"თუ ამირჩევთ, მე ვიქნები "კეთილთვისებიანი სტალინი" - კვირის პალიტრა

"თუ ამირჩევთ, მე ვიქნები "კეთილთვისებიანი სტალინი"

პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 თვეღა დარჩა. ყველა კანდიდატი ცდილობს წინა საარჩევნო პერიოდი მაქსიმალურად გამოყენონ, რათა ამომრჩეველს თავის პროგრამა გააცნონ. თავის საპრეზიდენტო პროგრამაზე და ინიციატივებზე გვესაუბრება პრეზიდენტობის კანდიდატი, ბესიკ ადამია.

- მე, როგორც უპარტიო კანდიდატი, ვაცხადებ: ხალხი დაღალა პოლიტიკოსების ზღაპრებმა და ცრუ დაპირებებმა. მივმართავ ძველ სახეებს – თქვენი ბოდიშებიანად შეგვეშვით. მე არც ამერიკის ვალში ვარ და არც რუსეთის. გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში დამყარდება სამართლიანობა. მე ვიქნებოდი "კეთილთვისებიანი სტალინი" და ავაშენებდი მოტივტივე ციხე-გემს, რომელსაც დავარქმევდი "ლაზიკას" (სხვათაშორის ეს ტელევიზიითაც გაშუქდა, "კურიერში" ვიყავი ჩემი მოკლე მესიჯებით. 24 ივლისს, 21-32 წუთზე). შიგ ჩავსვამდი იმ უღირს ადამიანებს რომლებსაც დიდი დანაშაული მიუძღვით ქართველი ერის წინაშე.

- სად განთავსდება ციხე-გემი ლაზიკა? ბათუმსა და ფოთს შორის იდგება მუდმივ დრეიფზე? რატომ "ლაზიკა"?

- "ლაზიკა" იმიტომ რომ ჩვენს პრეზიდენტს უნდოდა ლაზიკა აეშენებინა და ქალაქის მაგივრად იქ აშენდება ციხე-გემი. ეს გემი, განთავსებული იქნება ღია ზღვაში.

- ანუ საქართველოში ამერიკული ალკატრასის მსგავსი გვექნება პოლიტ. დამნაშავეებისათვის?

-არ ვიცი მე ალკატრასი, ეს ციხე-გემი ხატოვნად ნათქვამია. "კეთილთვისებიანი" სტალინი ვიქნები-მეთქი, სერიოზულად ვთქვი, რადგან აქაურობას მტკიცე და შეუვალი ხელი უნდა.

- ბატონო ბესო, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და არა მიხეილ-გელა სალუაშვილი ან ნიკოლოზ გორგიჯანიძე?

-მე ვარ ბესიკ ადამია. სიცოცხლის, მიწისა და სიყვარულის კლუბის LLL-ს პრეზიდენტი (Live,Land, Love), საავტორო უფლება მაქვს 4 ლოგოზე. მყავს ავტომობილი, რომელზეც მსოფლიოს 22 ენაზე წერია მშვიდობა (მათ შორის აფხაზურად და ოსურად), ვმუშაობ ადამიანთა უფლებების და სამშვიდობო თემებზე. სამშვიდობო კუთხით მე მოვინახულე ნობელის მუზეუმი. აგრეთვე ვიყავი პარიზის მშვიდობის კედელთან, სადაც მსოფლიოს 49 ენაზე წერია - მშვიდობა და არ წერია ქართულად და აზერბაიჯანულად, მაგრამ წერია სომხურად. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ამ საკითხზე ვერ ვღებულობ მხარდაჭერას ვერც ახლანდელი და ვერც წინა ხელისუფლებისგან, აგრეთვე ვერც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან. 7 ივნისს ამ თემის განხილვა მოხდა მეცნიერებათა აკადემიაში (თუ სწორად მახსოვს 9 აკადემიკოსი ესწრებოდა განხილვას) და გამოვედი მოხსენებით. ასევე, ორჯერ ვარ სიტყვით გამოსული რუსთაველის პროსპექტზე. 2007 წლის 2 ნოემბერს, პატარკაციშვილის გამოსვლიდან 2 წუთში და 2009 წლის 9 აპრილს.

- ბატონო ბესიკ, თქვენი ბიოგრაფია მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ მე გეკითხებით, რატომ უნდა მოგცეთ თქვენ ხმა? რას გვპირდებით, როდესაც გახდებით პრეზიდენტი?

