"27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება" (ექსკლუზივი)
"ჩვენ ევროპული თამაშის წესებს ვამკვიდრებთ"
"ჩემს კონკურენტებში რეალური წარმატების პოტენციალს ვერ ვხედავ"
"9 წლის დანგრეულს 9 თვეში ვერ გაასწორებ"
"ევროპული ყაიდის ლიდერი და არა ზეკაცი და ყველას პატრონი, რომელიც ყველაფერს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტს", - ამ სიტყვებით წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მუდამ გადამრჩენისა და პატრონის ძებნაში იყო. რა შანსი აქვს საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც პატრონობას კი არა, პარტნიორობას ჰპირდება ქართველ ამომრჩეველს? ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან სწორედ ამ თემით დავიწყეთ:
- ქართველი საზოგადოება იმდენად ევროპულია, ქართველსა და ევროპელს შორის განსხვავებას ვერც იპოვით, მაგრამ ქართული და ევროპული პოლიტიკა განსხვავდება. ქართველი კაცის ევროპულობა, სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ თავსდებოდა პოლიტიკურ პროცესებში, სადაც დამკვიდრებული იყო პოსტსაბჭოთა ფორმატი: მესიების, პატრონებისა და ხანაც ყოჩების ძებნა. რადგან ინდივიდი და პოლიტიკური პროცესი სრულიად განსხვავებული იყვნენ. დღეს "ქართული ოცნება" ევროპული თამაშის წესებს ამკვიდრებს, რაც მისაღებია მოქალაქეებისთვის და მიუღებელია პოლიტიკური ელიტებისთვის, რომლებიც სხვა თამაშის წესებს შეეჩვივნენ.
- დასრულდა ქარიზმატული ლიდერების დრო, რომელსაც აქამდე ითხოვდა ამომრჩეველი?
- საზოგადოებას რომ ჰქონოდა ქარიზმატული ლიდერების მოთხოვნა, ამდენი პრობლემა არ ექნებოდა ამ ყაიდის ლიდერებთან. "ქართული ოცნება" ხალხს სთავაზობს პრეზიდენტს, რომელიც მისი მსახური იქნება. ვნახოთ, რომელი უფრო საინტერესო იქნება: ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ფიქრობს თავის განდიდებაზე, თუ პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს ადამიანებზე. მე ვიქნები მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი, რაც გულისხმობს მთავრობის რეფორმებისთვის მხარდაჭერას. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და წელში გამართული ევროპული ტიპის ქვეყანა. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ არა ვართ საკმარისად ევროპელები და წარმოვადგენთ გაფუჭებულ პოსტსაბჭოთა პროდუქტს.
ჩვენ ქართველს ვხედავთ როგორც ევროპის უნიკალურ ნაწილს, არა იდენტურობადაკარგულსა და ტრადიციამოშლილს, არამედ მის ინდივიდუალურ ნაწილს.
- ხალხის ოცნება სამართლიანობის დამკვიდრებაა, რაც კოაბიტაციამ მნიშვნელოვნად შეაყოვნა. ამის გამო ზოგს გული აუცრუვდა...
- 9 წლის დანგრეულს 9 თვეში ვერ გაასწორებ. 9 წლის სტრესმიღებულ საზოგადოებას ერთბაშად ვერ აღადგენ. სწორედ იმისთვის გვინდა კოაბიტაციის დასრულება, რომ აღარასოდეს აღდგეს პოლიციური სახელმწიფო და კლანური კონტროლი მედიაზე,27 ოქტომბერს უნდა დასრულდეს კოაბიტაცია.
სწორედ ამის გამო გულგატეხილ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი მოტივაცია, მივიდნენ საარჩევნო უბანში, შემოხაზონ 41 და კოაბიტაცია დაასრულონ.
- რა იქნება მერე? დაისჯებიან დამნაშავეები, რომელთაც კოაბიტაციის გამო ინდობდნენ?
- მთავარი ბრალდებულებისა და ეჭვმიტანილების დასჯის პროცესი მიმდინარეობს. 40-მდე მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში. 300-მდე წინა ხელისუფლების მოხელე სამართლებრივი დევნის სუბიექტია. რომ არ წავსულიყავით სამართლიანობის აღდგენის რთული და არაპოპულისტური გზით, მივიღებდით იმას, რაც წლების წინ მიიღო საზოგადოებამ.
გაცილებით იოლია დამნაშავეთა კოცონზე "დაწვა", ამას ბევრი პიარული დივიდენდი მოაქვს, მაგრამ სამართლის გვერდის ავლით დანთებული კოცონი მომავალი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტს წვავს.
- კოაბიტაციის დასრულებას რით იგრძნობს მოქალაქე?
- ყველა დაინახავს, რომ აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი პიარისთვის ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევა. მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი ერთობლივად იმოქმედებენ, რომ მოქალაქემ თავი უკეთესად იგრძნოს. ხელისუფლების ყველა შტო ერთი მიზნისკენ - გამარჯვებული საქართველოსკენ იქნება მობილიზებული.
- ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, "ოცნებიდან" ხალხი ნინო ბურჯანაძის პარტიაში მიდისო...
- ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური და მენტალური იდეალი სააკაშვილია და ცდილობენ მის პიარტრიუკებს მიჰბაძონ: არიქა! "ოცნება" იშლება და იქიდან მასობრივად მიდიან წევრებიო. ასეთ ტრიუკებს სააკაშვილი გაცილებით ნიჭიერად იყენებდა.
