,,გავლენის აგენტი’’ და ,,სასარგებლო იდიოტი’’ - კვირის პალიტრა

,,გავლენის აგენტი’’ და ,,სასარგებლო იდიოტი’’

"სააკაშვილი შეგნებულად მოქმედებდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, თუ მხოლოდ კრეტინი მარიონეტი იყო?!

არსებობს ასეთი ფენომენი - "გავლენის აგენტი", ანუ როდესაც საჯაროდ ძალიან "გაბედულად" მოქმედებ მტრის წინააღმდეგ, ამით მოიპოვებ გარკვეულ გავლენას და ნდობას შენს "ბანაკში". სინამდვილეში მტრის მხარეზე ხარ. საჭიროა გადავხედოთ ეკონომიკას, როგორ გადასცეს რუსებს ყველაფერი და წილში ჩაუჯდნენ ფულის ხვეტაში ჩვენს ხარჯზე. აქედან პასუხი - ჩვენიანია თუ მათი..!’’, წერს ჩემი წინა წერილის კომენტარებში ,,Gocha’’-ს სახელით რეგისტრირებული მკითხველი. მე არ ვიცი რა პროფესიისაა ეს ადამიანი, მაგრამ მოკლე კომენტარში ზუსტად და ღრმად არის წამოწეული მნიშვნელოვანი თემები.

სპეციალურ ლიტერატურაში ,,გავლენის აგენტი’’ განიმარტება, როგორც გარკვეული (როგორც წესი, მაღალი) სტატუსის მქონე ადამიანი, რომელიც იყენებს თავის მდგომარეობას საზოგადოებრივ აზრზე ან მმართველ ელიტაზე ისეთი გავლენის მოსახდენად, რომელიც სასარგებლო იქნება იმ ქვეყნისათვის, რომლის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ აგენტთან. გავლენის აგენტები სამი სახეობისაა: პირდაპირ მართული აგენტები, ვინც დავერბოვებულია* უცხო სპეცსამსახურის მიერ და შეგნებულად ასრულებს მიღებულ დავალებებს; მეორე -ე.წ. ,,სანდო კონტაქტი’’ (,,trusted contact’’, ინგლ.), ანუ ადამიანი, რომელიც არ არის დავერბოვებული, არ ასრულებს უცხო ქვეყნის ბრძანებებს, მაგრამ მიაჩნია, რომ შესაბამისი კურსი (ვთქვათ პროდასავლური, ან ანტიდასავლური) სასარგებლოა და საჭიროა მისი სამშობლოსათვის. იგი შეგნებულად ცდილობს ამ კურსის გატარებას და სხვებზე შესაბამისი გავლენის მოხდენას. ასეთი ადამიანი თვითონ ეძებს კონტაქტებს შესაბამისი ქვეყნების დიპლომატებთან და ექსპერტებთან, რომ შეაჯეროს თავისი მოქმედება, მიიღოს რჩევა და ა.შ.; გავლენის აგენტების მესამე სახეობას კი სპეცსამსახურები ,,სასარგებლო იდიოტს’’ (ინგლისურად ,,useful idiot’’) უწოდებენ. (დარწმუნებული ვარ რუსი ჩეკისტები უფრო ძლიერ სიტყვებს ხმარობენ). ეს ისეთი ადამიანები არიან, ვისაც წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, რომ სინამდვილეში უცხო, მით უფრო თავისი სამშობლოსათვის მტრულ სპეცსამსახურების მიერ არიან მანიპულირებული და ფაქტობრივად მათ ემსახურებიან. ასეთი პიროვნება სუბიექტურად შეიძლება გულანთებული პატრიოტიც იყოს და რომ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ მტრული სპეცსამსახურის ,,კრეტინი მარიონეტი’’, ან ე.წ. ,,სასარგებლო იდიოტი’’ იყო, შეიძლება თავიც მოიკლას.

 

2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ შემხვედრია არცერთი საღად მოაზროვნე და პატიოსანი ადამიანი, ვისაც არ ესმის, რომ სააკაშვილი თავის თანამზრახველებთან ერთად აკეთებდა (და ახლაც აკეთებს) ყველაფერს, რაც კი სჭირდება და სიამოვნებს კრემლის ჩეკისტურ რეჟიმს. ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილი თავიდანვე რუსეთის მთავრობის აგენტი იყო. ზოგს ჰგონია, რომ იგი კრემლის ჩეკისტების მიერ მანიპულირებული ,,კრეტინი მარიონეტია’’ და თვითონ არც კი ესმოდა, რას აკეთებინებდნენ. ზოგი კი, უკვე ციტირებული კომენტატორის მსგავსად, კითხულობს - ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი - დავერბოვებული აგენტი, თუ ,,კრეტინი მარიონეტი’’ (ანუ ,,სასარგებლო იდიოტი’’)? მართლაც და ვინ არის დაგ ბენდოუს მიერ ,,იდიოტ ბავშვად’’ მონათლული ,,ჩვენი მაღალი’’?

