ქართლოს ღარიბაშვილი – "ივანიშვილის დიქტატორობა გამორიცხულია, რადგან ის... იმერელია. დიქტატორი შეიძლება იყოს ქართლელი"
"საქართველო პროკურორების ქვეყანა იყო და უნდა გახდეს ადვოკატების ქვეყანა."
"დამბლოკეს" იმიტომ, რომ ჩემში სააკაშვილის დამმარცხებელი დაინახეს"
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ქართლოს ღარიბაშვილის გარეშე უკვე ფაქტიურად წარმოუდგენელია. ოდიოზურმა ქართველმა ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ წლევანდელ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ საუბარიც მისი საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი ნაწილის გაცნობით დავიწყეთ:
- ეს ის პროგრამაა, რომელიც მთელმა საქართველომ ძალიან კარგად იცის. აუცილებელია სასამრათლო სისტემის რეფორმა, რაც გამოიწვევს სამართლიანობის აღდგენას. ბურჯანაძე-ბაქრაძის მიერ მიღებულ კანონებში ცვლილებების შეტანა. მე ჯერ კიდევ 2009 წელს გავაკეთე პროგრამა "ადვოკატის მანიფესტი" და იქ ყველაფერი გარკვევით წერია. საქართველო პროკურორების ქვეყანა იყო და უნდა გახდეს ადვოკატების ქვეყნა.
- თქვენ ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდით მონაწილეობას, როგორ ფიქრობთ, ადრე რატომ არ აგირჩიათ ხალხმა?
- მე მოვლენებს გავასწარი და ჯერ კიდევ 1995 წელს პროგრამაში მეწერა სტუდენტურ სესხებზე, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა. ერთ ფაქტს დავაფიქსირებ – რა გზით წავიდა საქართველო 1995 წლის მერე, ხომ ყველამ ვნახეთ? მე პირდაპირ ვამბობ: ჩემი გზით რომ წავსულიყავით ყველაფერი უკეთ იქნებოდა. ისე, მე ამ არჩევნებში არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, მაგრამ "სუპერმენმა" (ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ) დღემდე რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეასრულა, ის დემოკრატიულ არჩევნების ჩატარებას დაგვპირდა და ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. წინა არცერთი არჩევნები არ ჩატარდა დემოკრატიულად, ამიტომაც დავმარცხდი, თორემ ხალხმა მე დამიჭირა მხარი. ერთხელ დედაჩემთან მივიდნენ ინტერვიუზე და მან უთხრა – ქართლოსი არ აირჩიოთ პრეზიდენტადო, ჟურნალისტს გაუკვირდა - რატომო, მან უპასუხა – მუშაობით დაგხოცავთო.
- 2008 წელს ცესკომ უარი გითხრათ რეგისტრაციაზე, როგორ ფიქრობთ, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თქვენ იყავით სააკაშვილის ერთადერთი რეალური კონკურენტი?
- დიახ, მე ვფიქრობ, სწორედ ასე იყო, დამბლოკეს, იმიტომ რომ მათ ჩემში დაინახეს ის, ვინც შეძლებდა სააკაშვილის დამარცხებას.
-თქვენ განაცხადეთ, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ივანიშვილს დატოვებთ პრემიერად. მიმართეთ ამ წინადადებით პრემიერს?
-ალბათ მომიწევს ივანიშვილთან შეხვედრა. მე მას წარვუდგენ ჩემს პროგრამას, ეჭვი არ მეპარება, შევთანხმდებით, რომ მან მიხედოს იმ სფეროს, სადაც ის "სუპერმენია" და ეს სფეროა ეკონომიკა და მე კიდევ მივხედავ სასამართლო სისტემას, სადაც მე ვარ "სუპერმენი". შეიძლება ითქვას, რომ ის გაიჭედა სამართლიანობის საკითხში.
- ახლახანს, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ხატიაშვილმა ივანიშვილს ტირანი უწოდა. ხომ არ შიშობთ, რომ ამის გამო ადვოკატთა ნაწილი გაგემიჯნებათ, რაც არცთუ ცოტა ხმის დაკარგვას ნიშნავს
-ბუნებრივია, ვიღაც დამიჭერს მხარს და ვიღაც არა. ხატიაშვილმა რომ დიქტატორი უწოდა ივანიშვილს, როგორ შეიძლება ბიძინა იყოს დიქტატორი? გამორიცხულია მაგის დიქტატორობა, რადგან იმერელია, ხოლო მოგეხსენებათ, რომ იმერლებს რბილი ხასიათი აქვთ. დიქტატორი შეიძლება იყოს ქართლელი.
- სააკაშვილსაც აქვს იმერული სისხლი ანუ მასაც სულ ტყუილად აბრალებენ დიქტატორობისკენ სწრაფვას?
- სააკაშვილის წარმოშობაზე მალე დაიწერება. მაგის გვარი არის ცხინვალის რეგიონიდან და არის არა სომხური, არამედ ოსური წარმოშობის. ჯაყოსა და სააკაშვილს შორის თუ პარალლელს გაავლებთ, ბევრ მსგავსებას დაინახავთ. სააკაშვილს არაფერი აქვს სომხური, ხოლო ოსური ბევრი ნიშანი აქვს ხასიათში. ოსური წარმოშობის ქართველმა, თავის გენეტიკურ ერს მისცა დამოუკიდებლობა, თუმცა საკითხავია, როდემდე.
- სხვა კონკურენტებთან ბრძოლაში რამდენად რეალურია თქვენი შანსი?
- ჩემი კონკურენტები ყველანი კარგი გოგო-ბიჭები არიან. ბევრს არ მოწონს, ამდენი კანდიდატია რომაა, მე კი ვფიქრობ უფრო მეტი თუ იქნება უკეთესია. როცა ადამიანი ამბობს, რომ პრეზიდენტობა უნდა, რა არის ამაში ცუდი? დღეს არსებული კანდიდატებიდან, კანდიდატობის ყველაზე დიდი გამოცდილება მე მაქვს. მარგველაშვილს ძალიან დიდი გუნდი კი უდგას უკან (პარლამენტის ორ ნათავმჯდომარალზე არაფერს ვამბობ, ჯერ მაგათ იმ კანონებზე უნდა აგონ პასუხი, რაც მათ დროს იქნა მიღებული),მაგრამ მას ასეთი პოლიტიკური სიტუაცია აქვს: ის პოლიტიკაში უცებ შემოვარდა, როგორც ხარი კორიდაზე. მას რამდენიმე კარგი გამოსვლა ქონდა "კავკასიაზე", მერე ბიძინას გუნდში დაიკავა ადგილი, მალევე დანიშნეს მინისტრად, ვიცე-პრემიერად და ბოლოს წარადგინეს საპრეზიდენტო კანიდატად. ეს იმდენად მცირე დროში მოხდა, რომ არა მგონია, მარგველაშვილის ისეთი ძლიერი ფსიქიკა, ქონდეს, ასეთ ზეწოლას გაუძლოს და მეეჭვება, რომ ის ლიდერად ჩამოყალიბდეს. პრეზიდენტს ხალხის ნდობის მანდატი აქვს და ის ღირსეული ლიდერი უნდა იყოს, მე კი იმხელა გამოცდილება მაქვს, რომ ეს ლიდერობა შემიძლია.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)