"ხაჩიძისგან რაც შედგა, კარგად ხედავთ" - ექსკლუზიური ინტერვიუ დათო ხუჯაძესთან - კვირის პალიტრა

"ხაჩიძისგან რაც შედგა, კარგად ხედავთ" - ექსკლუზიური ინტერვიუ დათო ხუჯაძესთან

ექსკლუზიური ინტერვიუ დათო ხუჯაძესთან

"ხაჩიძისგან რაც შედგა, კარგად ხედავთ"

"ჩამოთრეულებს" გვეძახიან, პრინციპში, "ჩამოვეთრიე" აბა, რა ჯანდაბა ვქენი?"

"აქამდე დედაჩემი დილიდან დაღამებამდე იწყევლებოდა. ახლა - ნაკლებად..."

"ჩემი მელანო 4 წლის ხდება და სამწუხაროდ, დედაჩემს ჯერ არ უნახავს"

საქართველოდან ბევრი ქართველია გადახვეწილი, მათ შორის - ხელოვანებიც. ზოგმა სიდუხჭირის, ზოგმაც პოლიტიკური შეხედულებების გამო ევროპასა თუ რუსეთის სხვადასხვა ქალაქს შეაფარა თავი. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი პოლიტდევნილია, რომელიც მოსკოვში 2003 წელს ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ წავიდა - ეს "აღორძინების" არშემდგარი დეპუტატი დავით ხუჯაძეა. მართალია, ხუჯაძემ პოლიტიკაში კრახი განიცადა, მაგრამ რუსულ შოუბიზნესში პოპულარობა მოიპოვა. მომღერალი ევროპასა და ამერიკაშიც ბევრს მოგზაურობს. ამჟამად აშშ-ში, დალასშია, სადაც ახალი სიმღერის კლიპს იღებს.

ხუჯაძე საქართველოში ჩამოსვლასა და უახლოეს მომავალში სტუდიის გახსნას გეგმავს, რომელიც დათო ფორჩხიძესთან ერთად შექმნა. საბავშვო სტუდიას "სახე" დაარქვეს. "კვირის პალიტრა" დათო ხუჯაძეს დალასში დაუკავშირდა:

- კლიპის გადასაღებად ვემზადებით. სიმღერას "Когда ты со мной" ჰქვია. რუსულ-ინგლისური სიმღერაა, კლიპის გადაღება კი სექტემბერში დაიწყება.

- ვინმეს ეძღვნება? ანუ "Она с тобой"?

- კონკრეტულად არავის.

- საქართველოში სტუდიას თქვენ და დათო ფორჩხიძე ხსნით?

- მე და დათო საბავშვო სტუდია "სახეს" 16 სექტემბერს გავხსნით. ბავშვობას გავიხსენებთ.

- ხაჩიძე რატომ "დაჩაგრეთ", ისიც თქვენი ბავშვობა არ იყო?

- პოლიტიკაშია და ამის სურვილი არ გამოუთქვამს, მუსიკა აღარ აინტერესებს.

- თუ ცუდი ურთიერთობა გაქვთ? ტამტამებზე ახლაც კარგად უკრავს...

- დიდი ხანია არ მინახავს, მე აქეთ ვარ, ის - იქით..

- ფორჩხიძეც ხომ იქით იყო, მაგრამ ბავშვობას მაინც იხსენებთ...

- დათოსთან თავიდანვე სხვა ურთიერთობა მქონდა. თან ჩვენ მეტად გვიყვარს და გვესმის მუსიკა, ვიდრე გოგას.

- იმის თქმა გინდათ, რომ ხაჩიძეს მუსიკისა არაფერი გაეგება და მისგან მუსიკოსი ვერ გამოვიდა?

- რაც გამოვიდა, კარგად ხედავთ. რაც შეეხება სტუდიას, ნიჭიერი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გვექნება წელიწადში 10 უფასო ადგილი, რომლის ხარჯებს სტუდია დაფარავს.  უფულობის გამო ნიჭი არ უნდა დაიკარგოს.

- რა ეღირება სტუდიაში სწავლა?

- საშუალოდ, თვეში 120 ლარი. ამ თანხაში შევა ვოკალის, ქორეოგრაფიისა და პლასტიკის გაკვეთილები.

- სტუდია რითი იქნება გამორჩეული?

- რითი განსხვავდებიან ხუჯაძე და ფორჩხიძე საქართველოში მცხოვრები მომღერლებისგან?.. მე შრომითა და ნიჭით მივაღწიე წარმატებას და შესაბამისად, ბავშვებსაც შევუწყობ ხელს. ჩვენ მათ სწორ გზაზე დავაყენებთ... დროა, ქალაქური სიმღერებიდან გამოვიდეთ.

