ლათასა და ლათაAში აფხაზურმა ნაწილებმა დაიწყეს თავმოყრა. მათი მიზანი იყო საჭიროების შემთხვევაში შეეჩერებინათ ქართული შენაერთების სვლა გალისა და ტყვარჩელის მიმართულებით. ლათაში იმყოფებოდა აფხაზეთის ვიცე-პრემიერი რაულ ხაჯიმბაც. 14.30 საათზე კოდორის ხეობაში აფხაზურმა მძიმე არტილერიამ დაიწყო ქვაბჩარაში, ჩხალთაში, ბუძგურსა და ქვემო აჟარაში მდგარი ქართული სამხედრო შენაერთების საცეცხლე წერტილების მასირებული დაბომბვა.
10 აგვისტოს, დილით, თვითაღიარებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის, მერაბ ქიშმარიას სამეთაურო პუნქტი განთავსდა წებელდაში. სიტუაციაში გასარკვევად, ქვაბჩარაში დაზვერვაზე 15-კაციანი ჯგუფი გაიგზავნა მოწინააღმდეგის ადგილსამყოფლის დასადგენად. მდინარე ქვაბჩარასთან ისინი ქართველებს გადააწყდნენ. შეტაკება 1 საათს გაგრძელდა. დაიღუპა 4 და დაიჭრა რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი, დაჭრილები ჰყავდა აფხაზებსაც...
"როდესაც კოდორის დაბომბვა დაიწყო, ერთხანს გაუკვეველი სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ადგილობრივები მოდიოდნენ, გვამხნევებდნენ, თავი ყოჩაღად ეჭირათ და საბრძოლოდ შემართულები იყვნენ. ეს განწყობა ჩვენც გადმოგვედო. 2006 წლის ამბების (ხელისუფლებამ ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაატარა. - ავტ.) შემდეგ მოსახლეობა მუდმივად ეჭვის თვალით გვიყურებდა და ერთგვარად მტრად მივაჩნდით. დიდხანს ვარწმუნებდით, რომ ჩვენ არ გვაინტერესებდა, ვის მოჰყავდა "პლანი" ეზოში, ჩვენი მთავარი მიზანი ხეობის გამაგრება და თუ ღმერთი ინებებდა, სოხუმის დაბრუნება იყო.
როგორც იქნა, შეგვეჩვივნენ. როდესაც დაბომბვა დაიწყო, გავერთიანდით, ხეობის დატოვებაზე არც ვფიქრობდით. ავად მენიშნა, როდესაც შევიტყვეთ, რომ აფხაზეთის მთავრობამ ხეობა დატოვა და თბილისში გაიქცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია იმ დროს ზუგდიდში იყო და ხეობაში ასვლას ვერ ახერხებდა. არავინ აიUძულებდა მჟავიას, ჟიული შარტავა გამხდარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამის შემდეგ აირია მონასტერი. ჯარისკაცები მობილურიდან ათასგვარ ჭორს იგებდნენ, - მეორე და მეოთხე ბრიგადები გაწყდაო, რუსებმა გორი დატოვეს და თბილისისკენ მიდიანო... შენაერთეEბში პანიკა დაიწყო. ყველა მეთაურს რატომღაც დედა მოენატრა და ხეობის დაცვის თავი ვიღას ექნებოდა?! სიმაღლეებზე ჩვენი ბიჭები რაციით გვატყობინებდნენ, - გვბომბავენ, მაგრამ მაინც მაგრად ვდგავართ, თქვენთან რა ხდებაო. რა უნდა მეთქვა, ვატყუებდი, - სიმშვიდეა და ყველა ადგილზე ვართ-მეთქი. მერე, 11 აგვისტოს, თქვეს, - ხეობა უნდა დავტოვოთო. რის საფუძველზე ან ვინ გასცა ბრძანება, არ ვიცით"...
ვახტანგი, კოდორში შსს-ს დანაყოფის ერთ-ერთი ჯგუფის უფროსი
11 აგვისტოს, მთელი დღე აფხაზური მხარე ბლიცკრიგისთვის ემზადებოდა, შეიარაღებული ნაწილები იკავებდნენ საწყის პოზიციებს ზემო ლათის, ქვაბჩარის, ომარიშარას, აგრეთვე უღელტეხილების კალმრი-სუკის, ხიდა-სამხრეთ პრიუტის მიდამოებში. უკვე ცნობილი იყო, რომ კოდორის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია 12 აგვისტოს 5 საათზე უნდა დაწყებულიყო.