საგულისხმოა, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დასავლეთში გამოქვეყნდა მრავალი პუბლიკაცია, რომელშიც აღინიშნა, რომ სააკაშვილი აკეთებდა ყველაფერს, რაც კი უნდოდა კრემლს.

,,მიხეილ სააკაშვილმა პუტინს შეუწყო ხელი’’ (,,Mikheil Saakashvili played into Vladimir Putin's hands’’) - ასე დაასათაურა 2008 წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი ცნობილმა ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა მაიკლ ევანსმა. ევანსის აზრით ,, სააკაშვილის მხრიდან სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობა იყო ზედმეტად სარისკო, იყო უგუნური დროის შერჩევის მხრივ და ემყარებოდა ფუნდამენტურად არასწორ გათვლას. საქართველოს ლიდერს ეგონა, რომ დასავლეთი მის მხარეზე იყო, მაგრამ პუტინმა ჭკუაში აჯობა და ახლა ყველა კარტი პუტინის ხელშია’’. ავტორი დასძენს, რომ სააკაშვილის მოქმედება იყო ცრურწმენაზე დამყარებული სამხედრო ავანტიურა, რომელიც მან წამოიწყო იმ იმედით, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა, ხოლო თუ მაინც ჩაერეოდა, მაშინ ამერიკა და საქართველოს სხვა ნატოელი მეგობრები გვერდში დაუდგებოდნენ მას და შეაკავებდნენ რუსეთს. ევანსი აღნიშნავს სააკაშვილის უხეშ სამხედრო შეცდომას - რომ მან არ იზრუნა როკის გვირაბის გადაკეტვაზე. (ირაკლი ალადაშვილისგან განსხვავებით ევანს არ შეეძლო სცოდნოდა, რომ სააკაშვილმა შეუცვალა სამხედრო ნაწილებს მოქმედების მიმართულება და ცხინვალისკენ შეაბრუნა ისინი, ვინაიდან 8 აგვისტოს (ანუ 08.08.08-ში) ცხინვალის ცენტრში გამარჯვების აღლუმს გეგმავდა და ამ პიარაქციით ფიქრობდა რუსული არმიის შეჩერებას). სხვა მრავალი დასავლეთელი პოლიტოლოგის და მოღვაწის მსგავსად მაიკლ ევანსიც აღნიშნავს, რომ თავისი ავანტიურით სააკაშვილმა მისცა პუტინს საქართველოს ოკუპაციის საშუალება. მსგავსი პუბლიკაციების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათი ერთად გამოცემისათვის რამდენიმე ტომი იქნება საჭირო. 2011 წლის 27 აგვისტოს, სოხუმის დაცემის დღეს, პარლამენტში ვახსენე ამერიკელ მოღვაწეთა აზრი სააკაშვილის ავანტიურაზე. ისიც ვთქვი, რომ კრემლის ჩეკისტური რეჟიმის მხრიდან მანიპულირებულმა სააკაშვილმა თავისი ავანტიურით ლანგარზე მიართვა პუტინს საქართველოს ოკუპაციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რაკეტებისა და სამხედრო ბაზების განთავსების საშუალება. სწორედ მაშინ დამესხა თავს ,,განრისხებული’’ (სინამდვილეში კი დავალებამიღებული) კაკო ბობოხიძე უწმაწური გინებით და მუშტების ქნევით. მკითხველს მინდა შევთავაზო ნახოს იუთუბში ამ ეპიზოდის არა ფრაგმენტულად, არამედ სრულყოფილად ამსახველი მასალა. იქ ჩემი სიტყვაც კარგად ისმის და ისიც ჩანს, რომ ბობოხიძის თავდასხმის დროს თავს არ ვატრიალებ და არც ვიხედები მისკენ. ,,ხედავ რა ხდება! სიმართლის არათუ აღიარება, არამედ მოსმენაც კი აღარ სურთ’’, მითხრეს იმავე საღამოს ერთერთ მიღებაზე ნატოს წევრ სახელმწიფოთა ელჩებმა. საინფორმაციო სააგენტოები კი წერდნენ, რომ მამრაძემ საქართველოს დააბრალა ომის დაწყება და ამან განარისხა მთელი დარბაზი და ბობოხიძე და ის და მამრაძე ,,ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს’’. შეგახსენებთ, რომ ის პარლამენტი, არჩევნების დღიდან, სააკაშვილის ,,რეზინის შტამპი’’ რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი ვერ განახორციელებდა საბედისწერო ავანტიურას 2008 წლის აგვისტოში.

იხილეთ სრულად