- ფიქრობთ, ქართულ შოუბიზნესში მხოლოდ ქალაქური სიმღერები დომინირებს?

- გვინდა, ის სფერო, რომელსაც 10 წელი კლავდნენ, გამოვაცოცხლოთ.

- ვინ ან რამ განაპირობა შოუბიზნესის ჩაკვდომა?

- სააკაშვილის მთავრობას არ უნდოდა ხელოვანი ხალხი, მას მხოლოდ ტურისტებზე გათვლილი ტაკიმასხარები სჭირდებოდა.

ხანჯლები, ფაფახები, ტანცი-მანცი და მეტი არაფერი. მიშა თავად იყო ყველაფრის შემკვეთი და შემფასებელი. მას რაც მოსწონდა, სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი და ხარისხიანი იყო. კულტურის განვითარებისთვის არაფერი გაკეთებულა, რადგან არ აინტერესებდათ და არც კომპეტენტური კადრები ჰყავდათ! 10 წელი ეს სფერო ისეთი უვიცი ხალხის ხელში იყო, რომ სასწრაფო წესით დასაწმენდია. საბჭოთა კავშირის დროსაც კი პირველი ვიყავით, განსაკუთრებით ამ სფეროში და ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ჩამოვრჩით?! ნორმალური ვინც იყო, ყველა გაიქცა. დღეს ვინღაა მომღერალი?

- ნიჟარაძე, სტეფანე, ბადურაშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

- რას აკეთებენ, რო?

- თქვენი გაგებით, რა არის შოუბიზნესი?

- თუ სანახაობა არ გივარგა, ვერ გააკეთებ ბიზნესს. საქართველოში კი არც შოუა და არც ბიზნესი. შოუს გაკეთება რთულია და ცოდნას მოითხოვს... რაღაცა უმნიშვნელო რომ გააკეთონ საქართველოში, იმხელა თანხას ყრიან, იმან ფული როგორღა უნდა მოგიტანოს?

- გასაგებია, რომ შოუბიზნესი პოლიტიკურ რანგში იყო აყვანილი, რამაც ეს სფერო დაასამარა და "კარის მომღერლები" შექმნა, მაგრამ ცოტა გემოვნების პრობლემაც ხომ არ გვქონდა?

- გემოვნების პრობლემა ქართველს არასოდეს ჰქონია, თუმცა მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, მდარე პროდუქცია ხალხისთვის მისაღები გახადა!

- დღეს გამოსწორდა ვითარება?

- როგორ უნდა გამოსწორდეს, როცა ქვეყანაში მუსიკალური არხი არ არსებობს?! მიშამ მოსპო ყველაფერი, რაც კულტურასთან, ხელოვნებასა და მუსიკასთან ასოცირდებოდა. პრინციპი იყო, რომ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მარტო პრეზიდენტი და მისი მიმდევრები უნდა ყოფილიყვნენ. ბავშვი რომ გაგეჩერებინათ ქუჩაში, გეტყოდა, მინისტრის მე-5 მოადგილე ვინ იყო, მაგრამ რუსთაველის თეატრის ვერც ერთ მსახიობს ვერ დაგისახელებდათ! ამ ყველაფრის შემობრუნებას დრო სჭირდება.

- ფიქრობთ, რომ დღეს ვითარების შემობრუნების შანსი მოგეცემათ?

- სამწუხაროდ, ჩემი და ფორჩხიძისნაირი ხალხის საჭიროებას დღესაც ვერ ვხედავ, ამიტომაც ვართ სხვადასხვა ქვეყანაში მიმობნეული, მაგრამ გამოცდილების გაზიარებას ხომ ვერავინ დამიშლის?

- თქვენი არშემდგარი პარლამენტარობაც გავიხსენოთ. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო?

- სავსებით სწორი გადაწყვეტილება იყო! ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, ვინც წლებია ერთსა და იმავეს იმეორებს, რა უნდოდა ხუჯაძეს პარლამენტშიო.  ყველა მათგანისთვის დეპუტატობა რომ შეეთავაზებინათ, დარწმუნებული ვარ, თავზე გადამახტებოდნენ და პარლამენტში კისრისტეხით შეცვივდებოდნენ. ხალხი იქით იხდიდა ფულს,  დეპუტატი რომ გამხდარიყო, მე კი აქეთ მთხოვეს და უარი მეთქვა?