11 აგვისტოს ხეობაში შსს-ს დანაყოფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა იოსებ ქარჩაიძემ, ხელმძღვანელობასთან ზეპირი შეთანხმების თანახმად, გამოაცხადა, მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმებაო.
"მაშინ ვიფიქრეთ, ქალებსა და ბავშვებზე იყო საუბარი. გაგვიხარდა - თუ ჩვენები სამშვიდობოს იქნებოდნენ, ხეობის დაცვის გარდა, სხვა საფიქრალი აღარ გვექნებოდა. ოჯახი მოვამზადე და მერე რამდენიმე მეგობართან ერთად, ჯარის უფროსთან მივედი და იარაღი ვთხოვე. ერთი შემომხედა და ირონიულად მითხრა, - იარაღი რომ მოგცეთ, შენ და შენი მეგობრები ჩემ თვალწინ დახოცავთ ერთმანეთსო და დაამატა, - ოჯახებს თან გაჰყვებითო. გავცეცხლდი... იმ საღამოსვე გავიგე, რომ ჩვენმა თანასოფლელებმა, რომლებიც იქ მსახურობდნენ, ხეობაში დარჩენა მოითხოვეს. მათ დაემუქრნენ, ბრძანების შეუსრულებლობის გამო სამხედრო ტრიბუნალი არ აგცდებათო. როდესაც სიტუაცია მოსახლეობასა და სამხედროებს შორის ძალიან დაიძაბა, გვითხრეს, წაიყვანეთ ცოლ-შვილი ჭუბერში, - რა იცით, გზაში რა ხდება და შემდეგ მობრუნდით. მანამდე ჩვენ ვიზრუნებთ ხეობაზეო. როდესაც დავიძარით, გზაში დავინახე - ჩვენზე წინ ჯარი მიდიოდა. მიდიოდა ტყვიის გაუსროლლად. მაშინ მივხვდი, რა ჭირიც გვჭირდა"...
მურმანი, აჟარიდან
როდესაც ცნობილი გახდა, რომ ქართული შენაერთები მოსახლეობასთან ერთად ხეობას ტოვებდნენ, აფხაზურმა მხარემ ბრძანება გასცა, გადაესხათ სამხედრო დესანტი და მოიერიშე ჯგუფები კონკრეტული მიმართულებით.”
"როცა მითხრეს, ქართველები უკან იხევენო, არ დავიჯერე, ვიფიქრე, გადაადგილების რაიმე ტაქტიკურ ხერხს იყენებენ-მეთქი, ამიტომ სრული მზადყოფნა და სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოვაცხადე - არ ვიცოდი, ქართველებს გულში რა ედოთ. პარალელურად ტყვარჩელის სარეზერვო პოლკის მობილიზაციაც დავიწყეთ".
ანატოლი ზაიცევი
12 აგვისტოს, 10 საათზე, საარტილერიო მომზადების შემდეგ კოდორის ხეობაზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო.
"დაახლოებით 10.30 საათზე ჩავსხედით Ми-8-ში. ჩვენს ჯგუფში 15 კაცი იყო (სულ 87 კაცი მონაწილეობდა დესანტში) - 2 გამნაღმველი, 2 მეტყვიამფრქვევე, 1 ნაღმმტყორცნელი; გარდა ამისა, ყველას გვქონდა ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი "მუხა". ჩხალთასთან 3 წუთში მივფრინდით. იქ შემოგვიერთდა მოიერიშე ჯგუფი. სულ 25 კაცი. სამი საათის განმავლობაში გულმოდგინედ დავათვალიერეთ სოფელი და მიმდებარე ტერიტორია. გავნაღმეთ ხიდი. ამის შემდეგ დავიძარით აჟარისკენ, რომელიც ჩხალთიდან 7 კმ-შია. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა დაყრილი იარაღი, მათ შორის ავტომატები ბუშმასტერები”(სავარაუდოდ, M-4), ახალი ავტომობილები - კამაზები, ტრაქტორ-გრაიდერები, ფრანგული სამედიცინო მანქანები”("რენო"),”თოვლში მავალი კვადროციკლები, აგრეთვე ნატოს სტანდარტების ფორმები, რომლებსაც ინგლისურად ქართველი ჯარისკაცების გვარები ეწერა, ეყარა დოკუმენტები, საბრძოლო რუკები, რომელთა წაღება გაქცევის დროს დაავიწყდათ.
