უფასო საბავშვო ბაღებში ბავშვის მიყვანა ჩაწყობით ხდება?!
სექტემბერი კარსაა მომდგარი და მშობლები სკოლისთვის, ზოგიც ბაღისთვის ამზადებენ შვილებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უფასო საბავშვო ბაღები დაამტკიცა, შვილის მიყვანის მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, თუმცა უამრავი ბავშვი გარეთ დარჩა, რასაც მშობლების პროტესტი მოჰყვა. აღშფოთებული მშობლები ჩივიან, რომ ინტერნეტით რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. მეტიც, დირექტორებს წინასწარ ჰქონდათ შედგენილი მისღებ ბავშვთა სია.
გვანცა სუთიაშვილი (მშობელი) – წელს ჩემი 2 წლის შვილის ბაღში მიყვანა მინდოდა, ვიცოდი, ინტერნეტით უნდა გამევლო რეგისტრაცია და როგორც კი ეს გამოცხადდა, მაშინვე დავიჭირე თადარიგი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემთვის სასურველ ბაღში ადგილები უკვე შევსებული იყო. შემდეგ სხვა მისამართზე ვცადე და იქაც ანალოგიური სურათი დამხვდა... როგორ დავიჯერო, რომ ასე უცებ მოახდინეს დარეგისტრირება? მივედი ადგილზე სიტუაციის გასარკვევად და დირექტორმა მითხრა, ბავშვები წინასწარ იყვნენ ჩაწერილი და მეც ყურადღება უნდა გამომეჩინაო. თუმცა დამამშვიდა, თუ რომელიმე ბავშვი უარს იტყვის, მაშინვე დაგიკავშირდებითო...
ნინო ლომიძე (მშობელი) - მიხაროდა, რომ ბავშვს უფასო ბაღში მივიყვანდი, მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია იქნებოდა, ისევ ფასიანი მერჩივნა. სამწუხაროდ, კერძო ბაღში მიყვანის საშუალება არა მაქვს და რაც სახელმწიფო ბაღში იყო გადასახდელი, იმას ნამდვილად შევძლებდი. ახლა იმის იმედად უნდა ვიყო, იქნებ რომელიმე მშობელმა უარი თქვას და ბავშვი ბაღიდან გამოიყვანოს, მაგრამ ჩემსავით ასობით მშობელია და საინტერესოა, ვინ მოასწრებს ამ ადგილის დაკავებას.
სიტუაციაში გასარკვევად თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, რამაზ სულამანიძეს დავუკავშირდით:
- მას შემდეგ, რაც სწავლება უფასო გახდა, იმატა მოთხოვნამ. სხვათა შორის, უფასო სწავლებამ კერძო ბაღებიც დარტყმის ქვეშ დააყენა, რადგან სანამ სწავლა უფასო გახდებოდა, კონტიგენტი გადანაწილებული იყო სხვდასხვა კერძო ბაღში, ასევე უწყებრივ ბაღებშიც. მოგეხსენებათ, საუწყებო ბაღებიც გაუქმდა (რკინიგზას, რამდენიმე დიდ ქარხანას ქონდა საკუთარი უწყებრივი ბაღი). შესაბამისად, დარჩა მხოლოდ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ბაღები. სამწუხაროდ, ამდენი ბავშვის ადგილი არ გვქონდა და წარმოიშვა ეს პრობლემა.
- ბუნებრივია, უფასო სწავლება გამოიწვევდა ბავშვთა ნაკადის მომატებას. რა ზომებს მიმართეთ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო?
- ეს კანონი აგვისტოში მიიღეს და ერთ თვეში რა ზომები უნდა გაგვეტარებინა?!
- გასაგებია, რომ კანონი აგვისტოში მიიღეს, თუმცა მისი ინიცირება ბევრად ადრე მოხდა და ეჭვს არ იწვევდა, რომ პარლამენტი დაამტკიცებდა.
- ინიცირება მოხდა მაისში. 3 თვეში ახალი ბაღის აშენება ფატქობრივად, წარმოუდგენელია, მით უფრო მაშინ, როცა წელი დაწყებულია და თანხები ბიუჯეტით წინასწარ არის გამოყოფილი.
- თქვით, რომ გაუქმდა საუწყებო ბაღები, მათ ბაზაზე რომ მოხდარიყო ახალი ბაღის გახსნა?
- ჩვენ მივმართეთ ეკონომიკის სამინიტროს და ეს ბაღები გადმოგვეცემა, მაგრამ იქ არსებული პირობები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ხოლო რემონტს გარკვეული დრო სჭირდება, რაც დაახლოებით ნოემბრისთვის დასრულდება.
- ბევრი მშობელი ჩივის, რომ დირექტორებს წინასწარ ჰყავდათ ბავშვები ჩაწერილი და ინტერნეტრეგისტრაცია მხოლოდ ფორმალობა იყო.
- დირექტორები არ არეგისტრირებენ ბავშვებს, ეს საიტის მეშვეობით ხდება და ნებისმიერ მშობელს თანაბარი წვდომა აქვს.
- თუმცა რამდენიმე ბავშვს საერთოდ არ გაუვლია რეგისტრაცია, მაგრამ მიიღეს ბაღში.
- ეს აბსურდია. თუ კონკრეტულ მაგალითს დაასახელებთ, აუცილებლად დავიწყებთ მოკვლევას. ასე ჰაერზე შეიძლება თქვენ ტერაქტის მოწყობაც დაგბრალოთ და მართალი ვიქნები?!
P.S. იმედია, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და საბვაშო ბაღში ბავშვის მიყვანა ყვე
ლას შეეძლება.
ლადო გოგოლაძე