- ქვეყნის განვითარებაში წვლილის შესატანად საკმარისი გამოცდილება გქონდათ?

- ამის ნახევარი გამოცდილება ხომ მაინც მქონდა, რაც ახლა მაქვს?!

- ეგ საკმარისი იყო?

- ვინც იყო, იმათზე მეტი გამოცდილება და ცოდნა მაინც გამაჩნდა.

- ანუ სააკაშვილის კადრებს სჯობდით?

- მაინცდამაინც უნდა ვთქვა, ვის ვჯობდი და რატომ, რომ მერე იძახონ, ამას ნახე, რა ამბიცია ჰქონიაო?! რახან დარბაზის შევსებას ვახერხებდი, ესე იგი, ვიღაცას ვჯობდი…და რაღაცასაც წარმოვადგენდი.

- კარგი, ბატონო. არჩევანი "აღორძინებაზე" რატომ შეაჩერეთ? მისი პოლიტიკური ხედვა მისაღები იყო?

- ვინც შემომთავაზა, იმას დავთანხმდი.

- პირადად ასლან აბაშიძემ შემოგთავაზათ?

- ასლანს არ შევხვედრივარ, თუმცა რომ არ ნდომოდა, არც შემომთავაზებდნენ.

- შუამავალი ვინ იყო?

- ჯემალ გოგიტიძე. როგორც მითხრა, ასლანს ძალიან მოვწონდი.

- მოსკოვში თუ გქონდათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხება?

- არა...

- შენს ყოფილ მეუღლეზე გკითხავ. ვიცი, რომ პირად ცხოვრებაზე არ ლაპარაკობ, მაგრამ მაინც. ნათიას ბიძა ტარიელ ონიანია?

- კი.

- მელანო როგორ არის? (დათოს შვილი. - ავტ.)

- სამწუხაროდ, დიდი ხანია არ მინახავს.

- ქართული ასწავლე?

- კონტაქტი არა მაქვს.

- რატომ? მახსოვს, საქართველოშიც კი აპირებდი ჩამოყვანას?

- ჩემმა ყოფილმა ცოლმა ასე გადაწყვიტა, ბავშვს არ მანახებს. მელანო 4 წლის ხდება და სამწუხაროდ, დედაჩემს ჯერ არ უნახავს. მოდი, მოვრჩეთ ამაზე საუბარს.

- რუსულ შოუბიზნესში მოხვედრა საკმაოდ რთულია და შენი წარმატება რას მივაწეროთ, ქართულ მარიფათს თუ...

- ჩემი წარმატების ფორმულა სიმღერა "ჯანაიაა", რაც იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერი ხალხი ყველგან უნდათ.

- მაგრამ რუსულ შოუბიზნესში დახმარების გარეშე, კარგად ვიცით, თითქმის შეუძლებელია მოხვედრა, ამიტომ პირდაპირ გკითხავთ, ვინ დაგეხმარათ?

- გვერდში დამიდგა და დღესაც ერთად ვართ - გელა გოგოხია. იგი ჩემი და ასევე ორ  ტელევიზიაში მუსიკალური გადაცემის პროდიუსერია. ასევე მხარში ამომიდგა ქართული სკოლის დირექტორი დოდო კერესელიძე, რომელმაც აბსოლუტურად უანგაროდ მომცა 80 კვმ ფართი სტუდიისთვის.

2004 წელს სიმღერამ "მახინჯი ვარ"  დიდი წარმატება მომიტანა. მახსოვს, მე და გელამ კლიპი ტელეარხ "როსია-1"-ზე დიბროვს მივუტანეთ. სახლამდეც არ ვიყავით მისული, რომ გელას ტელეფონზე ზარი დააწიეს, ორიგინალები მოიტანეთ და მოდითო. ამ არხზე კლიპი 7-ჯერ დატრიალდა. აი, აქედან დაიწყო ჩემი წარმატება.

- გაგახსენებ ერთ-ერთ შენს ინტერვიუს, სადაც განაცხადე, რომ მოსკოვის შოუბიზნესის პირველ რიგებში ვერ მოხვდი, ქართველი ვარ და ჩემს კლიპს ცენტრალურ  ტელევიზიებში არ უშვებენო...

- ცენტრალურ არხებზე არც გადიოდა. ასეთია პოლიტიკა.

- აბა, "როსიაზე" გავიდაო? ამასთან, სხვადასხვა რადიოსადგურსა და მუსიკალურ არხზე ტრიალებდა და რა გამოდის?