- ბაჩანა ახალაიას გამართლება მტკივნეულად მიიღო საზოგადოებამ. "სახალხო კრების" თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, თუ მერაბიშვილიც გაამართლეს, აჯანყებას მოვაწყობთო.
- ნუ მოვახდენთ პროცესების დრამატიზებას. გიორგი მარგველაშვილი არასოდეს დადგება დამნაშავეების მხარეს. მიჭირს თქმა, ახალაიას პროცესზე პროკურატურა იყო სუსტი თუ სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ პროკურატურამ შეიტანა აპელაცია და პროცესი ისევ მიმდინარეობს. ახალაია კიდევ სხვა მუხლებითაა ბრალდებული...
- ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მერე ვადამდე არჩევნებს ითხოვს. ხალხიც ამბობს, ჩვენ ხმა ივანიშვილს მივეცით და არა კოალიციის ორპროცენტიან პარტიებსო.
- ვადამდე საპარლამენტო არჩევნების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. საპრეზიდენტო არჩევნებიდან 6 თვეში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგება - თვითმმართველობის არჩევნები. ვერ ვხედავ არგუმენტს, რატომ უნდა შეიცვალოს კონსტიტუციით დადგენილი პოლიტიკური დღის წესრიგი. Oხალხი ფიქრობს იმას, როგორ ააშენოს ახალი საზოგადოება და გადაიტანოს 9-წლიანი ტკივილი. ვადამდე არჩევნებზე ის პარტიები ლაპარაკობენ, რომელთაც წლების განმავლობაში ვერ შეძლეს სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა. ეს განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ ერთხელ აიწეწოს პოლიტიკური რეალობა. რატომ Aდავუჯეროთ იმ პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს დაელოდონ, უფრო ადრე უნდათ პარლამენტში მოხვედრა და ვითომ ხალხის პოზიციას ახმაურებენ? იმ პრობლემების აღმოფხვრას, რაც ხალხს აწუხებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ შეაჩერებს.
ხომ ხედავთ, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე როგორი თავშეკავებულია ბიზნესი, რომელიც პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას ელოდება.
ყოველ 6 თვეში ახალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ იმის გამო, რომ ვიღაც პარლამენტში ვერ მოხვდა.
- განსჯის საგანი გახდა ამერიკულ ხომალდზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას პრემიერისა და აშშ-ის ელჩის რეაქცია. თქვენ რა რეაქცია გქონდათ ამის ხილვისას?
- ჟურნალისტიკაში არსებობს რეპორტაჟები კომენტარის გარეშე და სწორედ კომენტარის გარეშე უნდა გვეყურებინა იმისთვის, რაც ხომალდზე ხდებოდა.
ეს ვიდეოფირი ყოვლისმომცველი იყო შინაარსითაც, ფორმითაც და მასზე Aკომენტარი ძალიან კომიკური იქნება. კომიკური სიტუაციის დროს ბუნებრივი ადამიანური რეაქციის გამოხატვა არ აუკრძალავს არც ერთ დიქტატორს.
ეს სცილდება კოაბიტაციის ყველაზე მკაცრ მოთხოვნასაც კი.
- თუშეთობაზე მშვილდ-ისრით გიხილეთ. მოარტყით მიზანში?
- დაგვპირდნენ, რასაც მოარტყამ, შინ წაიღებო. მშვილდ-ისარი პირველად დავიჭირე ხელში და საიდან მეცოდინებოდა სროლა? გამოუცდელობით მეგონა, რაც უფრო მოვჭიმავ, უფრო კარგად გავარტყამ-მეთქი. ისარმა დაწნული ფირნიში გახვრიტა და მანქანას მოხვდა. ვითხოვდი, მანქანა გამატანეთ-მეთქი, მაგრამ მანქანის პატრონები მის გარემონტებას ითხოვდნენ.
- უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, სვანებს არ მოსწონთ, გიორგი მარგველაშვილი დასაოჯახებელი რომ არისო. არჩევნებამდე ხომ არ გეგმავთ?..
- არ შეიძლება პიარისთვის შექმნა ოჯახი. ეს იქნება შეურაცხყოფა ჩემთვის და ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გრძნობისა. მე ისეთ სტაბილურ ოჯახში გავიზარდე, ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი. ჩემი, როგორც პიროვნების, მთავარი ღერძი სიყვარულზეა აგებული და არ შეიძლება სიყვარულს პიარდატვირთვა მისცე. ამ მიმართულებით რაც მოხდება, დამოკიდებული იქნება მხოლოდ ჩემს გრძნობაზე...
- ძალიან გაგახარათ პრემიერისგან ნაჩუქარმა კალამმა. გჯერათ, რომ ის გამარჯვებას მოგიტანთ?
- ჩემთვის ის გამარჯვების სიმბოლო იყო და როდესაც საზეიმო ვითარებაში გადმომცა, ძალიან გამიხარდა. პოლიტიკაში სიმბოლოები მნიშვნელოვანია.
- უკვე 30 კონკურენტი გყავთ.
- მე გავიმარჯვებ! როდესაც ჩემს კონკურენტებს ამომრჩევლის თვალით ვუყურებ, მათში რეალური წარმატების პოტენციალს ვერ ვხედავ...
დასასრულ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რადიო "პალიტრას" მივულოცო დაბადების დღე. გისურვებთ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის დარჩებით ობიექტურ მედიასაშუალებად თქვენი ერთგული მსმენელისთვის. მე წლების განმავლობაში ვიყავი თქვენი რესპონდენტი და მსმენელი.
სტატიაში გამოყენებულია გელა მთივლიშვილის ფოტო