- მე ვარ ადამიანი, რომელმაც 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში დავამარცხე წინა და ახალი მოწვევის პარლამენტი, ორივე ერთდროულად. გიორგი თარგამაძის თაოსნობით იყო მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც უპარტიო კანდიდატებს 5000 ლარი უნდა გადაეხადათ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. არსებული შეზღუდვა მე მოვხსენი. სანამ ისტორიული სამართლიანობა და ადამიანებს შორის თანასწორუფლებიანობა არ აღდგება და ქართველი კაცი არ გახდება კანონმორჩილი, ქვეყანა მუდამ იქნება, ვარდების და ცოცხების და კიდევ სხვა, ახალი რევოლუციის მოლოდინში (ეს მიწერია, 22-28 ივლისის "ასავალ-დასავალის" ნომერშიც. მეხუთე გვერდზე, კვირგვინოსნებში მარგველაშვილია და მის გვერდით მე ვარ). პირველ რიგში, როცა გავხდები პრეზიდენტი გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას და ჩავატარებ რეფერენდუმს. საპრეზიდენტო ინსტიტუტი იქნება შენარჩუნებული, აუცილებლად ჩამოყალიბდება ეროვნული მთავრობა.

- რამდენადაც ვიცი, თქვენ მუშაობთ ანაბრების დაბრუნების საკითხზეც...

- არჩევიდან მაქსიმუმ 6 თვეში მოვაწესრიგებ ანაბრების თემას. ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, ენერგეტიკის სამინისტროს და ბატონ კახი კალაძეს, გადასცა ჩემი იდეა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში – მეანაბრეებს გადაეცეთ ტრანსკავკასიური გაზის მაგისტრალი, რომელიც აშენდა კომუნისტების მიერ და ეს ქონება გადაეცემა მეანაბრეთა ფონდს და ამით ამოიწურება ეს საკითხი.

- თქვენ ხართ LLL-ს პრეზიდენტი (Live,Land, Love) და რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია?

- სამი L არის მარადიული მშვიდობის ფორმულა (ამ სახელზე მე საავტორო უფლება მაქვს) მიწა – ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; სიცოცხლე – ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლის ხელშეუხებლობა და სიყვარული – თუ იქნება სიყვარული კაცობრიობა გადარჩება.

- კონკურენტად ვინ მიგაჩნიათ დღეს არსებული კანდიდატებიდან?

- მე მაქვს ერთი პრობლემა და მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას და ქუთაისელებს, რომ 25 000 ხმის შეგროვებაში დამეხმარონ, რათა ცესკომ დამარეგისტრიროს და შემდეგ უფრო სერიოზულად გავაგრძელო წინასაარჩევნო კამპანია. კონკურენტებიდან ყველას პატივს ვცემ, თუმცა ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგებად შალვა ნათელაშვილს და ნინო ბურჯანაძეს მივიჩნევ. ბიძინა ივანიშვილმა ორი სვლა გააკეთა შალვა ნათელაშვილის კარნახით: ერთი ესაა არასაპარლამენტო ოპოზიციის დაფინანსების საკითხი და მეორე –ნათელაშვილმა თქვა რომ მაჟორიტარი დეპუტატები მუწუკები და ზედმეტი წარმონაქმნები არიან პარლამენტშიო,ხოლო ივანიშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მომავალ არჩევნებში შესაძლოა მაჟორიტარი კანდიდატები აღარ იყვნენ. სხვათაშორის ძალიან დამწყდა გული ზაზა ხატიაშვილის ერთ-ერთ განცხადებაზე, მას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ეგ ელისო ჩაფიძის დის ქმარია. მან თქვა, რომ მივმართავ 5 საპრეზიდენტო კანდიდატსო და ამ კანდიდატებში მე არ დამასახელა. ამის გამო მე ძალიან დისკრედიტირებულად ვიგრძენი თავი.

- თუ ვერ გაიმარჯვეთ, როგორ მოიქცევით?

-გააჩნია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს არასაპარლამენტო ოპოზიცია.

-გჯერათ, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება?

- მე ვიზიარებ ბატონ შალვა ნათელაშვილის მოსაზრებას, რომ 9 თვის განმავლობაში საქართველოში დაჭერების გარდა არაფერი გაკეთებულა, არ გადადგმულა ერთი ნაბიჯიც კი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მაშინ როცა ჩინოვნიკები პრემიებს იღებენ.

- ძალიან ხშირად ახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილის აზრებს იზიარებთ და არ ჯობს მის სასარგებლოდ მოხსნათ კანდიდატურა?

-ბევრ ასპექტში ვეთანხმები და არის მოსაზრებები რაშიც განსხვავებული აზრი გვაქვს. კარგი იქნება, ბატონმა შალვამ გამოიტანოს დასკვნა იქედან, რომ ამდენი წელია მას არ უმართლებს და სხვა, უპარტიო კანდიდატებს დაგვიჭიროს მხარი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)