- თავიდან, სანამ ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდებოდა, ხერხდებოდა, მაგრამ მერე ყველამ მოხსნა საეთერო ბადეებიდან. ერთ-ერთმა რადიომ სიმღერა დაატრიალა იმიტომ, რომ ინგლისურენოვანი ეგონა... რუსებმა ხომ ინგლისური არ იციან, მათ ხომ პოზა აქვთ ისეთი, რომ მათი ენა აქეთ უნდა იცოდეს ყველამ?! ჰოდა, ბოლოს დაადგინეს, ინგლისური კი არა, ქართული სიმღერა ყოფილაო და მოხსნეს ბადიდან.

- ანუ ქართველობამ პრობლემები შეგიქმნა?

- კი, ქართველი რომ ვარ, წიხლს ხშირად  მაჭერდნენ. სანამ ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური სიტუაცია არ დარეგულირდება და ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ, მეორეხარისხოვანი ვიქნებით. მე, პირადად, ქართველი მომღერალი ვარ. ქეთას რაც შეეხება, ის კი არის ქართველი, მაგრამ რუსულ ჯგუფში მღერის, რომელსაც "ივერიის" არ იყოს, 25-წლიანი ისტორია აქვს და ეს ბევრს ნიშნავს. ვალერი მელაძე ამათთვის უკვე რუსია. ასევეა გრიგორი ლეფსიც (ლეფსვერიძე), ირაკლი ფირცხალავა. სოსო პავლიაშვილი "გრუზინობს", მაგრამ კი ხედავ, რა რეპერტუარიც აქვს... უნიჭიერესი მომღერალია, იმათზე მაგარი, ვინც კი რუსეთში მღერის, მაგრამ რა ქნას, ასეა საჭირო. გვერდწითელი სხვა თაობის მომღერალია, ისევე როგორც ნანი ბრეგვაძე. ყველაზე მეტად ჩვენი თაობის მომღერლები დავიჩაგრეთ. "ჩამოთრეულებს" გვეძახიან და ეს "ჩამოთრეულები" რაღაცების დამტკიცებას ვლამობთ და ვბედავთ. პრინციპში "ჩამოვეთრიე", აბა, რა ჯანდაბა ვქენი?

- დამკვიდრება ხომ მაინც შეძელით?

- სამწუხაროდ, ბოლომდე ვერა. პოლიტიკური სიტუაცია ყველაზე მეტად ხალხზე აისახება. სოხუმში მინდოდა კონცერტის ჩატარება, ინიციატივა აფხაზური მხარიდან მოდიოდა, მაგრამ, უარი ვთქვი. ეს რომ გამეკეთებინა, საქართველო უნდა დამევიწყებინა... დღეს  სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ახლა აფხაზური მხარეა უარზე.

- თავიდან რატომ დაგთანხმდნენ ან მერე რატომ იუარეს?

- სურვილი ომამდე იყო, უარი -  ომის მერე (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს გულისხმობს. - ავტ.).

- შეიძლება, ერთ დღესაც პოლიტიკაში გიხილოთ?

- გამორიცხული არაფერია. საქართველოს ჩიხიდან გამოყვანა რეგიონებიდან უნდა დაიწყოს. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას კულტურის განვითარებაში.

- დღევანდელი ვითარება როგორ მოგწონთ?

- მარტივად გეტყვი, - აქამდე დედაჩემი დილიდან დაღამებამდე იწყევლებოდა, ახლა - ნაკლებად...

- ქართველებს რას უსურვებთ?

- გამძლეობას, ერთმანეთის პატივისცემას და დაფასებას.

- ახალ ხელისუფლებას?

- არ ჩამოსწიონ ძირს ის თამასა, რაც მიშამ ქვეყნის განვითარებისთვის, თუნდაც სანახაობრივი კუთხით შექმნა - ბათუმი, სიღნაღი და სხვ.

P.S. ხუჯაძის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ აშკარად ბევრნი ვართ პატარა მიწა-წყლიდან აყრილი. არაოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. მართალია, თითოეულ ჩვენგანს რომ ჰკითხოთ, ეს დროებითია და დღეს თუ ხვალ, აუცილებლად დავბრუნდებით, მაგრამ დრო იმაზე სწრაფად გარბის, ვიდრე ჩვენ გვგონია. არადა, წამმზომი ჩართულია. დავიჯერო, ყველა ემიგრანტი დაბრუნდება? დროა, ხელისუფლებამ ემიგრანტების დაბრუნებაზე იზრუნოს, თორემ რამდენიმე ათეულ წელიწადში, ალბათ, როგორც ერი გადავშენდებით!

თეა ღვანია

მოსკოვი-თბილისი