6 საათზე უკვე აჟარაში ვიყავით. სიჩუმე იყო. უცებ მოძღვარი გამოვიდა, გზაზე გადაგვიდგა, ხელები გაშალა და დაიგუგუნა, - სოფელს ნუ გადაწვავთო. კიდევ კარგი, ბერი მაინც ჰყავთ ვაჟკაცი ქართველებს-მეთქი, - გავიფიქრე უნებურად. ეკლესიის მახლობლად, ერთ სახლში ქართველების იარაღის საწყობი აღმოვაჩინეთ. ასაფეთქებელი პატრუქიც დავინახეთ. ეტყობა, თავიდან აფეთქებას აპირებდნენ... ვნახეთ ახალთახალი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, მედიკამენტები, ქართული დროშებიც ვნახეთ - ძირს ეყარა. ვიღაAცამ თქვა, - ესენი მაინც წაეღოთო. აჟარის თავზე საღამოს აფხაზური დროშა აფრიალდა... მერე გენწვიშისკენ ავიღეთ გეზი. ნაალაფარი მანქანებით ავედით და ნაალაფარივე იარაღით თავს ვიწონებდით. თან გვიკვირდა, - ამხელა შეიარაღების პატრონები როგორ გაიქცნენო.
ერთ საღამოს, კოდორის ხეობა - 864 კვადრატული კილომეტრი - თავისუფალი იყო ქართველებისგან".
ნოდარ ავიძბა, აფხაზი მოხალისე
13 აგვისტოს რუსეთის არმიის ნაწილები უკვე იდგნენ ზუგდიდში, სენაკსა და გორში.“საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხარდაჭერის იმედად იყო.
"ვფიქრობ შეცდომაზე, რომელიც ჩვენ რუსეთის სამშვიდობოებთანA მიმართებაში დავუშვით. კაი ხნის განმავლობაში კულუარებში ვითხოვდი, გავაუქმოთ სამშვიდობოების მანდატი-მეთქი, მაგრამ ძლიერი მოწინააღმდეგე შემხვდა, პრეზიდენტს ვეკამათებოდი, ხმამაღალი საუბრებიც გვქონდა, მაგრამ მიშა და ვანო ამბობდნენ, - მანდატი რომ ჩამოვართვათ, დასავლეთი პროვოკატორებად ჩაგვთვლის და ამით რუსეთის ბრალდებას გავამართლებთო. რა თქმა უნდა, მანდატის გაუქმება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო, რომელსაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვებოდა დასავლეთში, თუმცა ჩემი არგუმენტებიც მყარი იყო, თუ გავაუქმებდით, იძულებული გახდებოდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ.
ისინი ჩვენთან გაეროს მისიით და ჩვენი ქვეყნის ნებართვით იმყოფებოდნენ... წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ოკუპანტი ომის გარეშეც გახდებოდა. კახა ლომაიას დარწმუნება არ მიჭირდა, პირად საუბრებში მეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ჩართული მქონდა ყველა პირადი არხი და კავშირი, მაგრამ ამაოდ. მიშა ჯიუტად იმეორებდა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დასავლეთი რუსეთს შეგვატოვებსო... ახლა, როდესაც პრეზიდენტს ვუწყებ საუბარს, ვგრძნობ, რომ ამ თემაზე არ მომყვება. ჩემი აზრით, ომის თავიდან აცილება შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ამით დიდი პოლიტიკური შეცდომა დავუშვით. ამერიკის მხარდაჭერას ველოდით (თავიდან, როდესაც პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებდნენ ამერიკელებს, ისინი გვარწმუნებდნენ, რუსეთი ამას ვერ გაბედავს, ომი არ სჭირდებაო), თუმცა არ გვეგონა, რომ ის ფიზიკური მხარდაჭერა იქნებოდა. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა ცნობილი განცხადება გააკეთა და აშშ-ის VI საზღვაო ფლოტი ჩვენკენ დაიძრა, მივხვდი, რომ გადავრჩით და რუსეთს საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობის გეგმა ჩაეშალა"...
ნიკოლოზ რურუა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 2008 წ.
...2008 წლის 27 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა...